აფხაზთა საგვარეულოს მემკვიდრეობა საქართველოსა და კანადაში - კვირის პალიტრა

აფხაზთა საგვარეულოს მემკვიდრეობა საქართველოსა და კანადაში

თავად აფხაზთა საგვარეულო სათავეს აფხაზეთიდან იღებს.

ეს საგვარეულო გახლავთ აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის – ანჩაბაძეთა კახეთში დამკვიდრებული შტო. ქართულ საისტორიო წყაროებში აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენლები XVII საუკუნის შუა ხანებიდან მოიხსენებიან. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ისინი საკმაოდ დაწინაურდნენ ქართლ-კახეთის თავადთა შორის. სამშობლოსა და მეფის ერთგულების საპასუხოდ აფხაზებს დიდად სწყალობდნენ მეფეები – ერეკლე II და გიორგი XII.

აფხაზთა გვარმა საქართველოს არაერთი ღირსეული პიროვნება მისცა. მათ შორის გამორჩეულია საქართველოს ეროვნული გმირი, კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. მის სახელს არაერთი საქვეყნო საქმე უკავშირდება. გენერალი კონსტანტინე აფხაზი არჩეული იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრად. ასრულებდა ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლის მოვალეობას.

კონსტანტინე (კოტე) აფხაზი. ალექსანდრე როინაშვილის ფოტო

მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაიყვანეს რკინიგზა. 1917-1918 წლებში ის იყო თბილისში ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე. კონსტანტინე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლაში. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ხოლო 1921-1923 წლებში ამ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.

1917 წელს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ კონსტანტინე აფხაზი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო დამფუძნებელი კრების წევრი, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებაში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, გენერალი კონსტანტინე აფხაზი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

მისი თაოსნობით დაარსდა საქართველოს ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) სამხედრო ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევდა საერთო-სახალხო ამბოხისთვის მზადებას. გამცემლობის შედეგად, სამხედრო ცენტრს ჩეკისტებმა მიაგნეს. კოტე აფხაზი დააპატიმრეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 1923 წლის 20 მაისს გენერალი კონსტანტინე აფხაზი თოთხმეტ თანამებრძოლთან ერთად დახვრიტეს.

(მარცხნიდან) დავით აფხაზი – გენერალ-მაიორი, 1-ლი მსოფლიო ომის მონაწილე, მე-5 საკავალერიო დივიზიის მსროლელი პოლკის მეთაური, გიორგი აფხაზი და კონსტანტინე (კოტე) აფხაზი

1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კონსტანტინე აფხაზის მეუღლე ელენე იოსელიანი და ვაჟი ნიკოლოზი საფრანგეთში გაემგზავრნენ. ნიკოლოზმა განათლება იქვე მიიღო, სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მან 1922 წელს პარიზში გაიცნო მომავალი მეუღლე მარჯორი (პეგი) პემბერტონ-კარტერი, თუმცა ოჯახი მხოლოდ 1946 წელს შექმნეს. მანამდე კი ორივემ ტყვეობა გამოიარა – ნიკოლოზმა გერმანელთა, ხოლო პეგიმ – იაპონელთა. 1946 წელს ნიკოლოზი და პეგი ნიუ-იორკში ქორწინდებიან. ამის შემდეგ კანადაში გადადიან საცხოვრებლად.

"აფხაზების ბაღი", რომელსაც "სიყვარულის ბაღსაც" უწოდებენ, კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში მდებარეობს. პეგი და ნიკოლოზ აფხაზებმა ბაღის გაშენებას მთელი ცხოვრება მიუძღვნეს. ანდერძის თანახმად, კრემაციის შემდეგ მათი ფერფლი ბაღში მიმოაბნიეს. მის შემდეგ ბაღმა რამდენიმე მეპატრონე გამოიცვალა.

ბოლოს კი ისე მოხდა, რომ ის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელსაც აქ საცხოვრებელი კომპლექსის აშენება სურდა. მოსახლეობამ წამოიწყო კამპანია ბაღის გადასარჩენად და მის გამოსასყიდად. მათმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. დღეს "აფხაზების ბაღი" (Abkhazi Garden) ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია კანადაში. ბაღს უამრავი ტურისტი და დამთვალიერებელი სტუმრობს. ბაღი გამორჩეულია უნიკალური ფლორითა და ლამაზი პეიზაჟებით.

ნიკოლოზ აფხაზი

აფხაზთა საგვარეულო სასახლე კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს. XIX საუკუნის ძეგლი დიმიტრი აფხაზს აუშენებია, რომელიც სიღნაღის მაზრის ხაზინადარი ყოფილა. მოგვიანებით აფხაზებს საგვარეულო სასახლე დაუკარგავთ, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში კვლავ დაუბრუნებიათ. სასახლის ბოლო მფლობელები ნიკოლოზ აფხაზი და მისი შვილი კონსტანტინე იყვნენ. ნიკოლოზ აფხაზს ცოლად ჰყავდა ნინო გრიგოლის ასული ჭავჭავაძე, ილია ჭავჭავაძის და. ამ სასახლეში ხშირად მოდიოდა ილია ჭავჭავაძე.

კაკო ყაჩაღის პროტოტიპი პოემიდან "რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ" კარდენახელი გლეხი ყოფილა, რომელსაც ილია პირადად შეხვედრია. გადმოცემით, სასახლეში ერთი ოთახი კოტე აფხაზს მასთან სტუმრად მყოფი გერმანელი მწერლის, არტურ ლაისტის რჩევით მოუწყვია.

ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის, პეგის ოჯახის – პემბერტონ-კარტერების სახლი შანხაიში (1945 წ.)

1923 წელს, კოტე აფხაზის დახვრეტის შემდეგ, აფხაზებს სასახლე ჩამოართვეს. 1948 წლიდან აქ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა. 2005 წელს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სასახლე აფხაზთა საგვარეულოს წარმომადგენელს საკუთრებაში გადაეცა.

აფხაზთა საგვარეულო სასახლე სოფელ კარდენახში

აფხაზთა საგვარეულო სასახლე მრავალი წლის განმავლობაში ინგრეოდა და იძარცვებოდა. დღეს ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელ რესტავრაციას საჭიროებს.

პეგი აფხაზი

2017 წელი საიუბილეოა – კოტე აფხაზის დაბადებიდან 150 წელი სრულდება. კარგი იქნებოდა, ამ თარიღს კონსტანტინე აფხაზის მუზეუმის დაარსებით შევხვედროდით. ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

ამირან ბასილაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი", #75