კორეის ომის გაკვეთილები – როგორ იწყებოდა კონფლიქტი 67 წლის წინ - კვირის პალიტრა

კორეის ომის გაკვეთილები – როგორ იწყებოდა კონფლიქტი 67 წლის წინ

ომი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის 1950 წლის 25 ივნისს დაიწყო და 1953 წლის 27 ივლისამდე გაგრძელდა.

ომის დასრულების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება დღემდე არ დადებულა. ბოლო დროს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ჯერ ბირთვული გამოცდებისა და შემდეგ ბალისტიკური რაკეტების ზედიზედ გაშვების გამო, დაპირისპირება კვლავ უკიდურესად გამწვავდა. აშშ მზად არის, ჩრდილოეთი კორეა გაანადგუროს, რუსეთი და ჩინეთი კი "ყველა მხარეს" მშვიდობისკენ მოუწოდებენ. თუმცა, მოწოდებები ალბათ ვერ დააწყნარებს სამხრეთკორეელებს, რომელთა მეზობლად არაპროგნოზირებადი ქვეყანაა, როგორც თავად ამტკიცებს, ატომური იარაღით ხელში და რომელსაც ერთი სული აქვს, ამ იარაღით ვინმეს დაარტყას. თუნდაც ამერიკას. დაპირისპირება უკვე რეგიონული მასშტაბისაა და თუკი ომი მაინც დაიწყო, მისი არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

კორეის ომში ჩრდილოეთისა და სამხრეთის კოალიციები იბრძოდნენ. ჩრდილოეთის კოალიციაში შედიოდა ჩრდილოეთ კორეა თავისი ჯარით, ჩინეთის არმია (მისი რეგულარული სამხედრო ნაწილები, ფორმალურად, "ჩინელი სახალხო მოხალისეების" შენაერთად მიიჩნეოდა) და ყოფილი საბჭოთა კავშირი, რომელიც ასევე ოფიციალურად არ მონაწილეობდა ომში, მაგრამ დიდწილად იკისრა მისი დაფინანსება, აგრეთვე ჩინეთის ჯარების მომარაგება. უამრავი საბჭოთა სამხედრო მრჩეველი და სპეციალისტი ომის დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეიდან გაიწვიეს, ომის დროს კი საკდესის კორესპონდენტების სახით დააბრუნეს. სამხრეთის კოალიციაში იყვნენ სამხრეთი კორეა, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კიდევ 15-მდე ქვეყანა გაეროს სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში.

სამხრეთელთა თავდაცვა პუსანის პერიმეტრზე

კორეის ომი აშშ-ისთვის ოფიციალურად იყო არა ომი, არამედ საპოლიციო ოპერაცია. ამერიკაში არც სამხედრო მდგომარეობა გამოუცხადებიათ, თუმცა პრეზიდენტ ტრუმენს ჰქონდა ამგვარი გეგმები, რათა მრეწველობა სამხედრო რელსებზე ადვილად გადაეწყოთ. ამ ომის სამხრეთ კორეაში გავრცელებული სახელწოდებაა 25 ივნისის ინციდენტი ან კორეის ომი, ჩრდილოეთი კორეისთვის კი ეს სამამულო განმათავისუფლებელი ომია. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ ეს იყო ომი ამერიკის წინააღმდეგ კორეელი ხალხის მხარდასაჭერად.

ომის გეგმა

კორეა 1910 წლიდან იაპონიის კოლონია იყო. 1945 წელს ნახევარკუნძულს საბჭოთა და ამერიკულმა ჯარებმა ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შეუტიეს. იაპონიის კაპიტულაციის წინ ორი ზესახელმწიფო შეთანხმდა ქვეყნის 38-ე პარალელის გასწვრივ გაყოფაზე, შემდეგ კი ხელი მოაწერეს ქვეყნის მართვის დროებით ხელშეკრულებას. სამხრეთში აშშ-მა, გაეროს მხარდაჭერით, არჩევნები გამართა, ჩრდილოეთში კი ძალაუფლება საბჭოთა ჯარებმა კორეის კომპარტიას გადასცეს კიმ ირ სენის მეთაურობით.

ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს შორის ურთიერთობები სულ უფრო ცივდებოდა და მათ ვერც კორეის გაერთიანებაზე მოილაპარაკეს. 1948 წელს ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც მთავრობები ამოქმედდა. ქვეყნის გაერთიანება ორივე მთავრობას საკუთარი ფრთის ქვეშ სურდა და ამას არც მალავდნენ, მეტიც, თავიანთ მიზნადაც აცხადებდნენ.

1949 წელს კორეიდან საბჭოთა და ამერიკული ჯარები გავიდნენ. ჩრდილოეთკორეელები და საბჭოთა ქრონისტები ამ წელს სამხრეთკორეელ სამხედროთა მიერ საზღვრის დარღვევის 2500-ზე მეტ ფაქტს ითვლიან, თუმცა ომი ჩრდილოეთ კორეამ დაიწყო 1950 წელს. 25 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დინ აჩესონმა ამერიკის თავდაცვით პერიმეტრს მიაკუთვნა წყნარ ოკეანეში ალეუტის კუნძულები (ალასკის შტატის ნაწილი), იაპონური რიუკიუს კუნძულები (დიდი იაპონური კუნძულებიდან სამხრეთით) და ფილიპინები.

აქედან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეაში დაასკვნეს, რომ კორეა აშშ-ის უშუალო ინტერესების სფეროს არ განეკუთვნებოდა, რამაც ამ ქვეყნის მთავრობას ომის დაწყებისთვის გამბედაობა შემატა. უფრო ადვილი გახდა საბჭოთა ლიდერის, სტალინის დარწმუნებაც, რომ ომში ამერიკის ჩართვა ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

ჩრდილოეთკორეელები ჩინეთის არმიას გაურბიან. ისინი საშინელ სიცივეში გადადიან მდინარე ტედონგანის დანგრეულ ხიდზე (ფხენიანი, 1950 წლის 4 დეკემბერი)

ჩრდილოეთ კორეის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი უფროსის, იუ სონ ჩხოლის მტკიცებით, სამხრეთ კორეაზე თავდასხმისთვის მზადება ჯერ კიდევ 1948 წელს დაიწყო, საბოლოო გადაწყვეტილება კი სტალინისა და კიმ ირ სენის შეხვედრისას მიიღეს 1950 წლის გაზაფხულზე. წინა წლის დასასრულიდან კიმ ირ სენი უკვე სთხოვდა მოსკოვს დახმარებას სამხრეთ კორეაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის. რასაკვირველია, კომუნისტები მათ სასარგებლოდ სამხრეთში სახალხო აჯანყებასაც ელოდნენ.

სტალინს არც ფხენიანის არმიის მზადყოფნა აკმაყოფილებდა და არც ომში ამერიკის ჩაურევლობისა სჯეროდა, ამიტომ თხოვნაზე უარი თქვა, თუმცა ჩრდილოეთ კორეას დიდ სამხედრო დახმარებას მაინც უწევდა. ეს უკანასკნელიც არმიას საბჭოთა მოდელის მიხედვით აშენებდა საბჭოთა სპეციალისტებისვე ხელმძღვანელობით. 1950 წელს წითელი კორეის არმია ყველა კომპონენტით აღემატებოდა სამხრეთელებისას. ბოლოს, საკმაო ყოყმანისა და კიმ ირ სენის დაჟინებული მიმართვების შემდეგ, სტალინი სამხედრო ოპერაციის გამართვას დათანხმდა.

დეტალები მარტ-აპრილში, კიმ ირ სენის მოსკოვში ვიზიტის დროს შეათანხმეს, სამხედრო გეგმის შედგენაში მონაწილეობდა კსდრ-ის (კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა) მთავარი სამხედრო მრჩეველი ნიკოლაი ვასილიევი. 27 მაისს საბჭოთა ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში სტალინს შეატყობინა, რომ თავდასხმის საერთო გეგმა მზად იყო და ის კიმ ირ სენმა მოიწონა.

ბრძოლა კიდითკიდემდე

კვირას, 25 ივნისს, გათენებამდე, ჩრდილოეთი კორეის ჯარებმა სამხრეთი მეზობლის საზღვარი არტილერიის მხარდაჭერით გადალახეს. საბჭოთა სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი არმია 175 ათას ჯარისკაცს ითვლიდა, 280 ტანკითა და 210 საბრძოლო თვითმფრინავით, ხოლო ამერიკელების გაწვრთნილ და შეიარაღებულ სამხრეთელების ჯარს – 93 ათას სამხედროს თითქმის არ ჰქონდა ჯავშანტექნიკა და ოციოდე მსუბუქი სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავდა. კსდრ-ის მთავრობამ განაცხადა, რომ "მოღალატე" ლი სი მანი მის ტერიტორიაზე ვერაგულად შეიჭრა.

ჩრდილოელთა ჯარები წინ მიიწევდნენ. სამი დღის შემდეგ დაიკავეს სეული და მისი აეროპორტი დაანგრიეს. ლი სი მანმა და სამხრეთი კორეის მთავრობის ნაწილმა ქალაქის დატოვება მოახერხა, თუმცა ამას მაინც კატასტროფის სახე ჰქონდა, მრავალი დეპუტატი ტყვედ ჩავარდა. მართალია, ელვისებური გამარჯვება არ გამოვიდა, არც ხალხი აჯანყებულა კომუნისტების მხარდასაჭერად, მაგრამ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩრდილოეთელებმა სამხრეთი კორეის ტერიტორიის 90% დაიკავეს!

ომის დაწყება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის. სულ რამდენიმე დღით ადრე, 20 ივნისს, დინ აჩესონმა კონგრესისთვის გაკეთებულ მოხსენებაში ომის დაწყების ალბათობა შეაფასა, როგორც მეტად დაბალი. ახალი ამბავი ტრუმენსაც რამდენიმე საათის დაგვიანებით შეატყობინეს, რადგან უიკენდზე მშობლიურ მისურიში ისვენებდა.

დესანტის გადასხმა ინჩხონში, სეულთან ახლოს

საერთო დემობილიზაციის მიუხედავად, აშშ იაპონიაში საკმაო ძალებს ინარჩუნებდა. ტრუმენმა გენერალ დუგლას მაკარტურს სამხრეთ კორეის არმიის სამხედრო აღჭურვილობით მომარაგება დაავალა, რჩევების მიუხედავად, საჰაერო ომიც კი არ დაიწყო კსდრ-ის წინააღმდეგ, მეშვიდე ფლოტს კი ტაივანის დაცვა უბრძანა. ამით დასრულდა ამერიკის ჩაურევლობა ჩინელ კომუნისტებსა და ტაივანზე გახიზნულ ჩან კაიშის მთავრობას შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში.

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო 25 ივნისსვე შეიკრიბა. გადაწყდა სამხრეთ კორეისთვის დახმარების გაწევა. იუგოსლავიის ელჩმა კენჭისყრისას თავი შეიკავა, საბჭოთა ელჩმა ბოიკოტი გამოაცხადა, ზოგი წყაროს თანახმად კი, ამ დროისთვის სსრკ-ს თავისი დელეგაცია უკვე გამოწვეული ჰყავდა. ასე იყო თუ ისე, სოციალისტური ბანაკის რამდენიმე ქვეყანამ მკვეთრი პროტესტი გამოთქვა გაეროს "უკანონო" გადაწყვეტილების გამო.

აშშ-მა საჰაერო და საზღვაო ძალები აამოქმედა. სამხრეთ კორეას ეხმარებოდნენ აგრეთვე დასავლეთის ქვეყნები, ტაილანდი, ფილიპინები, თურქეთი, კოლუმბია და სხვ. თუმცა, ჩრდილოეთის უწყვეტი შეტევითი ოპერაციების შემდეგ, აგვისტოსთვის სამხრეთ კორეაში თავისუფალი მხოლოდ პუსანის რეგიონი რჩებოდა, რომლის დაცვის ხაზის, ე.წ. პუსანის პერიმეტრის სიგრძე სულ 200 კილომეტრს შეადგენდა.

სამხრეთელთა კოალიციამ შეძლო მტრის შეკავება, ახალი ძალები მიიღო და 15 სექტემბრიდან შეტევაზე გადასვლაც მოახერხა. ამ დროს პუსანის პერიმეტრში იმყოფებოდა ხუთი სამხრეთკორეული და ხუთი ამერიკული დივიზია, ბრიტანელთა ბრიგადა, 500 ტანკი და 1120 თვითმფრინავი. მხარდაჭერას აშშ-ისა და მოკავშირეების 230 ხომალდი უწევდა. მათ წინააღმდეგ კსდრ-ის 13 დივიზია იდგა, ოღონდ ტანკების გაცილებით ნაკლები რაოდენობით.

ამერიკელებმა დესანტი გადასვეს ინჩხონთან, სეულის სიახლოვეს. მათთან ერთად გადავიდნენ სამხრეთკორეელთა და ბრიტანელთა ნაწილები. მათ დაცვის ხაზი გაარღვიეს და სეულს შეუტიეს. 28 სექტემბერს გაეროს ძალებმა ქალაქი აიღეს, 8 ოქტომბერს 38-ე პარალელზე გავიდნენ, 11-ში კი ფხენიანისკენ დაიძრნენ.

პირველი ფაზის შემდეგ, 1950 წლის 15 სექტემბერს, სამხრეთელებს მხოლოდ პუსანის რაიონი რჩებოდათ

კსდრ-ში სასწრაფოდ აგებდნენ დაცვით ხაზებს 38-ე პარალელიდან ჩრდილოეთით 160 და 240 კმ-ზე, მაგრამ ძალები არ ჰყოფნიდათ. სამხრეთელებს შეეძლოთ შეტევის წინ საარტილერიო მომზადება რამდენიმე საათს, ზოგჯერ კი მთელ დღე-ღამესაც გაეგრძელებინათ. 20 ოქტომბერს ფხენიანიდან 40-45 კილომეტრში 5-ათასიანი საჰაერო დესანტი გადაისროლეს. ამის შემდეგ სამხრეთელთა ძალებმა ქალაქი აიღეს.

უკვე სექტემბრის ბოლოს ნათელი შეიქნა, რომ კსდრ-ს არმიის განადგურება და გაეროს კოალიციის მიერ მთელი კორეის დაკავება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ოქტომბრის პირველ კვირაში საბჭოთა კავშირსა და კომუნისტურ ჩინეთს შორის გაცხოველებული კონსულტაციები მიმდინარეობდა. ბოლოს გადაწყდა კორეაში ჩინეთის ჯარების გაგზავნა. პეკინმაც განაცხადა, რომ ომში ჩაერეოდა, თუ რომელიმე არაკორეული ჯარი 38-ე პარალელს გადაკვეთდა, მაგრამ პრეზიდენტ ტრუმენსა და უფრო მეტად გენერალ მაკარტურს არ სჯეროდათ ჩინეთის ფართომასშტაბიანი ჩარევის შესაძლებლობისა და ეს მხოლოდ "გაეროს დაშანტაჟების მცდელობად" მიიჩნიეს.

ამერიკელთა ჯარების მიერ 8 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გადაკვეთის მეორე დღესვე მაო ძედუნმა ჯარების პოზიციებზე გასვლა ბრძანა. "თუ ამერიკელებს მთელი კორეის დაკავებას დავანებებთ, მაშინ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ ისინი ჩინეთს გამოუცხადებენ ომს", – უთვლიდა მაო სტალინს და მისი დახმარების მოლოდინში ომში არ ებმებოდა. თუმცა საბჭოთა კავშირი საჰაერო დახმარებით შემოიფარგლა. ამერიკაში კარგად იცოდნენ მიგ-15-ებისა და საბჭოთა პილოტების ომში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ საერთაშორისო ბირთვული კონფლიქტის ასარიდებლად, საპასუხო ზომები არ მიუღიათ.

ჩინეთის არმია შეტევაზე 1950 წლის 25 ოქტომბერს გადავიდა. თავის ჯარებს ისინი "ჩინელ სახალხო მოხალისეებს" უწოდებდნენ. დაძაბული ბრძოლების შედეგად სამხრეთელთა ძალები ყველგან შეავიწროეს და ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან განდევნეს. ჩინეთის არმიის საახალწლო შეტევების შემდეგ კი 1951 წლის 4 იანვარს კვლავ აიღეს სეული. ასიათასობით კორეელი, ქვეყნის ორივე ნაწილიდან, ჩინეთის არმიას გაურბოდა. სამხრეთელთა მდგომარეობა კრიტიკული იყო.

მეორე ფაზის ბოლოს, 1950 წლის ოქტომბრისთვის, ჩრდილოეთის არმიამ კორეის დიდი ნაწილი დაკარგა

თუმცა, რამდენიმე დაძაბული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ჩრდილოელთა ძალების წინსვლის შეჩერება მოხერხდა. 21 თებერვალს დაწყებული კონტრიერიშით მათ უკანაც დაახევინეს. აქცენტი გადავიდა ავიაციისა და არტილერიის ფართოდ გამოყენებაზე. 7 მარტს კი დაიწყო ოპერაცია "მფატრავი", რომლის შედეგად სეულის დაბრუნება მოხერხდა. 22-დან 29 აპრილამდე მიმდინარეობდა ჩრდილოელთა სისხლისმღვრელი კონტრშეტევა, 16 მაისს კვლავ შეტევა დაიწყეს. ის ხუთ დღეში შეაჩერეს და პასუხად მოჰყვა გაეროს ძალების სრულმასშტაბიანი შეტევა მთელ ფრონტზე. ჩრდილოეთის არმია 38-ე პარალელს იქით გააძევეს. სამხრეთელებს წარმატების გაღრმავება აღარ უცდიათ.

ცუდი მშვიდობა

1951 წლის ივნისისთვის ომი ჩიხში შევიდა. დიდი დანაკარგების მიუხედავად, ორივე მხარეს დაახლოებით მილიონიანი არმია ჰყავდა. კონფლიქტის მონაწილეებისთვის ნათელი გახდა, რომ გონივრულ ფასად სამხედრო გამარჯვების მიღწევა შეუძლებელი იყო. 8 ივლისს პირველი მოლაპარაკებები გაიმართა. სისხლისმღვრელი ბრძოლები კიდევ ორ წელიწადს გაგრძელდა, თუმცა 1953 წლის ივლისში ომის შეწყვეტამდე, ფრონტის ხაზი დიდად აღარ შეცვლილა.

მხარეები სამხედრო ტყვეების რეპატრიაციაზე შეთანხმდნენ. ჩრდილოეთკორეელებისა და ჩინელების მესამედმა სამშობლოში დაბრუნება არ მოისურვა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთკორეელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტური ჩინეთის მოქალაქე იყო, რომლებიც ჩრდილოეთის არმიაში იბრძოდნენ.

დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელიც პრეზიდენტად 1952 წლის ნოემბერში აირჩიეს, კორეაში ჩავიდა, რათა ენახა, რის გაკეთება შეიძლებოდა ომის დასასრულებლად. თუმცა 1953 წლის 5 მარტს სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა მხარი ომის დასრულებას დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას იმავე წლის 27 ივლისს მოეწერა ხელი, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთი კორეა ომის გაგრძელების მომხრე იყო. საზღვარი დაახლოებით 38-ე პარალელზე დაფიქსირდა, მის გარშემო გამოცხადდა დემილიტარიზებული ზონა. ამ ტერიტორიას დღემდე იცავენ ჩრდილოეთიდან კსდრ-სა და სამხრეთიდან – ამერიკელთა და სამხრეთკორეელთა ჯარები. ხოლო სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის, რომლითაც ომი დასრულდებოდა, ხელი არ მოუწერიათ.

ამერიკელთა ავიაციის თავდასხმა ჩრდილოეთი კორეის რკინიგზაზე

1954 წელს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ჟენევაში სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. 1958 წელს აშშ-მა კორეაში ბირთვული იარაღი განალაგა, რომელიც 1991 წელს გაიტანეს. ამავე წელს ორივე კორეამ, გაეროს შუამავლობით ხელი მოაწერა შერიგების, თავდაუსხმელობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ჩრდილოეთმა და სამხრეთმა, ფაქტობრივად, აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი და პირობა დადეს, რომ ერთმანეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდნენ. მაგრამ 2010 წელს სამხრეთკორეული კორვეტის "ჩხონანის" ჩრდილოეთკორეული წყალქვეშა ნავის მიერ ჩაძირვის შემდეგ სამხრეთმა კორეამ შეთანხმებების დეზავუირება მოახდინა.

2013 წლის სარაკეტო კრიზისის შემდეგ კი ჩრდილოეთმა კორეამ მიიჩნია, რომ მისთვის ძალაში აღარ არის არც 1953 წლის და არც 1991 წლის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. აპრილის სარაკეტო კრიზისი დაიწყო ჩრდილოეთ კორეის მიერ 2012 წლის 12 დეკემბერს თანამგზავრის გაშვებითა და 2013 წლის 12 თებერვლის ბირთვული გამოცდით. უკიდურესი სიმკვეთრე შეიძინა კიმ ჩენ ინის რიტორიკამ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2011 წელს გახდა. 2013 წელს ოფიციალური ფხენიანი აცხადებდა, რომ თავს უკვე სამხრეთთან საომარ მდგომარეობაში მყოფად მიიჩნევდა...

ცუდი ომი

კორეის ომი იყო პირველი შეიარაღებული კონფლიქტი ცივი ომის ეპოქაში. განადგურდა ორივე ქვეყნის სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის 80%. ომის პერიოდში სამხრეთიდან ჩრდილოეთში 280-დან 300 ათასამდე ადამიანი გადავიდა, ხოლო პირიქით – 650 ათასიდან 2 მილიონამდე.

სამხრეთ კორეის სარდლობა დარწმუნებულია, რომ ომის შეწყვეტის შემდეგ ჩრდილოეთს ყველა სამხედრო ტყვე არ გაუთავისუფლებია და ზოგი ათწლეულობითაც ჰყავდათ დატყვევებული. დაღუპულების, დაჭრილებისა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით აშშ-მა დაკარგა 38 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, ჩინეთმა, ოფიციალური ცნობებით – 390 ათასი, თუმცა ზოგიერთი სხვა წყაროს თანახმად, ბრძოლებში დაიღუპა, ავადმყოფობამ ან შიმშილმა იმსხვერპლა ერთი მილიონამდე ჩინელი ჯარისკაცი. მათ შორის, ბრძოლებში დაიღუპა მაო ძედუნის შვილიც. სამხრეთი კორეის სამხედრო მსხვერპლი 137 ათასზე მეტი დაღუპული და და 10 ათასამდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცია, ხოლო ჩრდილოეთი კორეის – 112 ათასზე მეტი დაღუპული და 120 ათასი – დაკარგული.

ომამდე თუ აშშ არ აპირებდა ტაივანის დაცვას, კორეის ომის შემდეგ კომუნისტური ჩინეთისთვის კუნძული მიუწვდომელი გახდა.

კორეის ომი აღინიშნა ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებით ორივე მხრიდან, რასაც ასეულ ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა.

საბჭოთა კავშირისთვის ომი უფრო წარუმატებლად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მის მიერ გაწეული დიდი დახმარების მაგალითი მეტყველი აღმოჩნდა და მესამე სამყაროს ბევრმა ქვეყანამ სოციალისტური გზა აირჩია საბჭოთა დახმარებების მისაღებად. თან ომმა დრო მოაგებინა სსრკ-ს, რომ საკუთარი ბირთვული პროგრამის ფართოდ გაშლა მოეხერხებინა, სანამ აშშ კორეის ომში იყო ჩაფლული. ცივი ომისდროინდელ ამ კონფლიქტს ხშირად მიიჩნევენ არაპირდაპირ ომად, ერთი მხრივ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს, და მეორე მხრივ, ჩინეთისა და სსრკ-ის ძალებს შორის.

რამაზ გურგენიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#82