ცხოვრება და ღვაწლი "ქისტი ჩობანისა" - კვირის პალიტრა

ცხოვრება და ღვაწლი "ქისტი ჩობანისა"

XIX საუკუნის მიწურულიდან ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმი "ქისტი ჩობანი", რომლის მასალები, ძირითადად, "ივერიაში"იბეჭდებოდა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილმა (1941-2015) დაადგინა, რომ ამ ფსევდონიმით წერდა მათე ომანის ძე ალბუთაშვილი (1863-1953) - სასულიერო მოღვაწე, მწერალი, ფოლკლორისტი, ეთნოგრაფი და პედაგოგი. ეს პირველი ქისტი მკვლევარი იმავდროულად, მართლმადიდებლობისთვის თავდადებული განმანათლებელიც გახლდათ.

მათე ალბუთაშვილის წინაპრები, გვარად აიაურები - ღილღოდან მითხოში გადასახლებულან. მათ სხვადასხვა დროს უცხოვრიათ ჯარეგოში, ჩაბანოსა და ხორბალოში, ხოლო შემდეგ პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში დასახლებულან. აქვე უნდა ითქვას, რომ ალბუთაშვილების გვარისანი არიან როგორც ქისტები, ასევე ქართველებიც.

მათე ალბუთაშვილი 1863 წლის იანვარში, ჯოყოლოში დაიბადა. 1874 წელს ის თიანეთის სკოლაში მიაბარეს, საიდანაც სწავლა ალვანის ოთხკლასიან სკოლაში განაგრძო, მისი დამთავრების შემდეგ კი შევიდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ცოტა ხნით ადრე ვაჟა-ფშაველა ჩაირიცხა.

თავის მემუარებში მათე ალბუთაშვილმა აღწერა ამ სასწავლებლის გარემო და მოიყვანა ცნობები მასწავლებლების: ნიკო მთვარელიშვილის, ქრისტეფორე და ილია ზარაფიშვილების, ამბროსი ხელაშვილის, რომან ძამსაშვილ-ცამციევის, სვიმონ (სიკო) რცხილაძის, ინსპექტორ პლატონ მთვარელიშვილისა და სხვათა შესახებ.

1886 წლიდან მათე ალბუთაშვილმა სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს, მასწავლებლად გაამწესეს ჯოყოლოს სკოლაში.

საეკლესიო სახლი სოფელ ჯოყოლოში (შემდგომში – საფერშლო პუნქტი)

მათე ალბუთაშვილი ერთ-ერთი პირველი განათლებული ქისტი იყო, რომლის სახელს უკავშირდება პანკისის ხეობაში სკოლის აშენება (1899 წ.), აგრეთვე მრავალი სხვა საჭირბოროტო კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სამეურნეო საკითხის მოგვარება. ამას ადასტურებს მისი წერილები ჯოყოლოელთა სამამულო დავაზე, გზის უვარგისობაზე, მკითხაობაზე, ხალხის მოტყუებაზე, მკვლელობაზე, ცხვრის დაავადებებზე, ამინდზე, მოსავალსა და სხვ.

მწერლობასა და ეთნოგრაფიაში პირველი ნაბიჯები მათე ალბუთაშვილმა ვაჟა-ფშაველას ხელდასხმით გადადგა. მან "ივერიაში"გამოაქვეყნა ეთნოგრაფიული წერილები "ქისტური დოღი"(1902, #255) და "ნიჯუა, სინა და ოოღუაი"(1903, #27). მათში აღწერილია ქისტების დღესასწაულები: ახალი წელიწადი, წყალკურთხევა და სხვ. იქვე მისი ფოლკლორული ჩანაწერებიც გამოქვეყნდა.

პანკისის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული შესწავლა მათე ალბუთაშვილმა XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან დაიწყო. მან ამ ხეობის საფუძვლიანი დახასიათება შემოგვინახა, გამოკვლევის ავტორისეული სათაურია "პანკისის ხეობა (ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერა და მცხოვრებთა ეთნოგრაფიული გარჩევა)".

ეს გამოკვლევა თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში იწერებოდა, XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან - XX საუკუნის 30-იან წლებამდე. 1934 წელს მათე ალბუთაშვილმა აღწერილობა ერთ დიდ დავთარში გადაათეთრა, რომელიც მისმა ვაჟმა - ნიკოლოზმა 1969 წელს გადასცა ზემოხსენებულ მკვლევარ გიორგი ჯავახიშვილს.

ნაშრომი დაყოფილია ქვეთავებად: "პანკისის ხეობის ტერიტორია და საზღვრები", "ფლორა და ფაუნა", "გზები და ბილიკები", "ხეობის სოფლები და მოსახლეობა 1901 წლის აღწერით", "ჩაცმულობა", "ხასიათი", "ქისტის ზნეობა", "მცხოვრებთა საქმიანობა", "ენა", "მიცვალებულის დამარხვა", "ნიშნობა", "ქალის გათხოვება", "ურბეთი", "ქორწილის წესი", "ქალის გატაცება", "ადმინისტრაციული მხარე", "შვილების აღზრდა", "ფიცი", "სისხლის საზღაური", "შერიგების წესი", "დაძმობილების წეს-რიგი", "სტუმართმოყვარეობა", "ნათესაობა", "ექიმობა", "მკითხაობა", "ოჩხარი", "ლეგენდები და თქმულებები", "სალოცავები და ეკლესიები"...

გამოკვლევაში მკითხველი შეხვდება საგულისხმო დაკვირვებებს ქისტურ ენაზე, სიტყვა "ქისტის"ეტიმოლოგიასა და მრავალ საწესჩვეულებო რიტუალზე. გარდა ქისტების ეთნოგრაფიული ყოფისა, ნაშრომში უხვად არის ჩართული ცნობები პანკისის ხეობაში მოსახლე ქართველი მთიელების (ფშავ-ხევსურები) და ასევე, ოსების წეს-ჩვეულებების შესახებ. მაგალითად, საყურადღებოა დაკვირვებანი ფშაური ქორწილის, წაწლობის, ბოსლობის, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვათა თაობაზე.

მათე ალბუთაშვილი ცოლ-შვილთან ერთად (1898 წელი)

მათე ალბუთაშვილს ეკუთვნის მნიშვნელოვანი ცნობები პანკისის ხეობაში შემორჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების შესახებ. მათ შორისაა: მაისტალის ხატი ანუ წმინდა გიორგის ეკლესია, კუწახტის ღვთისმშობლის, კვირაცხოვლის (სოფელ კოშკებში) ტაძრები, ბალთაგორის ღვთისმშობელი, სპეროზას წმინდა გიორგი და სხვ.

აი, რას ვკითხულობთ მაისტალის ხატის შესახებ: "ალაზნის ნავალს ჭალაზე, მდინარის პირად, სოფელ დუისის აღმოსავლეთით, რომელსაც ქისტები მაისტალას ხატს ეძახდნენ, რადგან მაისტიდამ იყო გადმოტანილი, როგორც გადმოცემით ვიცი, ამ შენობაში იყო ხისგან გამოქანდაკებული ბავშვის სახე, მთლად ვერცხლში ჩასმული, ხელში ხმლით და ითვლებოდა ომის ღმერთად.

ამ ხატს დუისელები, ამ ბოლო ხანამდე, წმინდა გიორგის სახელობით ლოცულობდნენ ყოველ გიორგობას. XIX საუკუნის ოთხმოციან წლებში მაისტალა დაიკარგა. ზოგი ამბობდა, ისევ პირიქით ქისტებმა მალვით წაიღესო, ზოგი - ვერცხლის გულისთვის მოიპარესო. თვით შენობას შუბლის ქვაზე ჰქონდა შემდეგი წარწერა: "მე პანკისის მოურავმა... აღვაშენე ნიში ესე... წმ. ნი... ზის სახ... ჩემის და ჩემის მეუღლის... საოხად".

ჯოყოლოს ეკლესიის შესახებ მათე ალბუთაშვილი წერს: "სოფლის დასავლეთით, ჭობიოს მაღლა, ტყეში, ერთი ძველი შენობაა, დანგრეული. აღარ ეტყობა, ეკლესიაა თუ სხვა რაიმე შენობა, ხოლო როგორც გადმოცემიდან ჩანს, ეს უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ეკლესია. მოხუცი მედავითნე ს. ბერძენოვი იტყოდა: "იმ შენობაში, როცა მთელი იყო, ფარულად ინახებოდა ერთი მოზრდილი თასი ვერცხლისა, ზედ წარწერით: "ვერცხლის თასი ესე შევსწირე მე, მანგლისის მცხოვრებმა სოლომონ ფიცხელაურმა ჭობიოს თავის წმ. გიორგის ეკლესიას. დიდებით აღმატებულ არს სახელი მისი".

ზემოთ მოტანილი ამონაწერებიდან ჩანს, რომ პანკისის ხეობის ძეგლების აღწერილობა მანამდე და შემდეგაც არავის მოუცია. ამ მხრივ იგი პირველწყაროების შემცველია.

1891 წელს თედო რაზიკაშვილმა ხევსურეთში ჩაიწერა ქართული წარმართული მითოლოგიის მნიშვნელოვანი ნიმუში "ღვთისშვილთა დაბადება", სადაც წარმოდგენილია ხატ-სალოცავთა უფროს-უმცროსობის პრობლემა. აქ ბერ ბუქნაი ბაიდურის შემდეგ დასახელებულია თერგვაული.

პანკისელი ქისტები

მათე ალბუთაშვილის ნაშრომში თერგალი (იგივე თერგვაული) მიჩნეულია ქისტების წინაპრად, რომელიც წარმართულ სამოსელშია გახვეული, თუმცა ნაწილობრივ იგი ეპოსის ნიშნებსაც ატარებს.

თხზულებაში ვკითხულობთ: "ქისტი ხალხი პირველად როგორ გავრცელდა კავკასიონის მთებში, ამაზედ არის ერთი საუცხოო მოკლე თქმულება, გავრცელებული ხალხში: "ყოფილა მეკობრეთა ერთი ბელადი თერგალი, რომელიც ძალიან აწუხებდა იქაურ მცხოვრებლებს. შეწუხებულ ხალხს ერთხელ გადაუწყვეტია, როგორმე მოეშორებინა მტერი.

თერგალს სცოდნია ერთი თვით ძილი. ხალხმა მოახელა თერგალი მძინარი, მოკვლა ვერ გაუბედა, მოსისხლეობის შიშით. მძინარე ჩააწვინეს საკაცეში, წამოიღეს დარუბანდისაკენ და იქ, კავკასიონის ერთ შევარდნილ ხეობაში დააწვინეს. თან დაუტოვეს ცოტა საგზალი და თავისი იარაღი. გაანებეს იქ თავი. თერგალს თავის დროზე გამოეღვიძა, ვერ გაარკვია სად იყო. ჭამა პური, ავიდა მაღლა მთაზე, გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ ვერაფერი გაიგო თავისი ბედისა.

თერგალმა ერთ მოხერხებულ ადგილს დაიდო ბინა, ნადირობითა ცხოვრობდა, ცოლიც მალე გაიჩინა. ეყოლა ორი ვაჟიშვილი. უფროსი ვაჟიშვილი რომ დაებადა, მას ხელში ხის პატარა ტოტი მისცა და სახელი ამ ტოტისა უწოდა. ხის ტოტი ქისტურად არის "ღა", აქედან "ღა-ღა"- "ღალღა". მეორე ვაჟი რომ დაებადა, ყველის ნაჭერი ეკავა, მთლად დათვსა ჰგავდა. სახელად ზოგმა ყველის ნაჭერი უწოდა, ზოგმა დათვის. ქისტურად ყველი არის "ნეჩხ", აქედან - "ნოხჩ". დათვი ქისტურად - "ჩა", აქედან - "ჩაჩანი". ამ ორი ძმისგან წარმოიშვა კავკასიის მთის ხალხი: ჩაჩანი-ნოხჩი, ღალღა-ინგუში, ქართულად - ღლიღვი, ღლიღვ-ლეკები, ქერისტი-ქისტი და სხვა.

თერგალი სიბერის დროს თერგის წყალში დაიხრჩო და წყალს სახელი უწოდეს "თერგი". გამრავლდა ხალხი, აქეთ-იქით გაიწ-გამოიწია, ზოგი დაბლა, ველად ჩამოვიდა, ზოგან ადგილმა მიიღო ხალხის სახელი, ზოგმა ხალხმა კი ადგილის სახელი. დაბლა ველად - ჩაჩანი, ნოხჩი, ინგუში. ღალღას მეთაურობით დაფუძნდა სოფლები: ინგუშეთი, ზაუგი, ნაზრანი. პირაქეთ დუისი, ჯოყოლოც ხომ ასეა დაარსებული პანკისის ხეობაში - დუისა და ჯოყოლას მეთაურობით".

მათე ალბუთაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგრაფიული ყოფის უბადლო მცოდნე იყო, რის გამოც მას საკონსულტაციოდ მიმართავდნენ. მათ შორის იყო ოსი მეცნიერი ბორის ალბოროვი (1886-1968). ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: "პროფესორ ალბოროვს აინტერესებს პანკისელი ქისტები თუ როდის არიან გადმოსახლებულნი, საიდან, ზნე-ჩვეულება, რამდენნი არიან, გვარები, მღვდლები და ნასწავლები; პანკისელ ქისტებზე ქართული ენის გავლენა... წოვებზე დამიწერე რაც იცოდე... ალბოროვი ადგენს კავკასიის ხალხთა შედარებით ეთნოგრაფიულ ცნობებს და მთხოვა ეს ცნობები მეშოვნა. შენზე კარგად ვის ეცოდინება... შრომის ფასს გამოგიგზავნის. მეც იმასთან ვმუშაობ და ქართულს ვასწავლი. ნუ დაიზარებ, ჩემო მათე, კარგი იქნება ქართულად დასწერო. იყავ ყოჩაღად. შენი ერთგული ძმა გიორგი ნათაძე".

მათე ალბუთაშვილი ჩვენთვის საინტერესოა ასევე, როგორც ჩამწერი ფოლკლორული მასალებისა, რომელთაგანაც სანიმუშოდ ერთ ლეგენდას მიმოვიხილავთ. 1910 წელს მან პანკისის ხეობაში ჩაიწერა ლეგენდა ქრისტეს შესახებ, სადაც აღწერილია ამირანის თქმულებაში მოხსენებული ტოპონიმი - სპეროზა.

აი, ეს თქმულებაც: "პანკისის ხეობის სათავეში, სადაც მისწყდება საურმე და დაიწყება საცალფეხო გზა, სადაც ორი მდინარე - წიფლოვანის ხევი და მახვილი ერთმანეთს შეაწყდება და გამოსწევს კახეთისაკენ მდინარე ალაზნად წოდებული, სწორედ იმ ადგილას, პირდაპირ აღმართულია ერთი უზარმაზარი, სხლარტი და მაღალი კი არა, უფრო განზე გაწეულ-გაბებღილი, ქანჩახ-ქარაფებიანი მთა, რომელსაც ხალხი სპეროზას ეძახის. მდინარე ალაზნის მარჯვენა მხრით სპეროზას ქვემოდან შესცქერის ერთი მთა, რომლის წვერზე მოსჩანს რაღაც ძველი ნანგრევები და ამ ნანგრევებს ხალხი "სპეროზას წმ. გიორგის"სახელით იხსენიებს. აქ სალოცავად დადიან 10 გიორგობისთვის, უფრო კახეთიდან.

თვით იქ, ადგილობრივ, ასვლა მონადირეს გარდა სხვა კაცთაგან ძნელია, გზა მდინარე ალაზნის მარცხნივ შეუდის და ამავე მხარეს სალოცავს პირდაპირ ტყიანს პატარა გორაზე სასანთლეა გაკეთებული და მლოცავი იქა დგება ღამის სათავედ. ვიდრე მლოცავი ამ ადგილს მიაღწევს, ერთი კარგა მაღალი და ტყიანი მთა უნდა გადაიაროს. გზა მიდის იმისთანა ფერდობზე, ლილასავით ლურჯს სალ კლდე ტინზე, რომ რაც უნდა შეჩვეული თვალი შეხვდეს, მაინც შეეშინდება. ერთი უცბად რომ ცხენს ან კაცს ფეხი წაუფორხილდეს, ოცი საჟენის სიმაღლიდან ისე დაეცემა ძირს მდინარე ალაზნის რიყეზე, რომ გზად ბალახსაც ვერ მოხვდეს.

აი, ამ გზაზე, ამ სალ კლდე - ტინზე ერთ ადგილას ამოჭრილია ვერშოკნახევარი სიგრძე და ვერშოკის სიგანე. რაშიც, მართლა, ჯორის ერთი ფეხი ჩაეტევა. ამაზე არსებობს ხალხში შემდეგი ლეგენდა: იესო ქრისტე რომ ქვეყნად დაიარებოდა, სხვათა შორის, იმოგზაურა იმ მთებშიც, რომელზეც ჩვენ გვაქვს ლაპარაკი. იქიდან რომ მოდიოდა, ჯორზე იჯდა და ჩონგურს უკრავდა. გზაში აუჩნდა ეშმაკი და ჩამოეკიდა. მაგ დასაკრავის სახელი უნდა მასწავლოო. ქრისტე ყურსაც არ უგდებდა ეშმაკს და ჩონგურის დაკვრას განაგრძობდა.

წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ჯოყოლოში (აშენდა 1887 წელს)

ეშმაკმა რომ თხოვნით ვერაფერი გააწყო, ისევ თავის ხერხს მიმართა: ქრისტეს გზა მოუჭრა, წინ ჩაუსაფრდა და ჯორი დაუფრთხო. ქრისტემ თავის ჯორს შესძახა: "დაიცა, წყეულო, ჩონგური არ გამატეხინოო". ამნაირად, ეშმაკმა თავის მიზანს მიაღწია და ის ნაფეხურებიც მაშინ დააჩნდა იქ, კლდესა, რომელსაც დღეს ხალხი "ჯორის ნაფეხურს"ეძახის. მართლაც, ხალხი რაღაც სასოებით უყურებს ამ ამოჩვრეტილ კედლებს.

საზოგადოდ ეგრე მგზავრი ფეხს არასოდეს არ ადგამს ამ ადგილას, ხოლო სალოცავად მიმავალი კახეთის ხალხი რომ გაივლის, თვითეული მათგანი აავსებს ამ ამოჭრილს ტინს ღვინით, დაილოცება, დაეწაფება და მოსწრუტავს. მერე ისევ აავსებს, ზედ ერთ შოთ პურს დადებს და ისე წავა".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუშეთში, სოფელ დოჭუს თავში არის ძველი სალოცავი ადგილი - სახეო. სალოცავად მიმავალი ხალხი სოფლის ჩრდილოეთისაკენ შეამჩნევს ერთ ქვას, რომელსაც ხალხი ჯორდანალახს ეძახის. სწორედ ამ ადგილზეც ასეთივე ლეგენდა არსებობს, რომელიც 1965 წელს გიორგი ჯავახიშვილმა ჩაიწერა. საზოგადოდ, ეს სიუჟეტი მოარულია და სრულიად საქართველოშია გავრცელებული.

ამირანის მიჯაჭვის ადგილის - სპეროზას შესახებ ნარკვევში ვკითხულობთ: "ხალხში დღესაც დარჩენილია თქმულება, მითომ ამ მთებში იყო დაბმული და დამწყვდეული გმირი ამირანი და ისა ქუხდეს ხანდიხან. ალბათ, ამავე თქმულების მიზეზით - მთას წინიდან შუბლში ერთი გამოწეული რუივით სერი ჩამოსდის და ამ სერს ხალხი ამირანის კუჭს ეძახის".

პანკისის ხეობაში მცხოვრები ფშაველების ნიჭიერების შესახებ მათე ალბუთაშვილი წერს: "ბევრს აქვს პოეტური ნიჭი, მაგრამ რჩება დაუწერავი, ლექსი გამოჰყავთ რიტმიანი, რვა მარცვლიანი. ხან დიალოგიურიც, მაგრამ უმწერლობით ყველა იკარგება; ამავე მიზეზით იკარგება გამოცანები, ზღაპრები, ანდაზები... ესენი ყველა რომ შეიკრიბოს მთელი წიგნი გამოვა, მაგრამ ამასაც წერა-კითხვის მცოდნე ხელი სჭირდება... ფშაური ზღაპრები უფრო რელიგიურ-გმირული ხასიათისაა. მაგალითად, კოპალაზე და სხვა ღვთიურ, წმინდა ხალხზე".

პანკისელ ქისტთა ჩამორჩენილობაში მათე ალბუთაშვილი რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაციას ადანაშაულებდა. იგი წერდა: "მთავრობას რომ ქისტებისთვის, როგორც ნიჭიერი ხალხისთვის, სულ უბრალო, ელემენტარული შეგნებით ხელი შეეწყო, ამით კიდევ მშვიდობიანი კავშირი და ზრდილობიანი მისვლა-მოსვლა ექნებოდათ თავის ხალხთან და თუ განათლებას რამეს ვერ შეიტანდნენ, ურიგო ქცევას მაინც დააშლევინებდნენ, ალალ შრომა-მუშაობას მიაჩვევდნენ და მით მოიქცეოდა მთა-ქისტეთს ხალხი.

ეს კარგად იცოდა მეფის რუსეთის მთავრობამ და ამიტომ, ესენი კი არა, ქისტები სადაც იყვნენ, იქაც ეჯავრებოდათ და არც უსვენებდათ მათ. ეს საშუალება თვით ამ ერთი ბეწვა ხალხს ისე გასთქვეფავდა მახლობელი კახეთის ხალხში, რომ ეს არაადამიანური ჩვეულება ამათი - მოსისხლეობა კი არა, თავიანთი მშობლიური ენაც დაავიწყდებოდათ!"

მათე ალბუთაშვილმა პირველმა ჩაიწერა ქისტური ფოლკლორის ნიმუშები, მოგვცა ცნობები წოვა თუშების წარმართულ ღვთაებებზე - "სიგ", "ცუ"და "ეშტრი".

"ქისტი ჩობანის"ნაშრომიდან რამდენიმე მონაკვეთი გამოქვეყნდა იმდროინდელ პერიოდიკაში. მაგალითად, 1904 წელს ჟურნალში "მოგზაური"(##1-2; 5-6) დაიბეჭდა ვრცელი სტატია სათაურით: "პანკისის ხეობა (თიანეთის მაზრა) - გეოგრაფიულ-ისტორიული აღწერა და მცხოვრებთა ეთნოგრაფია", რომელსაც ჟურნალის რედაქტორმა ივანე როსტომაშვილმა "მშვენიერი აღწერა"უწოდა.

მათე ალბუთაშვილის კალამს ეკუთვნის მხატვრული ნაწარმოებებიც, სადაც აღწერილია ქისტების ცხოვრება. მათ შორის არის "გებიშ ჰაჯი", "მცირეწლოვანი მესისხლე", "ყინტურ დეეხინ", "მაგდანი", "ნათლია სანდრო", "გველის თვალი", "ჭრელი ფარდაგი", "სათევზაოდ", "ნათაგური", საბავშვო შარადები და გამოცანები. ეს ნაწარმოებები ყურადღებას იქცევენ საინტერესო სიუჟეტით, ფრაზეოლოგიური და ლექსიკური მრავალფეროვნებით. იგი პირველი ქისტი მწერალი იყო, რომელმაც ქართულ ლიტერატურაში ალექსანდრე ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას მიერ შემოტანილი ქისტების თემა განაგრძო და კავკასიელი ხალხების მეგობრობა-ერთიანობა იქადაგა.

მათე ალბუთაშვილი მეგობრობდა ვაჟა-ფშაველასთან. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, მათე სათავეში ჩაუდგა პანკისელთა დელეგაციას, რომელიც ვაჟას დაკრძალვას დაესწრო.

მათე ალბუთაშვილი ყურადღებას იმსახურებს, აგრეთვე, როგორც სასულიერო მოღვაწე და პედაგოგი. როგორც აღვნიშნეთ, ის 1893 წელს დაინიშნა ჯოყოლოს პირველდაწყებითი სკოლის გამგედ და პანკისის ხეობის მცხოვრებთა განათლებისა და კულტურის საქმეს 30 წლის განმავლობაში უძღვებოდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა იაკობ გოგებაშვილთანაც.

პანკისელი ქისტების – ხანგოშვილების ოჯახი. (მარცხნიდან) და-ძმანი: ძაბაანთ, ალექსი, ომარ და ზაირა ხანგოშვილები. სხედან: ოჯახის უფროსი მახამღაზ ხანგოშვილი და მისი მეუღლე ძაბა ბაღაკაშვილი. შუაში დგას მათი უმცროსი შვილი ხასო ხანგოშვილი – ამჟამად ცნობილი მკვლევარი (სოფელი დუისი, 1949 წელი)

1894 წელს მათე ალბუთაშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად ჯოყოლოს წმინდა გიორგის ეკლესიაში. იგი სხვადასხვა დროს მსახურობდა თელავის ფერისცვალების ეკლესიაში და შილდის სამრევლოში. იყო ალავერდის საეპარქიო კანცელარიის მდივანი (1924-1929). მათე ალბუთაშვილს სხვადასხვა დროს დაუმსახურებია: "ნამენდრიკი", "სკუფია", "კამილავკა", "დეკანოზობა", "ენქური"და "მიტრა".

შემორჩენილია მიმოწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატე ცინცაძესა და მათე ალბუთაშვილს შორის. ერთ-ერთ წერილში მათე ალბუთაშვილი კალისტრატე ცინცაძეს აუწყებდა: "1921 წელს საქართველოს გასაბჭოებისას დამატუსაღეს გზაში ყაჩაღებმა. ბევრი მცემეს, კინაღამ მომკლეს... შვიდი თვე ორთაჭალის ციხე მალესინეს".

ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი მათე ალბუთაშვილს ატყობინებდა: "მამაო დეკანოზო მათე! სალამი და ლოცვა-კურთხევა ჯალაბით. თქვენი წერილი მივიღე. მაგ მიმართულებით არა გამოვა. მომწერეთ რამდენია ნავარაუდევი თქვენი შემოსავალი და რამდენს მთხოვენ. აღვძრავ შუამდგომლობას და იმედი მაქვს, შეგიმცირებენ. მუდამ თქვენი მლოცველი კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე"(ეს წერილები დაცულია საქართველოს საპატრიარქოს არქივში).

90 წელს მიღწეული მათე ალბუთაშვილი გარდაიცვალა თელავში და აქვე დაკრძალეს.

თელავში, უწინდელ მღებრების ქუჩაზე, რომელიც ამჟამად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ზაირა კიკვიძის სახელს ატარებს, დგას ალბუთაშვილების სახლი, სადაც იკრიბებოდნენ ქართველი და კავკასიელი მოღვაწეები. აქვე უნდა ითქვას, რომ ზაირა კიკვიძე იყო ასული ისტორიკოს აბელ კიკვიძისა, დისწული ტიციან ტაბიძისა და მეუღლე მათე ალბუთაშვილის შვილიშვილის - ალექსანდრე ალბუთაშვილისა.

ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს მათე ალბუთაშვილის ნაშრომის აღმოჩენის, შესწავლისა და გამოცემის ისტორია.

გამოჩენილი მწერლისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის (1897-1966) დავალებით, პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი ახალგაზრდობიდან კრებდა და იკვლევდა ცალკეულ საოჯახო არქივს. მან 1965 წელს თელავში მიაკვლია მათე ალბუთაშვილის შვილის - ნიკოლოზის ოჯახში დაცულ მდიდარ საარქივო მასალას.

ამ მასალის ერთი ნაწილი შემდეგში ინახებოდა პროფესორების, ლეილა მარგოშვილისა და აბრამ შავხელიშვილის ოჯახში, ხოლო მეორე ნაწილი - ზემოხსენებული გამოკვლევის სახით, რომელიც 1934 წელს გადაათეთრა ავტორმა, უკანასკნელ დრომდე დაცული იყო გიორგი ჯავახიშვილის ოჯახში.

მათე ალბუთაშვილის მოღვაწეობისა და შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით დაწერილ გამოკვლევებს 1967 წლიდან აქვეყნებდა გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც გამოსაცემად მოამზადა ქისტი მოღვაწის ხელნაწერი ნაშრომი.

საქართველოს საისტორიო საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიასადმი გაგზავნილ რეცენზიაში პროფესორი ნიკო რეხვიაშვილი წერდა: "გავეცანი მათე ალბუთაშვილის ნაშრომს "პანკისის ხეობა", რომელიც სათანადოდ არის რედაქტირებული და გამოსაცემად მომზადებული მკვლევარ გიორგი ჯავახიშვილის მიერ. ნაშრომი უაღრესად საინტერესოა.

პირველი მეჩეთი პანკისის ხეობის სოფელ დუისში (აშენდა XIX საუკუნის მიწურულს)

იგი შეიცავს მრავალმხრივ საყურადღებო და მნიშვნელოვან მასალას ქისტი ხალხის ძველი ყოფა-ცხოვრების შესახებ... ავტორი საფუძვლიანად იცნობს ქისტების ზნე-ჩვეულებებსა და ადათ-წესებს. ყოველმხრივ და კრიტიკულად აშუქებს მათი ცხოვრების თითოეულ კუნჭულს და თითოეულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მოვლენას მართებულ მეცნიერულ ახსნა-განმარტებას აძლევს. უნდა ითქვას, რომ მათე ალბუთაშვილი არ კმაყოფილდება ფაქტების უბრალო აღწერით, იგი საფუძვლიანად აანალიზებს საკითხებს და დიდად საინტერესო დასკვნებს აკეთებს... ნაშრომის გამოცემა ნამდვილად საჭიროა და სასარგებლო კავკასიის ხალხთა შესწავლისათვის".

1977 წლის 4 თებერვალს, აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს"დირექტორს ელგუჯა მაღრაძეს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც ვკითხულობთ: "საქართველოს საისტორიო საზოგადოების პრეზიდიუმი გთხოვთ მიიღოთ დასაბეჭდად მათე ალბუთაშვილის ნაშრომი - "პანკისის ხეობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი", რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარშია დაწერილი.

შრომა მრავალმხრივ საინტერესო ფაქტებზეა აგებული. წერილების ნაწილი გამოქვეყნებულია ჟურნალ "მოგზაურში". მათე ალბუთაშვილის ნაშრომი შეიცავს ბევრ უცნობ, მეცნიერულად ღირებულ მასალას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პანკისის ქისტების ყოფა და კულტურა დღემდე შეუსწავლელია. ამ მხრივ ნაშრომი დიდ სარგებლობას მოუტანს ქართულ-კავკასიურ ურთიერთობის შესწავლის საქმესაც. ნაშრომი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და კომენტარები ეკუთვნის მეცნიერ-მუშაკს გიორგი ჯავახიშვილს. შრომა 10 თაბახის მოცულობისაა".

მიუხედავად ზემოხსენებულ ცნობილ მეცნიერთა დადებითი რეცენზიებისა, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მათე ალბუთაშვილის ნაშრომის გამოცემა ვერ მოხერხდა.

1994 წლის 28 ოქტომბერს ქალაქ გროზნოში გამომავალ საერთო-ეროვნულ გაზეთში "თავისუფლება"("Свобода", # 43/222) გამოქვეყნდა გიორგი ჯავახიშვილის წერილი სათაურით: "Кисти Чобани". Первый писатель-кистинец", რომელმაც ჩეჩნეთის საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია.

2005 წელს თბილისში გამოიცა მათე ალბუთაშვილის ნაშრომი სათაურით: "პანკისის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა)". მისი ტექსტი, ავტორისეული ხელნაწერის მიხედვით, გიორგი ჯავახიშვილთან ერთად, გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილითა და შენიშვნებით გამოსცა წინამდებარე სტატიის ავტორმა.

პროფესორ გიორგი ჯავახიშვილის ოჯახში დაცული მათე ალბუთაშვილის ხსენებული ნაშრომის ხელნაწერი, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას რეცენზიასთან ერთად, 2017 წლის ივლისიდან ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#82