კახეთ-ჰერეთის მეფის საფლავი სოფელ კალაურში აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

კახეთ-ჰერეთის მეფის საფლავი სოფელ კალაურში აღმოაჩინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ახალაღმოჩენილ საფლავზე, რომელიც მეცნიერების განცხადებით, კახეთის მეფე კვირიკე დიდს ეკუთვნის, კიდევ ერთი ასომთავრული წარწერა აღმოაჩინეს.

"გარდაიცვალა დედოფალი ელენე, ასული კვირიკე მესამისა", - ვკითხულობთ წარწერაში. იქვეა მინაწერი - "წყეულიმც იყოს ვინც ხელით შეეხოს". ასომთავრულით ამოტვიფრული ეს წარწერები, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, XI საუკუნით თარიღდება, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ სოფელ კალაურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში აღმოჩენილ საფლავთან, შესაძლოა, კვირიკე III-ის საგვარეულო აკლდამა იყოს, სადაც კახეთის მეფესთან ერთად მისი ოჯახის წევრები - მეუღლე და ასული დაკრძალეს.

თამაზ მარკოზაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი: "შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის აღმოჩენა. ქართველი მეფის საფლავისთვის ბოლო წლების განმავლობაში არსად მიუკვლევიათ. XI საუკუნის ძვალთშესალაგი სარესტავრაციო სამუშაოებისას აღმოაჩინეს, ეკლესიის სამხრეთის მინაშენის საკურთხევლის აბსიდის წინ, რომელიც ნათალი ქვით არის ნაშენი. მასში სავარაუდოდ, დაკრძალულია კახეთის მეფე კვირიკე III. ამ ვერსიას ამყარებს ორი წარწერა, რომლებსაც საფლავზე მიაკვლიეს.

ერთში, რომელიც ვრცელია, გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე. საფლავის ქვაზე ასევე არის წარწერა: "წყეულიმც იყოს, ვინც ხელით შეეხოს". მსგავსი წარწერები მძარცველებისგან დასაცავად კეთდებოდა.

აქამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კვირიკე III დიდი ალავერდის ტაძარში იყო დაკრძალული. რადგან ალავერდი მისი აშენებულია".

თამაზ მარკოზაშვილის განცხადებით, საფლავის ქვა დაახლოებით ერთი მეტრის სისქის მიწის ფენით იყო დაფარული. თავად წარწერები კი მაღალ კალიგრაფიულ დონეზეა შესრულებული.

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი: "ფაქტობრივად, დადგინდა, რომ ეს კვირიკე III-ის საფლავია. თუმცა სიღრმისეული კვლევა მაინც საჭიროა. რაც შეეხება სამარხის გათხრას, ქვაზე არის გამაფრთხილებელი წარწერა, რომ საფლავს არ შეეხონ, ამიტომ, უხერხულობა რომ არ შეიქმნას, ამ ეტაპზე ლაპიდარულ წარწერებს ვიკვლევთ".

ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ უკვე აიღო სამარხის ეპიტაფიის ასლი და მას სპეციალისტები სწავლობენ. მალევე სამარხზე არქეოლოგიური მოკვლევაც დაიწყება. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადასტურებულად თქმა, ეკუთვნის თუ არა განსასვენებელი კვირიკე III-ს. თუმცა, სპეციალისტთა განცხადებით, ამ ვარაუდს ამყარებს საფლავის ქვის არქიტექტურა და მისი წარწერები, როგორც კალიგრაფიული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

სპეციალისტებისვე განცხადებით, სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისა და არქეოლოგიური კვლევების დასრულების შემდეგ საფლავი შემოიღობება და მნახველებს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

ისტორიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში კვლევამ ისტორიას სხვა მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც შესძინოს.

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#82