"ერთი გოგო მომწონდა, მეგობარს უთხრა, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო. ჰოდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი" - კვირის პალიტრა

"ერთი გოგო მომწონდა, მეგობარს უთხრა, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო. ჰოდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი"

"ერთი გოგო მომწონდა, მეგობარს უთხრა, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო. ჰოდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი"

ადამიანის გასაცნობად არც გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, არც მის ნათამაშებ როლებს, არც იმას, რას ამბობს და როგორ... არსებობს სულ სხვა – მცირე ნიუანსებისგან აგებული სამყარო, მძივების პატარა მარცვლებივით ერთმანეთზე აკინძული მოგონებები და ეს სურათები წარსულიდან ქმნიან ადამიანს. სწორედ ეს არის ნამდვილი ვითარებანი...

– ჩემს მამისეულ სოფელში – სულორში, ჩვენს ეზოში ერთი კარალიოკის ხე იდგა. უზარმაზარი მეგონა. ახლა რომ ვუყურებ, ერთი პატარა ხეა და მაშინ ხომ კიდევ უფრო პატარა იქნებოდა. მაგრამ მე ვუყურებდი გაფართოებული თვალებით ყველაფერს, ის ხეც დიდი მეჩვენებოდა და ჩვენი პატარა სახლიც.

ამ სოფელში ცხოვრობდა მამიდაჩემი – ნინა. 1895 წელს იყო დაბადებული. გასაოცარი ქალი იყო.

ზამთარში დიდი თოვლი მოდიოდა, ლამაზი ფიფქებით თოვდა. გამოგვიტანდა ტაბლას სახლიდან მამიდა. ტაბლა პატარა მაგიდაა, გადავაბრუნებდით, დავსხდებოდით და იმით ვსრიალებდით ფერდობზე.

ახლა განათლებულს ეძახიან, თუ კოელიოს წაიკითხავს კაცი. მამიდაჩემს სხვანაირი განათლება ჰქონდა მიღებული. ოთხთავი იცოდა ზედმიწევნით კარგად. ბიძამისი დედის მხრიდან ბერი იყო და ეტყობა, მისგანაც ესწავლა ბევრი რამ.

დამისვამდა ახლოს და სახარებას მაკითხებდა, მერე მეკითხებოდა, აბა, რა გაიგეო. ძნელი იყო ჩემთვის სახარების გაგება. მამიდა იჯდა და მიხსნიდა, რა რას ნიშნავდა. ახლა მე მაქვს სახლში ის წიგნი, 1888 წელს გამოცემული ოთხთავია...

მამაჩემს ერთი ძმა ჰყავდა და ოთხი და. ძმა ომში დაიკარგა. მამიდებს შთამომავლობა არ დარჩენიათ. მარტო მამას ჰყავდა შვილები და ოთხივე მამიდა ჩვენზე იყო თანგადაყოლილი.

ორი უფროსი დედმამიშვილი ადრევე გარდამეცვალა, დავრჩით სამნი, ორი ძმა და ერთი და. სამწუხაროდ, ახლა მხოლოდ ძმები შევრჩით ერთმანეთს.

მამაჩემს ერთი სასაცილო ამბავი შემთხვევია ჩემს დაბადებამდე. 1935 წელს ნასვამი მიდიოდა სახლში ვანის რაიონში. დაინახა, საბჭოს წინ ლენინის სურათს ჰკიდებენ. უკან კიბეზე დგას ვიღაც და ჩაქუჩი უჭირავს ხელში. მამაჩემი კარგ ხასიათზეა თურმე, თან ცოტა "მარიაჟობს" კიდეც, როგორც ახლა ამბობენ. ამას აქ რა უნდაო, დაავლო თურმე ლენინის სურათს ხელი და მდინარეში არ მოისროლა! არიქა სანდრო, უშველე ახლა თავს, თორემ ცუდადაა შენი საქმეო, – მიაძახეს. გაიქცა თურმე ტყიბულში. იქ მაღაროში დაიწყო მუშაობა. ასე ჩაძვრა მიწაში, თურმე. ასე გავჩნდი ტყიბულში 1948 წლის 1-ელ მაისს...

მახსოვს ძალიან მიყვარდა ჩემი დაბადების დღე.

მერეც მიყვარდა, როცა გავიზარდე და პარადის შემდეგ ჩემთან მიმყავდა მეგობრები საქეიფოდ. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი, წავიდოდი სათევზაოდ, მოვიტანდი ახალ თევზს...

ორი წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა სამტრედიაში სახლი იყიდა და იქ გადავედით საცხოვრებლად.

იქ გავიზარდე, დავამთავრე სკოლა. მყავდა ჩემი ველოსიპედი. სამტრედიაში ხომ ყველა ველოსიპედით დადის! სწორადაც იქცევიან, ვაკე ადგილია და ადვილია მისი გამოყენება. აქ არ ვატარებ ველოსიპედს, თორემ სამტრედიაში რომ ჩავალ, მეც გადასარევად გადავაჯდები და ვივლი.

ვირტუოზი ვიყავი ველოსიპედის ტარებაში. ხან უკუღმა ვჯდებოდი, ხან უკანა ბორბალზე ვაყენებდი, ხანაც ფეხებს საჭეზე ვაწყობდი.

მეხუთე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი, მერე ერთი გოგო შემიყვარდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, თავი როგორ მომეწონებინა მისთვის და ამ მიზნით სწავლასაც მოვუკელი და სიგარეტიც მოვწიე. სხვათა შორის, მამამ დამინახა რომ ვეწეოდი. ჩემთვის არაფერი უთქვამს, დედას უთხრა, შენს შვილს ამსიგრძე პაპიროსი ეჭირა და ეწეოდაო.

მახსოვს ის გოგონაც, ვინც მიყვარდა. ქერა და ლურჯთვალა იყო, შალის ფორმა ეცვა, წინ შავი წინსაფარი ჰქონდა აფარებული. ლამაზი გოგო იყო.

წესიერი ბავშვი ვიყავი, არაფერს ვაშავებდი, მაშინ საერთოდ ცოტა იყო ისეთი ჩვენს ირგვლივ, რამე რომ დაეშავებინა. ერთი შემთხვევა მახსოვს, ჩემმა მეგობარმა მეორე მეგობარს დანა უჩხვლიტა და ისიც ისე, რომ სულ ოდნავ ეტყობოდა ნაკაწრი. გადაირია ყველა, ეს რა მოხდაო! იარაღის ხმარება სირცხვილი იყო.

სკოლაში ერთი მასწავლებელი მყავდა, ანდრო კანდელაკი. კეთილშობილი კაცი იყო, ძალიან არტისტული. უნდა გენახათ, ჟურნალს რომ დაიჭერდა ხელში და თეთრ თმას უკან გადაიყრიდა. მარტო გაკვეთილს კი არ გვიხსნიდა, ცხოვრებას გვასწავლიდა. ჩემი ხმა მოსწონდა და ის, როგორ ვკითხულობდი. მითხრა, ეცადე, იქნებ მსახიობი გახდეო. მაგრამ მე მის გამო არ წავსულვარ თეატრალურ ინსტიტუტში...

ყველაფერი სიყვარულმა გადაწყვიტა. ერთი გოგო მომწონდა ძალიან, მან უთხრა თავის მეგობარს, თუ გავთხოვდი, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო. ჰოდა, გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი.

გავხდი კიდეც მსახიობი. იმ გოგომაც იცოდა, რის გამო გავაკეთე ეს... მერე რაღაცები მოხდა, ერთმანეთს დავშორდით და ბარემ იმასაც ვიტყვი, – გული მწყდება, რომ ერთად არ ვართ. მგონი, მასაც უნდა სწყდებოდეს გული.

თეატრალურ ინსტიტუტში ჩემთან სწავლობდა გია ფერაძე, ასმათ ტყაბლაძე, მევლუდ ლომიძე, მევლუდ სარაჯიშვილი, ელისო გუდიაშვილი... კარგი ჯგუფი გვქონდა.

მე და გია ფერაძე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მის ოჯახში დავდიოდი. მახსოვს, ელისო გუდიაშვილთან ვიყავით, ღვინო რომ არ უნდოდა დაელია, ფანჯრიდან გადაასხა. რეზო ლაღიძემ დაინახა და ეწყინა, თუ არ გინდა, ნუ დალევ, მაგრამ ნურც გადაასხამო. მერე გიას ცხოვრება ძალიან შეიცვალა. კეთილშობილი კაცი იყო და უბედურება რომ შეემთხვა, ძალიან დასაჯა თავისი თავი.

მე და გია მხიარულთა და საზრიანთა კლუბის კონკურსში ერთად ვმონაწილეობდით. ერთად ვიგონებდით ხოლმე ხუმრობებს. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ჩვენ, სხვათა შორის, სამედიცინო ინსტიტუტის სახელითაც გამოვდიოდით. მაშინ მიღებული იყო მონაწილეების სესხება და ჩვენც ნასესხები ვიყავით.

ერთხელ, კითხვა-პასუხისას, გიამ ექსპრომტად ლექსი მოიგონა, თურმე ამ გადაცემას დეიდა თინა – მისი დედაც უყურებდა, და თავისთვის სწორედ ის ლექსი თქვა, რაც გიამ ეკრანიდან. ასე ერთნაირად აზროვნებდნენ.

თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, ქუთაისის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში წავედი სამუშაოდ. ჩემი გაშვება მოზარდ მაყურებელთა თეატრში უნდოდათ, მაგრამ ქუთაისი ვარჩიე. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა – საშა მიქელაძე, მან მირჩია. ძალიან დიდ პატივს ვცემდი მას. ის იყო კაცი, რომელმაც ილიას მკვლელობის სასამართლოს ოქმები გადაარჩინა. ერთხელ, ბაზარში ხორცი იყიდა და ოქმების ქაღალდში გაუხვიეს. დახედა – დოკუმენტები იყო, იყიდა დარჩენილი ოქმები იმ ყასაბისგან და გადაარჩინა.

ქუთაისის თეატრში რომ ჩავედი, იქ უკვე აღარც იპოლიტე თამაშობდა, აღარც აკაკი ვასაძე. მაგრამ ისინი დადიოდნენ თეატრში, ნახულობდნენ ჩვენს სპექტაკლებს. ერთხელ, აკაკი ვასაძე გეძახისო, მითხრეს. ბაღში მელოდებოდა, გავედი. გამიცნო, მომიკითხა, მომეფერა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაქცევთ ამხელა ყურადღებას ახალგაზრდებს...

გამოვიდოდი ბაღის კიდეზე, გამარჯობის თქმისგან კისერი მტკიოდა. თბილისში რომ ჩამოვედი, სპეციალურად დავდიოდი ქუჩებში, თაობა იყო შეცვლილი, ძვირად ვნახავდი ნაცნობ კაცს. ამის გამო ძალიან ვდარდობდი. ის გამარჯობის თქმა მომენატრა!

თბილისში გადმოსვლა ყოველთვის მინდოდა. როგორც კი აქ ახმეტელის თეატრი შეიქმნა, ლერი პაქსაშვილმა დამიძახა, გადმოდიო. გოგი ქავთარაძე იყო ქუთაისში მთავარი რეჟისორი, გაგიჟდა კინაღამ, არ წახვიდე, ახლა გასტროლებზე მივდივართ მოსკოვში, იქ წამოდი და მერე გადადიო. მე ჩავთვალე, სამართლიანი არ იქნებოდა, გასტროლებზე წავსულიყავი და მერე დამეტოვებინა დასი, დაე, მას ეთამაშა, ვინც თეატრში რჩებოდა. ასე წამოვედი თბილისში.

ერთი წელიწადი კინოსტუდიაში ვმუშაობდი. მერე უკვე მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი, თემურ ჩხეიძემ მომიყვანა.

ვთამაშობდი როლებს, ჩემს თავში ვეძებდი თვისებებს ჩემი პერსონაჟისას. ძალიან საინტერესო იყო. მსახიობის ოსტატობაც ხომ ეს არის, რამდენად კარგად ჩაიხედავ ადამიანის სულში.

სცენაზე დგომა ბედნიერება იყო. ახლა გაცილებით მეტად მეშინია, რამე ცუდად არ გავაკეთო როლის შესრულებისას, ადრე ამაზე არ ვფიქრობდი, აღმაფრენას ვგრძნობდი და მხოლოდ ბედნიერი ვიყავი.

23 წლისამ ვიქორწინე, ვმუშაობდი და ხელფასით ვარჩენდი ოჯახს. ხელმოკლედ ვცხოვრობდი, მაგრამ ამას მიჩვეული ვიყავი, მამა რკინიგზელი იყო, დედა – დიასახლისი, განა რამდენი ექნებოდა ოჯახს შემოსავალი. მაშინ კარგად ცხოვრობდა, ვინც ქურდობდა და თან ამაყობდა კიდეც ამით. მე არასოდეს მიქურდია. ავიღებდი ხელფასს, გავისტუმრებდი ვალებს, მერე ავიღებდი ვალებს, დაველოდებოდი ხელფასს და ვიყავი ასე. ფეხსაცმელი სანამ სულ არ დამეხეოდა, ახალს როგორ ვიყიდდი. მახსოვს, სველი ფეხებით მივდიოდი თეატრში, წყალი შემდიოდა. ერთი კაცი იყო კინოსტუდიაში, გახმოვანების "როლიკებს" ატრიალებდა, რომ ჰკითხავდი რა ზომის ფეხი გაქვსო, თუ უნდა მაჩუქო ფეხსაცმელი, – ნებისმიერიო. ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება.

ბაბუაჩემს ერქვა დავითი, მამაჩემს ალექსანდრე, მე ხომ დავითი ვარ, ჩემი შვილი ალექსანდრეა... შვილიშვილს დავითი ჰქვია. სახელები ცოტა გვაქვს. ერთხელ დავაკვირდი, ოჯახის შვიდი წევრი ვისხედით მანქანაში და სულ სამი სახელი გვერქვა...

ნეტავ ღრმად მოხუცებული როგორი ვიქნები? ერთი რამ ვიცი, ნამდვილად უფრო გამხდარი ვიქნები, ვიდრე ახლა ვარ.

ასაკში როლები ისედაც იკლებს. თეატრსაც და საზოგადოებასაც შეყვარებული, ახალგაზრდა გმირი სჭირდება. ასეთი მე ადრეც არ ვიყავი და ახლა მით უმეტეს. მამის ან ბაბუის როლს ითამაშებ, მოხუცი კაცი იქნები. ამაზე არ უნდა იდარდო.

უძილობა გაჩნდება, ავადაც უფრო ხშირად ვიქნები, ალბათ...

ძალიან მიყვარს ვაზის მოვლა. მაქვს კიდეც ჩემი ვენახი ასურეთში. სახლიც რომ მქონდეს ბაღთან ახლოს, გავიდოდი ვენახში, ვაზის ძირას დავჯდებოდი, მოვიდგამდი ხელადა ღვინოს, ცხადია, ჩემს დაწურულს და დაველოდებოდი სიკვდილს.

სიგიჟემდე მიყვარს ახალგადაბრუნებული მიწის ყურება.

ხელები დამიკოჟრდებოდა ხოლმე, როცა სოფლად ვხნავდი და ვბარავდი. გუთანს ჩავდგომივარ წინ! ეს ყველაფერი ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

ცუდად რა მახსენდება? გაგეცინებათ, რომ გეტყვით: ერთი ბორშჩის სუნი საბავშვო ბაღიდან და მეორე – ერთი როლი ქუთაისის თეატრიდან. შოთა პირველმა დამაკავა სპექტაკლში "პლატონი". მახსოვს, როგორ მეზარებოდა როლის თამაში...

დიდი ტკივილით მახსენდება მამაჩემის ჩაცვენილი თვალები, როცა სასაფლაოზე მიასვენებდნენ... დედა, რომელიც სულ მენატრება...

ტკივილი ბევრია, ისევე როგორც სიხარული. ამათ შენაცვლებაში გადის დილაც, შუადღეც და მიმწუხრიც.

ერთი ამბავი გამახსენდა: ამერიკაში მომიხდა გამგზავრება, მეგობარი ვნახე, ქუთაისში ერთად ვიყავით ხშირად. წლები იყო ამერიკაში ცხოვრობდა. მიამბო თავისი ამბები, დედა გარდამეცვალა და ისე დაკრძალეს, ვერ ჩავედიო. კაცს პანაშვიდზე მისვლა რომ მოენატრება, წარმოიდგენ? ისეთ დღეში ვარ, მენატრებაო. ასეთია ცხოვრება.

რომელ საათზე დგები-მეთქი. უთენია, დილის ოთხ საათზეო. ეგრე ადრე კი არა, თორმეტზე მაინც რომ ავმდგარიყავით, ახლა საქართველოში ვიქნებოდით ყველა ერთად და ქვეყანასაც ავაშენებდით-მეთქი. ქართველები რასაც იქ მუშაობენ, იმის ნახევარი რომ აქ გვემუშავა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდით!

ლელა ჯიყაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#79