ჯეინ გრეი ინგლისის ცხრადღიანი დედოფალი - კვირის პალიტრა

ჯეინ გრეი ინგლისის ცხრადღიანი დედოფალი

1554 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს ინგლისის ყოფილ დედოფალს, 16 წლის ჯეინ გრეის, რომელმაც მხოლოდ ცხრა დღეს იმეფა.

ის იყო პირველი ქალი, უგვირგვინო დედოფალ მატილდას შემდეგ (XII საუკუნე), რომელიც ინგლისის ტახტზე ავიდა. მისი ხანმოკლე მეფობის ისტორია ერთ-ერთი დრამატული ეპიზოდია ინგლისის ტახტისთვის ბრძოლაში, რომელშიც პატივმოყვარეობა და ძალაუფლების წყურვილი მჭიდროდ იყო გადახლართული რელიგიასთან.

ინგლისის ჩამოშორებამ კათოლიკური ეკლესიისგან რეფორმაციის პერიოდში, აგრეთვე ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის მრავალრიცხოვანმა ქორწინებებმა, გაართულა და აურდაურია ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ჰენრი VIII-ის პირველ ცოლთან, ეკატერინე არაგონელთან განქორწინებისა და მეორე ცოლის, ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯის შემდეგ, მეფის შვილები ამ ქორწინებებიდან - პრინცესა მერი და პრინცესა ელისაბედი - უკანონოდ შობილებად გამოცხადდნენ. ჰენრი VIII-ის მესამე ცოლის, ჯეინ სეიმურის ვაჟის, ედუარდის დაბადების კანონიერებაშიც ეჭვი შეიტანეს.

რიგითობის წესით, მათ შემდეგ ტახტი გადადიოდა მეფის უფროსი დის ქალიშვილზე, პრინცესა მარგარიტაზე. ამ უკანასკნელსაც აგრეთვე უკანონოდ შობილად მიიჩნევდნენ, რადგანაც მისი დედა მეორედ გათხოვდა ცოლიან გრაფ ანგუსზე. ტახტის შემდგომ პრეტენდენტად ითვლებოდა პრინცესა ფრენსისი, ჰენრი VIII-ის უმცროსი დის, მერის ქალიშვილი მისი მეორე ქორწინებიდან ჩარლზ ბრენდონთან, საფოლკის ჰერცოგთან.

მაგრამ აქაც არსებობდა იურიდიული წინააღმდეგობა, რადგანაც მერის ბრენდონთან დაქორწინებისას, ამ უკანასკნელს ცოლი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰყავდა. ფრენსისიც, ისევე როგორც დედამისი, ცოლად გაჰყვა უკვე დაოჯახებულ ჰენრი გრეის, დორსეტის მარკიზს, რომელმაც ბრწყინვალე ოჯახური წყვილის შექმნისთვის მიატოვა თავისი ცოლი კეტრინ ფიც-ალანი, გრაფ არუნდელის და. აქაც კვლავ გაჩნდა ეჭვი ქორწინების კანონიერებისა და ტახტზე ფრენსისის ქალიშვილის, ჯეინის მემკვიდრეობითი პრეტენზიების შესახებ, რომელზეც დედის უფლებები გადავიდა.

ელისაბედ  I

ბოლო რომ მოღებოდა დავას ტახტის მემკვიდრეობაზე, პარლამენტმა 1544 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც ჰენრი VIII-ს ისეთი განსაკუთრებული უფლება მიენიჭა, როგორიც ინგლისის არც ერთ მეფეს არ ჰქონია: "გადაეცა ტახტი ვისთვისაც უნდოდა ან სამეფო სიგელით, ან ანდერძით". ამ უფლებით ჰენრი VIII-მ 1546 წლის დეკემბერში ისარგებლა. მისი "ანდერძით", ტახტი მისი სიკვდილის შემდეგ უნდა გადასცემოდა ედუარდს; თუ მას შვილები არ ეყოლებოდა - მერის; თუ ისიც არ დატოვებდა მემკვიდრეებს - ელისაბედს; შემდგომ - ფრენსისსა და მის მემკვიდრეებს. 1547 წლის იანვარში ჰენრი VIII გარდაიცვალა. ტახტზე 10 წლის ედუარდ VI ავიდა. მაშინვე გაჩაღდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის, მის ზურგს უკან მდგომ დიდებულთა სხვადასხვა დაჯგუფებას შორის. დასაწყისში წარმატება მოიპოვა მეფის ბიძამ ედუარდ სეიმურმა, სომერსეტის ჰერცოგმა, რომელიც ლორდ-პროტექტორი (მცირეწლოვანი მეფის რეგენტი) გახდა.

იმ დროს ინგლისის რელიგიური ცხოვრების ქანქარა პროტესტანტიზმისკენ გადაიხარა. მთავრობა გამოხატავდა დიდებულებისა და თავადაზნაურობის ახალი ფენის, ჯენტრის ინტერესებს, რომელიც სამონასტრო ქონების სეკულარიზაციით გამდიდრდა და მისი წარმომადგენლები მიისწრაფოდნენ, გაეგრძელებინათ საეკლესიო საგანძურის დატაცება. ისინი კურსს რეფორმაციის შემდგომ გაღრმავებაზე იღებდნენ. დაიწყო ეკლესიების, სამლოცველოებისა და სხვადასხვა რელიგიური საძმოების ქონების აქტიური კონფისკაცია. 1549 წელს შემოიღეს პროტესტანტული ლოცვანი, მიიღეს პირველი "ერთგვაროვნების აქტი".

აიკრძალა ხატების გამოყენება, მღვდლების საზეიმო შემოსვა, ეკლესიის შენობის, განსაკუთრებით სამლოცველოს მდიდრულად მორთვა, შეიქმნა ეკლესიის შემდგომი "წმენდის" შესაძლებლობა. დაიტაცეს ყოველივე ღირებული, თვით საზეიმო ტანსაცმელიც კი. მაგალითს ლორდ-პროტექტორი იძლეოდა, რომელმაც ნაძარცვი სახსრებით სომერსეტის შესანიშნავი სასახლე აიშენა ლონდონის სტრენდზე, წმინდა მერის სახელობის დანგრეული ეკლესიის ადგილას. სომერსეტს არც სხვები ჩამორჩებოდნენ. საიდუმლო საბჭოში, მონარქის მრჩეველთა ორგანოში, მუდმივად შედიოდა საჩივრები, რომ კერძო პირები თავის სახლებს რთავდნენ საეკლესიო სამკაულებით, მაგიდებსა და საწოლებზე აფარებდნენ საეკლესიო ბისონს, ბევრი კი სადილზე ღვინოს საეკლესიო ბარძიმებით სვამდა.

1549 წლის შემოდგომაზე სომერსეტის რეჟიმი დაეცა. ედუარდ სეიმური ლონდონის ტაუერში დაამწყვდიეს და 1551 წელს სიკვდილით დასაჯეს. მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო ჯონ დადლიმ, გრაფმა უორიკმა, რომელიც აგრეთვე ლორდ-პროტექტორი გახდა. მსახურის შვილი, რომელმაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა, იყო ახალი თავადაზნაურობის ტიპური წარმომადგენელი. იგი სეკულარიზაციითა და საეკლესიო ქონების ძარცვით გამდიდრდა. სამონასტრო მიწების გარდა, უორიკის საგრაფოში დადლიმ მიითვისა ვესტმინსტერისა და დურჰემის ეპარქიის შემოსავლების დიდი ნაწილი. მოზარდი მეფე ედუარდი უსაზღვროდ ენდობოდა დადლის და მის მორჩილ იარაღად გადაიქცა პატივმოყვარული ზრახვების განხორციელების გზაზე. 1551 წლის სექტემბერში მეფე ედუარდმა დადლის ნორთუმბერლენდის ჰერცოგის ტიტული უბოძა და ის გახდა უმდიდრესი ადამიანი ინგლისში.

მის ხელთ აღმოჩნდა უძველესი სახლის უზარმაზარი მიწები. 1552 წლის ბოლოს "ნორჩი წმინდა ედუარდი", როგორც მას პროტესტანტები უწოდებდნენ, სერიოზულად გახდა ავად. ექიმებმა მას ჭლექი აღმოუჩინეს. მეფის ავადმყოფობამ ახალი დინასტიური კრიზისი წარმოშვა და პროტესტანტთა შორის დიდი მღელვარება გამოიწვია. ედუარდის მემკვიდრე იყო მისი უფროსი და მერი, რომელიც რწმენით კათოლიკე გახლდათ. 1551 წელსვე საფოლკის ახალი გრაფი გახდა ჰენრი გრეი, ჯეინ გრეის მამა.

ინგლისის მეფე ჰენრი VIII

ნორთუმბერლენდის ჰერცოგმა გადაწყვიტა, არ დაეშვა კათოლიკე მერის გამეფება და ტახტზე აეყვანა დედოფალი, რომელიც დაიცავდა როგორც პროტესტანტების, ასევე მის პირად ინტერესებსაც. ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა 16 წლის ჯეინი იყო. პრინცესა ელისაბედისგან განსხვავებით, რომელიც პროტესტანტი უფრო საჭიროების გამო იყო, ვიდრე მოწოდებით, ჯეინი ანგლიკანიზმის დოგმატებს მისდევდა. თანამედროვენი აღნიშნავდნენ "ჯეინის სილამაზესა და ბრწყინვალე გონებას".

იყო სიძველეების მცოდნე, იცოდა ლათინური, ძველბერძნული, ღვთისმეტყველება. აღნიშნავდნენ მის "ღრმა რელიგიურობას, რომელიც ზოგჯერ ფანატიზმამდე მიდიოდა". მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა ელისაბედთან შედარებით, ნორთუმბერლენდის ჰერცოგის აზრით, იმით გამოიხატებოდა, რომ შეიძლებოდა ჯეინის გათხოვება ჰერცოგის 17 წლის ვაჟ გილფორდზე, რითაც ტახტს თავის შთამომავლობას დაუმკვიდრებდა. ლორდ-პროტექტორის ჩანაფიქრით, მას უნდა დაეყოლებინა ედუარდი, რომ "ჭეშმარიტი რწმენის" ინტერესებისთვის ტახტის მემკვიდრეობის წესი შეეცვალა და მასზე უფლებები მერისა და ელისაბედისთვის ჩამოერთმია: პირველისთვის - "ჯიუტი ერეტიკოსობის" მიზეზით, მეორისთვის კი როგორც უკანონოდ შობილისთვის, და ტახტი ჯეინისთვის ეანდერძა.

მეფის ავადმყოფობას ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ევროპის სახელმწიფოები, პირველ რიგში, საფრანგეთი და ესპანეთი, რომლებიც კონტინენტზე ჰეგემონობისთვის იბრძოდნენ. ინგლისში დინასტიური კრიზისის შედეგზე დამოკიდებული იყო არა მარტო იმ ეპოქისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური საკითხი, არამედ ქვეყნის საგარეო ორიენტაციაც. მერის გამეფება კათოლიციზმის ტრიუმფსა და ესპანეთის გამარჯვებას მოასწავებდა, ნახევრად ესპანელი მერის პროესპანური სიმპათიები კარგად იყო ცნობილი. ვენეციის ელჩის, ლ. სორენცოს სიტყვებით, "მერი იყო კარლოს V-ზე უფრო ესპანელი".

ესპანეთის მეფე კარლოს V-მ, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებით შეშფოთებულმა (მისმა ელჩმა ინგლისური არ იცოდა და ცნობებს კრეფდა ჭორებისგან, რომლებიც აგენტებს მიჰქონდათ), ელჩის დასახმარებლად სამი დიპლომატის გაგზავნა გადაწყვიტა. მათ შორის იყო კარლოს V-ის ნდობით აღჭურვილი პირი სიმონ რენარი, რომელსაც ცბიერებისთვის "მელაკუდა" შეარქვეს და რომელიც შემდგომში დედოფალ მერის მთავარი მრჩეველი გახდა.

არ თვლემდა საფრანგეთის დიპლომატიაც. ჯერ კიდევ აპრილში, საფრანგეთის ელჩი ა. დე ნუალი, რომელიც ესპანელ კოლეგაზე უფრო სანდო ინფორმაციას იღებდა, პარიზს აცნობებდა "მეფის სიკვდილის შემთხვევაში შესაძლო გადატრიალებაზე ჯეინ გრეის სასარგებლოდ". პროტესტანტი ჯეინი, რომელიც ინგლისში იმეფებდა პროფრანგულად განწყობილი ჰერცოგ ნორთუმბერლენდის კონტროლით, უფრო მეტად სასურველი იყო საფრანგეთის კათოლიკე მეფისთვის, ვიდრე ერთმორწმუნე მერი. ამიტომაც, საფრანგეთის მეფე ანრი II-მ დე ნუალს მოსთხოვა, ყველა საშუალებით მხარი დაეჭირა ნორთუმბერლენდის ზრახვებისთვის.

ლედი ჯეინ გრეის სიკვდილით დასჯა

მაისში მეფე ედუარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. ექიმების დასკვნით, ის ორ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებდა. მთავრობის დიდი მცდელობის მიუხედავად, ამბის დამალვა ვერ მოხერხდა. ლონდონში სხვადასხვა ჭორი დადიოდა. "ნორთუმბერლენდი, - ამბობდნენ ერთნი, - აპირებს მეფედ გახდომას". "ის ცოლს გაშორდა, სურს პრინცესა მერიზე დაქორწინება", - ამბობდნენ მეორენი. კიდევ უფრო ფანტასტიკურ ჭორებს ავრცელებდნენ უცხოელი მეზღვაურები: "ჰერცოგმა მეფე მოწამლა და ახლა პრინცესა მერის მოწამვლაც სურს".

ჰერცოგი ნორთუმბერლენდი თავისი გეგმების განხორციელებას არ ჩქარობდა. მან შეძლო თავის მხარეზე გადაებირებინა პატივმოყვარე ლორდი გრეი და მისი ცოლი, რომლებიც არ იყვნენ წინააღმდეგი, თავიანთი ასული ინგლისის ტახტზე აეყვანათ. ცხადია, მათ არ აღელვებდათ, რომ ჯეინს არავითარი გრძნობა არ გააჩნდა უხეში და ვულგარული გილფორდისადმი, საქმე ხომ მეფის გვირგვინს ეხებოდა. შეთქმულებაში ჩაითრიეს ლორდები პემბროკი და ჰიუტინგტონი. და აი, ბზობის კვირას, 1553 წლის 25 მაისს, ლონდონელები ერთბაშად სამი ქორწინების მოწმენი გახდნენ, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

დაქორწინდნენ: ჯეინი და გილფორდი;

ლორდი ჰერბერტი, გრაფ პემბროკის უფროსი ვაჟი და ეკატერინე გრეი, ჯეინის და;

ლორდი ჰასტინგსი, გრაფ ჰიუტინგტონის ვაჟი და ეკატერინე დადლი, ჰერცოგ ნორთუმბერლენდის ქალიშვილი.

16 ივნისს ედუარდმა, რომელიც სიკვდილის პირას იყო და ხელოვნურად აძლებინებდნენ აღმოსავლური საშუალებებით, შეადგინა "ანდერძი", რომლითაც მან ტახტი ჯეინს გადასცა. მომაკვდავ მეფეს სჯეროდა, რომ ამ ღონისძიებით მან ინგლისს პაპიზმის ტრიუმფი აარიდა. საიდუმლო საბჭოს ბევრ წევრს, მათ შორის კენტერბერის არქიეპისკოპოს თ. კრანმერსაც, ეჭვი ეპარებოდა ამ ნაბიჯის კანონიერებაში, ეყრდნობოდნენ რა 1544 წლის პარლამენტის აქტს, რომელიც კრძალავდა ჰენრი VIII-ის მიერ დაწესებული ტახტის მემკვიდრეობის რიგის შეცვლას.

მაგრამ მეფის დაჟინებულ მოთხოვნას ისინი დაემორჩილნენ. 21 ივნისს საბჭოს 24-ივე წევრმა და 12-მა უზენაესმა მოსამართლემ "ანდერძს" ხელი მოაწერეს და მეფეს შეჰპირდნენ, რომ ყველანაირად მხარს დაუჭერდნენ ლედი ჯეინს, როგორც მომავალ დედოფალს და არასოდეს უღალატებდნენ მას. ტახტზე მერის შესაძლო პრეტენზიებისგან თავი რომ დაეზღვია, ნორთუმბერლენდმა გადაწყვიტა, დაეპატიმრებინა მერიც და ელისაბედიც ჯერ კიდევ მეფის სიკვდილამდე. 3 ივლისს მათ გაუგზავნეს საიდუმლო საბჭოს მიწერილობა, მეფესთან გრინვიჩში გამოცხადებულიყვნენ. 6 ივლისს ედუარდ VI გარდაიცვალა.

როცა ინგლისში ედუარდ VI გამეფდა, ის 10 წლის იყო, 16 წლის ასაკში კი გარდაიცვალა

ნორთუმბერლენდის ჰერცოგს არ სურდა მეფის სიკვდილის გამჟღავნება მერის დაპატიმრებამდე. 7 ივლისის დილას მერის დასაპატიმრებლად გაიგზავნა ჰერცოგის ვაჟი რობერტი, ცხენოსანი ბადრაგით. მაგრამ გავიდა ორი დღე და რობერტისგან არაფერი ისმოდა. ამან ნორთუმბერლენდი აიძულა, ჯეინის დედოფლად გამოცხადება დაეჩქარებინა. 9 ივლისს გრინვიჩის სასახლეში მიიწვიეს ლონდონის ლორდ-მერი და ლომბარდსტრიტის 20 უმდიდრესი ვაჭარი, რომლებმაც ჰერცოგის ზეგავლენით მეფის "ანდერძს" ხელი მოაწერეს. ამის შემდგომ, ნორთუმბერლენდი საბჭოს წევრებთან ერთად გაემგზავრა სიონში, თავის ქალაქგარეთა რეზიდენციაში თემზაზე, სადაც შედგა ჯეინისთვის, როგორც ინგლისის ახალი დედოფლისთვის, ფიცის მიცემის ცერემონია. ლორდებმა პემბროკმა და არუნდელმა მუხლი მოიყარეს ჯეინის წინაშე, ხელზე ემთხვივნენ და პატიოსნება დაიფიცეს, რომ მისთვის თავს გასწირავდნენ.

უმეფობის დღეები ამგვარად დასრულდა. ჰერცოგი ნორთუმბერლენდი გამარჯვებას ზეიმობდა. 10 ივლისს ახალი დედოფალი ზარბაზნების გრიალში, საზეიმოდ შევიდა ტაუერის აპარტამენტში. ჰეროლდებმა მოსახლეობას ოფიციალურად ამცნეს ედუარდის სიკვდილი და ჯეინის დედოფლად გამოცხადება. ლონდონელებმა ეს ცნობა მშვიდად მოისმინეს, თუმცა, განსაკუთრებული სიხარულის გარეშე. მხოლოდ ერთმა კაცმა, "ლონდონის რუხი ძმების" (ასე უწოდებდნენ ფრანცისკანელებს ინგლისში) ქრონიკის მონაცემებით, მოსამართლე ჯ. პორტერმა ღიად სცადა ტახტზე ჯეინის უფლებების გასაჩივრება, მაგრამ თავხედობისთვის ის სასტიკად დასაჯეს – ენა და ყურები მოაჭრეს.

ამის გარდა, ახალი მეფობის პირველი დღე გააფუჭა ჩხუბმა მეფის ოჯახში. "საღამოს, ვახშმის შემდეგ, - აღნიშნავდა ტაუერის უსახელო მემატიანე, ავტორი "დედოფალ ჯეინის ქრონიკისა", - როცა დედოფალი გვირგვინს იზომებდა, ის მოულოდნელად გააოცა ცნობამ, რომ მასთან ერთად გვირგვინი უნდა დაედგათ მისი ქმრისთვის, გილფორდისთვისაც". ჯეინმა ამაზე მტკიცე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ მეფის რანგში კაცის ამაღლება მხოლოდ პარლამენტს შეეძლო. ატყდა სკანდალი, გააფთრებულმა ნორთუმბერლენდის ჰერცოგინიამ, ჯეინის დაყოლიების უშედეგო ცდების შემდეგ, გილფორდი თან წაიყვანა და განაცხადა, რომ " თავის ვაჟს ასეთ უმადურ ცოლთან არ დატოვებს".

ამასობაში პრინცესა მერი ნორფოლკში, კენინგის სიმაგრეში გაიქცა. კენინგი ეკუთვნოდათ მერის მომხრეებს, კათოლიკე ჰოვარდებს, ნორთუმბერლენდის დაუძინებელ მტრებს. 9 ივლისს, ანუ ჯეინის დედოფლად ოფიციალურ გამოცხადებამდე, მერიმ თავი დედოფლად გამოაცხადა, დაგზავნა წერილები ყველა საგრაფოში, ქალაქსა და საიდუმლო საბჭოში მოწოდებით, "დამორჩილებოდნენ მას, როგორც ინგლისის კანონიერ დედოფალს". მერის საყრდენი გახდა ინგლისის აღმოსავლეთი საგრაფოების, ნორფოლკისა და საფოლკის გლეხობა, რომლებიც კათოლიზმის ერთგულნი იყვნენ.

ეს არ იყო შემთხვევითი. რეფორმაცია, რომელიც მთავრობის დაჟინებით ზევიდან ტარდებოდა, ხალხის თვალში ნიშნავდა არა მარტო საეკლესიო საგანძურთა გაძარცვასა და მიწით სპეკულაციას, არამედ ე.წ. შემოღობვების გაძლიერებას, მიწის ახალი მფლობელების მიერ გლეხების მიწიდან აყრას. ამიტომ ხალხთა მასებში რეფორმაციას მხარს დიდად არ უჭერდნენ. მერის მხარი დაუჭირა აგრეთვე ამ საგრაფოების წვრილი თავადაზნაურობის საკმაო ნაწილმა, არადა, მათ შორის ბევრი იყო პროტესტანტი. ეს პარადოქსი იმით აიხსნება, რომ მერიმ საგანგებო პროკლამაცია გამოაქვეყნა. იგი დაპირებას იძლეოდა, რომ არ შეცვლიდა არსებულ რელიგიას და პროტესტანტული რელიგიის ბურჯი იქნებოდა.

ჯონ დადლი, ნორთუმბერლენდის ჰერცოგი, პირადად იყო დაინტერესებული ჯეინ გრეის ტახტზე ასვლით

მერის წარმატების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მისი კათოლიკური შეხედულებები უცნობი იყო პროვინციელი თავადაზნაურობის ფართო მასებისთვის და პროტესტანტული თავადაზნაურობაც აღდგა მერის, როგორც ტახტის კანონიერი მემკვიდრის დასაცავად. მერის მხარეს იყო ქალაქების უმრავლესობაც. 12 ივლისს მერი დედოფლად გამოაცხადეს ნორიჩის სავაჭრო მოედანზე, კოვენტრიმ და კოლჩესტერმა უარი თქვეს ჯეინის დედოფლად ცნობაზე. მერის მიემხრო ბათის გრაფი, ლორდი მორდაუნტი და სხვები, ასევე უამრავი უბრალო ხალხი.

დიდი ჰერცოგი მერის შესაპყრობად დაიძრა. 14 ივლისს ნორთუმბერლენდი ლონდონიდან გავიდა ესპანელ და გერმანელ დაქირავებულთა რაზმებით, რომლებიც შედგებოდა 1 ათასი მხედრის, 2 ათასი ქვეითისა და 40 ზარბაზნისგან. XVI საუკუნის ინგლისს, რომელმაც წითელი და თეთრი ვარდების სისხლისმღვრელი ომი გადაიტანა, კვლავ სამოქალაქო ომი დაემუქრა. მერი გადავიდა უფრო უსაფრთხო ადგილას, მდინარე ორზე მდებარე ფრამლინგემის ციხესიმაგრეში.

მდგომარეობა მკვეთრად შეცვალა მერის მხარეს ფლოტის გადასვლამ. ამ ცნობამ ჯეინის მომხრეებს თავზარი დასცა. მერის მომხრეთა რიცხვი იზრდებოდა: მას მიემხრნენ ლორდი უინძორი, სერ ჰასტინგსი, ლორდი დერბი. ნორთუმბერლენდის არმიამ ბრძოლაზე უარი განაცხადა. ჯეინის ხელში ლონდონი რჩებოდა. ნორთუმბერლენდმა საფრანგეთის მეფეს სთხოვა 6 ათასი ფრანგი ჯარისკაცი და სანაცვლოდ შესთავაზა კალე – ინგლისელთა უკანასკნელი საყრდენი პუნქტი კონტინენტზე. მაგრამ უკვე გვიანი იყო: 16 ივლისს ლონდონში გავრცელდა ხმა, რომ "მერი დედაქალაქზე 40-ათასიანი ჯარით მოდიოდა", ქალაქი აზუზუნდა და ფუტკრის სკას დაემსგავსა... საღამოს ხალხის ბრბო ქუჩებში ჩირაღდნებით ხელში გაჰყვიროდა: "გაუმარჯოს დედოფალ მერის!"

მთავრობა დაბნეული იყო და მდგომარეობას ვერ აკონტროლებდა. მეფის ოჯახშიც დაპირისპირება არ წყდებოდა. სანამ დედოფლის ქმარი გილფორდი თავის დედოფალ ცოლს გვირგვინისთვის ეკამათებოდა, საიდუმლო საბჭოს წევრებს შორის შეთქმულება მომზადდა, რომლის ინიციატორებიც გახდნენ ლორდი პემბროკი და ლორდი არუნდელი, რომელიც დიდხანს ინახავდა გულში შურისძიების გრძნობას დედოფალ ჯეინის მამის, თავისი ყოფილი სიმამრისა და ერთ დროს საუკეთესო მეგობრის მიმართ. 16 ივლისს საღამოს, მათ ფარულად დატოვეს ტაუერი, თავი ბერნარდის ციხესიმაგრეს შეაფარეს და მერის მომხრეებს დაუკავშირდნენ.

საფოლკის ჰერცოგსა და დედოფალ ჯეინის ერთგულ ლორდებს კი მდგომარეობის ხსნა სურდათ. ტაუერის დაცვა გაორმაგდა. 18 ივლისს ჯეინის წერილი გაეგზავნა ლორდ ოქსფორდს მოთხოვნით, "ჯარები ლონდონისკენ დაეძრა დედოფლის დასახმარებლად". მაგრამ ცდა ამაო აღმოჩნდა. ღალატის სულისკვეთება სულ უფრო ვრცელდებოდა საიდუმლო საბჭოში. 18 ივლისს, პარიზში გაგზავნილ მოხსენებაში, დე ნუალი წერდა: "დედოფლის ერთგულები არიან ჰერცოგი საფოლკი, კრანმერი და ედუარდის აღმზრდელი ჯონ ჩიკი, დანარჩენებმა ან უკვე უღალატეს დედოფალს, ან ახლა აპირებენ ამის გაკეთებას".

19 ივლისს ჯეინის მომხრეებს უკანასკნელი იმედიც გადაეწურათ. მათ შეიტყვეს, რომ მერის მხარეს ლორდი ოქსფორდიც გადავიდა. ამან ფინალი დააჩქარა. დღისით საიდუმლო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ბერნარდის ციხესიმაგრეში მივიდა, სადაც პემბროკი და არუნდელი იმყოფებოდნენ. აქ ლონდონის ლორდ-მერის თანდასწრებით შეადგინეს პროკლამაცია "დედოფალ ჯეინის, ტახტის უკანონოდ მიმტაცებლის დამხობის შესახებ". საღამოს ჩიპსაიდში ჰეროლდებმა მერი საზეიმოდ გამოაცხადეს "ინგლისის კანონიერ დედოფლად".

ლონდონში ამ ცნობამ დიდი სიხარული გამოიწვია. ხალხი ნორთუმბერლენდის საძულველი მთავრობის დამხობას ზეიმობდა. "ხალხი თითქოს ჭკუიდან შეიშალა, - წერდა საფრანგეთის ელჩი, - ტირიან, ერთმანეთს ეხვევიან, კოცნიან, სიმღერებს მღერიან და ქუჩებშიც ცეკვავენ". ვაჭართა გილდიებმა ფული არ დაინანეს და მერის პატივსაცემად გრანდიოზული ბანკეტი გამართეს, ქუჩებში ღვინით სავსე კასრები გამოაგორეს.

დედოფალ ჯეინის 9 დღიანი მეფობა დასრულდა. ჰერცოგმა საფოლკმა, თვითონ ჩამოიყვანა თავისი ასული სამეფო ტახტიდან: "ჩამოდი, ჩემო შვილო, - მწუხარედ თქვა მან, - აქ უკვე აღარ არის შენი ადგილი". საღამოს ჯეინი, მისი მეუღლე გილფორდი და ჰერცოგი საფოლკი დააპატიმრეს. ორი დღის შემდეგ მათ შეუერთდათ ჰერცოგი ნორთუმბერლენდი, რომელიც მიხვდა, რომ თამაში წაგებული იყო და თავისი ჯარით დანებდა კემბრიჯში. ტაუერის გზაზე ის კინაღამ დაფლითა გააფთრებულმა ბრბომ, რომელიც ქვებს ესროდა.

პროტესტანტული შეთქმულების მონაწილეთა შემდგომი ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართა. პირველად ეშაფოტზე აიყვანეს გადატრიალების ინიციატორი ნორთუმბერლენდის ჰერცოგი. სიცოცხლის გადასარჩენად მან კათოლიკობა მიიღო, მაგრამ თავი ვერ გადაირჩინა: 21 აგვისტოს, მამამისის სიკვდილით დასჯის წლისთავზე, ნორთუმბერლენდს თავი მოჰკვეთეს. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს მისი მომხრეები დ. ჰეიტი და თ. პალმერი. სხვა სიკვდილმისჯილებს - ნორთუმბერლენდის სამ ვაჟს, მის ძმასა და მარკიზ ნორთჰემპტონს სიცოცხლე კათოლიკობის მიღებამ შეუნარჩუნა. ჯეინის მამა, ჰერცოგი საფოლკი, დედოფალმა მერიმ შეიწყალა და გაათავისუფლეს კიდეც.

ჯეინის ბედი დიდხანს იყო გაურკვეველი. რენარის გააფთრებული მცდელობის მიუხედავად, მერის არ სურდა სიკვდილით დაესაჯა თავისი ბიძაშვილი, რომელიც ნორთუმბერლენდის პატივმოყვარეობის მსხვერპლი გახდა. ყოფილი დედოფლის ხვედრი გადაწყვიტა 1554 წლის იანვრის აჯანყებამ კენტის საგრაფოში თომას უაიატის მეთაურობით, რომელშიც რაინდები და გლეხები მონაწილეობდნენ. აჯანყება მიმდინარეობდა უფრო ანტიესპანური, ვიდრე ანტიკათოლიკური ლოზუნგებით და მიმართული იყო მერისა და ფილიპე ჰაბსბურგის (ესპანეთის მომავალი მეფე ფილიპე II) მომავალი ქორწინების წინააღმდეგ, რომელიც ინგლისის დამოუკიდებლობას ემუქრებოდა.

აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს საფოლკის ჰერცოგმა და მისმა ძმამაც, რომლებმაც, თუ ინგლისელი მემატიანის, რაფაელ ჰოლინშედის "ქრონიკებს" ვერწმუნებით, უორიკის საგრაფოში აჯანყება დაიწყეს და შეეცადნენ, ჯეინი კვლავ გამოეცხადებინათ ინგლისის დედოფლად. 1554 წლის 9 თებერვალს, აჯანყების ჩახშობისა და უაიატის შეპყრობიდან ორი დღის შემდეგ, მერიმ ხელი მოაწერა ჯეინისა და მისი ქმრის სიკვდილით დასჯის განაჩენს. განაჩენი 12 თებერვალს, ტაუერის კოშკის გორაზე აღასრულეს. ჯერ გილფორდს მოჰკვეთეს თავი, ორი საათის შემდეგ ჯეინის რიგიც დადგა. ზუსტად შუადღეს, სრულად შავებში ჩაცმული ჯეინი, ლოცვანით ხელში, დილეგიდან გამოვიდა და ეშაფოტისკენ გაემართა.

ეშაფოტი აღმართული იყო ტაუერის მდელოებს შორის, სადაც ოდესღაც სიკვდილით დასაჯეს ჰენრი VIII-ის ცოლები ანა ბოლეინი და ეკატერინე ჰოვარდი. ჯეინმა ილოცა, ფსალმუნი წაიკითხა, თვითონ აიხვია თვალები თეთრი სახვევით და წაიჩურჩულა: "გთხოვთ, მალე დაამთავრეთ". ჯეინმა კუნძზე დადო თავი. მერიმ აიძულა ჯეინის მამა, ჰერცოგი საფოლკი, თავისი ასულის სიკვდილით დასჯას დასწრებოდა. სამი დღის შემდეგ კი, 15 თებერვალს, მას უაიატთან ერთად მოჰკვეთეს თავი.

ამ დროიდან მოყოლებული, ინგლისში აშკარა "კათოლიკური რეაქცია", სხვაგვარად, კონტრრეფორმაცია დაიწყო...

რაკი ჯეინ გრეი ტახტის მიმთვისებლად შეირაცხა, დედოფალი მერი I (ჩვენთან ასევე ცნობილია, როგორც მარიამ I ტიუდორი) ისტორიაში შევიდა, როგორც ინგლისის პირველი დედოფალი. მას აგრეთვე მერი სისხლიანსა და მერი კათოლიკეს უწოდებდნენ. მან ხუთ წელიწადს იმეფა, 1558 წლამდე. მერისთვის სამშობლოში არც ერთი ძეგლი არ დაუდგამთ, მისი გარდაცვალებისა და მომდევნო დედოფლის ტახტზე ასვლის დღე კი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.

მომდევნო დედოფალი კი გახდა ელისაბედ I - მეფე ჰენრი VIII-ისა და ანა ბოლეინის ქალიშვილი, ტიუდორების ირლანდიური დინასტიის ბოლო მონარქი ინგლისის ტახტზე. მან 45 წელიწადს იმეფა, მის დროს მოღვაწეობდნენ უილიამ შექსპირი და ფრენსის ბეკონი, გაანადგურეს ესპანეთის "უძლეველი არმადა", შეიქმნა ოსტინდოეთის კომპანია... ელისაბედ I-ის მმართველობას ინგლისის "ოქროს ხანა" უწოდეს.

ალექსანდრე ურთქმელიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი",#82