ანტიკური კაპიტელებიდან ქრისტიანულ კანკელამდე - კვირის პალიტრა

ანტიკური კაპიტელებიდან ქრისტიანულ კანკელამდე

ცაიშის ტაძარი სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, ძველი და მრავალფეროვანი ისტორიით. ამის საილუსტრაციოდ, 2014-2017 წლებში ჩვენ მიერ გამოვლენილ რამდენიმე ფაქტზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ტაძრის დღევანდელი კანკელის ადგილას რამდენიმე წლის წინ საკურთხევლის კედლებთან, სადიაკვნოსა და სამკვეთლოს კუთხეებში დამაგრებული იყო მასიური, ორ მეტრამდე სიმაღლის წყვილი მარმარილოს სვეტი. ფართო კოლონებს ზემოდანაც მასიური მარმარილოს კაპიტელები ედგა. კაპიტელების ძირის გარშემოწერილობა ოდნავ ჩამორჩებოდა სვეტებისას, კარგად ჩანდა პროპორციების განსხვავება კაპიტელებსა და სვეტებს შორის და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მარმარილოს გაფორმება სვეტებს მოგვიანებით დაადგეს.

2015 წელს ცაიშის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების დროს ახალი კანკელის აღმართვის საკითხი წამოიჭრა. რესტავრატორების გადაწყვეტილებით, სვეტები კაპიტელებთან ერთად მოიხსნა და სამუზეუმო სივრცეში გადასატანად მომზადდა. ამჟამად არტეფაქტები ტაძრის დასავლეთ ნაწილშია შენახული. ამ გარემოებამ საშუალება მოგვცა, ეს არქიტექტურული დეტალები უფრო გულდასმით გამოგვეკვლია.

დღის შუქზე მასიური სვეტისთავების გამომზეურებამ და ფოტოფიქსაციამ დაგვანახვა, რომ საქმე გვაქვს ლამაზ, თეთრი მარმარილოსგან დამზადებულ შესანიშნავ ნიმუშთან. ეს არის კორინთული ტიპის კაპიტელები, რომელთაც ორ რიგად მიუყვება სტილიზებული აკანთოს ფოთლების რიგი (აკანთო არის ბალახი ან ბუჩქი, რომლის ფოთლის სტილიზებული გამოსახულება საფუძვლად უდევს კორინთული ორდერების, სვეტისთავების, კარნიზებისა და სხვა არქიტექტურული ელემენტების მორთულობას). სვეტისთავის ოთხივე მხარეს დომინანტურია ერთმანეთზე დაფენილი სამი დიდი ფოთოლი.

ძველ კანკელში თავის დროზე სამი კაპიტელი ყოფილა ჩაშენებული. სამივე კორინთულია, თუმცა, თუ ერთ შემთხვევაში მცენარეთა ფოთლები დახვეწილი და გრაციოზულია, დანარჩენი ორის ჩუქურთმები უფრო ტლანქი და, შეიძლება ითქვას, ზედმეტად რელიეფურია. კარგად არის გამოყოფილი სვეტის შუბლზე აკანთოს ფოთლებს შორის ჩამჯდარი ვარსკვლავისებური ორნამენტიც.

ცნობილია, რომ ძველი ბერძნები და რომაელები მარმარილოს სკულპტურებსა და არქიტექტურულ დეტალებს, მათ შორის სვეტისთავებს, დიდი ოსტატობითა და გემოვნებით აფერადებდნენ. მაგალითად, გაფერადებული იყო ათენში პართენონის კაპიტელები, რომში კი კონსტანტინეს თაღის სვეტისთავები. იმავესთან უნდა გვქონდეს საქმე ცაიშის კაპიტელების შემთხვევაში. ერთ მათგანზე აკანთოს ფოთლები იმდენად ოსტატურად არის გაფერადებული, რომ არ არის გამორიცხული, სვეტისთავების თანადროული მხატვრობა იყოს.

მეორეგან ყვავილების ორნამენტები წითელი და ლურჯი საღებავით ქვაზე პრიმიტიულად არის შესრულებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს შედარებით გვიანდელია (შესაძლოა, ადრექრისტიანულ ხანისაც). ამდენად, ამ არტეფაქტებმა დღემდე მოიტანა ძველი ხელოვნების ხიბლი, გაუხუნარი და მიმზიდველი ფერები. ყვავილების ორნამენტი კაპიტელის მხოლოდ იმ მხარეს არის შერჩენილი, რომლითაც კედელში იყო ჩაშენებული. ამდენად, ცხადია, მოხატვა საკმაოდ ადრეული უნდა იყოს და მხატვრობის შენარჩუნებაც სწორედ ჩაშენებამ განაპირობა.

მარმარილოს სვეტისთავები ცაიშში მხოლოდ საკურთხევლის კედლებზე არ არის. 2015 წელს ხელოვნების სასახლის ექსპედიციამ ამ სტრიქონების ავტორისა და მუზეუმის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ზამბახიძის მონაწილეობით, ტაძრის სამრეკლოსთან, ეზოში, კიდევ ერთი კაპიტელი დააფიქსირა. ჩვენთვის უცნობია, როდის და როგორ აღმოჩნდა ეს ნიმუშები ეკლესიის ეზოში, მაგრამ ცხადია, ისინი სამუზეუმო სივრცეში გადატანას მოითხოვდა.

ტაძრის წინამძღვარ მამა ზაბულონთან შეთანხმების შემდეგ, მარმარილოს კაპიტელი ხელოვნების სასახლეში გადმოვიტანეთ. დამუშავება- გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქმე კიდევ ერთ შესანიშნავ არქიტექტურულ დეტალთან გვაქვს. ეს კაპიტელი კორინთულია, ოღონდ უფრო წაგრძელებული და სადად გაფორმებული. ჩუქურთმის როლს ერთრიგად დაწყობილი აკანთოს მაღალი ფოთლები ასრულებს, რომელთა შორის კარგად მოჩანს ვარსკვლავისებური ყვავილის ორნამენტი.

კიდევ ერთი მარმარილოს კორინთული კაპიტელების ტიპი წლეულს ცაიშის ტაძრის გალავანს გარეთ, ხევის ფერდობზე, ე.წ. პალატთან ახლოს ვიპოვეთ. ორ მომცრო სვეტისთავზეც ორნამენტად აკანთოს ფოთლებია გამოყენებული და მათ შორის ორნამენტად – ვარსკვლავისებური ყვავილია.

ამდენად, ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსის ტერიტორიაზე თეთრი მარმარილოსგან დამზადებული ექვსი კაპიტელი აღირიცხა. აქედან სამი მასიური, კლასიკური, აკანთოს ფოთლებით უხვად ორნამენტირებული სვეტისთავია. შემორჩენილია მათ ქვეშ მდგარი დიდი ზომის მარმარილოს სვეტებიც. ერთი კაპიტელი მხოლოდ ზედა ნაწილითაა და შედარებით სადად ორნამენტირებული, მესამე ჯგუფი კი მცირე ზომის ორი სვეტისთავია, რომელთაც აკანთოს ფოთლების მცირე ორნამენტები ამშვენებს.

ჩნდება ლოგიკური კითხვა, როგორ აღმოჩნდა ცაიშის ტაძრის ტერიტორიაზე ანტიკური პერიოდის მარმარილოს კაპიტელები?

პირველი, ამ შემთხვევაში რაც შეიძლება გაგახსენდეს, XIV საუკუნეში ცაიშის მახლობლად, ხობის ეკლესიის 9-სტრიქონიანი წარწერაა, ტაძრის სამხრეთი გალერეის დიდ ქვაზე ამოკვეთილი:

"ქ. სახელითა ღმრთისათა, ერისთავთ ერისთავმან და მანდატურთუხუცესმან დადიანმან ვამეყ, მამისა მათისა პატრონისა ერისთავთ-ერისთავისა დადიანისა გიორგისა შედეგად მიუÃდა ჯიქეთ(ს) ურწმუნოებისა და ორგულობისათÂს, რათამცა მოემსახურა და სძლო და შეურაცხ და უÃმარ იქმნა მათ სიმაგრენი, გაგარი და უღაღნი ყოველნივე ძალითა მოირჭუნა, მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მიუვალი მოარბივნა. რაოდენნი მოეწყო მათი მძევალი წამოახსნა და სხვანი აოტნა, და მაშინ მოიღო სვეტნი და ფიქალნი ესენი მარმარილოსანი და მამა-დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ გააერთა".

როგორც წარწერიდან ირკვევა, სამეგრელოს ერისთავთ-ერისთავმა ჯიქეთში ილაშქრა, მათი ციხესიმაგრეები დაარბია და ხობში ეკვდერის ასაშენებლად მარმარილოს "სვეტნი და ფიქალნი" წამოიღო. საყურადღებოა, რომ მარმარილოს არქიტექტურული დეტალები იმდენად ძვირფას განძად მიიჩნეოდა, რომ ერისთავთ-ერისთავმა ისინი დიდ მანძილზე საკუთარი განსასვენებლის ასაშენებლად წამოიღო და ეს ამბავი წარწერაშიც საგანგებოდ აღნიშნა.

ბუნებრივად ისმის კითხვა – იმავე მოვლენასთან ხომ არ გვაქვს საქმე ცაიშში და სვეტისთავები რომელიმე ლაშქრობის, თუნდაც ჯიქეთის სამხედრო ექსპედიციის ნაალაფარი ხომ არ არის?

ხობის ტაძრის მარმარილოს ფრაგმენტები და კაპიტელები დეტალურად შეისწავლა ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ჯობაძემ (იხ. Wachtang Djobadze.Remains of a Byzantine ambo and Church Furnishings in Hobi.Archaologischer Anzeiger. Berlin.1984)). ხობში მან ექვსი სახის მარმარილოს სვეტისთავი გამოყო. ცაიშური კაპიტელებიდან ორი ძალიან ჰგავს ხობში აღნუსხულ ე.წ. მერვე ფიგურას. ეს უკანასკნელი, მეცნიერის თქმით, კაპიტელის შედარებით რთული მოდელია, აკანთოს ფოთლის ხვეულებს შორის პატარა გამოსახულებით.

ამ ტიპის ნიმუში სრულად ემთხვევა ე.წ. თეოდოსიანულ კაპიტელებს. ცაიშისგან განსხვავებით, ხობის კაპიტელი ცუდად არის შემონახული. ზედა და ქვედა მხარეების უმეტესი ნაწილი გატეხილია, დაზიანებულია შემაღლების პატარა ფოთლებიც. ცაიშში 2015 და 2017 წლებში სამრეკლოსთან და ხევის ფერდობზე აღმოჩენილ სვეტისთავებს არ ეძებნება პარალელი ხობის ტაძრის მარმარილოს ფრაგმენტებთან.

ხობის ეკვდერში, სვეტისთავების გარდა, ჩართულია მარმარილოს სხვადასხვა ფრაგმენტი, მათ შორის ამბიონის ფილები. მსგავსი რამ მხოლოდ ერთ ადგილას არის ცაიშშიც, სამხრეთის ფასადზე შესასვლელი კარის წინ მოწყობილ საგანგებო იატაკზე – სარკმლის ან კარის მოჩარჩოების დეტალები ზეთისხილის ტოტების ულამაზესი ორნამენტით არის გაფორმებული.

ამდენად, ცაიშის კათედრალის კანკელში ჩართული სვეტისთავები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ვამეყ დადიანმა (1384-1396) ჯიქეთიდან წამოღებული ბერძნული (სავარაუდოდ, ეკლესიის) მარმარილოს სვეტები, ფილები და სხვა ნაწილები არამარტო ხობის ტაძარს შესწირა, არამედ ძღვენი ცაიშის კათედრალსაც მიართვა.

პროფესორ პარმენ ზაქარაიას კვლევებმა ცხადყო, რომ ეკლესიის თანამედროვე ნაგებობას წინ უსწრებდა XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ცენტრალურგუმბათოვანი შენობა. იგი 1614 წელს დიდ მიწისძვრას დაუნგრევია. ტაძრის აღდგენა 1616 წელს დაუწყია აფხაზეთის კათალიკოს მალაქია გურიელს. დღეს ძნელი სათქმელია, ვამეყის დროს სად იყო განთავსებული ერისთავთ-ერისთავის ჩამოტანილი და შეწირული სვეტისთავები, თუმცა ცხადია, რომ მალაქიამ მათი მხატვრული და ისტორიული მნიშვნელობა გაითვალისწინა და მიწისძვრას გადარჩენილი ბერძნული კაპიტელები ტაძარში ყველაზე გამორჩეულ ადგილას – კანკელში ჩააშენა.

ხობის კაპიტელები და მარმარილოს სხვა ფრაგმენტები პროფესორმა ვახტანგ ჯობაძემ VI საუკუნით დაათარიღა. მისი თქმით, კარგი პარალელი შეიძლება გაივლოს VI საუკუნის ბაზილიკის ამბიონთან, რომელსაც აია-სოფიას ტაძრის ბაღში ხელახლა აღდგენილს ვხედავთ. მსგავსების მტკიცებულება არა მხოლოდ დიზაინში, ქვის ფილების მოხაზულობაში, პილასტრების ნაძერწებშია, არამედ ჯვარში, რომელიც ბაიაზეთის ბაზილიკაშიც ფიგურირებს ამბიონის აივნის შუა ოვალურ ტიხარში.

ცაიშური კაპიტელები, შეიძლება ითქვას, სრული სიზუსტით იმეორებენ რავენის ადრექრისტიანული ტაძრის, წმინდა აპოლინარეს ბაზილიკის სვეტების რიგს. რავენის მარმარილოს ჯვრები კი ძალიან ჰგვანან ხობის კედლებში ჩაშენებულ ჯვრებს, რაც ამ ფრაგმენტების საერთო წარმოშობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ცაიშის სამრეკლოსთან 2015 წელს ნაპოვნ და ხელოვნების სასახლეში გადმოტანილ იმ კაპიტელს, რომელსაც არც ხობისა და არც ცაიშის რომელიმე სვეტისთავთან მსგავსება არ მოეძებნა, პარალელი რავენაში გამოუჩნდა. ეს კაპიტელი შედარებით წაგრძელებულია, ზომით კი ოდნავ პატარა. რავენის კათედრალის ინტერიერის შესწავლამ დაგვანახვა, რომ ადრექრისტიანულ ტაძრებში ასეთი კაპიტელები ამბიონის მარმარილოს საფუძვლის ქვეშ დგებოდა.

მართალია, აქ მოყვანილი მსჯელობა ახლოს არის ლოგიკასა და ისტორიულ ფაქტებთან, თუმცა გადაჭრით მტკიცება მაინც ძნელია, ადვილი შესაძლებელია, ცაიშური კაპიტელების წარმოშობის სხვა, არანაკლებ ლოგიკურ ვერსიებზეც ვისაუბროთ.

უძველესი დროიდან ცაიში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რელიგიური ცენტრი იყო. გამოთქმულია მოსაზრება, რომ წარმართულ პერიოდში აქ სალოცავი იდგა, რომელიც ან მზე-ღვთაების კულტს, ან მითრაიზმს უკავშირდებოდა. ამაზე მიუთითებს ტოპონიმი "ცაიში". ისტორიკოს კალისტრატე სამუშიას მოსაზრებით, იგი მზე- და მთვარე-ღვთაების კულტთან დაკავშირებული სახელწოდებაა, და წარმოდგება სწორედ მზე-ღვთაების სალოცავი ხის – თელის, მეგრულად "ცყ"-ისგან. ცაიშშივეა აღმოჩენილი ლომის თავი, შუბლზე მზის გამოსახულებით, რაც ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს. იბადება კითხვა: ხომ არ არის ცაიშური კაპიტელები იმ ძველი, წარმართული პერიოდის ტაძრის შემორჩენილი ნაშთები?! მსოფლიო რელიგიის ისტორია იცნობს ანტიკური პერიოდის საკულტო ნაგებობების ქრისტიანული სამლოცველოებით ჩანაცვლების, მათი გადაკეთების ან მათ ნანგრევებზე ახალი ტაძრების აშენების არაერთ ფაქტს.

შეიძლება გამოითქვას კიდევ ერთი ვერსიაც. ცაიშში ქრისტიანული ცენტრი უკვე VI-VII საუკუნეებიდან არსებობს. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სამი საეკლესიო ოლქი ექვემდებარებოდა. ერთია ლაზიკის მიტროპოლია, რომელშიც ოთხი საეპისკოპოსო (მათ შორის, დაბა ცაიშისა) შედის. ამაზე მიუთითებს დღემდე შემორჩენილი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კათედრათა VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული ნოტიციები (ნუსხები). ცხადია, იმ ეპოქაში, დღევანდელი კათედრალის ტერიტორიაზე, აუცილებლად იარსებებდა ადრექრისტიანული ხანის საეკლესიო ნაგებობა.

ეს უკანასკნელი, ჩვენი აზრით, X საუკუნის დასასრულისთვის უნდა მოშლილიყო. ამ დროს ლიხთ-იმერეთის საეკლესიო რეფორმა დასრულებული ჩანს. გამქრალია ბერძნული ეკლესია და მისი იერარქია. ამ დიდ მოვლენას მაშინ ცაიშში სავარაუდოდ ძველი ტაძრის არქიტექტურის (ადვილად შესაძლებელია, ბერძნულის) გაქრობა და ქართულით ჩანაცვლება მოჰყვა.

ცხადია, ქართლის კათალიკოსს დაქვემდებარებული აფხაზეთის კათალიკოსი საკუთარი სამწყსოს სრულად გაეროვნულებას ეცდებოდა და ეს საეპისკოპოსოების არქიტექტურასაც დაეტყობოდა. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ცაიშური მარმარილოს კაპიტელები ძველი ბერძნული კათედრალიდან შემორჩენილი ფრაგმენტები იყოს. თუ ამ მოსაზრებას გავიზიარებთ, მაშინ გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც (ხობის მსგავსად) ბერძნული სვეტისთავები ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანე I-ის (483-565) ეპოქის ხელოვნების ნიმუშებია და მათ მეორადი გამოყენების წყალობით, ჩვენამდე აწ უკვე გამქრალ-განადგურებული ტაძრიდან მოაღწიეს.

ასეთი ისტორიის მქონე ცაიშური კაპიტელები, ცხადია, გამორჩეულ მოვლასა და ყურადღებას იმსახურებს და აუცილებელია მათი სამუზეუმო სივრცეში გადატანა.

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი".#82