"წითელი ფეოდალის" მკვლელობა - კვირის პალიტრა

"წითელი ფეოდალის" მკვლელობა

გრიგორი კოტოვსკი - "წითელი ფეოდალის" მკვლელობა

ნაწილი I

მოსკოვი, 1924 წლის ოქტომბერი.

მარია ზახარჩენკო შეხვედრაზე დათქმულ დროს გამოცხადდა. სტაუნიცმა ხელი გაუწოდა, გაიღიმა:

- მეგონა, დაიგვიანებდი...

- შენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, - ჩუმად წარმოთქვა მარიამ, - ისინი ჩვენგან კოტოვსკის მოკვლას მოითხოვენ.

- ვინ ისინი?

- რუმინელები.

ბანდიტი ბრიგადის მეთაურად

- რევოლუცია გასაოცარი რამაა! მისი არსი მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ძაღლი ორ ფეხზე სიარულს ლამობს, ადამიანობაზე პრეტენზიას აცხადებს, ბანდიტი კი ხანი ან ემირი ხდება, - წერდა ცნობილი ყაზახი პოლიტიკოსი მუსტაფა ჩოკაევი (შოკაი).

გრიგორი ივანოვიჩ კოტოვსკის ბიოგრაფია ამ სიტყვების დადასტურებაა. ის 1891 წელს ბესარაბიის გუბერნიაში დაიბადა. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. შემდეგ მემამულესთან მოურავად მუშაობდა. პატრონმა ჰომოსექსუალური კავშირი შესთავაზა. პასუხად კოტოვსკიმ სახეში გაარტყა.

- გრიგორი ივანოვიჩი ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო. დარტყმის შედეგად მემამულემ გონება დაკარგა, ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს, - წერს რუსი ემიგრანტი ისტორიკოსი და პუბლიცისტი რომან გული.

პოლიციამ კოტოვსკის დაკავება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. გრიგორიმ თავი ტყეს მისცა. მის გარშემო ნელ-ნელა შემოიკრიბა თავზეხელაღებულთა ბანდა. კოტოვსკიმ მემამულეთა მასობრივი ძარცვა დაიწყო. ბანდა კარგა ხანს მოუხელთებელი გახლდათ, თუმცა ბოლოს მაინც გაანადგურეს, თავად კოტოვსკი კი შეიპყრეს და კიშინიოვის ციხეში ჩასვეს. იქიდან მალე გაიქცა და ოდესაში გამოჩნდა, სადაც მისნაირ თავზეხელაღებულებთან ერთად ძარცვავდა ბანკებს, საიუველირო მაღაზიებს და სხვ. ოდესის კრიმინალურ სამყაროში ცნობილი იყო მეტსახელით "ქაჩალა".

ოდესის პოლიცია კოტოვსკის ეძებდა, ის კი გამოპრანჭული, ვითომც არაფერი, ქალაქის ქუჩებში დასეირნობდა. თანახმად საბუთებისა, ფაბრიკანტის ვაჟი იყო. ერთხელ ოპერაში სპექტაკლსაც დაესწრო. კოტოვსკიმ ბილეთი ისე აიღო, რომ ოდესის პოლიციის უფროსის გვერდით მოხვდა. წარმოსადეგი, განათლებული ყმაწვილი პოლიციის უფროსს ძალიან მოეწონა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ კი ჯიბეში შემდეგი შინაარსის ბარათი აღმოაჩინა:

- მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. პატივისცემით, გრიგორი კოტოვსკი.

მალე "ქაჩალა"კვლავ დააპატიმრეს და კატორღაში უკრეს თავი, საიდანაც გაიქცა და ბესარაბიაში ჩავიდა. მალე თავისი ძმაკაცები მოძებნა, იშოვა ყალბი საბუთები და კვლავ ოდესაში გაემგზავრა. კოტოვსკის ბანდამ გაძარცვა ბანკი, საიუველირო მაღაზიები და ბარათი დატოვა - "აქ იყო კოტოვსკი". ის კვლავ დააპატიმრეს, დახვრეტაც ემუქრებოდა, მაგრამ გენერალ ალექსეი ბრუსილოვის მეუღლის გამოქომაგების შემდეგ, გაათავისუფლეს და ფრონტზე გაგზავნეს.

1917 წლის ნოემბერში ბესარაბიაში დაბრუნდა და მემარცხენე ესერებს დაუახლოვდა. მეთაურობდა მცირერიცხოვან, მაგრამ კარგად შეიარაღებულ ბანდას და სასტიკად უპირისპირდებოდა ბესარაბიის რუმინეთთან გაერთიანების მომხრეებს. რუმინული არმიის შემოსვლის შემდეგ ჯერ ოდესაში გაიქცა, იქიდან კი გულიაი-პოლეში (ყოფილი დნეპროპეტროვსკი, ახლა კი დნეპრის ოლქი), რომელიც მახნოელთა მოძრაობის ცენტრი გახლდათ.

- საბჭოთა ისტორიოგრაფია კოტოვსკის მახნოს არმიაში ყოფნის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი. ერთხანს კოტოვსკი მახნოელთა რიგებში იბრძოდა, - წერს რომან გული.

მიშკა იაპონჩიკის ადრინდელი ფოტო

მახნოსა და კოტოვსკის შორის მალე კონფლიქტი მოხდა და "ქაჩალამაც"მახნოელთა რიგები დატოვა. ერთხანს ანარქისტ მარუსია ნიკიფოროვას (ატამანი მარუსია) ბანდაში იყო, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მემარცხენე ესერების წრეში ტრიალებდა და რომან გულის ცნობით, მათ მოწყობილ ანტისაბჭოთა აჯანყებაშიც მონაწილეობდა (1918 წლის 20 ივლისი). აჯანყების ჩახშობის შემდეგ იმალებოდა, მერე კი ჩეკაში ნებაყოფლობით გამოცხადდა და ბოლშევიკებს თავისი სამსახური შესთავაზა. სხვა ისტორიკოსები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. უდავო ის არის, რომ მალე კოტოვსკი რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არალეგალურად გადავიდა და ოდესაში გამოჩნდა. დაუკავშირდა ოდესის ბოლშევიკური იატაკქვეშეთის მეთაურ ივან სმირნოვს (ნიკოლაი ლასტოჩკინს), შემდეგ კი ოდესელ ბანდიტ მიშკა იაპონჩიკს. კოტოვსკის დახმარებით იაპონჩიკმა ოდესის კრიმინალურ სამყაროზე სრული ძალაუფლება დაამყარა და თავის ყველა კონკურენტს გაუსწორდა. კოტოვსკი და იაპონჩიკი ბანკებს ძარცვავდნენ, ნაძარცვი ფულის ნაწილს კი სმირნოვს გადასცემდნენ.

1918 წლის დეკემბერში უკრაინაში ნაციონალური რევოლუცია მოხდა. ჰეტმანი პაველ სკოროპადსკი დაამხეს. ხელისუფლებაში მოვიდა უკრაინული დირექტორია, რომლის სათავეში სიმონ პეტლიურა და ვლადიმირ ვინიჩენკო იდგნენ. ანტანტამ ოდესაში დესანტი გადმოსხა და უკრაინის სამხრეთში (ოდესა, ხერსონი, ნიკოლაევი) რუსი თეთრგვარდიელები გააბატონა. ბოლშევიკებმაც შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს. რევკომს ფული არ აკლდა, აკი ამისთვის კოტოვსკიმ და იაპონჩიკმა იზრუნეს.

- წითლებს არ გაუმარლა. თეთრების კონტრდაზვერვამ შეთქმულება გახსნა. რევკომი ჩავარდა. კოტოვსკიმ თავს გაქცევით უშველა, - წერს რომან გული.

"ქაჩალა"ერთხანს ოდესის ბორდელის მეპატრონე ზოიდერის ბინაში იმალებოდა. მალე ოდესაში ატამან ნიკოფორ გრიგორიევის არმია შემოიჭრა. ანტანტის უკან დახევისას ქალაქში ხელისუფლების ვაკუუმი შეიქმნა. კოტოვსკიმ და იაპონჩიკმა ამით ისაგებლეს და ოდესის მთავარი ბანკი გაძარცვეს. მათ უზარმაზარი თანხა ჩაიგდეს ხელთ.

მალე ოდესაზე წითელი დროშა აღიმართა. კოტოვსკი ჯერ სამხედრო კომისარი გახდა, შემდეგ წითელი არმიის 45-ე დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

კოტოვსკის ბრიგადა 1918-1920 წლებში ებრძოდა დენიკინელებს, ვრანგელის არმიას, პეტლიუროველებს, მონაწილეობდა ანტონოველთა აჯანყების ჩახშობაში ტამბოვშჩინაზე. თვით კოტოვსკი გამოირჩეოდა სიმამაცითა და სისასტიკით. ტყვეებს საკუთარი ხელით აწამებდა და ხვრეტდა. მალე მისი სახელი ფართოდ გახდა ცნობილი.

დამოუკიდებელი "კოტოვია"

1920 წელს კოტოვსკი ბოლშევიკური პარტიის წევრი გახდა. 1922 წელს მისი კავალერიული ბრიგადა ტირასპოლში (ამჟამინდელი დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დედაქალაქი) იყო დისლოცირებული. ბრიგადის მეთაური მოლდავეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლდათ, რომელიც უკრაინის სსრ-ში შედიოდა. ბესარაბია ქალაქ კიშინიოვით რუმინეთს შეუერთდა. 1940 წელს კი სტალინურმა სსრკ-მა მოლოტივ-რიბენტროპის პაქტის შედეგად ბესარაბიის ანექსია მოახდინა და ბესარაბიისა და მოლდავეთის ასსრ-ის გაერთიანებით შეიქმნა მოლდავეთის სსრ, დედაქალაქით კიშინიოვში. 1990-1991 წლებში მოლდაველებმა კვლავ რუმინეთთან შეერთება მოითხოვეს. პასუხად ტირასპოლში, ანუ ყოფილ მოლდავეთის ასსრ-ის დედაქალაქში, შეიარაღებული აჯანყება დაიწყო. ამას მოჰყვა დნესტრისპირეთის სეპარატისტული რესპუბლიკის შექმნა, რომელიც დღემდე არსებობს...

მოლდავეთის ასსრ-ს ხალხმა "კოტოვია"შეარქვა. აქ არსებობდა პარტიული ხელმძღვანელობა, სასამართლოები, პროკურატურა, მილიცია, სუკ-ი (იმხანად გპუ), თუმცა ყველაფერს ერთი კაცი, გრიგორი კოტოვსკი განაგებდა. ის წყვეტდა, რა განაჩენი უნდა გამოეტანა სასამართლოს, ვინ დაეწინაურებინათ და ვინ მოეხსნათ. უკრაინელი ბოლშევიკების ლიდერები (სკრიპნიკი, კოციუბინსკი, ზატონსკი და სხვ.) მოსკოვში საჩივარს საჩივარზე აგზავნიდნენ: "მოგვაშორეთ კოტოვსკი!"თუმცა კრემლს არ ეცალა, პოსტლენინური ხანა მოდიოდა და პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა.

"ქაჩალას"უკან მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალა იდგა. ბრიგადა, რომელსაც ის მეთაურობდა, ფორმალურად წითელი არმიის შემადგენლობაში იყო, რეალურად კი კოტოვსკის პრეტორიანულ გვარდიას წარმოადგენდა. დაფინანსების ძირითადი ნაწილი არა სახელმწიფოსგან, არამედ კოტოვსკისგან მოდიოდა და ხელფასს არა მხოლოდ მეთაურები, არამედ მისი ერთგული მებრძოლებიც იღებდნენ. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოეწყო მაღაზიები, შეიქმნა მეურნეობა, რომელიც მის ბრიგადას სურსათით ამარაგებდა, მეთაურებისთვის გაშენდა აგარაკები, მათი შვილებისთვის სკოლები. მოკლედ, კოტოვსკიმ სამხედრო ქალაქი ააშენა.

ის უხდიდა ხელფასს მოლდავეთის ასსრ-ის მილიციას, გპუ-ს, რომელთა სათავეშიც "ქაჩალას"ძმაკაცები დაინიშნენ. კოტოვსკი აფინანსებდა ტირასპოლის თეატრს, უნიშნავდა სტიპენდიას ადგილობრივ სტუდენტებს. საიდან ჰქონდა კოტოვსკის ამდენი ფული, არავინ იცის. ვარაუდობდნენ, რომ ეს ის თანხა იყო, რაც მან და იაპონჩიკმა ოდესის ცენტრალური ბანკიდან გაიტანეს.

კოტოვსკის ბრიგადის მეთაურებს მოლდავეთის ასსრ-ში საუკეთესო მიწები გამოუყვეს, აგრეთვე დემობილიზებულ რიგით მებრძოლებს, რომელთაგანაც ნახევრად ლეგალური გასამხედროებული დაჯგუფება შეიქმნა. ფორმალურად მათი ამოცანა სოფლად წესრიგის დაცვა იყო, თუმცა ფაქტობრივად, ეს იყო მილიციური ფორმირებები, რომლებიც უშუალოდ კოტოვსკის ემორჩილებოდნენ, ხელფასსაც მისგან იღებდნენ. სახალხო რაზმების სტრუქტურა ჰიტლერის მოიერიშეთა სტრუქტურას ჰგავდა, ბელადად კი არა ლენინი, არამედ კოტოვსკი ჰყავდათ.

ბელადის კულტი საბჭოთა კავშირში თავიდანვე დაინერგა. ლენინის სურათი ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში ეკიდა. მოლდავეთის ასსრ-ში კი ლენინის გვერდით კოტოვსკის სურათი ჩამოკიდეს. ის დამკვიდრდა ქალაქის თავის ყოფილ სასახლეში, გაიჩინა მოსამსახურეთა შტატი, მზარეულები, ემსახურებოდა ავტომანქანა და ეტლი. ჰქონდა ყოფილი მსხვილი მემამულის მდიდრული აგარაკი. კოტოვსკი კრეფდა გადასახადებს, წყვეტდა, რა უნდა დარჩენილიყო ადგილობრივ ბიუჯეტში და რა გადაეგზავნათ კიევში. კოტოვსკი გახლდათ ნამდვილი პატრონი რამდენიმე კერძო ფირმისა, რომლებიც НЭП-ის ("ახალი ეკონომიკური პოლიტიკა") შედეგად რუსეთში კვლავ გაჩნდა. კოტოვსკი კურირებდა ნარკობიზნესს, იარაღის უკანონო ვაჭრობას... ყოფილი ბანდიტი, შემდგომში კომბრიგი, ახლა წითელ მეფედ იქცა. მოლდავეთის ასსრ, ფაქტობრივად, ფეოდალურ სამთავროს დაემსგავსა. გრიგორი კოტოვსკი მას ერთპიროვნულად, საკუთარი შეხედულებისამებრ განაგებდა.

კოტოვსკი საგარეო პოლიტიკასაც კი წარმართავდა. მისი მიზანი ბესარაბიის საბჭოთა კავშირთან შემოერთება იყო. ის ყურადღებას არ აქცევდა არც ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი, არც იმას, რომ მის საქციელს შესაძლოა საერთაშორისო გართულებები მოჰყოლოდა. - რუმინელები შემოიჭრებიან? მერე რა?! მათ კუდით ქვას ვასროლინებ, - ამბობს "ქაჩალა".

კოტოვსკის რაზმები გადადიოდნენ ბესარაბიაში, რომელიც იმხანად რუმინეთის შემადგენლობაში იყო, ხოცავდნენ რუმინელ ჟანდარმებს, არბევდნენ სახელისუფლებო სტრუქტურებს, აწყობდნენ დივერსიებს, ტერაქტებს, ძარცვავდნენ მოსახლეობას. კოტოვსკის ინსპირირებულია ტატარბუნარის ცნობილი აჯანყება 1924 წელს, რომელიც რუმინეთის ხელისუფლებამ რის ვაივაგლახით ჩაახშო. აჯანყება გააშუქა ევროპის პრესამ. ანრი ბარბიუსმა, ფრანგმა მწერალმა, საზოგადო მოღვაწემ და საფრანგეთის კომპარტიის წევრმა, თავის გახმაურებულ წიგნში "ჯალათები"მას მთელი თავი მიუღვნა.

რუმინეთის უშიშროებამ ("სიგურანცა") კოტოვსკის ლიკვიდაციის ოპერაცია შეიმუშავა. ის რუმინელებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

ცოფიანი მარია

და რუსი იატაკქვეშელები

თებერვლის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა ცენტრალური რუსეთის მონარქისტული გაერთიანება (მოცრ). მისი მიზანი იყო რომანოვების რესტავრაცია. მონაწილეობდა გენერალ ლავრ კორნილოვის პუტჩში. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მოცრ-ი ცდილობდა, ყველა ანტიბოლშევიკური ძალა გაეერთიანებინა და აჯანყება მოეწყო.

1919 წელს მონარქისტებმა შემქნეს ნაციონალური ცენტრი, რომელმაც დააარსა ფილიალები კიევში, ხარკოვში, კურსკში და სხვ. მათი ნახელავი იყო კიევში სურსათის საწყობების აფეთქება. 1919 წელს დენიკინის არმია მოსკოვს მიუახლოვდა. ნაციონალური ცენტრი მოსკოვში აჯანყებას ამზადებდა. ჩეკისტებმა ეს მცდელობა აღკვეთეს, ცენტრი პრაქტიკულად განადგურდა. უმეტესობა დახვრიტეს ან გულაგში გაგზავნეს, გადარჩა მცირერიცხოვანი ნაწილი, რომელიც იატაკქვეშეთში დაიმალა. მოცრ-ს პრაქტიკულად ქმედითი ღონისძიების ძალა აღარ შესწევდა.

1922 წელს მოსკოვში გამოჩნდა ვინმე ალექსანდრ იაკუშევი, ყოფილი "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი", მოცრ-ის ერთ-ერთი აქტიური წევრი. ახლა იაკუშევი ტრანსპორტის სახალხო კომისარიატის პასუხისმგებელი მუშაკი იყო. მოსკოვში მან თავისი ნათესავი, მეფის სასახლის ყოფილი კამერგერი რტიშჩევი მოინახულა, რომელიც ლიუბსკის ყალბი გვარით ცხოვრობდა. იაკუშევმა მას განუცხადა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. რტიშჩევი ამის გაგონებაზე გაიბადრა.

"ჩემ გარშემო მცირერიცხოვანი, მაგრამ აქტიური ბიჭებია შემოკრებილი", - უპასუხა მან. "რამდენი ხართ?"- დაინტერესდა იაკუშევი. "ათნი".

მალე მოცრ-ის საქმიანობა აღდგა. ორგანიზაციამ შექმნა ფილიალები პეტროგრადში, კიევში, მინსკში, სხვა ქალაქებში. მოცრ-ის წევრი გახდა საბჭოთა გენერალი პოტაპოვი. ამის შემდეგ იაკუშევი არალეგალურად გადავიდა საზღვარზე, პოლონელ მესაზღვრეებს განუცხადა, რომ მეფისდროინდელი რუსეთის ჩინით არის "დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი", ხელმძღვანელობდა ანტისაბჭოთა ორგანიზაციას და სურს ემიგრაციასთან დაკავშირება. ის ვარშავაში გადაიყვანეს, სადაც გულდასმით დაკითხეს. დარწმუნდნენ, რომ სიმართლეს ამბობდა და პოლონეთში მცხოვრებ რუს მონარქისტებს დააკავშირეს.

იაკუშევი ჯერ ბერლინში გაემგზავრა, იქიდან პარიზში. შეხვდა რუსული ემიგრაციის ლიდერებს, მათ შორის საერთო-სამხედრო კავშირის (როვს) ხელმძღვანელებს პიოტრ ვრანგელსა და ალექსანდრ კუტეპოვს. ასე დამყარდა კავშირი მოცრ-სა და რუსეთის ემიგრაციას შორის.

- მალე კუტეპოვმა მოცრ-თან დასაკავშირებლად თავისი ნათესავი მარია ზახარჩენკო გამოგზავნა, - წერს რუსი საბჭოთა მწერალი ფიოდორ გლადკოვი.

მარია ზახარჩენკო (ქალიშვილობის გვარი ლისოვა) 1893 წელს თავადის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სმოლნის კეთილშობილ ქალთა სასწავლებელი, შემდეგ რუსეთის არმიის ოფიცერ მიხნოზე გათხოვდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ქმარი ფრონტზე გაიწვიეს. მარია მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ დარჩა. მიხნოს დაღუპვის შემდეგ წერილით მიმართა თავდაცვის სამინისტროს და ფრონტზე გაგზავნა მოითხოვა. თხოვნა უარყვეს, მაგრამ მან იხტიბარი არ გაიტეხა და პირადად მეფეს მიმართა. იმპერატორმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. ლისოვა ფრონტზე გაემგზავრა. მან გერმანელებთან ბრძოლებში არნახული სიმამაცე გამოიჩინა და ოფიცრის ჩინიც მიიღო.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის არმიამ დაშლა დაიწყო. მარია კვლავ პოზიციებზე რჩებოდა. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ კი მისი პოლკი დაიშალა და მარიაც იძულებული გახდა, მშობლიურ პენზაში დაბრუნებულიყო.

მალე ქალაქში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა.

რუსი ისტორიკოსი რომან გული წერს, რომ ჩეკისტებმა მარიას ოჯახი ამოუწყვიტეს. ქალმა თავის მცირერიცხოვან მომხრეებთან ერთად პარტიზანული რაზმი შექმნა და ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ფაქტებით ეს არ დასტურდება. სუკ-ის არქივებში აღმოჩენილი ცნობების თანახმად, მარიამ იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნა და რუს ოფიცრებს თეთრ არმიაში გადაგზავნაში ეხმარებოდა. სწორედ ამ დროს გაიცნო მან პოდპოლკოვნიკი ზახარჩენკო და მასზე დაქორწინდა. მალე იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელსაც მარია ხელმძღვანელობდა, ჩეკისტებმა გაანადგურეს. ცოლ-ქმარმა ზახარჩენკოებმა თავს გაქცევით უშველეს და მოსკოვში გადავიდნენ. აქ ერთხანს ნაცნობებთან იმალებოდნენ, შემდეგ ყალბი დოკუმენტები იშოვეს და სპარსეთში გაემგზავრნენ, იქიდან კი რუმინეთში. 1919 წელს ცოლ-ქმარი, როგორც დენიკინის არმიის ოფიცრები, რუსეთში გამოჩნდნენ. პოდპოლკოვნიკი ზახარჩენკო წითლებთან ბრძოლაში დაიჭრა და გარდაიცვალა. მარია თეთრი არმიის რიგებში რჩებოდა. იგი სიმამაცითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. ტყვე წითელარმიელებს საკუთარი ხელით ყელს ჭრიდა, ზურგზე წითელ ვარსკვლავს აჭრიდა.

- ამიტომაც ცოფიანი მარია შეარქვეს, - წერს ფიოდორ გლადკოვი.

თეთრები სამოქალაქო ომში დამარცხდნენ. ზახარჩენკო თავის თანამებრძოლებთან ერთად ემიგრაციაში გადაიხვეწა. მალე მესამედ გათხოვდა. ამჯერად მისი მეუღლე ოფიცერი გიორგი რადკევიჩი გახლდათ. მარია როვს-ის აქტიური წევრი გახდა და ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა.

* * *

ედუარდ სტაუნიცი, მოცრ-ის ერთ-ერთი ლიდერი, მარია ზახარჩენკომ მოსკოვში გაიცნო. ქალს მოეწონა მაღალი, ბრგე მამაკაცი. სტაუნიცი მიუახლოვდა:

- ნება მომეცით, წარმოგიდგეთ, ედუარდ ოტოვიჩ სტაუნიცი, ბალტიისპირელი აზნაური, მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორის არმიის ოფიცერი.

- სასიამოვნოა, - ქალმა გაიღიმა, - მე მარია ვლადისლავოვნა ზახარჩენკო გახლავართ. მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორის არმიის ოფიცერი.

- მაპატიეთ, თქვენ ის გამბედავი ქალი ბრძანდებით, ვინც ფრონტზე მოხალისედ წავიდა და ვისზედ მთელი რუსეთის მაშინდელი გაზეთები წერდნენ?

- დიახ!

- მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, - სტაუნიცმა ქუსლი ქუსლს შემოჰკრა.

ასე დაიწყო მათი ნაცნობობა.

ედუარდ ოტოვიჩი მოცრ-ში ფინანსნურ საკითხებს განაგებდა. ჰქონდა პატარა რესტორანი. კომერციაშიც ჩინებულად ერკვეოდა. რესტორანი მოგებაზე მუშაობდა.

- მოგების 80% მოცრ-ზე მიდის. მე მხოლოდ 20% მრჩება, - განმარტა სტაუნიცმა.

მათი შეხვედრები გახშირდა. დიდხანს და გულახდილად საუბრობდნენ. სტაუნიცმა გაუმხილა თავისი შეხედულება, რომ იაკუშევი ღირესული კაცია, მაგრამ მეტისმეტად ფრთხილი, რომ მის ტაქტიკას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ დროა ტერაქტებზე გადავიდნენ.

- გასაგებია, - გაიცინა მარიამ, - იმედია, თვითნებურად ტერაქტების ორგანიზებას არ აპირებთ?

- არა, არა! - გაიცინა სტაუნიცმაც, - მე ხომ ოფიცერი ვარ და არა ვიღაც ანარქისტი.

მარია რუსეთში რამდენიმე კვირას დარჩა. სტაუნიცს ის სისტემატურად ხვდებოდა. ამ კაცისკენ იდუმალი ძალა იზიდავდა. შემდეგ დასავლეთში ფინეთის გავლით დაბრუნდა. საზღვრამდე თავად სტაუნიცმა გააცილა.

ფინეთიდან ზახარჩენკო პარიზს გაემგზავრა და კუტეპოვს პირადად მოახსენა - მოცრ-ი მცირერიცხოვანი, მაგრამ ფართოდ განშტოებული ჯგუფია. ხალხი ყველგან ჰყავს, წითელ არმიაში, მთავრობაში.

- მათ შორის კომინტერნშიც? - იკითხა კუტეპოვმა.

- რასაკვირველია!

- მაშ, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რას აპირებს კომინტერნი.

* * *

ერთი თვის შემდეგ მარია ზახარჩენკო მოსკოვში დაბრუნდა. საზღვარი, რასაკვირველია, არალეგალურად გადალახა. სტაუნიცი დაუფარავი სიხარულით შეხვდა.

- სამწუხაროდ ვერაფრით გაგახარებთ, - ზახარჩენკო წამით გაჩუმდა. ალექსანდრ ვასილევიჩს, გენერალ კუტეპოვს მიაჩნია, რომ აქტიურ ღონისძიებებზე გადასვლა ნაადრევია. მოგვაწოდეთ ინფორმაცია კომინტერნზე.

საბჭოთა რუსეთში ზახარჩენკომ რამდენიმე თვეს დაყო. მალე სტაუნიცმა შეატყობინა, რომ ბულგარეთში კომუნისტური პუტჩი მზადდებოდა. მოხსენება ამომწურავი იყო. სტაუნიცმა ჩამოაწიკწიკა, როდის და როგორ უნდა დაწყებულიყო აჯანყება. ზახარჩენკომ ეს მაშინვე საზღვარგარეთ გადაგზავნა, კუტეპოვმა კი ყოველივე სპეცსამსახურს გადასცა.

1923 წლის ზაფხულში ბულგარეთში დიდი ამბები ხდებოდა. მოკლეს პრემიერი ალექსანდრე სტამბოლიისკი და მის ნაცვლად ხელისუფლებაში ალექსანდრ ცანკოვის მთავრობა მოვიდა. 1923 წლის სექტემბერში კი იფეთქა კომუნისტურმა პუტჩმა, რომელიც ხელისუფლებამ დიდი გაჭირვებით ჩაახშო.

გენერალმა კუტეპოვმა მარია ზახარჩენკო გამოიძახა და მადლობა გადაუხადა. ზახარჩენკო რუსეთში დაბრუნდა. ამჯერად მან სსრკ-ფინეთის საზღვარი გადალახა.

მიშკა იაპონჩიკის მემორიალი ვოზნესენსკში, უკრაინაში

საყვარლები

ზახარჩენკომ სტაუნიცს ახარა: კუტეპოვი ტერაქტებს დათანხმდა, მოცრ-ის ხელმძღვანელობის ინფორმირმირება არ ღირს, ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

- ვინ ჩვენ? - შეეკითხა სტაუნიცი.

- მე და შენ.

სტაუნიცი უნებლიეთ შეკრთა. ზახარჩენკოს კი თვალები უბრწყინავდა.

დაიწყო დივერსიები, ერთიმეორის მიყოლებით აფეთქებდნენ ქარხნებს. რამდენიმე დივერსიის შესახებ დაიბეჭდა გაზეთებში. ზახარჩენკო ამით არ დაკმაყოფილდა:

- აუცილებელია ექსპროპრიაცია ანუ ექსი, როგორც ანარქისტები ამბობენ. მოცრ-ს ხომ ფული სჭირდება!

- მერე ამის გაკეთებას როგორ აპირებ?

- მოდი, საფოსტო მატარებელს დავეცეთ!

- ეს ძალიან საშიშია. მატარებელს შეიარაღებული დაცვა ახლავს.

- მე თვითონ ვარ საშიში! - ზახარჩენკომ გადაიხარხარა. სტაუნიცი მდუმარედ იდგა. ქალს თვალები უელავდა.

რუსეთში ზახარჩენკოს ახლდა ქმარი, გიორგი რადკევიჩი. როცა მარიამ გაუმხილა, საფოსტო მატარებელს უნდა დავეცეთო, შეიცხადა:

- ეს ოპერაცია იაკუშევთან შეათანხმე?

- არა.

- კუტეპოვთან?

- ალექსანდრ პავლოვიჩმა მოქმედების სრული თავისუფლება მომცა.

- მარია, ასე არ შეიძლება!

- რა არ შეიძლება?!

- იაკუშევი მოცრ-ის ლიდერია. მისი თანხმობის გარეშე...

- ანუ, არ წამოხვალ?

- შენ რა, თავდასხმაში აპირებ მონაწილეობას?

- რასაკვირველია.

- მარია, ასე არ შეიძლება!

- შენი ნებაა, შინ იჯექი, არ გაცივდე, - მიახალა ქალმა და წამოდგა, - ნახვამდის.

მათ ცოლქმრობაში ბზარი გაჩნდა.

...საფოსტო მატარებელზე თავდასხმა წარუმატებელი გამოდგა. ორმხრივი სროლის შედეგად დაცვის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ზახარჩენკო ფეხში დაიჭრა. სტაუნიცმა ქალი ბუმბულივით აიტაცა. მარია ამაოდ ემუდარებოდა, მიმატოვე, თორემ ორივეს შეგვიპყრობენო. სტაუნიცმა არაფერი უპასუხა. მან ქალი საშიში ზონიდან გაიყვანა. ის სტაუნიცის ერთ-ერთი მეგობრის ბინაში დააწვინეს. შემდეგ ნაცნობი ექიმი მოიყვანეს. მან ჭრილობას დახედა თუ არა, თქვა, რომ საშიში არაფერი იყო და ტყვია ქალს სწრაფად ამოუღო.

ზახარჩენკო და სტაუნიცი საყვარლები გახდნენ. ქალმა რადკევიჩს პირდაპირ განუცხადა:

- ჩვენ ცოლ-ქმარი აღარ ვართ!

ოფიციალურად ზახარჩენკო რადკევიჩის ცოლად რჩებოდა, ფაქტობრივად კი მისი ქმარი სტაუნიცი გახდა.

მკვლელობის დაკვეთა

1923 წლის ბოლოსთვის დასავლეთმა რუსულ ემიგრაციას საკითხი კატეგორიულად დაუსვა: გაერთიანდით! გენერალი კუტეპოვი ბორის სავინკოვს შეხვდა. ხანმოკლე მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე. რუსეთში მყოფმა სავინკოველებმა და მონარქისტებმაც ერთიანი ცენტრი შექმნეს, რომელსაც "ტრესტი"ეწოდა. მის ბაზაზე რუსეთში ალტერნატიული მთავრობის შექმნა დაიწყო. მისი დაკომპლექტების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მთავრობას სათავეში ბორის სავინკოვი ჩაუდგებოდა. "ტრესტმა"ემიგრაციაში მყოფ სავინკოვს საკითხი კატეგორიულად დაუსვა: ჩამოდით რუსეთში და ბრძოლას აქედან უხელმძღვანელეთ!

როგორც ცნობილია, სავინკოვი რუსეთში მართლაც ჩავიდა. ის შეიპყრეს. მალე გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ ბორის სავინკოვი სსრკ-ში თავისი ორგანიზაციების რევიზიისთვის ჩავიდა, მინსკში უბრალო საბჭოთა მოქალაქეებმა იცნეს და გპუ-ს აცნობეს. გაიმართა სასამართლო, სადაც ბორის ვიქტოროვიჩმა არარსებული დანაშაული მოინანია და საბჭოთა ხელისუფლება აღიარა. სასამართლომ მას დახვრეტა მიუსაჯა, თუმცა მთავრობას განაჩენის შემსუბუქების თხოვნით მიმართა. საბოლოოდ, სავინკოვს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა.

დასავლეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა იცოდნენ, რომ სავინკოვი რუსეთში "ტრესტის"მიწვევით ჩავიდა. ამიტომ მის მიმართ ნდობა შეირყა.

მალე მარია ზახარჩენკო, რომელიც სსრკ-ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, არალეგალურად გადავიდა საზღვარზე და ჩავიდა ვარშავაში, იქიდან კი პარიზში, სადაც პირადად კუტეპოვმა მიიღო.

- ჩვენ ჩიხში აღმოვჩნდით, - ჩუმად წარმოთქვა კუტეპოვმა, - იმ მორფინისტი სავინკოვის ჩავარდნის შემდეგ "ტრესტის"დაფინანსება არავის სურს.

- როგორ მოვიქცეთ? - ზახარჩენკოს ხმა აუკანკალდა.

- რუმინეთის "სიგურანცის"წარმომადგენელი დამიკავშირდა, - კუტეპოვმა ამოიოხრა, - მათ კოტოვსკის მკვლელობა შეგვიკვეთეს.

- რაო?!

- "სიგურანცას"სურს, კოტოვსკი გავანადგუროთ!

- მაგრამ როვს-ი რუსი პატრიოტების ორგანიზაციაა, რომელიც სამშობლოს გათავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ, რუსი პატრიოტები...

- სამწუხაროდ, არჩევანის საშუალება არ გვაქვს, - შეაწყვეტინა კუტეპოვმა, - კოტოვსკი ცნობილი პიროვნებაა, მისი ლიკვიდაციაც "ტრესტის"რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებაა.

დასასრული ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება 23 ოქტომბერს

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#79