ლეგიტიმაციის უზენაესი ფორმა ბიბლიასა და შუა საუკუნეების მონარქთა კორონაციაში - კვირის პალიტრა

ლეგიტიმაციის უზენაესი ფორმა ბიბლიასა და შუა საუკუნეების მონარქთა კორონაციაში

შუა საუკუნეების მონარქთა ზეთისცხების ტრადიცია ბიბლიურ მეფეთა ისტორიიდან იღებს სათავეს.

რას განასახიერებდა მეფეთა ზეთისცხება? ვინ სცხებდა მეფეს ზეთს? რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეს რიტუალი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ქვემოთ შევეცდებით.

პირველად ბიბლიაში ზეთისცხების ფაქტს ვხვდებით მეფეთა პირველ წიგნში. მოვლენები ძვ.წ. XI საუკუნეში ვითარდება, როცა იწყება ისრაელის სამეფოს სახელმწიფოებრივ ერთეულად ჩამოყალიბება და 12 ტომის გაერთიანება. "შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათს. უთხრეს: შენ მოხუცდი, შენი შვილები კი არ მიჰყვებიან შენს გზას. დაგვიდგინე ახლა მეფე, რომ სხვა ხალხების წესისამებრ განგვსჯიდეს" (I. მეფეთა. 8:4-5). მოვლენების უკეთ გასააზრებლად საჭიროა ჯერ გავიგოთ, ვინ იყო სამუელი და რატომ ითხოვს ხალხი მეფის დადგინებას.

სამუელი თავის თავში აერთიანებდა ბიბლიური ხანის ორ უძველეს ინსტიტუციას - მსაჯულსა და წინასწარმეტყველს. ისრაელში, მეფის დადგინებამდე სწორედ მსაჯულნი და წინასწარმეტყველნი იყვნენ ის პირები, რომლებიც ისრაელის ერს უძღოდნენ წინ და მწყემსავდნენ. მსაჯულის ფუნქციები უფრო მეტად საერო ხელისუფლებაზე ვრცელდებოდა. ის მიუძღოდა ბრძოლაში ისრაელელებს (მაგალითად, სამსონი, გედეონი და სხვ.) და განაგებდა მათ, ხოლო წინასწარმეტყველი უფრო მეტად სასულიერო მისიას აღასრულებდა.

ის იყო ერთგვარი შუამავალი ხალხსა და უფალს შორის. ღვთის სიტყვას სწორედ ის უცხადებდა ერს. მისი პირდაპირი მოვალეობა ისრაელელთა განსჯა იმ ქმედებების გამო, რომლებიც უფალს არ მოსწონს. სამუელი კი ის ადამიანი იყო, რომელშიც თავი მოიყარა ამ ორმა "ნიჭმა". მისი მსაჯულობის დროს ისრაელის ქვეყანა დაწყნარდა და გამარჯვებებს აღწევდა მთავარ მტერთან, ფილისტიმელებთან ბრძოლაში.

ამ ვითარებაში ლოგიკურად იბადება კითხვა: რატომ სთხოვს ისრაელის უხუცესობა სამუელს მეფეს, თუკი მსაჯულთა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს? საქმე ის არის, რომ მსაჯულობა მემკვიდრეობითი არ არის. როგორც მკვლევარი ზურაბ კიკნაძე თავის წიგნში "საუბრები ბიბლიაზე" აღნიშნავს, მსაჯულობა დამოკიდებულია ქარიზმასა და უფლის არჩევანზე, რომელიც არავინ იცის, რა კრიტერიუმებით აფასებს კანდიდატებს და როგორ გადაეცემა მათ.

აქედან გამომდინარე, ხალხმა არ იცის, ვინ იქნება მათი მომავალი წინამძღოლი. ის მუდმივად დამოკიდებულია უფლის ნებაზე. თუმცა, აქვე ვხვდებით ერთ საინტერესო მომენტს, რომელმაც ვფიქრობთ, თავისი წვლილი შეიტანა მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებაში. "როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა. მის პირმშოს ერქვა იოველი, უმცროსს - აბია. ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.

სოლომონის ზეთისცხება ცადოკ მღვდლის მიერ (კორნელის დე ვოსი, 1630)

არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ" (I. მეფეთა. 8:1-3). როგორც ვხედავთ, სამუელმა ღვთივრჩეულობის წესი დაარღვია და შვილები მსაჯულებად საკუთარი ნებით დაადგინა, თუმცა, სამუელის ამ გადაწყვეტილებაზე ბიბლია ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს და ჩვენც ნუღარ შევჩერდებით. ისრაელის უხუცესობა უკმაყოფილოა ამ გადაწყვეტილებით და ამიტომაც სთხოვს ხალხი სამუელს მეფის დადგინებას. მაგრამ, ამ ქმედებით ის უარყოფს უფლის, როგორც ერთადერთი მეუფის არსებობას.

იმის მიუხედავად, რომ ღმერთი არ იწონებს მათ გადაწყვეტილებას, მაინც თანხმდება ამ მოთხოვნას. "უთხრა უფალმა სამუელს: შეისმინე ხალხის ყოველი სიტყვა, რასაც გეტყვის, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ" (I. მეფეთა. 8:7) ნიშანდობლივია უფლის ნება, რომელიც ხალხის გადაწყვეტილებას არ ეწინააღმდეგება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადამიანის არჩევანის თავისუფლებას.

მეფის ინსტიტუტის შემოღება გადაწყდა. მას, ცხადია, უფალი შეურჩევს თავის ერს, ამქვეყნიური ხელისუფლება კი სამუელმა უნდა გადასცეს, როგორც მსაჯულმა, ერის წინამძღოლმა და წინასწარმეტყველმა - უფლის გადაწყვეტილების მიწაზე გამავრცელებელმა.

"იყო ერთი კაცი ბენიამინის შტოდან, სახელად კიმი, ძე აბიელისა... მაგარი ვაჟკაცი. ჰყავდა ვაჟი, გამორჩეული და მშვენიერი, სახელად საული. ისრაელიანთა შორის მასზე უკეთესი არავინ იყო; ერთი თავით მაღალი იყო მთელ ხალხზე" (I. მეფეთა. 9:1-2). საინტერესოა, საულის სიმაღლეში რას გულისხმობს ბიბლიური ტექსტის ავტორი, ფიზიკურ რჩეულობას თუ სულიერ ამაღლებულობას. თუ ზურაბ კიკნაძის ნაშრომს გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ ის ამ ფრაზას ფიზიკურ გამორჩეულობად აღიქვამს.

ჩვენი აზრით კი, აქ ავტორი სულიერ სიმაღლეზე უნდა მიუთითებდეს, რადგანაც მომდევნო თავებში, როცა სამუელი უკვე დავითის საკურთხებლად მიდის და მის ძმას, ელიაბს დაინახავს, რომელიც გამორჩეული გარეგნობის იყო, უფალი ამბობს: "ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს" (I. მეფეთა. 16:7). ასე რომ, უფალმა საული თავისი სულიერი სიმაღლის გამო აარჩია ხალხიდან.

"აიღო სამუელმა ზეთით სავსე ქილა, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა, გცხო უფალმა თავისი სამკვიდროს მთავრად" (I. მეფეთა. 10:1).

"ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები" (I. მეფეთა. 10:6).

"როგორც კი გატრიალდა საული წასასვლელად სამუელისაგან, სხვა გული ჩაუდგა მას ღმერთმა..." (I. მეფეთა. 10:9).

და მაინც, რას ნიშნავს ზეთისცხება? ტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეფის ზეთისცხება გაიგივებულია მის ღვთივრჩეულობასთან. ეს არის ერთგვარი ნიშანი უფლისა, რომელიც თავის რჩეულს ასხვავებს ხალხისგან და აღმატებულ ხარისხში აჰყავს იგი.

წმინდა რემიგიუსი ხლოდვიგს მეფედ აკურთხებს (ძეგლი რეიმსის წმინდა რემიგიუსის ტაძრის წინ)

ზეთისცხება ასევე შეგვიძლია დავუკავშიროთ გარდაქმნას, განახლებას, რადგანაც უფლის მადლი გადადის და განსაკუთრებულ ნიჭს აძლევს თავის რჩეულს. ღმერთი ეხება მის გულს და სხვა კაცად გარდაქმნის. ის აძლევს მეფეს იმ ქარიზმას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ლიდერისთვის, რათა წარუძღვეს ხალხს, უხელმძღვანელოს და მათში ავტორიტეტით ისარგებლოს. ამ ქმედებით ღმერთი ლეგიტიმურობას ანიჭებს თავის რჩეულს და განსაკუთრებულად მფარველობს მას.

ასე მოხდა დავითის შემთხვევაშიც, როცა საულის ქმედებებით უკმაყოფილო ღმერთმა შეცვალა გადაწყვეტილება და ისრაელის მეფედ სხვა შეარჩია.

"აიღო სამუელმა ზეთიანი რქა და სცხო მას მისი ძმების თანდასწრებით. ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს..." (I. მეფეთა. 16:13).

ზოგ შემთხვევაში ზეთისცხება შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ერთგვარი "კაენის ნიშანი", რომელიც მეფეს იფარავს და მისი მოკვლა განსაკუთრებულ სასჯელთან არის დაკავშირებული. ეს მოსაზრება მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიური ტექსტის მოხმობით შეგვიძლია გავამყაროთ.

იმდენად დიდია ღვთივრჩეულობის განცდა დავითში, რომ მის დასაღუპავად მომართული საულის მოკვლაზე ორჯერ ამბობს უარს და ბოლოს, საულის მკვლელ ყამალეკელს სიკვდილითაც სჯის (II. მეფეთა. 1:14-15),

ზეთისცხების შემდეგ, ობიექტზე გადასული ღვთის სულის არსებობა ერთდროულად თითქოს მხოლოდ ერთ ადამიანშია შესაძლებელი, ანუ შესაძლებელია მხოლოდ ერთი რჩეულის არსებობა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს ის, რომ მას შემდეგ, რაც სამუელი საულს სცხებს მეფედ, თავად აღარ გვევლინება მსაჯულად, აღარ მიუძღვის ჯარს ბრძოლაში, აღარ ხელმძღვანელობს მათ.

მისი დანიშნულება უკვე მხოლოდ წინასწარმეტყველის ქმედებების აღსრულებით შემოიფარგლება, მსხვერპლს აღავლენს და მეფესა და ხალხს უფლის სიტყვას ამცნობს. მსგავს ვითარებას ვხვდებით დავითთანაც. ბიბლიური მემატიანე სამუელის მიერ დავითის ზეთისცხებას აღწერს, ხოლო მომდევნო მუხლში ვკითხულობთ: "განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან" (I. მეფეთა. 16:14), ანუ ზეთისცხების შემდეგ, ღვთის სულმა მიატოვა თავისი ადრინდელი "ჭურჭელი" - საული და დავითში ჩასახლდა.

დავითის სიცოცხლის ბოლო წლებში კანონდება მეფედ კურთხევის ცერემონია, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი ზეთისცხების რიტუალია.

"თქვა მეფე დავითმა... შესვით ჩემი შვილი სოლომონი ჩემს ჯორზე და გიხონში ჩაიყვანეთ. აქ სცხონ იგი ისრაელის მეფედ ცადოკ მღვდელმა და ნათან წინასწარმეტყველმა. მერე ჰკარით ბუკს და გამოაცხადეთ: იცოცხლოს მეფე სოლომონმა! მერე ამოჰყევით მას, მოვა და დაჯდება ჩემს ტახტზე და იმეფებს ჩემს ნაცვლად. ის დავნიშნე მე ისრაელისა და იუდას მთავრად... ჩავიდნენ ცადოკ მღვდელი, ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე, ქერეთელნი და ფელეთელნი, შესვეს სოლომონ მეფე დავითის ჯორზე და გიხონისკენ წაიყვანეს. გამოიტანა ცადოკ მღვდელმა კარვიდან რქით ზეთი და სცხო სოლომონს. ჰკრეს ბუკს და დაიძახა მთელმა ხალხმა: იცოცხლოს მეფე სოლომონმა!" (III. მეფეთა. 1:32-39).

დავით მეფსალმუნე. ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მეორე მეფე

სოლომონის გამეფება არ ჰგავს არც საულისა და არც დავითის მეფედ კურთხევის ცერემონიას. ამ რიტუალში მონაწილეობენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები (მაგალითად, ცადოკ მღვდელი და ნათან წინასწარმეტყველი, ბენაია იეჰოიადაყის ძე), რომელთა ხელითაც გადაეცემა სოლომონს ხელისუფლება. სოლომონი უფლისწულად დაიბადა და მემკვიდრეობითობა, რომელიც მეფის ინსტიტუტს ახასიათებს, პირველად სწორედ მასზე განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ზეთისცხების რიტუალის შესრულების პრეროგატივამ წინასწარმეტყველიდან მღვდელზე გადაინაცვლა და სოლომონს, ნათან წინასწარმეტყველის ნაცვლად, ცადოკ მღვდელმა სცხო ზეთი. ვფიქრობთ, ეს ფაქტიც მეფედ კურთხევის რიტუალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგანაც მღვდლები სწორედ რიტუალების შესრულებაში იყვნენ გაწაფული - განსხვავებით წინასწარმეტყველისგან, რომელშიც ბობოქარი სული დგას და მუდმივად არასწორხაზოვნად მოქმედებს, ამიტომაც მისი რიტუალის ნაწილად ქცევა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ მღვდელიცა და წინასწარმეტყველიც სასულიერო პირები არიან, წინასწარმეტყველი მაინც უფრო აღმატებულია მღვდელზე, რადგანაც ის უფრო მეტად მისტიკური ფიგურაა და მისი ბაგით ხალხს უფლის სიტყვა გადაეცემა.

ზეთისცხების აქტის რიტუალად ქცევით ამ ქმედებამ თითქოს დაკარგა მისტიკური მნიშვნელობა და უბრალო რიტუალად იქცა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ სოლომონის გამეფებისას ბიბლიაში ვერსად ვხვდებით ჩანაწერს სოლომონზე ღვთის სულის გადასვლის შესახებ, ან მის გარდაქმნას, რაც ასე წვრილად იყო აღწერილი დავითისა და საულის გამეფების სცენებში.

სოლომონის შემდგომ მხოლოდ რამდენიმე მეფეს იხსენიებს ბიბლია ცხებულად. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ სოლომონის შთამომავლობამ უფლის გზები დაივიწყა და ბიბლიური ავტორები მათ ღვთივრჩეულ, უფლის სულის მქონე მმართველებად აღარ მიიჩნევენ.

წმინდა ჭურჭელი, რომელიც წმინდა რემიგიუსს ანგელოზმა გადასცა (ტოს სასახლე რეიმსში)

კორონაცია ევროპაში

დავითის მიერ დადგენილი მეფედ კურთხევის რიტუალი აიტაცეს, ქრისტიანული დეტალები შესძინეს და პრაქტიკაში დანერგეს ევროპელმა მონარქებმა. მაგალითად, ხლოდვიგ I-ის (ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან, მართავდა 481-511) მეფედ კურთხევის ცერემონიალი ბევრი ნიშნით ჰგავს ბიბლიური მეფეების კურთხევას. ხლოდვიგს მეფედ აკურთხებს ფრანკთა მოციქული რემიგიუსი, რომელიც ერთგვარად წააგავს ძველი აღთქმისდროინდელ წინასწარმეტყველს.

ისიც წინასწარმეტყველივით დადის, უფლის სიტყვას უცხადებს ხალხს და მისი მორჩილებისკენ მოუწოდებს. ბიბლიური მეფეებივით, ხლოდვიგიც რემიგიუსის ხელიდან ხდება "ცხებული", ოღონდ ერთი განსხვავებით - ამ შემთხვევაში ზეთს მირონი ცვლის. თუმცაღა მირონიც ერთგვარი ზეთია, რომელიც სხვადასხვა სურნელოვანი ნივთიერებისგან მიიღება. თანაც ძველი აღთქმა დუმს, როგორ ზეთს იყენებდა სამუელი დავითისა და საულის კურთხევისას... აქვეა ღვთივრჩეულობის ნიშნებიც. რემიგიუსს "წმინდა ჭურჭლით" მირონი უფლის ანგელოზმა მიუტანა, რომელიც მტრედის სახით გამოეცხადა.

ხლოდვიგის შემდეგაც, საფრანგეთის მეფეები პაპის ან ეპისკოპოსების ხელით ეკურთხებოდნენ და ზეთსაც იმ ჭურჭლიდან იცხებდნენ, რომელიც "რემიგიუსს ღვთის ანგელოზმა მიუტანა". ნაპოლეონ ბონაპარტის მეფედ კურთხევისას რიტუალმა მცირედ შეიცვალა სახე, თუმცა ზეთისცხების რიტუალს აქტუალობა არ დაუკარგავს. ნაპოლეონმაც და ჟოზეფინამაც იცხეს ზეთი ნოტრ-დამის ტაძარში შეკრებილი ხალხის თვალწინ, ამ დროს გაისმოდა საგანგებო საგალობლები, რომლებიც იმპერატორის ღვთივრჩეულობას უსვამდა ხაზს.

ალებასტრის ჭურჭელი, რომლისგანაც სცხებდნენ რუსეთის მეფეებს ზეთს. ამჟამად ინახება კრემლის მუზეუმში

რუსეთის სამეფოშიც მეფედ კურთხევის ცერემონიალი დატვირთული იყო რიტუალებით და მისტიკური მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული. ისტორიამ დეტალურად შემოინახა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალი. რიტუალი დაიწყო 101-ე ფსალმუნის კითხვით, რასაც მოჰყვა ფრაგმენტები ესაიას წიგნიდან, მათეს სახარებიდან და რომაელთა ეპისტოლედან. შემდეგ მეფეს თავზე დაადგეს გვირგვინი და სამეფო რეგალიებით შეამკეს, უსურვეს დღეგრძელობა, რასაც მოჰყვა ზარების რეკვა და 101 გასროლა ქვემეხებიდან.

ზეთისცხების რიტუალს აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მეფე აიყვანეს ამბიონზე, აღსავლის კარები ღია იყო, პატრიარქმა გამოიტანა წმინდა ჭურჭელი და სცხო ზეთი. აღიქმებოდა, რომ მეფე იკურთხებოდა ღვთის მიერ რუსეთის პატრიარქის ხელით. ზეთისცხებას მოჰყვა ისევ 101-ე ფსალმუნის კითხვა და ქვემეხების 101- გასროლა. ამის შემდეგ მეფე შეიყვანეს საკურთხეველში, სადაც მიიღო პური და ღვინო ცალ-ცალკე, რაც სავარაუდოა, რომ განახლების სიმბოლოდ უნდა ყოფილიყო აღქმული, ისევე როგორც ზიარება. ამის შემდეგ მეფემ მიიღო მილოცვები, როგორც სასულიერო, ისე საერო პირებისგან, რითაც დასრულდა კიდეც ცერემონიალის რიტუალური ნაწილი.

ზეთისცხების რიტუალს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ინგლისის სამეფოშიც. 973 წელს, მეფე ედგარის კორონაციისას, წმინდა დუნსტანმა ეპისკოპოსებთან ერთად ახალი ცერემონიალი შექმნა, რომელიც ძირითადად ფრანკთა იმპერიაში არსებულ მეფედ კურთხევის რიტუალზე იყო დაფუძნებული. შემდეგ ჯეიმს I-ის (1603) კურთხევისას განიცადა ოდნავი სახეცვლილება და ის დღემდე გამოიყენება ბრიტანეთის მეფეთა კურთხევისას. დღეს ბრიტანეთი არის ერთადერთი დიდი ევროპული ქვეყანა, რომელსაც უარი არ უთქვამს მეფედ კურთხევის ტრადიციულ ცერემონიაზე. აღსანიშნავია, რომ ზეთისცხების რიტუალი ელიზაბეთ II-ის კურთხევის დროსაც შესრულდა.

მეფე მირონცხებული

სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია ვრცელ ცნობებს, როგორი რიტუალი სრულდებოდა შუა საუკუნეებში საქართველოს მეფედ კურთხევის ჟამს. თუმცა, ისტორიაში აღნიშნულია, რომ თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევისას, როცა 1632 წლის შემდეგ პირველად ეკურთხა ქართლის მეფე ქრისტიანული წესით, ანტონ კათოლიკოსმა მოიძია მეფედ კურთხევის უძველესი ქართული წესები.

დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის რიტუალი. მაცხვარიშის ტაძრის ფრესკა

ამ მოვლენების თანამედროვე პაპუნა ორბელიანი ასე აღწერს თეიმურაზ II-ის კურთხევას: "მიიწვიეს მეფე საკურთხეველად, ცალი მკლავი სარდალს ქაიხოსროს ეპყრა და მეორე მკლავი - მუხრანბატონს, აღსავლის კარზე მთავარეპისკოპოსი და ალავერდელი მოეგებნეს და შეიყვანეს საკურთხევლად, სცხეს საცხებელი შუბლთა, ბეჭთა და გულთა ჯვარის სახედ... წამოასხეს პორფირი, დაადგეს გვირგვინი სამეფო, მისცეს მარჯვენასა ხელსა სკიპტრა და მარცხენა ხელსა - ქვეყნისა სფერო... მოიტანა სარდალმა ქაიხოსრო ორბელიანმა, რომელი იყო ამირსპასალარი, ხმალი მეფისა, დაულოცეს და შემოარტყეს"...

ქართველი, რუსი, ფრანგი და ბრიტანელი მონარქების ცერემონიებსა და სოლომონის კურთხევის რიტუალს შორისაც თავისუფლად შეგვიძლია პარალელების გამოყოფა. აქაც საერო და სასულიერო ხელისუფლებისგან გადაეცემა ძალაუფლება მეფეს. ამ შემთხვევაშიც სრულდება ზეთისცხება და მას უმაღლესი სასულიერო პირი ასრულებს.

ზეთისცხების საიდუმლო მონარქთათვის ერთ-ერთი საშუალება იყო თავიანთი ლეგიტიმაციის ღვთის ნებისთვის დასაკავშირებლად. ძველი აღთქმის მსგავსად, ამით ისინი ღვთივრჩეულობას წარმოაჩენდნენ, მათ ხელისუფლებას ღვთის სურვილთან აკავშირებდნენ.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიური ზეთისცხების მთავარი არსი - ღვთივრჩეულობის გამოხატვა და მეფის ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღნიშვნა, შუა საუკუნეების ქრისტიანმა მონარქებმა კარგად გამოიყენეს საკუთარი ხელისუფლების ღვთიური სტატუსისა და წარმომავლობის განსამტკიცებლად.

დავით გრძელიშვილი

თსუ ებრაისტიკის საბაკალავრო

პროგრამის სტუდენტი

ჟურნალი "ისტორიანი", #82