ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის უცნობი ნუსხები
24-11-2017
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის უცნობი ნუსხები
ჩვენი მკითხველისთვის არაერთხელ წარგვიდგენია უცნობი ხელნაწერების აღწერილობა და თავგადასავალი ცნობილი კოლექციონერის არჩილ გელოვანის ბიბლიოთეკიდან.

ამჯერად შემოგთავაზებთ დღემდე უცნობი, ძვირფასი ორი ხელნაწერის ისტორიას. პირველი კოლექციონერის, მეორე კი ხელოვნების სასახლის კუთვნილებაა, თუმცა ორივე ქართლის სახელოვანი მეფის, ვახტანგ VI-ის სახელს უკავშირდება.

ერთი ხელნაწერი 212 გვერდისგან შედგება და ყურადღებას იქცევს დიდი ზომისა (17X31 სმ) და ყდის გამო. ტყავზე ჩაჭედვით, ორნამენტებითა და გაფორმების სტილით, გარეკანი ვახტანგ VI-ის სტამბის წიგნებს გვახსენებს. ტექსტი დაწერილია მწვანე ქაღალდზე, ლამაზი
მხედრულით, სათაურებად და თავების გამოსაყოფად გამოყენებულია სინგური.

ცნობილია, რომ სამართლის წიგნთა კრებული, ვახტანგ ბატონიშვილის ბრძანებით შეიქმნა საკოდიფიკაციო კომისიის მიერ 1705-1708 წლებში. ამ დროს მას ქართლის გამგებლის ანუ ჯანიშინის თანამდებობა ეკავა. ეს ის პერიოდია, როცა მემატიანე ვახტანგს ამგვარად ახასიათებს: "კაცი შემკული პირად-პირადად ქველის საქმითა და განშვენებული
ყოფითა და ქცევით სახელმწიფოთათა, მართლმადიდებლობის მხნე და მხედარი, სიონისა რჯულმტკიცეობითა შეურყეველი სვეტი და გოდოლი, განუტეხელი ზღუდე, სიტყვითა ბრწყინვალე და საქმითა წმიდა, გვამითა შვენიერი და წესითა რჩეული, განზრახვითა მდიდარი, ზნეობითა და სწავლით გარემოზღუდვილი, ზარდახშანი სიბრძნისა, კეთილ-შვენიერ-ჰაეროვან- განთიადი ბატონიშვილი ვახტანგ".
მეფე ვახტანგ VI. ასლი სავარაუდოდ პირველი ქართული პორტრეტისა, რომლის დედანიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული. აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი ამ ნახატს (რომლის ავტორიც, სამწუხაროდ, უცნობია) ვახტანგ VI-ის პირველ პორტრეტად მიიჩნევდა. პორტრეტის ასლი, რომლის ფოტორეპროდუქციასაც ამჯერად გთავაზობთ, შესრულებულია ასევე უცნობი მხატვრის მიერ (ტილო, ზეთი) და იგი დღეს საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება
კრებული შეიცავს შვიდ საკანონმდებლო ძეგლს. ესენია: სამართალი მოსესი, სამართალი ბერძნული, სამართალი სომხური, სამართალი კათალიკოსთა, სამართალი მეფის გიორგისა, სამართალი აღბუღასი და სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა. ჩვენს ხელთ არსებულ ხელნაწერს მხოლოდ სომხური სამართალი აკლია და საკანონმდებლო ძეგლებიც სხვა თანამიმდევრობით არის განლაგებული. წიგნი დამკვეთის, ანუ ვახტანგის კანონებით იწყება. ლამაზი გრაფიკული ორნამენტის ქვეშ წითელი ასოებით აღნიშნულია: "სამართლის წიგნი ვახტანგ მეფისა". საყურადღებოა, რომ კოდექსს არ ახლავს შესავალი, სადაც გადმოცემული იქნებოდა როგორც ხელნაწერის, ისე კანონების შექმნისა და საჭიროების ისტორია.

კანონების შემსწავლელ მოაზროვნეთ სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად მიაჩნიათ მართლმსაჯულება, რომელსაც საფუძვლად ედება მტკიცე კანონიერება. ამიტომაც კრებული შემდეგი სიტყვებით იწყება: "ამას გკადრებთ და მოგახსენებთ, მეფეთა და მსაჯულთა და ყოველს სამართალში მჯდომს კაცს. ეს იცოდეთ დამარხვით გულში გქონდესთ რომ ღმერთი ყოვლისა დამბადებელი, თქვენგან სამართალს ითხოვს და რისხვა ღვთისა უსამართლობით მოივლინების ქვეყანაზედ".

ვახტანგის სამართალში ბრწყინვალედ არის განმარტებული მოსამართლის მოვალეობა, ფუნქცია და დანიშნულება. იგი ხელნაწერის მეორე გვერდზეა წარმოდგენილი: "პირველად ესე ვსთქვათ, მოსამართლე უნდა დიდათ გამსინჯავი, მიმხდომი და გამომძიებელი, გონება აუჩქარებელი, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურის მიმგდები, გამსინჯავი, მოჩივრის მოადის მომცდელი, სხვისაც მკითხველი: თუ ამისი სამართალი თქვენგან როგორ ისინჯვისო. მოწმის მაძებარი, უქრთამო, ღვთის მოშიში. და თუ მოსამართლე სამართალში სხვასმეს საქმობს და მოჩივრის სიტყვას ყურს არ მიუგდებს ან ჯავრობს და მოჩივარს უწყრების, ამასაც სიტყვას დააკარგინებს და ვერცა რას თავად მიხვდების და უსამართლო მოუა".

ცხადია, ვახტანგ VI-ის სამართალი განსაკუთრებული მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მეფემ მართლმსაჯულებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო და ამით ზღვარი დაუდო მოხელეთა თვითნებობას. ვახტანგისეული სამართლის დანერგვამ კი საზოგადოებრივი ცხოვრების უკეთესობისკენ სვლა მოიტანა.
კათალიკოსთა სამართლის საწყისი გვერდი
ბატონიშვილის სამართალი, ხელნაწერში 64-ე გვერდზე მთავრდება და მას ზანდუკი ანუ სარჩევი მოსდევს. კრებულის შემდეგი თავი "ბერძნულ სამსაჯულო სათვალუხვოს" ეთმობა. იგი სარჩევის ჩათვლით 121-ე გვერდამდე გრძელდება. ეს საკანონმდებლო აქტი ბერძნულ-რომაული (ბიზანტიური) სამართლის ქართული ვერსიაა და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში ძირითადად მეორე ნაწილად არის შეტანილი. ცნობილია, რომ მეფემ "ძიება-ყო საბერძნეთით" და "მოიშოვა" იქაური "წიგნი სასამართლონი".

ასეთი "ფრიადითა შრომითა" მოპოვებული ბერძნული კანონები გადმოაქართულეს "ბრძენთა კაცთა" თვით ვახტანგ VI-ის აქტიური მონაწილეობით. დედნიდან ეპისკოპოს კვიპრიანე სამთავნელს (ერისკაცობაში კოზმა არაგვის ერისთავი) უთარგმნია თავისუფალი წესით. ზოგი ადგილი შეუმოკლებია, ზოგიც კი განუვრცია.

122-ე გვერდიდან კრებულში ჩართულია უმნიშვნელოვანესი ქართული იურიდიული დოკუმენტი "კათალიკოზთა სამართალი". პროფესორ ისიდორე დოლიძის გამოკვლევით, ეს საკანონმდებლო ძეგლი XVI საუკუნის 40-იან წლებში იმერეთის მეფის ბაგრატის დროს არის (1510-1565) შედგენილი. სამართალი ტყვეთა სყიდვის აკრძალვით იწყება. დოკუმენტში ნათქვამია: "რამანც კაცმან კაცი გაყიდოს, დიდმან ანუ მცირედმან, აზნაურმან ან გლეხმან, წმიდათა კრებათაგან შეჩვენებული იყოს. რასაც კაცს მართლის განკითხვითა და გამოძიებითა კაცის სყიდვა გამოჩნდეს, თუ ის კაცი დაიხსნას და მოიყვანოს, მის საყდარსა და ეპისკოპოზსა დაუურვოს, რა ერთიც ძალ-ედვას, დამკლებისა პატრონსაც დაუუროს.
ძლიერ დაზიანებული ანდერძი ხელნაწერის შექმნის თავგადასავალს მოგვითხრობს
და თუ ვერ მოიყვანს, ვინც იყოს, დიდი ანუ მცირე ვერა საქმემ ვერ იხსნას, უკანონოდმცა არის ძელსა მიეცნეს.
ან ვინც ქრთამი აიღოს და არ ჩამოარჩოს, შეჩვენებული იყოს წმიდათა კრებათაგან და კანონს ქვეშ არის წმიდათა მოციქულთასა".
დოკუმენტის გაცნობისთანავე ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რამ განაპირობა "კათალიკოზთა სამართლის" დაწყება ტყვეთა სყიდვის აკრძალვით, ხოლო ამ საქმეში ბრალეულის, უმკაცრესად, ჩამოხრჩობით დასჯა სოციალური სტატუსის მიუხედავად! რა თქმა უნდა, ეს გარემოება იმ მძიმე სენზე მიუთითებს, რომელიც საქართველოში XVI საუკუნიდან გამეფდა და XVII საუკუნეში არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

ამ სენს ტყვეთა სყიდვა ერქვა და მასში აქტიურად მონაწილეობდნენ თავად-აზნაურები, საეკლესიო პირებთან ერთად. ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ცნობით, XVII საუკუნეში ყოველწლიურად მარტო სამეგრელოდან 3 ათასი ტყვე გაჰყავდათ ოსმალეთში, სადაც ახალგაზრდა ვაჟებს იანიჩართა რაზმში რიცხავდნენ, ყმაწვილ ქალებს სულთნისა და მისი ფაშების ჰარამხანებში აგზავნიდნენ, ხოლო ხანში შესულებს მონებად ჰყიდდნენ. ოსმალების წარჩინებულთა სასახლეებში იმ დროისთვის მრავლად იყვნენ გაყიდული ქართველები.

ისტორიკოს მიხეილ რეხვიაშვილის თქმით, "იმერეთის მეფეებს თუ გურიისა და ოდიშის მთავრებს დამპყრობელი ქვეყნებისთვის (თურქეთი, ირანი) პერიოდული თუ ერთდროული ხარკი ხშირად ადამიანთა (ქალ-ვაჟთა) განსაზღვრული რაოდენობით უნდა გადაეხადათ. ამავე დროს მთავრებსა და დიდებულებს თავიანთი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო უცხო საქონელიც ტყვეებზე გადაცვლით უნდა შეეძინათ".
ვახტანგის სამართლის კიდევ ერთი ხელნაწერი სამეგრელოს სამთავროში, კერძოდ ზუგდიდშია გადაწერილი
როგორც იტალიელი დონ ჯუსტი პრატო და ასევე სხვა კათოლიკე მისიონერები აღნიშნავდნენ, სპარსელები და თურქები ყველა საშუალებას მიმართავდნენ, რათა საქართველოდან ახალგაზრდები წაეყვანათ. ისინი მათ იყენებდნენ პირველ რიგში თავიანთი ლაშქრის გასაძლიერებლად და ასევე ამით დიდ ზიანს აყენებდნენ საქართველოს. აქ ხომ ათეულ და ასეულ ყმაწვილზე არაა ლაპარაკი, არამედ ათასობით ახალგაზრდაზე, რომელთაგანაც საქართველო განუწყვეტლივ იცლებოდა და ქვეყანა ნადგურდებოდა.

"წარმოდგენაც კი ძნელია, – წერს დონ ჯუსტი პრატო, – თუ რამდენად დიდია სპარსეთისა და კონსტანტინოპოლელი თურქების სიხარბე ყმაწვილი ქრისტიანებისადმი. ამ მხარეებში ვერავინ ბედავს გადაიყვანოს ბიჭები ერთი ადგილიდან მეორეში, მაშინაც კი, როდესაც მას მიჰყვება საკუთარი მამა. მცირე მოწყალების ფასად (სპარსელები და თურქები) ართმევენ მათ ბავშვებს, არა მარტო იმიტომ, რომ იყოლიონ ბავშვები, არამედ იმ მიზნით, რომ აიძულონ ისინი უარი თქვან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, რომელიც მეტად სძულთ".

იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის თქმით "...რიზე, გონია და ტრაპიზონიდან მოდის მრავალი თურქი ვაჭარი. მათ მოაქვთ ბლომად ფული და ტანისამოსი, რაც ფრიად ეჭირვება აქაურ ხალხს. თურქები კი სამაგიეროდ მხოლოდ ტყვეებს თხოულობენ. ამიტომაც აქ მოჰყავთ თურქებზე ტყვედ გასაყიდად ქართველებიც და აფხაზებიც. ყველანი ისე არიან დახელოვნებული ამ ხელობაში, რომ ადვილად იპარავენ როგორც მამაკაცებს, ისე დედაკაცებს, დიდებსაც და პატარებსაც. ზოგჯერ ასეთი ავაზაკები ღამე თავს დაესხმიან მეზობლის სახლს, შეტეხენ ძალით სახლის კარს, შებოჭავენ, ვისაც კი შიგ იპოვიან და პირდაპირ ქობულეთში გააქანებენ თურქებზე გასაყიდად".

ცნობილია, რომ "ტყვეთა სყიდვამ" სამეგრელოს 40 ათასინი მოსახლეობა, 1640-იანი წლებიდან სულ რაღაც 30 წელიწადში, 20 ათასამდე შეამცირა.
შესაბამისად, ვახტანგ VI-ის კრებულში წარმოდგენილი დოკუმენტი კარგად მიუთითებს ხელისუფლებისა და ეკლესიის მამამთავართა ნებაზე – საკანონმდებლო დოკუმენტის დახმარებით დაუნდობლად შებრძოლებოდნენ საქართველოსთვის მომაკვდინებელ სენს.

ამას გარდა, ხელნაწერში ასევე ჩართულია სამი იურიდიული დოკუმენტი. "სამართალი მეფისა გიორგისა", შედგენილი გიორგი ბრწყინვალის (1314-1346) მიერ 1335 წელს; ბექა აღბუღას სამართალი, დათარიღებული 1381-1386 წლებით და მოსეს სამართალი, რომელიც "მეორე სჯულიდან" გამონაკრებს წარმოადგენს. მათი შინაარსის აღწერილობით მკითხველს თავს აღარ შევაწყენთ, რადგან ტექსტები ცნობილია და ყველა ძირითად ნუსხას იმეორებს მცირე ცვლილებებით. მრავალმხრივ საყურადღებო დოკუმენტია თავად ხელნაწერიც. იურიდიული ხასიათის ტექსტებთან ერთად, ინტერესს იწვევს კალიგრაფია, გვერდების გაფორმება და ტერმინოლოგია.

მართალია, ხელნაწერზე არ არის მინაწერი, რომელიც მის დათარიღებაში დაგვეხმარებოდა, ამ საკითხის გარკვევა მაინც საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა. კერძოდ, ყველა ფურცელზე დატანილია ჭვირნიშნიანი გერბითა და რუსული ასოებით "МФЯ". ამგვარი ტიპის ქაღალდი 1756-დან 1760 წლამდე მიმოიქცეოდა. ამდენად, ჩვენს ხელთ არსებული უცნობი ნუსხა XVIII საუკუნის 60-იანი წლებით უნდა დავათარიღოთ.

ხელოვნების სასახლეში დაცული ვახტანგის სამართლის კიდევ ერთი ხელნაწერი 2014 წელს მუზეუმს პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა უსახსოვრა. მცირე ზომის (10 X 16 სმ) წიგნი საუცხოოდ გაფორმებული ტყავის შესაკრავებიან ყდაში ზის. ტექსტში ჩართულია რამდენიმე პრიმიტიული, მაგრამ მიმზიდველი ორნამენტი. ნაწერია გაუწაფავი მხედრულით, გამოყენებულია შავი მელანი და სინგური. წიგნი მთლიანად ვახტანგ ბატონიშვილის სამართალსა და მისადმი დართულ ზანდუკს შეიცავს.

ხელნაწერი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ცხრა მინაწერით, რომელიც მას წინა და უკანა გვერდებზე ახლავს. მათი წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ წიგნი სამეგრელოს სამთავროში, კერძოდ ზუგდიდშია გადაწერილი. სავსებით შესაძლებელია, რომ ნაშრომი ოდესღაც სამეგრელოს მთავრების სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა.
ზუგდიდური ნუსხის გარეკანი
ზანდუკის ბოლოში შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ანდერძი, რომელიც მოგვითხრობს ხელნაწერის შექმნის თავგადასავალს, თუმცა იგი იმდენადაა გაფუჭებული, რომ ჩვენეული წაკითხვა ერთობ პირობითია: "აღიწერა წელსა ჩყმ (1840) აპრილის იდ (14) ერმა[ილე] [ლეო]ნიძის მიერ..." ამგვარად, წიგნი 1840 წელს ვინმე ერმაილე ლეონიძეს გადაუწერია. არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მინაწერიც. "ჩყმვ (1846) წელსა ივლისის ლ (30)ს დღესა სამშაბათს [გარდა]იცვალა განსუენებული ლევან [დად]იანი აბასთუმანს სასახლეში".

სამეგრელოს მთავრებს რომ ამჟამინდელ სოფელ ძველ აბასთუმანში (ზუგდიდის რაიონი) სააგარაკო სასახლე ჰქონდათ, ეს ცნობილი იყო, თუმცა მინაწერი უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა, აკონკრეტებს რა ლევანის სიკვდილის დღესა და რიცხვს.

წიგნი სამეგრელოს კიდევ ერთი მთავრის, დავით დადიანის გარდაცვალების შესახებაც შეიცავს მინაწერს. აქ ნათქვამია: "ჩყნგ (1853) აგვისტოს ლ (30) მიიცვალა ნეტარ ხსენებული მთავარი მენგრელიისა დავით დადიანი, გორდს, დღესა კუირას".

ვახტანგის სამართლის წიგნთა ეს ორი უცნობი ნუსხა მრავალმხრივ საყურადღებო ნიმუშებია, ვფიქრობთ, მომავალში ის ქართული კალიგრაფიითა და იურისპრუდენციის ისტორიით დაინტერესებულ მკვლევართა ყურადღებასაც მიიქცევს.

გიორგი კალანდია
ხელოვნების სასახლის დირექტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#75
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!