რომაული სიმაგრეები საქართველოში
24-11-2017
რომაული სიმაგრეები საქართველოში
საქართველოში ანტიკური ხანის რომაული ძეგლებიდან გონიოს ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

იგი დიდი ხანია იწვევს არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ინტერესს. მსგავსი ისტორიული ძეგლები მთელ რომაულ სამყაროში გვხვდება, ბოლო ათწლეულში დაასრულეს ზოგიერთი რომაული ციხის რეკონსტრუქცია – ან ნაგებობები აღადგინეს, ან გრაფიკული გამოსახულებები შექმნეს. ამჯერად გთავაზობთ აფსაროსის (გონიოს) ციხის მიახლოებით რეკონსტრუქციას.

რომაული გარნიზონები
რომაული მესაზღვრე ჯარები საქართველოში უკვე ახ.წ. I საუკუნეში, იმპერატორ ნერონის (54-68 წწ.) დროს უნდა გამოჩენილიყვნენ. გამორიცხულია, რომ ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონი,
როგორიც საქართველოს შავი ზღვისპირეთი იყო, რომაელებს დაუცველად დაეტოვებინათ.

პონტოს პროვინციის ფლოტი ტრაპიზონში, სინოპსა და ამასტრისში იდგა და კოლხი მეკობრეების მოქმედებას აკონტროლებდა. ტრაპიზონში იჭრებოდა ბრინჯაოს მონეტა, რომლითაც ჯამაგირს უხდიდნენ კოლხეთში მდგარ გარნიზონებს. იოსებ ფლავიუსი ასახელებს 3 ათას მეომარსა და 40 ხომალდს, რომელთაც მორჩილებდნენ ჰენიოხები, კოლხები, ტავრები,
ბოსფორანები და პონტოსა და მეოტიდის (დღევანდელი აზოვის ზღვა) ირგვლივ მცხოვრები ხალხები.

არსებობდა Castellum-ები, რომაული სიმაგრეები გარნიზონებით, რომელთაც რომაელები საზღვრებზე აგებდნენ და შიგნით მესაზღვრე ლიმიტანებს აყენებდნენ. ძირითადად, ისინი მუდმივად იდგნენ ამ სიმაგრეებში.

კასტელუმები, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო აფსაროსსა და სებასტოპოლისში. ხოლო ფასისში, ფლავიუს არიანეს ცნობის მიხედვით, იდგა Pila Muralia – ხის ძელური სიმაგრე, უფრო დამახასიათებელი ბრიტანეთისა და რაინ-დუნაისპირეთისთვის. უკვე შემდგომ, II საუკუნეში, არიანემ დაათვალიერა სებასტოპოლისის სიმაგრე, სადაც 200-მდე ჯარისკაცი უნდა მდგარიყო. პიტიუნტში, აღმოჩენილი რომაული წარწერის მიხედვით, გარნიზონი აქ 135-152 წლებში უნდა მდგარიყო.
II საუკუნის რომაული ციხესიმაგრე ზემო გერმანიაში. მხატვარი ადამ ჰუკი
ამის მიუხედავად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული სირთულეებისა და რომაული გარნიზონების მცირერიცხოვნობის გამო, აქ ნაკლებად სავარაუდოა კარგად ორგანიზებული თავდაცვითი ხაზისა და გამართული საკომუნიკაციო ქსელის არსებობა. ამიტომ რომაელი ავტორები არა Limes-ად (სასაზღვრო სიმაგრეების სისტემა), არამედ უბრალოდ რომის სამფლობელოდ მოხსენიებენ. აქ არსებული თავდაცვა განამტკიცა იმპერატორმა ვესპასიანემ.

გერმანელი ისტორიკოსი თეოდორ მომზენი მიიჩნევდა, რომ აფსაროსისა და ფასისის გარდა, რომის შენაერთები მცხეთაშიც იდგნენ. ამის დამამტკიცებლად შეიძლება ძვ.წ. 75 წლით დათარიღებული მცხეთის წარწერა მივიჩნიოთ, სადაც წერია, რომ ვესპასიანემ გაამაგრა მცხეთის გალავნები 75 წელს, ხოლო 96 წლის შემდეგ კი გვაქვს ცნობა (წარწერა აზერბაიჯანში, ქობუსტანში), რომ XII ლეგიონის (Fulminata)
ცენტურიონი, იმპერატორ დომიციანეს მმართველობისას სამხრეთ ალბანეთშიც კი იყო (შესაძლებელია, დიპლომატიური მისიითაც).

მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში, იმპერატორ ვალენსის აღმოსავლურ კამპანიამდე, სავარაუდოდ, რომაული ძალები არც ალბანეთსა და არც იბერიაში არ ყოფილან და ჩანს, ამგვარი მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყო. პლინიუსის დასახელებული Castellum Cumania-თი, რომელიც რომაული შენაერთით იყო დაცული, დარიალის კარი უნდა იყოს, აგებული ურიცხვ მომთაბარეთა შეკავების მიზნით.

131 წელს, არიანეს ცნობით, ნახევარ ლეგიონამდე დამხმარე ჯარის ნაწილი იდგა აფსაროსში, ფასისში კი ლოდსატყორცნებით აღჭურვილი ხუთასი მეომარი. იმპერატორ ადრიანეს დროს კავკასიაში რომაელთა პოზიციების გამტკიცებამ ფარსმან II-ის პროტესტი და მის მიერ ალანების რომაულ პროვინციებზე შესევა გამოიწვია. თუმცა, დიონ კასიუსის მიხედვით, ფლავიუს არიანემ მოახერხა მათი განდევნა, ხოლო იბერიაში პოზიციების განსამტკიცებლად 500 მეომარი გაგზავნა, რაც თითქოს ფარსმანისთვის მეგობრობისა და მოკავშირეობის ნიშანი უნდა ყოფილიყო.

III საუკუნიდან, განსაკუთრებით კი 238 წლიდან, შავი ზღვისპირეთში გოთების ლაშქრობები დაიწყო (ბიზანტიელი ისტორიკოსი ზოსიმე მათ სკვითებად მოიხსენიებს), რის შედეგადაც განადგურდა რომაელთა თავდაცვითი სისტემა დასავლეთ საქართველოში. თუმცა, ნაისის (იგივე ნიშის, დღევანდელ სერბეთში) ბრძოლაში გოთებზე გამარჯვების (268 ან 269 წ.) შემდეგ რომაელებმა ვითარება გამოასწორეს და სიმაგრეები კვლავ აღადგინეს. ამ დანაკარგის შევსება იმპერატორმა პრობუსმა აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ფრანკი ლიმიტანების ჩასახლებით სცადა.
ვინდოლანდას (ჩრდილოეთ ინგლისი) რომაული ციხესიმაგრის ნაშთები
ამ პერიოდში კავკასიის მნიშვნელობა გაიზარდა და III-IV საუკუნეების მიჯნაზე კოლხეთში მოიმატა რომაული ჯარის რაოდენობამაც. IV საუკუნე კი სებასტოპოლისის აღმავლობის პერიოდად იქცა, ოღონდ არა ბიჭვინთისა. შესაძლებელია, V საუკუნეშიც პიტიუნტსა და სებასტოპოლისშიც ბიზანტიელთა მცირერიცხოვანი გარნიზონი მდგარიყო. გვიანდელი რომის ეპოქის დოკუმენტ Notitia Dignitatum-ში ასახულია IV საუკუნის პერიოდის იმპერიის სამხედრო და ადმინისტრაციული სტრუქტურა.

ამ დოკუმენტსა და არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით დევიდ ბრაუნი აღნიშნავს, რომ დაახლოებით 370 წლისთვის აფსაროსს იმპერატორ ვალენსის სახელის მიხედვით Valentia ეწოდა და აქ გარნიზონად Cohors I Claudia Equitata იდგა, პიტიუნტში (პიტიუსი) – კავალერიის რაზმი Ala I Theodosiana, სებასტოპოლისში კი Cohors I Claudia Equitata უნდა ყოფილიყო. არსებობს მოსაზრება, რომ 255-387 წლებში აქ გარნიზონები არ მდგარან, თუმცა სხვადასხვა ფრაგმენტული წყაროს საშუალებით ამის უარყოფა შეიძლება. უფრო სავარაუდოა, რომ აქ გარნიზონები იდგა მაშინაც, როდესაც პიტიუნტის ეპისკოპოსი ნიკეის კრებაზე მიიწვიეს – 325 წელს. ყოველ შემთხვევაში, როგორც პიტიუნტი, ასევე საერთოდ, კოლხეთის სანაპიროს ციხესიმაგრეთა ქსელი, სრული ძალმოსილებით მხოლოდ VI საუკუნის 20-იანი წლებიდან, უკვე ბიზანტიის დროს ჩადგა მწყობრში.

გონიო-აფსაროსი
რომაელები სხვადასხვა ტიპის სიმაგრეებს აშენებდნენ. იყო ხის სამხედრო ბანაკები, რომლებიც შედარებით დროებით საცხოვრებელს წარმოადგენდა, ასევე ქვის სიმაგრეები, სადაც თითქმის ყოველთვის იდგა გარნიზონი. ადრეული ბანაკები დაცული იყო თხრილითა და მიწაყრილით. წესად იყო 2 მეტრის სიღრმისა და 5-6 მეტრის სიგანის თხრილის შემოვლება. განსაკუთრებულ შემთხვევებში 8 მეტრის სიგანის თხრილიც კეთდებოდა. ხშირად მიწაყრილს დამატებით ხის კედელიც იცავდა.

ბანაკი კარგად იყო ორგანიზებული – კა­ვა­ლერიას, ქვეით ჯარსა და მოკავშირეთა ნაწილებს თავიანთი სადგომი ჰქონდათ. დიდ ბანაკებში ეწყობოდა ბილიკები სწრაფად და მოხერხებულად გადაადგილებისთვის. ამ ყველაფერს ლეგიონერები თვითონვე აკეთებდნენ. ისინი სამუშაო ხელსაწყოებსაც ისეთივე ოსტატობით იყენებდნენ, როგორც სატყორცნ შუბსა და მახვილს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ შესანიშნავ დისციპლინაზე. ასეთ სიმაგრეებს გააჩნდა საკუთარი მუნიციპალური კონსტიტუციაც კი.

საქართველოს ტერიტორიაზე რომაული ციხესიმაგრეებიდან საუკეთესოდ შემორჩენილია აფსაროსი. იგი გეგმით სწორკუთხედია. რომაული კასტელუმის ძირითადმა გეგმამ ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. ციხის კედლების სიმაღლე 5 მეტრია, ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული, 7 მეტრს აღწევს. ამჟამად ციხესიმაგრე 18 კოშკს ითვლის. თუმცა მათი რაოდენობა თავდაპირველად 22 იყო.
კარნუნტუმის რომაული ციხის ნაშთები და აღდგენილი ნაწილი (ავსტრია)
აფსაროსის ციხე-კასტელუმი სწორკუთხაა და ასეთივე კოშკები აკრავს. მისი გამაგრების სისტემა გამოირჩეოდა სიმტკიცით, რისი დასტურიც უნდა იყოს ციხე-ქალაქის გარშემო დღეს არქეოლოგიურად გამოვლენილი, ცალკე მდგომი სამი სადარაჯო კოშკი. გონიოს ციხის კვლევისას დადგენილია, რა ტერიტორიას მოიცავდა ციხე თავდაპირველად და რა ნაგებობები იყო შიგნით – აბანო, ბეღელი, Principia (შტაბი), კარიბჭეები (Porta Praetoria, Porta Principalis Sinistra), წყალსადენი, ყაზარმები.

საყურადღებოა ერთ-ერთი არქეოლოგიური ანგარიში, რომელიც 2015 წელს გამოაქვეყნეს რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკიმ და ემზარ კახიძემ.
ყველა ამ დეტალის გავთვალისწინებით, პროგრამა Inkscape-ში დავხატე აფსაროსის ციხე. უნდა აღვნიშნო, რომ ერთი გვერდი ოდნავ არაპროპორციული გამოვიდა და შესაბამისად სწორი მართკუთხედი არ შეიკრა, მაგრამ ეს იმისთვის, რათა გამოჩენილიყო შიდა ნაგებობები უკეთ. აქვე მოყვანილია ციხის სქემაც. შემდგომში შემოგთავაზებთ გამოსახულების უფრო ზუსტ ვარიანტსაც.

ნიკა ხოფერია
ჟურნალი "ისტორიანი", #75
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!