დაუსრულებელი ფინალი - კვირის პალიტრა

დაუსრულებელი ფინალი

1972 წლის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირში დამარცხებას წაგებული გუნდი დღემდე არ აღიარებს

1972 წლის 10 სექტემბერს, მიუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფინალში, ერთმანეთს აშშ-ისა და სსრკ-ის საკალათბურთო ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული აღმოჩნდა კალათბურთისა და საერთოდ, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ ფინალში, საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ორი ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა - ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია.

სამწუხაროდ, ამ ოლიმპიადაზე მოხდა ტერაქტი, შედეგად, თამაშების დასრულებამდე ხუთი დღით ადრე ისრაელის დელეგაციის 11 წევრი დაიღუპა. საყოველთაო შოკის მიუხედავად გადაწყდა, ოლიმპიადა დაესრულებინათ. 10 სექტემბერი სწორედ ბოლო დღე იყო.

1936 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის საკალათბურთო ნაკრებმა შვიდი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. 1972 წლის ფინალი იყო დაპირისპირება სპორტულ და პოლიტიკურ მეტოქეებს შორის. აშშ-ს ჰყავდა ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში, ძირითადად, საერთაშორისო ასპარეზზე გამოუცდელი კოლეჯის გუნდების მოთამაშეებით დაკომპლექტებული, საბჭოთა ნაკრები კი უკვე ტიტულოვანი გუნდი იყო. გამოცდილმა და კარგად გაწვრთნილმა საბჭოთა ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქე იყო, ვინც კი ოდესმე აშშ-ის ნაკრებს დაპირისპირებია.

"დიდებული გუნდი ჰყავდათ, - იხსენებს აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯონ ბახი, - მათ თითქმის 400 მატჩი გამართეს. 400 შეხვედრა! ჩვენმა ნაკრებმა კი მხოლოდ 12-ჯერ ითმაშა, ისიც არაოფიციალურ, საჩვენებელ და ამხანაგურ შეხვედრებში".

ფინალურის თამაშის დასასრულს ამერიკელმა დაგ კოლინზმა ორი საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო და ანგარიში 50:49 გახდა ამერიკელთა სასარგებლოდ. საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სერგეი ბაშკინმა გააპროტესტა, რომ კოლინზმა მეორე საჯარიმო ბურთი მას შემდეგ ისროლა, რაც სსრკ-ის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ კონდრაშინმა წუთშესვენება ითხოვა. მაშინდელი წესების თანახმად, მთავარ მწვრთნელს შეეძლო წუთშესვენება მოეთხოვა საჯარიმო სროლამდე, ან თუნდაც საჯარიმო სროლებს შორის. მთავარმა მსაჯმა რენატო რიგეტომ შედეგი არ გააუქმა. საბჭოთა კავშირის ნაკრებს სამი სათამაშო წამი რჩებოდა.

თამაში განახლდა, მსაჯისგან ბურთი ალჟან ჟარმუხამედოვმა მიიღო და პასი სერგეი ბელოვს გადააწოდა, თუმცა რიგეტომ თამაში შეაჩერა საბჭოთა ნაკრების სათადარიგო სკამთან არეულობის გამო. სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელები აპროტესტებდნენ, რომ მათი მოთხოვნა წუთშესვენების აღებაზე არ დააკმაყოფილეს. ოფიციალურ წამზომზე 1 წამი რჩებოდა.

მაშინდელი წესების თანახმად, თუ მსაჯს წუთშესვენების აღება სურდა, ან მსაჯთა კომისიისთვის პირადად უნდა მიემართა, ან საგანგებო ღილაკი გამოეყენებინა. კონდრაშინის თქმით, მან ღილაკი გამოიყენა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეხვედრის მსაჯები არ იყვნენ ინფორმირებული მისი მოთხოვნის შესახებ. მოგვიანებით კონდრაშინი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერზე შესანიშნავად ჩანს წითელი შუქი, რაც სწორედ წუთშესვენების მოთხოვნას გულისხმობს, და რომ ეს მსაჯთა კომისიამაც დააფიქსირა.

რობერტ ედელმანი, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სპორტის მკვლევარი, აღნიშნავს, რომ ისეთ გამოცდილ და საერთაშორისო წესების უმაღლეს დონეზე მცოდნე მწვრთნელს, როგორიც კონდრაშინია, ასეთი მარტივი რამ არ შეეშლებოდა და რომ ყველაფერი გერმანულ საორგანიზაციო კომისიასა და რუსეთის დელეგაციას შორის გაუგებრობის ბრალი იყო. მისი თქმით, კონდრაშინმა უარი თქვა წუთშესვენებაზე პირველ საჯარიმო სროლამდე, გერმანელებმა კი მიიჩნიეს, რომ იგი წუთშესვენების აღებაზე საერთოდ უარს ამბობდა.

ჰანს ტენშერტი, პირი, რომელსაც ტაბლოს კონტროლი ევალებოდა, ამბობდა, რომ საბჭოთა გუნდის მწვრთნელებმა დააგვიანეს ღილაკზე თითის დაჭერა და წუთშესვენების მოთხოვნა. რენატო-უილიამ ჯონსი, ფიბა-ს (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის) გენერალური მდივანი კი ამას გერმანელების ადამიანურ შეცდომად მიიჩნევდა. ამერიკელებმა მოითხოვეს სსრკ-ის ნაკრებისთვის ტექნიკური შენიშვნის მიცემა, რადგან სწორედ მათმა მწვრთნელმა გამოიწვია არეულობა სათადარიგო სკამზე და თამაშის შეჩერება.

შეხვედრის მთავარი მსაჯის, რენატო რიგეტოს თქმით, ვითარების გაანალიზების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ დამატებითი დრო არ დაინიშნებოდა და ტექნიკური შენიშვნა არც კონდრაშინის ნაკრებისთვის მიუციათ.

კონდრაშინმა ალჟან ჟარმუხამედოვი ივან ედეშკოთი შეცვალა, რომელსაც მსაჯებმა ბურთი მისცეს თამაშში შესატანად. მას ტომ მაკმილენი აქტიურად უშლიდა ხელს. ედეშკომ პასი მოდესტას პაულაუსკასს მიაწოდა და სანამ ის ბურთს ტყორცნიდა, აშკარად სამ წამზე ადრე, გაისმა სირენა. მაყურებლებმა და მოთამაშეებმა ის თამაშის დასრულების მაუწყებლად მიიჩნიეს. ამერიკელები უკვე გამარჯვებას ზეიმობდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ სირენით თამაში კი არ დასრულდა, არამედ შეწყდა, რადგან ოფიციალური ტაბლო, ყველასთვის მოულოდნელად, 50 წამს აჩვენებდა. სეკუნდომეტრისტი იოზეფ ბლატერი სწრაფად ვერ გაერკვა მარეგულირებელ ღილაკებში, მსაჯებმა კი ყურადღება აღარ მიაქციეს, რომ დრო არ იყო დაყენებული და თამაში განაახლეს. შემდეგ კი სწრაფადვე შეწყვიტეს, როცა შეცდომა შენიშნეს.

ტაბლო გაასწორეს და კვლავ სამ წამზე დააყენეს, ამას დაჟინებით მოითხოვდა რენატო-უილიამ ჯონსიც. როგორც შემდეგ ჯონსთან დაახლოებული პირი აცხადებდა, მას აზრადაც არ მოსვლია, რომ საბჭოთა ნაკრები ბურთის ჩაგდებასა და თამაშის შემოტრიალებას მოახერხებდა.

თამაში მესამედ განახლდა და სსრკ-ის ნაკრებს მორიგი შანსი მიეცა. ბურთი თამაშში კვლავ ივან ედეშკომ შეიყვანა, ოღონდ ამჯერად მაკმილენს მისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან მსაჯის ამკრძალავ ჟესტს დაემორჩილა. ედეშკო ამბობდა, რომ მაკმილენმა მსაჯის ცუდი ინგლისური ვერ გაიგო, თვით მაკმილენი კი იხსენებდა, რომ ყველაფერი შესანიშნავად გაიგო და ყველა წესის დარღვევით, მსაჯმა მას ედეშკოსთვის ხელის შეშლა აუკრძალა.

ედეშკომ სერგეი ბელოვს გრძელი პასი მიაწოდა მოედნის მეორე ბოლოში, მან ორი ამერიკელი მოთამაშე ჩამოიშორა და ორქულიანი ჩააგდო (მაშინ სამქულიანი სროლა არ არსებობდა). საბჭოთა ნაკრებმა 51:50 გაიმარჯვა. ედეშკოს გადაცემას მოგვიანებით საბჭოთა კავშირში "ოქროს გადაცემა" უწოდეს.

ფიბა-ს წესების თანახმად, თამაში არ შეიძლებოდა 40 წუთზე მეტხანს გაგრძელებულიყო, ამერიკელები აპროტესტებდნენ, რომ 3 წამის დამატება წესების დარღვევა იყო. გამარჯვებული ფიბა-ს ხუთწევრიანმა ჟიურიმ გამოავლინა და სამი ხმით ორის წინააღმდეგ, გამარჯვებულად სსრკ-ის ნაკრები გამოცხადდა. ეს სამი წევრი, რომლებმაც ხმა სსრკ-ის ნაკრებს მისცეს, იყვნენ უნგრეთის, პოლონეთისა და კუბის წარმომადგენლები.

აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაასაჩივრა, თუმცა არაფერი შეცვლილა და საქმე 1973 წელს დაიხურა.

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს ვერცხლის მედლების მიღებაზე და დღემდე უარს აცხადებენ, რადგან თავს გამარჯვებულებად მიიჩნევენ.

მაიკ ბანტომი, აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების წევრი, 1972 წლის ფინალის მონაწილე: "რუსი კალათბურთელებისადმი არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ბრალი მხოლოდ მსაჯებსა და ფიბა-ს წარმომადგენლებს მიუძღვით. ვერ ვიჯერებდით, რომ ისინი მათ ამდენ შანსს აძლევდნენ. ისე ჩანდა, თითქოს მანამდე მისცემდნენ თამაშის გაგრძელების საშუალებას, სანამ საწადელს არ მიაღწევდნენ. ყველაფერი რომ სკანდალისა და გაუგებრობის გარეშე დასრულებულიყო, დამსახურებულად რომ წაგვეგო, დიდი სიამაყით ვატარებდით ვერცხლის მედალს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ერთი წელიწადი გავა, ათი თუ ორმოცი - იმ მედლებს არ მივიღებთ, რომლებსაც ოქროს მედლების ნაცვლად გვთავაზობენ".

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვეძლო, ვერცხლის მედლებზე უარის თქმა იყო. ანდერძშიც კი ჩავწერე, რომ ჩემს ოჯახს, მეუღლეს, შვილებს არასოდეს ექნებათ უფლება მიიღონ 1972 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი!" – აშშ-ის ნაკრების კაპიტანი კენი დევისი.

"ეს ისეთი გრძნობაა, ერთ წუთს ჩიკაგოს რომელიმე ცათამბჯენში ზეიმობდე და მეორე წუთს ხელი გკრან და მე-100 სართულიდან გადმოგაგდონ. ამაზე საშინელი რამ ცხოვრებაში არ განმიცდია. იგივე მეორდება ყოველ ჯერზე, როცა დაჯილდოების ცერემონიას ვუყურებ, როცა ეროვნულ ჰიმნს ვუსმენ, ვგრძნობ, რომ გამარჯვება მოგვპარეს, ოქროს მედლები მკერდიდან აგვაგლიჯეს!" - დაგ კოლინზი.

სსრკ-ის ნაკრების წევრი ივან ედეშკო: "ამერიკელები შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს. იმ დროს ცივი ომი იყო. მათ, ბუნებიდან და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე, არ სურდათ დამარცხება და დამარცხების აღიარება. არაფერში არ სურდათ დამარცხება, განსაკუთრებით კი კალათბურთში".

იყო მცდელობა, აშშ-ის ნაკრების წევრებისთვის დაემზადებინათ "თანაჩემპიონის" მედლები, რაც ამერიკელ კალათბურთელებს სასაცილოდ არ ეყოთ. დაჯილდოება მომდევნო დღეს გაიმართა სხვა დარბაზში და მეორე ადგილზე გასული ნაკრების ადგილი ცარიელი იყო. საბჭოთა ნაკრებთან ერთად დაჯილდოებაზე მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მფლობელი კუბის ნაკრები გამოვიდა.

არაერთი პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. თამაშის მონაწილე ტომ მაკმილენმა, უკვე როგორც ამერიკელმა კონგრესმენმა, 2002 წელსაც მიმართა თხოვნით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, 1972 წლის ფინალის შედეგი გადაეხედათ, მაგრამ პასუხი არ მიუღია. ოლიმპიური ტურნირის ვერცხლის მედლები ლოზანაში (შვეიცარია), ოლიმპიურ მუზეუმში დარჩა.

ნათია სამაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი", #82