რა აკავშირებს ავსტრიაში დაცულ და წალენჯიხის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეფო გვირგვინებს? - კვირის პალიტრა

რა აკავშირებს ავსტრიაში დაცულ და წალენჯიხის ტაძრის ფრესკაზე გამოსახულ სამეფო გვირგვინებს?

ორი წლის წინ ავსტრიაში სამეცნიერო ექსპედიციაში ყოფნისას საშუალება მომეცა, ავსტრიის მეფეთა საგანძური დამეთვალიერებინა. საგამოფენო დარბაზში ერთ-ერთმა ნივთმა – ძვირფასმა გვირგვინმა მიიპყრო ყურადღება.

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ სამეფო გვირგვინს, რომელიც ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, შესაძლოა საქართველოს ისტორიისათვისაც ჰქონდეს მნიშვნელობა.

ავსტრიის მეფეთა საგანძურის გვირგვინი ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ გარემოებას უკავშირდება.

რუდოლფ II ჰაბსბურგის, საღვთო რომის იმპერატორის (1576-1612 წწ.), ავსტრიის ერცჰერცოგისა და ხორვატიის, უნგრეთისა და ბოჰემიის მეფის ზეობისას, მისი პოლიტიკის წინააღმდეგ უნგრეთის მთებში აჯანყებამ იფეთქა. ამ აჯანყებას იშტვან ბოჩკაი (1557-1606) ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1605 წელს თავი ტრანსილვანიის გრაფად გამოაცხადა, იმპერიის ჯარებზე გამარჯვების შემდეგ კი უნგრეთის პრინცი გახდა. 1605 წლის 11 ნოემბერს იშტვანის თხოვნით, ოსმალეთის სულთანმა აჰმედ I-მა, რომელიც იმ პერიოდში იმპერატორ რუდოლფ II-სთან საომარ მდგომარეობაში იყო, აჯანყებული პრინცი უნგრეთის მეფედ გამოაცხადა. იშტვანი მონარქად დიდი ვეზირის, ლალა მეჰმედ ფაშას მიერ გამოგზავნილი გვირგვინით აკურთხეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოჩკაი გვირგვინს სულთნის საჩუქრად აცხადებდა, და ზოგიერთი ცნობით, მოგვიანებით მეფობაზეც უარი თქვა, ეს გვირგვინი უნგრეთში ოსმალური პროტექტორატის დამყარების სიმბოლოდ იქცა. 1606 წლის 11 ნოემბერს ავსტრიასა და ოსმალეთს შორის გაფორმებულმა ჟიტვატოროკის ზავმა 13-წლიან ომს წერტილი დაუსვა. 1608 წელს, როცა იშტვან ბოჩკაი უკვე გარდაცვლილი იყო, ერცჰერცოგი მათიაში (მომავალი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი) უნგრეთის მეფედ აკურთხეს და უნგრეთის პარლამენტმა მას სწორედ იშტვანის გვირგვინი აჩუქა. 1610 წელს კი უნგრელმა დიდებულმა დიორდ თურზომ უნიკალური ნივთი ვენაში ჩაიტანა და მას შემდეგ გვირგვინი ავსტრიის მეფეთა ხაზინაში ინახებოდა.

გვირგვინი ორი ნაწილისგან შედგება. ეს არის ზამბახების სტილიზებული ჰერალდიკური ფიგურებით შესრულებული წრე და დახურული სფეროსებრი ჩაფხუტი.

შუბლის ანუ მთავარი ზამბახი გამოყოფილია სამკუთხედი ზურმუხტით, ჰერალდიკური ფიგურა მარგალიტებით გამშვენებული ბერძნული ჯვრით სრულდება. ცნობილია, რომ ოსმალებს გვირგვინის ტარების ტრადიცია არ ჰქონდათ, ამიტომ მიჩნეულია, რომ იშტვანის გვირგვინის მოდელად აღებულია აღმოსავლელ ეპისკოპოსთა მიტრის ფორმა, თავის მხრივ კი, ეპისკოპოსთა მიტრა ბიზანტიის იმპერატორთა თავსაბურავიდან, ანუ კამილავკიდან (კუნკულიდან) იღებს საფუძველს. გვირგვინის სარჩულს ძვირფასი სპარსული აბრეშუმი წარმოადგენს, აქვეა ოსტატის – "მუმინის" ხელმოწერა და მითითებულია რომ ის ისპაჰანში, შაჰ-აბას დიდის კარზე მოღვაწეობდა. ამდენად ირკვევა, რომ გვირგვინი სპარსეთშია შექმნილი. მაგრამ რა კავშირი აქვს შორეულ ავსტრიაში დაცულ ამ ძვირფას ნივთს საქართველოსთან? ამ კითხვაზე პასუხს წალენჯიხის ტაძარში შემორჩენილი ერთი ფრესკა იძლევა.

აქ ტაძრის სამხრეთ ეკვდერში ცენტრალური ადგილი ორი ქტიტორის პორტრეტს უკავია, ერთი სამეგრელოს მთავარი მანუჩარ I დადიანია, მეორე კი მისი მეუღლე, კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ქალიშვილი ნესტან-დარეჯანი. მთავარს წითელი ხასხასა ქსოვილისგან შეკერილი მოსასხამი და თეთრი პერანგი აცვია. მოსასხამის საყელო, კიდეები და სახელოები ოქროსფერი ორნამენტებითა და მარგალიტებითაა შემკული. მანუჩარს წელზე ორი ქამარი უკეთია, ერთი ოქროსია და ის მოსასხამის შესაკრავის ფუნქციასაც ასრულებს, მეორე ქსოვილისაა და აღმოსავლურ სტილშია განასკვული. თუმცა ყველაზე საყურადღებო მთავრის გვირგვინია, რომელიც იმდენად ჰგავს იშტვანის ზემოხსენებულ გვირგვინს, რომ ამ ორი ნივთის შედარების სურვილი გიჩნდება.

მანუჩარის ფრესკაზე დახატული გვირგვინიც, ავსტრიაში დაცულის მსგავსად, ორი ნაწილისგან შედგება. გარე მხარე სტილიზებული ზამბახებისგანაა დამზადებული, შიდა მხარე კი ისეთივე ჩაფხუტია, როგორიც მეფე იშტვანისა. ერთნაირია ძვირფასი თვლების შერჩევისა და განაწილების სისტემაც კი, მანუჩარის გვირგვინის შემკულობაში, ისევე როგორც უნგრულში, გამოყენებულია სამი ძვირფასი ქვა: ზურმუხტი, ლალი და მარგალიტი. ორივე გვირგვინის თავს კვერცხის ფორმის ზურმუხტი ასრულებს.

არის მცირეოდენი განსხვავებაც. მანუჩარის გვირგვინის შემკულობაში ვხედავთ ე.წ. რაჟამს, ანუ სპარსულ ბუმბულს. ის მარცხენა მხარეს, კუთხეშია ჩამაგრებული. სავარაუდოდ, სამეგრელოში თავსაბურავის ბუმბულით გაფორმება მოდურად და პოპულარულად მიიჩნეოდა. არქანჯელო ლამბერტი წერდა: "მეგრელი ქალები "თავზე იხურავენ ძლიერ თხელსა და თეთრ ლეჩაქს, სამ უბედ გამოჭრილს, ისე რომ ერთი უბე ზურგზე აქვთ ჩამოშვებული და დანარჩენი ორი – მხრებში. ლეჩაქს თავზე ამაგრებს ოქრომკედის თუ აბრეშუმის ერთნაირი ქუდი, რომელიც გვირგვინსა ჰგავს. ამ ახირებულ გვირგვინზე ჩვეულებრივ წამოაცმევენ ფრთას ან მშვენიერ ყვავილსა". თავსაბურავის ზემოხსენებული წესით მორთვის ტრადიცია, გამორიცხული არ არის, საქართველოში ოსმალეთიდან გავრცელებულიყო, რადგან აღმოსავლელი მმართველები დოლბანდის გასაფორმებლად უმეტეს შემთხვევაში სწორედ რაჟამს იყენებდნენ.

კიდევ ერთი განსხვავება შუბლის ანუ მთავარი ზამბახის გაფორმებაა. თუ იშტვანის გვირგვინზე ის მარგალიტებით გამშვენებული ბერძნული ჯვრითაა გალამაზებული, მანუჩართან სადად და უპრეტენზიოდ გამოიყურება. ყველა სხვა შემთხვევაში იდენტურია შესრულების სტილი, ფორმები, მოხაზულობა. ემთხვევა გვირგვინების დამზადებისა და მის მფლობელთა მოღვაწეობის პერიოდიც: თუ იშტვან ბოჩკაი 1605-1606 წლებში მეფობდა, მანუჩარი 1590-1611 წლებში იყო მთავარი.

ჩნდება კითხვა: – რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, რამ გამოიწვია უნგრეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის გვირგვინთა ესოდენი მსგავსება?

როგორც ჩანს, ოსმალეთის იმპერიაში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სულთნები თავიანთ ქვეშევრდომ მმართველებსა თუ მთავრებს გვირგვინით ასაჩუქრებდნენ. ეს, ერთი მხრივ, მათ გამორჩეულობაზე მიუთითებდა, თუმცა ხაზს უსვამდა მათ ყმობასაც და აღიარებდა მათი დამსაჩუქრებლის ანუ სულთნის უზენაესობას. მსგავსი სახის ტრადიციას ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში ვხედავთ, ოღონდ ამ შემთხვევაში საჩუქარი ხალათი იყო.

ირანული ხალათის ჩუქების წესის ქართლში დამკვიდრებას ვახუშტი ბატონიშვილი როსტომის (1632-1658) გამეფებას უკავშირებს და აღნიშნავს: "ხოლო როსტომ მეფე აძლევდა ქართველთა ლეინის ხალათებსა და მცირესა მისაცემსა, რამეთუ მაშინ ქართველთა არ იცოდნენ კაბა და არცა ჰყუარობდნენ მორთვასა". ამ ცნობამდე შედარებით ადრეული ხანის წყაროების მიმოხილვისას, ბატონიშვილი გადმოგვცემს ქართულ წერილობით წყაროებში დადასტურებულ პირველ ცნობას ქართველი მეფისთვის ირანული ხალათის ბოძების შესახებ. ვახუშტის მონათხრობის მიხედვით, გიორგი X-ს (1600-1605) ყეენის ნაბოძები ხალათი მიართვეს, რომელმაც: "არა აღიხადა სამოსელი თვისი, არამედ მას ზედა შთაიცვა ხალათი". როგორც ისტორიკოსმა გულიკო კვანტიძემ გამოარკვია, აღნიშნული ჩვეულება როსტომის გამეფებამდეც ცნობილი ყოფილა საქართველოში.

საყურადღებოა ხალათის ჩაცმის დეტალი, რომელსაც გიორგი X-ის შემთხვევაში ვხედავთ. მან "არა აღიხადა" ეროვნული სამოსი, არამედ მასზე (ქართულ სამოსზე) გადაიცვა ხალათი.

ირანის შაჰის საპატიო ხალათი გიორგი XI-საც (1676-1688) მიუღია. ამ დროს მეფეს ქართული სამოსი გაუხდია და სპარსულ ყაიდაზე შემოსილი გამოსულა ნარიყალას ციხიდან.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო ცნობას გვაწვდის XVII საუკუნის იტალიელი მისიონერი და მოგზაური დიონიჯი კარლი. იგი დეტალურად აღწერს ყეენის მიერ ნაბოძები ხალათის ჩაცმის ცერემონიას და აღნიშნავს, რომ შაჰის გამოგზავნილი ხალათის ჩაცმას თავისი წესი ჰქონდა. აი, როგორ აღწერს ამ ამბავს იტალიელი მოგზაური: "მეფე გიორგი XI ერთი კვირით ადრე გასცემს ბრძანებას, ქალაქის მოედანზე სპარსული ხალათის ჩაცმის ცერემონიის შესახებ. სადაც მას, საპატიო სამოსის (ირანული) მიღებითა და ჩაცმით, საქვეყნოდ უნდა ეღიარებინა ირანის შაჰის მორჩილება. დადგა დათქმული დრო. მოედანი ხალხით აივსო. მზის ჩასვლამდე სამი საათით ადრე, მშვენიერ ცხენზე ამხედრებული, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მეფე სამეფო სასახლიდან გამოვიდა.

მას თან ახლდა ხმლითა და ხელთოფებით შეიარაღებული 50 ქვეითი მეომარი. ამალამ ჩვეული წესისამებრ, ქალაქის ბაზარზე გაიარა და ციხეში შევიდა. მეფე ციხეში ქართულ სამოსს იხდის და სპარსელების დახმარებით ხელმწიფისგან გამოგზავნილ ხალათს იცვამს. სპარსულ ყაიდაზე ჩაცმული, ციხიდან (ნარიყალა) გამოსული მეფე იმავე გზით ბრუნდება სასახლეში. ეს ხალათი მას მთელი დღე ეცვა. მეტხანსაც შეეძლო სცმოდა, თუკი ამას მოისურვებდა".

იტალიელი მისიონერის ცნობების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში შაჰის მიერ გამოგზავნილი ხალათის ჩაცმის დადგენილი წესი არსებობდა და ის ირანის მბრძანებლისადმი მორჩილების აღიარების თავისებური ფორმა იყო. ამ მხრივ გიორგი XI-ს წესი ზედმიწევნით დაუცავს და შაჰის ქვეშევრდომობისთვის ბოლომდე გაუსვამს ხაზი, გიორგი X კი სხვაგვარად მოიქცა, როცა ყეენის ნაბოძები ხალათი ქართულ ტანსაცმელზე გადაიცვა. ამის გამო დიდებულებისგან შენიშვნაც მიუღია, ეს საქციელი შაჰისთვის მოსაწონი არ იქნებაო. მეფეს უპასუხია: "თქვენ არა იცით არცა ერთი, უკეთუ ვყო ეგრეთ, მერმე მითხრის სხუაცა ნებისა თვისისა ყოფად, და აწ ამისათვის ესრეთ უმჯობეს არისო". ცხადია, ამგვარი მოქმედებით ქართველმა მეფემ ირანის შაჰის სანახევროდ მორჩილებას გაუსვა ხაზი.

ამდენად, ცხადია, რომ აღმოსავლელი მმართველების მიერ გამოგზავნილი საჩუქრის მთავარი ფუნქცია მჩუქებლის უზენაესობის აღიარება იყო. თუ ქართლში ასეთ სიმბოლოდ ხალათი მიიჩნეოდა, დასავლეთ საქართველოში ის, სავარაუდოდ, გვირგვინი უნდა ყოფილიყო.

იშტვან ბოჩკაისა და მანუჩარ დადიანის გვირგვინების მსგავსება ბევრ საინტერესო ფაქტზე მიუთითებს, ცხადია, მათ შორის იმაზეც, რომ ორივე შემთხვევაში მჩუქებელი ოსმალეთის სულთანია.

თუ ბოჩკაის სულთანმა გვირგვინი რუდოლფ II-ის წინააღმდეგ მოკავშირეობისა და უნგრეთზე პროტექტორატის დამყარების ნიშნად გაუგზავნა, სამეგრელოს მთავარიც ოსმალებმა ალბათ მსგავსი მოვლენის გამო დააჯილდოვეს, ოღონდ როგორც ჩანს, ცოტა უფრო ადრე. აქ უნდა გავიხსენოთ, რომ 1568 წელს სამეგრელოს მთავარი ლევან I დადიანი, იმერეთში იანეთთან ბრძოლაში დამარცხდა. იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა და გიორგი II გურიელის შიშით, მთავარი სტამბოლს წავიდა დახმარების სათხოვნელად. სულთანმა დადიანი დიდი სიხარულით მიიღო, აჩუქა ცხრა ხომალდი, მისცა ტრაპიზონისა და არზრუმის საფაშოებიდან დამხმარე ჯარი და უკან გამოისტუმრა.

სტამბოლში ლევან I დადიანს ხელმწიფის ტიტულიც უბოძეს. ჩვენი აზრით, არ არის გამორიცხული, გვირგვინიც მაშინ ეჩუქებინათ. თითქოს ჰგავს კიდეც იშტვანისა და ლევანის დაჯილდოების ამბავი ერთმანეთს. ორივე დასაჩუქრებულს ოსმალთა მმართველი, ქვეშევრდომობასთან ერთად, მოკავშირეებად მოისაზრებდა.

მართალია, ლევან დადიანი წალენჯიხის ფრესკაზე გვირგვინით არ არის გამოსახული და ამან შეიძლება ჩვენი მოსაზრება ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამეგრელოს სამთავრო სახლის მეთაურმა ფრესკაზე დახატვა სწორედ ტრადიციულ ეროვნულ სამოში მოისურვა.

რუდოლფ II ჰაბსბურგი

თუ მანუჩარის გვირგვინს ლევან I-ისთვის ნაჩუქრად მივიჩნევთ, გამოდის, რომ მას იგი წინაპრებისგან მიუღია. თუმცა ისიც შესაძლებელია, ამ ძვირფასი რეგალიის პირველი მფლობელი თავად მანუჩარი ყოფილიყო. ასეა თუ ისე, მემკვიდრეობითობის პრინციპიდან გამომდინარე, გვირგვინი მამიდან შვილს უნდა გადასცემოდა, ანუ მანუჩარის შემდეგ იგი ლევან II დადიანს უნდა მიეღო.

როგორც ჩანს, იშტვანისა და მანუჩარის გვირგვინებს წარმოშობის ადგილიც საერთო ჰქონდა, – ამ შემთხვევაში სპარსეთის შაჰების სახელოსნო, კერძოდ კი ოსტატი "მუმინი" ან მისი წრე. აშკარად ეტყობა სპარსული ხელობა შემორჩენილ ქართულ გვირგვინს, ალავერდელის მიტრას, რომელიც დეკანოზ ილია ჭიღლაძის გამოკვლევის თანახმად, კახეთის დედოფლის, ელენე დიასამიძის შეკვეთით ისპაჰანშია დამზადებული ქართველი ოსტატის, პაპუა ბებურიშვილის მიერ. ჩანს, ისპაჰანში გვირგვინების დამზადების დიდი და გამოცდილი სკოლა არსებობდა და ამ სკოლის ნაწარმით არაერთი მმართველი და უმაღლესი სასულიერო პირი სარგებლობდა.

ჩვენი მსჯელობის საგანი იმაზეც მიუთითებს, რომ ქართული ფრესკის ოსტატები, ქტიტორთა გამოსახვის დროს შეძლებისდაგვარად ზუსტად ცდილობდნენ ისტორიული რეალობის, კოსტიუმის, რეგალიებისა და, რა თქმა უნდა, გარეგნობის გადმოცემას. მხატვრული ინტერპრეტაციები და პირობითობა ასეთ დროს მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი", #78