წალენჯიხის საკათედრო ტაძარი - კვირის პალიტრა

წალენჯიხის საკათედრო ტაძარი

სამეგრელოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია წალენჯიხის საკათედრო ტაძარი, რომელიც მაცხოვრის ფერისცვალების სახელობისაა.

ტაძრის მშენებლობის თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. როგორც მის გარშემო არსებული გალავნის საძირკველზე დაკვირვება გვიჩვენებს, იგი ეკლესიაზე ადრე უნდა იყოს აშენებული. ეს ბადებს ვარაუდს, რომ ამ ადგილას თავდაპირველად იყო ციხესიმაგრე და შემდეგ აიგო ტაძარი, რომელსაც ახალი გალავანი შემოევლო და მასშივე ჩაშენდა სამრეკლო. წალენჯიხის ტაძარს ექვთიმე თაყაიშვილი X-XI საუკუნეების ნაგებობად მიიჩნევდა, მარი ბროსე კი XIV საუკუნისად.

ვახტანგ ბერიძის მოსაზრებით, იგი XIII საუკუნის შემდეგ უნდა იყოს აშენებული, ხოლო ხელოვნებათმცოდნე თამაზ სანიკიძე ტაძარს XII საუკუნით ათარიღებს.

სტილისტიკის მიხედვით დათარიღებას ის ფაქტი ართულებს, რომ ტაძრის ფასადებზე დეკორატიული დეტალები არ გვხვდება, აღნაგობით კი იგი უფრო გვიანი პერიოდის ძეგლებს მიემსგავსება, ვიდრე X-XIII საუკუნეებისას. საგულისხმოა, რომ ეკლესიის ინტერიერი მოხატულია XIV საუკუნის ბოლოს ვამეყ I დადიანის უშუალო დაკვეთით, რასაც შემორჩენილი წარწერები გვამცნობს. XVII საუკუნეში წალენჯიხაში საეპისკოპოსო დაარსდა, რის ინიციატორადაც ამ პერიოდის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ლევან II დადიანი მოგვევლინა, ხოლო 1762 წელს კაცია II დადიანის საგანგებო სიგელით, წალენჯიხის მონასტერი და მისი ყმა-მამულები დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გადაეცა.

არქიტექტურული თვალსაზრისით, ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპისაა, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს იმავე ტიპის ძეგლებისგან განსხვავებით, მისი აღმოსავლეთი ფასადი შვერილი აფსიდით ბოლოვდება. იგულისხმება საკურთხევლისა და მისი დამხმარე სათავსების _ სამკვეთლოსა და სადიაკვნოს აფსიდების გამოვლენა გარემასებში. ეს კი არცთუ ხშირად გვხვდება ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში და ბიზანტიური სამყაროს გავლენაზე მიუთითებს. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოს ძეგლებში ვლინდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ფორმირების საწყისი ეტაპის შემდეგ, იშვიათად გვხვდება.

ოთხივე ფასადი სადაა, სუფთად გათლილი ქვით ნაგები და არ არის შემკული მორთულობის ელემენტებით. სამი მხრიდან ტაძარს მიშენებული აქვს თაღოვანი გარშემოსავლელები, სადაც ეკვდერებია მოწყობილი. დასავლეთი მხარის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი და მისი მეუღლე, დედოფალი ნესტან-დარეჯანი.

ფასადების სისადავის საპირისპიროდ, ტაძრის შიდასივრცე უხვად არის შემკული ფრესკებით. წალენჯიხის ეკლესიის მოხატულობა ქართული კედლის მხატვრობის განსაკუთრებულ ნიმუშს წარმოადგენს. როგორც ქართულ და ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერები გვამცნობს, მხატვრობის პირველი ფენა შესრულებულია ვამეყ I დადიანის დაკვეთით, კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეული ოსტატის კირ მანუელ ევგენიკოსის მიერ:

1) "ქრისტე წარვეგზავნეთ მაცხოვრისა შეწევნითა კონსტანტინეპოლსა და მოვიყვანეთ მხატვარი ესე კირ მანოელ ჩვენ ორ მახარობელი ქვაბალია და ანდრონიკე გაბისულავა და ვევედრებით მაცხოვარსა რათა გვიხსნას ჩვენცა დიდსა დღესა მას განკითხვისას ამინ, ამინ, ამინ".

2) "ქრისტე პატრონისა ერისავთ-ერისთავისა და მანდატურთ უხუცესისა დადიანისა ვამეყის ბრძანებითა მოვ…... კონსტანტინეპოლით მხატვარი კირ მანოელი ევიგენკოს და... [ესე ეკლესია შეწევნითა ღმრთისაითა ვინცა შენ[დობასა ბრძ]ანოთ [თქვენ]ცა შეგინდოს {ღმერთმან} ამინ, ამინ, ამინ".…

მოხატულობის შემდგომ პერიოდში დაზიანებული ნაწილები განახლებულია XVII საუკუნეში ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანის თაოსნობით, ხოლო ეკვდერთა მოხატულობები უფრო მოგვიანო პერიოდს განეკუთვნება. გარდა ვრცელი იკონოგრაფიული სცენებისა, აქ წარმოდგენილია დიდი რაოდენობით ისტორიულ პირთა პორტრეტები (40-ზე მეტი საქტიტორო პორტრეტი). სტილის თვალსაზრისით, წალენჯიხის მოხატულობა მიეკუთვნება პალეოლოგოსურ ნიმუშებს, რომელიც საქართველოში XIII-XIV საუკუნეების მიჯნიდან ვრცელდება.

ტაძრის ამ მოხატულობას უნიკალურად აქცევს ის ფაქტი, რომ იგი XIV საუკუნის შუა ხანების კონსტანტინოპოლური ფერწერული სკოლის ერთადერთი ნიმუშია. აღნიშნულის გამო წალენჯიხის ტაძარი და განსაკუთრებით, მისი ფერწერული შემკულობა სცდება ქართული ხელოვნების ფარგლებს და ქრისტიანული სამყაროსთვისაც განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას იძენს.

მარიტა სახლთხუციშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი

ჟურნალი "ისტორიანი", #82