ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან - კვირის პალიტრა

ისტორიული ამბები ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდებს ქართული ჟურნალ-გაზეთებიდან.

ყოველკვირეულ გაზეთ "ივერიის" პირველი ნომერი 1877 წლის 3 მარტს დაიბეჭდა თბილისში. "ივერიის" დამაარსებელი და პირველი რედაქტორი იყო ილია ჭავჭავაძე. თანარედაქტორი იყო სერგეი მესხი. პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი "დროება" 1866 წლის 4 მარტს თბილისში დაარსდა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად გადაიქცა. მისი პირველი რედაქტორი იყო გიორგი წერეთელი. საცენზურო წესდების დარღვევის გამო, დახურეს 1885 წლის 16 სექტემბერს.

კვლავ რამდენიმე სიტყვა

შოთა რუსთაველის

ბიუსტის შესახებ

(წერილი პეტერბურგიდან)

როგორც ეხსომებათ გაზ. "ივერიის" მკითხველებს, ამ რამდენისამე ხნის წინად მოხსენებული იყო, რომ ბ-ნი თარხნიშვილი - ახალგაზდა ქართველი მოქანდაკე - შოთა რუსთაველის ბიუსტს ამზადებსო. ბიუსტი შოთასი, როგორც თვით სურათიც ამ ჩვენის სასიქადულო პოეტის-გენიოსისა დღემდისაც ჰქონდა ქართველს საზოგადოებას. მაშ რაღა არის აქ ახალი და საყურადღებო? იქნება ბ-ნმა თარხნიშვილმა დღემდის ცნობილს სახეს შოთასას ახალი სული ჩაუდგა, ახალის, ჯერ ჩვენში არ გაგონილის, ნიჭით, სიცოცხლითა და სინამდვილით ამოჰბერა* ტალახით. არა.

როგორც წინადაც გვქონდა აღნიშნული, - ნამდვილი სახე ამ ახალის ბიუსტისა სწორედ ახალია მთელის ქართველის საზოგადოებისათვის და შეიძლება ცოტა კიდეც გაუკვირდეთ, ვინ ძველი და ვინ ახალი შოთაო. მაგრამ ისტორია და მისი უტყუარი მოწმე - არქეოლოგია - ძველნი ნაშთი, ულმობელნი არიან და მოდი და ნუ დაიჯერებთ, რომ შოთას მოკლე წვერი-კი არა, გრძელიც შეიძლებოდა ჰქონოდა, ან ქულაჯის მაგიერად სხვა რამა სცმოდა.

ალექსანდრე ცაგარელი

საზოგადოება-კი (რასაკვირველია, ყველა არა) დღეს შოთას სხვა ნაირად იცნობს: იგი ახალგაზდად ჰყავს წარმოდგენილი, წვერ შეკრეჭილი ამ უკანასკნელ დროის მიხედვით, თითქოს ჩვენი თანამედროვე იყოს და გოლოვანის პროსპექტზედ "ჟოზეფთან" აკრეჭინებდესო თავს. ქულაჯა აცვია (ეს ხომ ნამდვილი და უტყუარი ნიშანია ქართველობისა) და სხ... მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ ხშირად ეს უკანასკნელიც კი ვერ აქართველებს ხოლმე შოთას, ზოგიერთ მხატვართა ფრთის ცელქობის გამო.

ოცნების სამთავრო ვრცელი და მიუწვდომელიაო, გაუგონიათ, და ესენიც, ვინ იცის, ხან როგორ მოგვაჩვენებენ შოთას სახესა და ხან როგორ. ამ ჟამად, მაგალითად, წვერი ჩასწორებული აქვსო, ახლა შეჰზრდიაო და ხანაც - თითქოს აქა-იქა გასცვივნია, შექეციანებულიაო (ასე ჰმოქმედებს მაგ. ღამბაშიძის მიერ გამოცემული სურათი).

ერთის სიტყვით, შოთა ან გენიოსი და იმავე დროს სასწაულთ-მომქმედიც ყოფილა, ან არა-და ჩვენი პატივცემული (მაგრამ, სამწუხაროდ, უვიცი) მხატვრები ამას ცოდვად არ ითვლიან და შოთას თითქოს აბუჩად იგდებენ. არც ერთი და არც მეორე შესაწყნარებელი არ არის. ქართული ანდაზა: კარგია, თუ ავიაო, ქალო შენი ქმარიაო! და აი, ჩვენც ვიპოვნეთ ისტორიული საბუთი, რომელიც უთუოდ საპატიო და სახელმძღვანელოა, ვიდრე სხვა ასეთი საბუთი ამოჩნდებოდეს.

იქნება ახალგაზდა შოთაც აღმოჩნდეს. მაშინ, ეჭვი არ არის, საყვედურს არავინ გამოსთქვამს, თუ ვინმე, გემოვნების მიხედვით, სახლში ახალგაზდა შოთას დაამშვენებინებს საწერ მაგიდას წინ კედელს, ან მის ნაცვლად ცოტა შეხნიანებულს შოთას დაუთმობს ადგილს. ეს მხოლოდ თითოეულის სულისა და გულის ვითარებაზედ იქნება დამოკიდებული და ვერც ერთს ვერ ვუკიჟინებთ: აი, შენ ბებერი შოთა გიკიდია სახლში, შენ ახალგაზდაო, რადგანაც ერთსაც და მეორესაც ისტორიის მხრივ ზურგი მაგრად ექნებათ. ამ ახალს სახეს შოთასას-კი სწორედ ასეთი მოსარჩლე ჰყავს.

სურათი, რომელიც პროფესორმა ალ.ცაგარელმა გადმოიტანა იერუსალიმიდგან 1883 წ. თავისს მოგზაურობის დროს პალესტინაში და რომელიც გადმოღებულია ქართველთა ჯვარის მონასტრის ერთ-ერთ სვეტიდამ, აღნიშნულია 1643 წ. თარიღით. ამაზედ უადრეს-კი ვერსად ვერ ვპოვებთ მის სახეს. ეს არის ერთად ერთი ნაშთი, რომელიც ისტორიამ დაგვიტოვა და რომელსაც უნდა დაეთმოს საპატიო და პირველი ადგილი სხვათა შორის. შოთა ხსენებულს სვეტზედ ფერადის წამლებით არის დახატული (პირველს წერილში შეცდომით იყო მოხსენებული, ვითომ ქვაზედ ყოფილიყოს ამოჭრილი).

შოთა რუსთველის ფრესკა წაშლამდე

იოანე დამასკელის დაბლა და მუხლ-მოდრეკილი ხელებ გაწვდილი შეჰყურებს ამ თავისს დროში სახელ-განთქმულს პოეტს (ალბათ ეს უკანასკნელი გარემოებაც განგებ არის შერჩეული; სახელდობრ ის, რომ პოეტი პოეტს შეჰყურებს და რაღაცას სთხოვს). შოთას სურათს შემდეგი წარწერა აქვს: ამის დამხატველსა შეუნდოს ღმერთმან. შოთა რუსთაველი. ეჭვი არ არის, თვითონ აქ დახატული ადამიანია შოთა და არა დამხატველი, რადგანაც ეს ისტორიის წინააღმდეგი იქნებოდა. ისტორია მოგვითხრობს, რომ შოთა თამარ-მეფის თანამედროვე იყოო და აქ-კი 1643 წ. ქორონიკონია აღნიშნული. ახლა საქმე ის არის, როგორ და რა ნაირად მოხდა, რომ შოთა ამ ჯვარის მონასტერშია დახატული. ამისი ახსნა-კი თითქოს უფრო ადვილია.

არაბეთის ისტორიკოსი არკაშანდი სწერს, რომ როდესაც სალადინმა იერუსალიმი აიღო და დამკვიდრდაო, საქართველოს მეფემ ორი წარჩინებული ადამიანი - ერთი სალაროთუხუცესი და მეორეც სხვა გამოჰგზავნა და 20,000 დრაჰკანათ გამოისყიდეს მონასტერი და გააახლესო. ეს იყო 1196 წ. და, როგორც ჰგონებენ, ეს სალაროთ-უხუცესი სწორედ შოთა უნდა ყოფილიყო, რადგანაც აქ დროცა და ისტორიის მიერ შოთას შესახებ გადმონაცემი ამბავიც ერთი მეორეს ეთანხმება, ამას გარდა, სხვა ისტორიული ცნობა, რომელიც უკეთესადა ჰფენდეს ნათელს აღნიშნულს საგანს, დღემდის ჯერ არ აღმოჩენილა და, მაშასადამე, მას უნდა დავემყაროთ.

ერთი-ღაა მხოლოდ აქ საკამათო და სახელდობრ აი რა: ამ სურათში გამოყვანილი შოთა ბერია, თუ ერის კაცი? და უნდა მოგახსენოთ, მეც, თქვენი უმორჩილესი მონა, ცოტა არ იყოს მოვტყუვდი, როდესაც პროფ. ალ. ცაგარლის მიერ გადაღებული სურათი პირველად ვნახე ბ-ნ თარხნიშვილთან. ამისი მიზეზი იყო, რომ ვწერდი პირველს წერილში შოთას ბიუსტის შესახებ - შოთა ბერად არის დახატული-მეთქი. როგორც პრ. ცაგარელმა სთქვა, ამ მონასტერში დახატულს ბერებს სულ სხვა გვარი ტანისამოსი აქვთ თურმე: გრძელი ანაფორა და თავზედ დაბალი კუნკულა, სწორედ ისეთები, როგორსაც დღეს ჩვენში სომხის ბერები ატარებენ. მაშასადამე, შოთას ბერობა მეტად საეჭვო რამ არის, თუ მისს ტანისამოსს მივაქცევთ ყურადღებასა, და ადვილად ვერავინ იტყვის გარდაწყვეტილს, თუმცა მართალია შიგნით ჩასაცმელი კაბასავით გრძელია, როგორც სურათიდამა სჩანს, და ზედაც ქამარი აქვს შემორტყმული.

შოთა რუსთაველი იოანე დამასკელსა და მაქსიმე აღმსარებელს შორის

ჯერ ერთი, რამდენად გრძელი უნდა იყოს ეს კაბაა, თუ ახალუხი, ძნელი სათქმელია, რადგანაც იგი მუხლ-მოდრეკილია და მეორეც, თუნდაც მართლა გრძელი იყოს, ეს კიდევ საბუთს არ იძლევა, შოთას უთუოდ ბერობა მივულოცოთ. როგორც მოეხსენება პატივცემულს ქართველს მკითხველს საზოგადოებას, არსებობს ერთი მოსაზრება, ვითომ შოთა მაშინ წასულიყოს იერუსალიმს, როდესაც დაქვრივდა და ჩვენში-კი ხომ, ყველამ უწყის, ქვრივი კაცები ბერებივით გრძელს შავებს ატარებენ ხოლმე დღესაც-კი. ამისთვის ადვილად წარმოსადგენია, შოთასაც სწორედ ეს შავები ეცვას, მაგრამ საგანი საკამათოა და გარდაწყვეტილს ამის შესახებ ჯერ ვერავინ რას იტყვის.

რაც შეეხება თითონ ბიუსტს, იგი მშვენივრად არს გამოყვანილი, სრულიად ეთანხმება სურათს, რომლიდამაც ბ-ნმა თარხნიშვილმა გადმოიღო იგი და როგორც პატივცემული პროფესორი ალ. ცაგარელი, ისე თქვენი უმორჩილესი მონა და სხვანი, ვინც-კი ეს სანიმუშო ბიუსტი ნახა ცაგარელთან, ყველანი ერთხმად აღიარებენ, რომ სამაგალითოდ ნამდვილადა და ცოცხლად არის გამოქანდაკებულიო, რისთვისაც, რასაკვირველია, ბ-ნი თარხნიშვილი მადლობის ღირსია. აი დღეს თუ ხვალ თვითონ ჩვენი ქართველი საზოგადოებაც ჰნახავს თვალითა და დააფასებს. მართალია, პირველად თვალს ცოტა ეხამუშება გრძელ წვერა შოთას ნახვა, მაგრამ რა უშავს? ინუგეშოს ყოველმა ქართველმა იმითი, რომ ძველად ქართველებში ვაჟკაცის წვერს დიდი პატივი და ფასი ჰქონდა და ახლანდელებივით არ ემტერებოდნენ. მეორეც, თუ ამ წვერით იგი ცოტა ხნიანი და შეჭაღარავებული მოსჩანს, არც ეს არის საკვირველი, რადგანაც გენიოსიც კაცია და სიბერე-კი კაცის ბარგია. ყველას ხომ შექსპირისა და დანტესავით ახალგაზრდა შეხედულობა არ ექნება! გაიხსენონ ჰომიროსი და სხ.

ინ-ანი

"ივერია", 1897 წ. #98

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი",#82