ანგლოსაქსური ხელოვნების "დამალული" შედევრი - კვირის პალიტრა

ანგლოსაქსური ხელოვნების "დამალული" შედევრი

XVII საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ პეტერტონში, სომერსეტის საგრაფოში, მიწათმფლობელ თომას როტას მამულში მომცრო ზომის ძვირფასი ნივთი იპოვეს.

25 წლის განმავლობაში ის პოლკოვნიკ ნათანიელ პალმერის სახლში ინახებოდა, პოლკოვნიკის სიკვდილის შემდეგ კი საჩუქრად ოქსფორდის უნივერსიტეტს გადაეცა. რელიკვიისთვის აქ დიდხანს არ მიუქცევიათ ყურადღება. ერთხელაც, მეცნიერებმა დაკვირვებით შეხედეს და განცვიფრდნენ - ის ანგლოსაქსური საიუველირო წარმოების შედევრი აღმოჩნდა და, სულ მცირე, 1000 წლის არის.

ნორმანების მიერ XI საუკუნეში ინგლისის დაპყრობამდე, ანგლოსაქსების დეკორატიული ნივთები უხეში და პრიმიტიული იყო, - ასე მიაჩნდათ კარგა ხანს, სანამ ამ 61-მილიმეტრიანმა საიუველირო ნაკეთობამ, რომელიც IX საუკუნეშია დამზადებული, ეს წარმოდგენა არ დაამსხვრია.

ოქროს თხელი, ფილიგრანული ჩარჩო ოქროსავე ფუძეზე, ტიხრული მინანქრით შესრულებულ ნახატს საზღვრავს. ვინ არის აქ გამოსახული, დანამდვილებით ვერ ამბობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს იესო ქრისტე უნდა იყოს.

გვერდიდან იკითხება "ალფრედმა ბრძანა ჩემი დამზადება"

გვერდიდან წვრილი ასოებით კარგად იკითხება: Aelfred mec heht gewyrcan - "ალფრედმა ბრძანა ჩემი დამზადება".

ეჭვგარეშეა, რომ საუბარია მეფე ალფრედ დიდზე, რომელიც XI საუკუნეში მეფობდა. ამიტომაც რელიკვიას "ალფრედის ძვირფასეულობას" უწოდებენ. ნივთი იპოვეს ეტელნის მახლობლად, სადაც თავის დროზე მეფე მტრებს ემალებოდა, შემდგომ კი სააბატო დააარსა. არ არის გამორიცხული, ნივთი სწორედ სააბატოსთვის ეჩუქებინა. ეს ალბათ იყო სამშვენისი, რომელიც წიგნის სანიშნეზე მაგრდებოდა.

მეფე ალფრედი განათლებული ადამიანი იყო. მან თავად თარგმნა საეკლესიო და ფილოსოფიური წიგნები ინგლისურ ენაზე. ამას გარდა მან პაპ გრიგოლ I-ის დარიგებანიც თარგმნა და თავის სამფლობელოში ყველა საეპისკოპოსოს დაუგზავნა. წიგნებს თან მოაყოლა ნივთი, რომელსაც თავად estel-ს უწოდებდა.

მეცნიერთა ვარაუდით, estel-ი წიგნის სანიშნია, საიუველირო სამშვენისით გაფორმებული. შემდგომში იპოვეს სხვა მსგავსი ნივთებიც, მაგრამ არა ასევე ლამაზად დამზადებული.

მომზადებულია history.com-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#82