კლდის უძველესი მხატვრობა ირანიდან - კვირის პალიტრა

კლდის უძველესი მხატვრობა ირანიდან

ირანში, ცენტრალურ პროვინციაში, ქალაქ ჰომეინთან ახლოს ნაპოვნი კლდის მხატვრობის ნიმუშები შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აღმოჩნდეს.

ნახატებს ირანელმა არქეოლოგმა მოჰამედ ნასერიფადმა მიაკვლია, რომელიც უძველესი მხატვრობის ნიმუშების აღმოჩენაზე 2008 წლიდან მუშაობს. შემოვლილი აქვს მთელი ქვეყანა, სხვადასხვა დროს აღმოუჩენია მხატვრობის მრავალი ნიმუში, რომელიც რიტუალურ ცეკვებს, ნადირობის სცენებსა თუ ცხოველებს ასახავს.

მეგობრებთან ერთად პიკნიკზე მყოფმა მოჰამედმა კლდეზე ფიგურების გამოსახულებები შემთხვევით შენიშნა. ეს მაშინ მოხდა, როცა სადილობის შემდეგ მისმა მეგობრებმა დაიძინეს, მან კი გასეირნება გადაწყვიტა.

ირანელი არქეოლოგი ამბობს, რომ მხატვრობის ამ მეტად მნიშვნელოვანი ნიმუშების ასაკი სულ მცირე 40 000 წელი უნდა იყოს.

"ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს განძის დიდ საცავს მივაკვლიე", – აღნიშნა მან.

ტერიტორიის შესწავლა, სადაც ნახატებს მიაკვლიეს, გრძელდება. შესწავლის პროცესში ჰოლანდიელი და კანადელი სპეციალისტებიც ჩაერთნენ. ისინი ამ არეალში დამატებით მხატვრობის სხვა ნიმუშების არსებობასაც არ გამორიცხავენ.

ფიქრობენ, რომ მუჰამედ ნასერიფადის აღმოჩენა ადასტურებს ვარაუდს, რომლის თანახმად უძველესმა ადამიანებმა მხატვრობის საერთო ტრადიციები მანამდე შეიმუშავეს, ვიდრე აფრიკას დატოვებდნენ. სწორედ ამით აიხსნება კლდის მხატვრობის კალიფორნიაში, ესპანეთში, ირანსა თუ სამხრეთ აფრიკაში გაფანტულ ნიმუშებს რომ თემა და ფორმები იდენტური აქვს.

მომზადებულია ISNA-ს მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი", #75