დავით დვალიშვილის მსახიობობა სიყვარულით
20-10-2017
დავით დვალიშვილის მსახიობობა სიყვარულით
"ერთი გოგო მომწონდა, მეგობარს უთხრა, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო. ჰოდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი"

ადა­მი­ა­ნის გა­საც­ნო­ბად არც გა­რეგ­ნო­ბას აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, არც მის ნა­თა­მა­შებ რო­ლებს, არც იმას, რას ამ­ბობს და რო­გორ... არ­სე­ბობს სულ სხვა – მცი­რე ნი­უ­ან­სე­ბის­გან აგე­ბუ­ლი სამ­ყა­რო, მძი­ვე­ბის პა­ტა­რა მარ­ც­ვ­ლე­ბი­ვით ერ­თ­მა­ნეთ­ზე აკინ­ძუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი და ეს სუ­რა­თე­ბი წარ­სუ­ლი­დან ქმნი­ან ადა­მი­ანს. სწო­რედ ეს არის ნამ­დ­ვი­ლი ვი­თა­რე­ბა­ნი...
– ჩემს მა­მი­სე­ულ სო­ფელ­ში – სუ­ლორ­ში, ჩვენს ეზო­ში ერ­თი კა­რა­ლი­ო­კის ხე იდ­გა. უზარ­მა­ზა­რი მე­გო­ნა. ახ­ლა რომ
ვუ­ყუ­რებ, ერ­თი პა­ტა­რა ხეა და მა­შინ ხომ კი­დევ უფ­რო პა­ტა­რა იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ მე ვუ­ყუ­რებ­დი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით ყვე­ლა­ფერს, ის ხეც დი­დი მეჩ­ვე­ნე­ბო­და და ჩვე­ნი პა­ტა­რა სახ­ლიც.
ამ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და მა­მი­და­ჩე­მი – ნი­ნა. 1895 წელს იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. გა­სა­ო­ცა­რი ქა­ლი იყო.

ზამ­თარ­ში დი­დი თოვ­ლი მო­დი­ო­და, ლა­მა­ზი ფიფ­ქე­ბით თოვ­და.
გა­მოგ­ვი­ტან­და ტაბ­ლას სახ­ლი­დან მა­მი­და. ტაბ­ლა პა­ტა­რა მა­გი­დაა, გა­და­ვაბ­რუ­ნებ­დით, დავ­ს­ხ­დე­ბო­დით და იმით ვსრი­ა­ლებ­დით ფერ­დობ­ზე.
ახ­ლა გა­ნათ­ლე­ბულს ეძა­ხი­ან, თუ კო­ე­ლი­ოს წა­ი­კითხავს კა­ცი. მა­მი­და­ჩემს სხვა­ნა­ი­რი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ოთხ­თა­ვი იცო­და ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად. ბი­ძა­მი­სი დე­დის მხრი­დან ბე­რი იყო და ეტყო­ბა, მის­გა­ნაც ეს­წავ­ლა ბევ­რი რამ.

და­მის­ვამ­და ახ­ლოს და სა­ხა­რე­ბას მა­კითხებ­და, მე­რე მე­კითხე­ბო­და, აბა, რა გა­ი­გეო. ძნე­ლი იყო ჩემ­თ­ვის სა­ხა­რე­ბის გა­გე­ბა. მა­მი­და იჯ­და და მიხ­ს­ნი­და, რა რას ნიშ­ნავ­და. ახ­ლა მე მაქვს სახ­ლ­ში ის წიგ­ნი, 1888 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ოთხ­თა­ვია...

მა­მა­ჩემს ერ­თი ძმა ჰყავ­და და ოთხი და. ძმა ომ­ში და­ი­კარ­გა. მა­მი­დებს შთა­მო­მავ­ლო­ბა არ დარ­ჩე­ნი­ათ. მარ­ტო მა­მას ჰყავ­და შვი­ლე­ბი და ოთხი­ვე მა­მი­და ჩვენ­ზე იყო თან­გა­და­ყო­ლი­ლი.
ორი უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ად­რე­ვე გარ­და­მეც­ვა­ლა, დავ­რ­ჩით სამ­ნი, ორი ძმა და ერ­თი და. სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა მხო­ლოდ ძმე­ბი შევ­რ­ჩით ერ­თ­მა­ნეთს.
მა­მა­ჩემს ერ­თი სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვი შემ­თხ­ვე­ვია ჩემს და­ბა­დე­ბამ­დე. 1935 წელს ნას­ვა­მი მი­დი­ო­და სახ­ლ­ში ვა­ნის რა­ი­ონ­ში. და­ი­ნა­ხა, საბ­ჭოს წინ ლე­ნი­ნის სუ­რათს ჰკი­დე­ბენ. უკან კი­ბე­ზე დგას ვი­ღაც და ჩა­ქუ­ჩი უჭი­რავს ხელ­ში. მა­მა­ჩე­მი კარგ ხა­სი­ათ­ზეა თურ­მე, თან ცო­ტა "მა­რი­ა­ჟობს" კი­დეც, რო­გორც ახ­ლა ამ­ბო­ბენ. ამას აქ რა უნ­დაო, და­ავ­ლო თურ­მე ლე­ნი­ნის სუ­რათს ხე­ლი და მდი­ნა­რე­ში არ მო­ის­რო­ლა! არი­ქა სან­დ­რო, უშ­ვე­ლე ახ­ლა თავს, თო­რემ ცუ­და­დაა შე­ნი საქ­მეო, – მი­ა­ძა­ხეს. გა­იქ­ცა თურ­მე ტყი­ბულ­ში. იქ მა­ღა­რო­ში და­იწყო მუ­შა­ო­ბა. ასე ჩაძ­ვ­რა მი­წა­ში, თურ­მე. ასე გავ­ჩ­ნ­დი ტყი­ბულ­ში 1948 წლის 1-ელ მა­ისს...

მახ­სოვს ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღე.
მე­რეც მიყ­ვარ­და, რო­ცა გა­ვი­ზარ­დე და პა­რა­დის შემ­დეგ ჩემ­თან მიმ­ყავ­და მე­გობ­რე­ბი სა­ქე­ი­ფოდ. ამ დღის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბო­დი, წა­ვი­დო­დი სა­თევ­ზა­ოდ, მო­ვი­ტან­დი ახალ თევზს...
ორი წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა მა­მა­ჩემ­მა სამ­ტ­რე­დი­ა­ში სახ­ლი იყი­და და იქ გა­და­ვე­დით საცხოვ­რებ­ლად.

იქ გა­ვი­ზარ­დე, და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. მყავ­და ჩე­მი ვე­ლო­სი­პე­დი. სამ­ტ­რე­დი­ა­ში ხომ ყვე­ლა ვე­ლო­სი­პე­დით და­დის! სწო­რა­დაც იქ­ცე­ვი­ან, ვა­კე ად­გი­ლია და ად­ვი­ლია მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა. აქ არ ვა­ტა­რებ ვე­ლო­სი­პედს, თო­რემ სამ­ტ­რე­დი­ა­ში რომ ჩა­ვალ, მეც გა­და­სა­რე­ვად გა­და­ვაჯ­დე­ბი და ვივ­ლი.
ვირ­ტუ­ო­ზი ვი­ყა­ვი ვე­ლო­სი­პე­დის ტა­რე­ბა­ში. ხან უკუღ­მა ვჯდე­ბო­დი, ხან უკა­ნა ბორ­ბალ­ზე ვა­ყე­ნებ­დი, ხა­ნაც ფე­ხებს სა­ჭე­ზე ვაწყობ­დი.

მე­ხუ­თე კლა­სამ­დე ხუ­თო­სა­ნი ვი­ყა­ვი, მე­რე ერ­თი გო­გო შე­მიყ­ვარ­და, და­ვიწყე იმა­ზე ფიქ­რი, თა­ვი რო­გორ მო­მე­წო­ნე­ბი­ნა მის­თ­ვის და ამ მიზ­ნით სწავ­ლა­საც მო­ვუ­კე­ლი და სი­გა­რე­ტიც მოვ­წიე. სხვა­თა შო­რის, მა­მამ და­მი­ნა­ხა რომ ვე­წე­ო­დი. ჩემ­თ­ვის არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, დე­დას უთხ­რა, შენს შვილს ამ­სიგ­რ­ძე პა­პი­რო­სი ეჭი­რა და ეწე­ო­დაო.
მახ­სოვს ის გო­გო­ნაც, ვინც მიყ­ვარ­და. ქე­რა და ლურ­ჯ­თ­ვა­ლა იყო, შა­ლის ფორ­მა ეც­ვა, წინ შა­ვი წინ­სა­ფა­რი ჰქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. ლა­მა­ზი გო­გო იყო.

წე­სი­ე­რი ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, არა­ფერს ვა­შა­ვებ­დი, მა­შინ სა­ერ­თოდ ცო­ტა იყო ისე­თი ჩვენს ირ­გ­ვ­ლივ, რა­მე რომ და­ე­შა­ვე­ბი­ნა. ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა მახ­სოვს, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მე­ო­რე მე­გო­ბარს და­ნა უჩხ­ვ­ლი­ტა და ისიც ისე, რომ სულ ოდ­ნავ ეტყო­ბო­და ნა­კაწ­რი. გა­და­ი­რია ყვე­ლა, ეს რა მოხ­დაო! იარა­ღის ხმა­რე­ბა სირ­ცხ­ვი­ლი იყო.
სკო­ლა­ში ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი მყავ­და, ან­დ­რო კან­დე­ლა­კი. კე­თილ­შო­ბი­ლი კა­ცი იყო, ძა­ლი­ან არ­ტის­ტუ­ლი. უნ­და გე­ნა­ხათ, ჟურ­ნალს რომ და­ი­ჭერ­და ხელ­ში და თეთრ თმას უკან გა­და­იყ­რი­და. მარ­ტო გაკ­ვე­თილს კი არ გვიხ­ს­ნი­და, ცხოვ­რე­ბას გვას­წავ­ლი­და. ჩე­მი ხმა მოს­წონ­და და ის, რო­გორ ვკითხუ­ლობ­დი. მითხ­რა, ეცა­დე, იქ­ნებ მსა­ხი­ო­ბი გახ­დეო. მაგ­რამ მე მის გა­მო არ წავ­სულ­ვარ თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში...

ყვე­ლა­ფე­რი სიყ­ვა­რულ­მა გა­დაწყ­ვი­ტა. ერ­თი გო­გო მომ­წონ­და ძა­ლი­ან, მან უთხ­რა თა­ვის მე­გო­ბარს, თუ გავ­თხოვ­დი, მხო­ლოდ მსა­ხი­ობს გავ­ყ­ვე­ბი ცო­ლა­დო. ჰო­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე, მსა­ხი­ო­ბი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი.
გავ­ხ­დი კი­დეც მსა­ხი­ო­ბი. იმ გო­გო­მაც იცო­და, რის გა­მო გა­ვა­კე­თე ეს... მე­რე რა­ღა­ცე­ბი მოხ­და, ერ­თ­მა­ნეთს დავ­შორ­დით და ბა­რემ იმა­საც ვიტყ­ვი, – გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ერ­თად არ ვართ. მგო­ნი, მა­საც უნ­და სწყდე­ბო­დეს გუ­ლი.
თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში ჩემ­თან სწავ­ლობ­და გია ფე­რა­ძე, ას­მათ ტყაბ­ლა­ძე, მევ­ლუდ ლო­მი­ძე, მევ­ლუდ სა­რა­ჯიშ­ვი­ლი, ელი­სო გუ­დი­აშ­ვი­ლი... კარ­გი ჯგუ­ფი გვქონ­და.

მე და გია ფე­რა­ძე ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით ერ­თ­მა­ნეთ­თან. მის ოჯახ­ში დავ­დი­ო­დი. მახ­სოვს, ელი­სო გუ­დი­აშ­ვილ­თან ვი­ყა­ვით, ღვი­ნო რომ არ უნ­დო­და და­ე­ლია, ფან­ჯ­რი­დან გა­და­ას­ხა. რე­ზო ლა­ღი­ძემ და­ი­ნა­ხა და ეწყი­ნა, თუ არ გინ­და, ნუ და­ლევ, მაგ­რამ ნურც გა­და­ას­ხა­მო. მე­რე გი­ას ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. კე­თილ­შო­ბი­ლი კა­ცი იყო და უბე­დუ­რე­ბა რომ შე­ემ­თხ­ვა, ძა­ლი­ან და­სა­ჯა თა­ვი­სი თა­ვი.
მე და გია მხი­ა­რულ­თა და საზ­რი­ან­თა კლუ­ბის კონ­კურ­ს­ში ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. ერ­თად ვი­გო­ნებ­დით ხოლ­მე ხუმ­რო­ბებს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუმო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და. ჩვენ, სხვა­თა შო­რის, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუ­ტის სა­ხე­ლი­თაც გა­მოვ­დი­ო­დით. მა­შინ მი­ღე­ბუ­ლი იყო მო­ნა­წი­ლე­ე­ბის სეს­ხე­ბა და ჩვენც ნა­სეს­ხე­ბი ვი­ყა­ვით.

ერ­თხელ, კითხ­ვა-პა­სუ­ხი­სას, გი­ამ ექ­ს­პ­რომ­ტად ლექ­სი მო­ი­გო­ნა, თურ­მე ამ გა­და­ცე­მას დე­ი­და თი­ნა – მი­სი დე­დაც უყუ­რებ­და, და თა­ვის­თ­ვის სწო­რედ ის ლექ­სი თქვა, რაც გი­ამ ეკ­რა­ნი­დან. ასე ერ­თ­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებ­დ­ნენ.

თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო აკა­დე­მი­ურ თე­ატ­რ­ში წა­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ. ჩე­მი გაშ­ვე­ბა მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რ­ში უნ­დო­დათ, მაგ­რამ ქუ­თა­ი­სი ვარ­ჩიე. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი მყავ­და – სა­შა მი­ქე­ლა­ძე, მან მირ­ჩია. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დი მას. ის იყო კა­ცი, რო­მელ­მაც ილი­ას მკვლე­ლო­ბის სა­სა­მარ­თ­ლოს ოქ­მე­ბი გა­და­არ­ჩი­ნა. ერ­თხელ, ბა­ზარ­ში ხორ­ცი იყი­და და ოქ­მე­ბის ქა­ღალ­დ­ში გა­უხ­ვი­ეს. და­ხე­და – დო­კუ­მენ­ტე­ბი იყო, იყი­და დარ­ჩე­ნი­ლი ოქ­მე­ბი იმ ყა­სა­ბის­გან და გა­და­არ­ჩი­ნა.

ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რ­ში რომ ჩა­ვე­დი, იქ უკ­ვე აღარც იპო­ლი­ტე თა­მა­შობ­და, აღარც აკა­კი ვა­სა­ძე. მაგ­რამ ისი­ნი და­დი­ოდ­ნენ თე­ატ­რ­ში, ნა­ხუ­ლობ­დ­ნენ ჩვენს სპექ­ტაკ­ლებს. ერ­თხელ, აკა­კი ვა­სა­ძე გე­ძა­ხი­სო, მითხ­რეს. ბაღ­ში მე­ლო­დე­ბო­და, გა­ვე­დი. გა­მიც­ნო, მო­მი­კითხა, მო­მე­ფე­რა. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ვერ ვაქ­ცევთ ამ­ხე­ლა ყუ­რადღე­ბას ახალ­გაზ­რ­დებს...
გა­მო­ვი­დო­დი ბა­ღის კი­დე­ზე, გა­მარ­ჯო­ბის თქმის­გან კი­სე­რი მტკი­ო­და. თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, სპე­ცი­ა­ლუ­რად დავ­დი­ო­დი ქუ­ჩებ­ში, თა­ო­ბა იყო შეც­ვ­ლი­ლი, ძვი­რად ვნა­ხავ­დი ნაც­ნობ კაცს. ამის გა­მო ძა­ლი­ან ვდარ­დობ­დი. ის გა­მარ­ჯო­ბის თქმა მო­მე­ნატ­რა!

თბი­ლის­ში გად­მოს­ვ­ლა ყო­ველ­თ­ვის მინ­დო­და. რო­გორც კი აქ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი შე­იქ­მ­ნა, ლე­რი პაქ­საშ­ვილ­მა და­მი­ძა­ხა, გად­მო­დიო. გო­გი ქავ­თა­რა­ძე იყო ქუ­თა­ის­ში მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, გა­გიჟ­და კი­ნა­ღამ, არ წახ­ვი­დე, ახ­ლა გას­ტ­რო­ლებ­ზე მივ­დი­ვართ მოს­კოვ­ში, იქ წა­მო­დი და მე­რე გა­და­დიო. მე ჩავ­თ­ვა­ლე, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი არ იქ­ნე­ბო­და, გას­ტ­რო­ლებ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მე­რე და­მე­ტო­ვე­ბი­ნა და­სი, დაე, მას ეთა­მა­შა, ვინც თე­ატ­რ­ში რჩე­ბო­და. ასე წა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში.
ერ­თი წე­ლი­წა­დი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი. მე­რე უკ­ვე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში მოვ­ხ­ვ­დი, თე­მურ ჩხე­ი­ძემ მო­მიყ­ვა­ნა.

ვთა­მა­შობ­დი რო­ლებს, ჩემს თავ­ში ვე­ძებ­დი თვი­სე­ბებს ჩე­მი პერ­სო­ნა­ჟი­სას. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბაც ხომ ეს არის, რამ­დე­ნად კარ­გად ჩა­ი­ხე­დავ ადა­მი­ა­ნის სულ­ში.
სცე­ნა­ზე დგო­მა ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ახ­ლა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად მე­ში­ნია, რა­მე ცუ­დად არ გა­ვა­კე­თო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ად­რე ამა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, აღ­მაფ­რე­ნას ვგრძნობ­დი და მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

23 წლი­სამ ვი­ქორ­წი­ნე, ვმუ­შა­ობ­დი და ხელ­ფა­სით ვარ­ჩენ­დი ოჯახს. ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობ­დი, მაგ­რამ ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, მა­მა რკი­ნიგ­ზე­ლი იყო, დე­და – დი­ა­სახ­ლი­სი, გა­ნა რამ­დე­ნი ექ­ნე­ბო­და ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი. მა­შინ კარ­გად ცხოვ­რობ­და, ვინც ქურ­დობ­და და თან ამა­ყობ­და კი­დეც ამით. მე არა­სო­დეს მი­ქურ­დია. ავი­ღებ­დი ხელ­ფასს, გა­ვის­ტუმ­რებ­დი ვა­ლებს, მე­რე ავი­ღებ­დი ვა­ლებს, და­ვე­ლო­დე­ბო­დი ხელ­ფასს და ვი­ყა­ვი ასე. ფეხ­საც­მე­ლი სა­ნამ სულ არ და­მე­ხე­ო­და, ახალს რო­გორ ვი­ყიდ­დი. მახ­სოვს, სვე­ლი ფე­ხე­ბით მივ­დი­ო­დი თე­ატ­რ­ში, წყა­ლი შემ­დი­ო­და. ერ­თი კა­ცი იყო კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში, გახ­მო­ვა­ნე­ბის "რო­ლი­კებს" ატ­რი­ა­ლებ­და, რომ ჰკითხავ­დი რა ზო­მის ფე­ხი გაქ­ვ­სო, თუ უნ­და მა­ჩუ­ქო ფეხ­საც­მე­ლი, – ნე­ბის­მი­ე­რიო. ასე­თი იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

ბა­ბუ­ა­ჩემს ერ­ქ­ვა და­ვი­თი, მა­მა­ჩემს ალექ­სან­დ­რე, მე ხომ და­ვი­თი ვარ, ჩე­მი შვი­ლი ალექ­სან­დ­რეა... შვი­ლიშ­ვილს და­ვი­თი ჰქვია. სა­ხე­ლე­ბი ცო­ტა გვაქვს. ერ­თხელ და­ვაკ­ვირ­დი, ოჯა­ხის შვი­დი წევ­რი ვის­ხე­დით მან­ქა­ნა­ში და სულ სა­მი სა­ხე­ლი გვერ­ქ­ვა...
ნე­ტავ ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი? ერ­თი რამ ვი­ცი, ნამ­დ­ვი­ლად უფ­რო გამ­ხ­და­რი ვიქ­ნე­ბი, ვიდ­რე ახ­ლა ვარ.
ასაკ­ში რო­ლე­ბი ისე­დაც იკ­ლებს. თე­ატ­რ­საც და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რ­და გმი­რი სჭირ­დე­ბა. ასე­თი მე ად­რეც არ ვი­ყა­ვი და ახ­ლა მით უმე­ტეს. მა­მის ან ბა­ბუ­ის როლს ითა­მა­შებ, მო­ხუ­ცი კა­ცი იქ­ნე­ბი. ამა­ზე არ უნ­და იდარ­დო.

უძი­ლო­ბა გაჩ­ნ­დე­ბა, ავა­დაც უფ­რო ხში­რად ვიქ­ნე­ბი, ალ­ბათ...
ძა­ლი­ან მიყ­ვარს ვა­ზის მოვ­ლა. მაქვს კი­დეც ჩე­მი ვე­ნა­ხი ასუ­რეთ­ში. სახ­ლიც რომ მქონ­დეს ბაღ­თან ახ­ლოს, გა­ვი­დო­დი ვე­ნახ­ში, ვა­ზის ძი­რას დავ­ჯ­დე­ბო­დი, მო­ვიდ­გამ­დი ხე­ლა­და ღვი­ნოს, ცხა­დია, ჩემს და­წუ­რულს და და­ვე­ლო­დე­ბო­დი სიკ­ვ­დილს.
სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს ახალ­გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მი­წის ყუ­რე­ბა.
ხე­ლე­ბი და­მი­კოჟ­რ­დე­ბო­და ხოლ­მე, რო­ცა სოფ­ლად ვხნავ­დი და ვბა­რავ­დი. გუ­თანს ჩავ­დ­გო­მი­ვარ წინ! ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო.
ცუ­დად რა მახ­სენ­დე­ბა? გა­გე­ცი­ნე­ბათ, რომ გეტყ­ვით: ერ­თი ბორ­შ­ჩის სუ­ნი სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან და მე­ო­რე – ერ­თი რო­ლი ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რი­დან. შო­თა პირ­ველ­მა და­მა­კა­ვა სპექ­ტაკ­ლ­ში "პლა­ტო­ნი". მახ­სოვს, რო­გორ მე­ზა­რე­ბო­და რო­ლის თა­მა­ში...

დი­დი ტკი­ვი­ლით მახ­სენ­დე­ბა მა­მა­ჩე­მის ჩაც­ვე­ნი­ლი თვა­ლე­ბი, რო­ცა სა­საფ­ლა­ო­ზე მი­ას­ვე­ნებ­დ­ნენ... დე­და, რო­მე­ლიც სულ მე­ნატ­რე­ბა...
ტკი­ვი­ლი ბევ­რია, ისე­ვე რო­გორც სი­ხა­რუ­ლი. ამათ შე­ნაც­ვ­ლე­ბა­ში გა­დის დი­ლაც, შუ­ად­ღეც და მიმ­წუხ­რიც.
ერ­თი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ამე­რი­კა­ში მო­მიხ­და გამ­გ­ზავ­რე­ბა, მე­გო­ბა­რი ვნა­ხე, ქუ­თა­ის­ში ერ­თად ვი­ყა­ვით ხში­რად. წლე­ბი იყო ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და. მი­ამ­ბო თა­ვი­სი ამ­ბე­ბი, დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა და ისე დაკ­რ­ძა­ლეს, ვერ ჩა­ვე­დიო. კაცს პა­ნაშ­ვიდ­ზე მის­ვ­ლა რომ მო­ე­ნატ­რე­ბა, წარ­მო­იდ­გენ? ისეთ დღე­ში ვარ, მე­ნატ­რე­ბაო. ასე­თია ცხოვ­რე­ბა.

რო­მელ სა­ათ­ზე დგე­ბი-მეთ­ქი. უთე­ნია, დი­ლის ოთხ სა­ათ­ზეო. ეგ­რე ად­რე კი არა, თორ­მეტ­ზე მა­ინც რომ ავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვით, ახ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბო­დით ყვე­ლა ერ­თად და ქვე­ყა­ნა­საც ავა­შე­ნებ­დით-მეთ­ქი. ქარ­თ­ვე­ლე­ბი რა­საც იქ მუ­შა­ო­ბენ, იმის ნა­ხე­ვა­რი რომ აქ გვე­მუ­შა­ვა, ასეთ დღე­ში არ ვიქ­ნე­ბო­დით!

ლე­ლა ჯი­ყაშ­ვი­ლი
ჟურნალი "ისტორიანი",#79
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!