ქართული სალოცავები თქმულებებში
24-11-2017
ქართული სალოცავები თქმულებებში
თქმულება-ლეგენდები (მითები) ხალხის სიბრძნის, მორალური გამოცდილების მატარებელია.

მითი ინახავს და გადასცემს სიწმინდეს, რასაც ეთნიკური, გამაერთიანებელი მნიშვნელობაც აქვს. "მხოლოდ შუაგულის, ცენტრის (კერა, ხატი) მქონე ადამიანთა ჯგუფს ძალუძს შექმნას სიბრძნე და შეინახოს. ბრბოს არ შეუძლია შექმნას სიბრძნე, რადგან მას არ გააჩნია მეხსიერება" (ზურაბ კიკნაძე). კვლევებში ერი განიხილება მოქალაქეთა საკრალურ თანაზიარებად, საერთო მეხსიერების მქონე, მითით და რელიგიით გაერთიანებულ წმინდა ერთობად.

წმინდა – "შუაგული" ადგილების, ხატ-სალოცავების დაარსებასთან დაკავშირებული გადმოცემები მოიცავენ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ რეალიებსაც, რადგან ხატ-სალოცავები
არა მარტო სულიერ-საკრალური, არამედ საზოგადოებრივი ცენტრებია, ხალხის ცხოვრების "თვალდამყურე".

ხევ­სუ­რე­თის მთა­ვა­რი ხა­ტის, გუ­და­ნის და­არ­სე­ბის "ან­დ­რე­ზი" (ლე­გენ­და) მოგ­ვითხ­რობს: "ად­რე, თა­მა­რის მე­ფო­ბა­ში ხევ­სუ­რე­თი არ იყო, ფხო­ვი იყო. და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ხალ­ხი იყო. მთის ხალ­ხი იყო. ფხო­ვი­დან წა­სუ­ლა სა­მი ძმა – გო­გო­თი, არა­ბი და ჭინ­ჭა. მო­ნა­დი­რე­ე­ბი ყო­ფი­ლან და ერ­თი ძმა
წა­სუ­ლა და ღე­ლის ვა­კე­ში მო­უკ­ლავს ჯიხ­ვი და ისე­თი მსუ­ქა­ნი ყო­ფი­ლა, ამ ძმებს უთ­ქ­ვამთ, წა­ვი­დეთ, ის ად­გი­ლი ვნა­ხო­თო. ნო­ყი­ე­რი მი­წა იყო. და­უ­თე­სავთ პუ­რი, ჩა­უ­თე­სავთ და ეს სა­მი გვა­რი არი ფხო­ვი­დან წა­სუ­ლე­ბი: ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, არა­ბუ­ლი და გო­გო­თუ­რი.

აი, ამ სა­მი გვა­რის­გან არის დამ­თა­ვე­ბუ­ლი ხევ­სუ­რე­თი. ფხო­ვი­სა­გან წა­სუ­ლე­ბი" (და­ვით გო­გო­ჭუ­რი). "ჩვენ შე­მო­ფა­რე­ბუ­ლი ვართ. და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ვი­ყა­ვით კა­ხეთ­ში და გა­მო­ვე­ქე­ცით ტყვე­ო­ბას, ბა­ტო­ნო­ბას ჩვე­ნი მა­მა-პა­პა შე­მო­ვე­ფა­რეთ აქა" (ხალხ.). სხვა გად­მო­ცე­მი­თაც, ხევ­სურ­თა მა­მამ­თა­ვა­რი კა­ხე­ლი გლე­ხი ყო­ფი­ლა. მას თა­ვის სამ­შობ­ლო­ში რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­უ­დე­ნია და იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხ­და­რა, მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა იქა­უ­რო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად მან თა­ვი თუ­შეთს შე­ა­ფა­რა, სა­დაც ვა­ჟი გა­უჩ­ნ­და, რო­მე­ლიც კარგ მო­ნა­დი­რედ გა­ი­ზარ­და.
ლაშარის სალოცავი
ერთ დღეს მან სახ­ლ­ში მსუ­ქა­ნი ჯიხ­ვი მო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ხევ­სუ­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ეკ­ლა. ეს ად­გი­ლე­ბი მა­შინ და­უ­სახ­ლე­ბე­ლი იყო. მა­მა­მის­მა ბრძნუ­ლი დას­კ­ვ­ნა გა­ა­კე­თა, რომ ად­გი­ლი, სა­დაც ასე­თი ნა­პა­ტი­ვე­ბი ჯიხ­ვე­ბი იზ­რ­დე­ბოდ­ნენ, მე­ტად ნა­ყო­ფი­ე­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მან შვილს ერ­თი მუ­ჭა ქე­რი გა­ა­ტა­ნა და სთხო­ვა, ნა­დი­რო­ბის ად­გი­ლას და­ე­თე­სა. მე­ო­რე წელს იქ ისე­თი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, რომ ერ­თ­მა დიდ­მა გუ­დამ ვერ და­ი­ტია. ოჯახ­მა იქ გა­და­სახ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. ად­გილს, სა­დაც ისი­ნი და­სახ­ლ­დ­ნენ გუ­და­ნი და­ერ­ქ­ვა, ხო­ლო ამ ტო­მის მა­მამ­თა­ვარს, გუ­და­ნე­ლიო (ხალხ.).

ოდ­ნავ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ხა­ტის მი­ერ ამ ად­გი­ლე­ბის ძველ მკვიდ­რებ­თან ბრძო­ლის ვერ­სიაა შე­მო­ნა­ხუ­ლი ერთ ად­გი­ლობ­რივ გად­მო­ცე­მა­ში: გუ­დან­ში, იქ სა­დაც ხევ­სურ­თა წი­ნა­პა­რი სა­მი ძმა და­სახ­ლ­და (ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი გო­გო­თი, არა­ბი და ჭინ­ჭა) კავ­კა­ზა­უ­რებს უცხოვ­რი­ათ, რომ­ლე­ბიც გუ­და­ნის ხატს ამო­უწყ­ვე­ტია.…"ნა­ხე­ვარ წელ­ში სრუ მთელ გა­უწყ­ვი­ტავ ი ხალ­ხი, არა­ვინ არ დამ­რ­ჩალ. მემრ იმათ ნა­ფუძ­ვარ­ჩი თა­ოდ და­არ­სე­ბუ­ლას" (ხალხ.). ად­გი­ლის ხაზ­გას­მუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბაა სა­ლო­ცა­ვის და­ფუძ­ნე­ბის მი­ზე­ზი კი­დევ ერთ თქმუ­ლე­ბა­ში: "ყვა­რელ­შით ერთ მე­ნა­დი­რე წა­მა­სულ. გა­უღ­წე­ვავ გუ­და­ნა­მა­დე­ნა-დ აქ მზვა­რე­ში ფსიტ მა­უკ­ლავ, რო­მელ­ნიც ყვა­რელ­ში წა­უ­ღავ. იქით ქერ მა­უ­ტა­ნავ. და­უ­თე­სავ, მა­ლია კი მა­სა­ვალ მა­სულ. ამ­დ­გარ ისი ყვა­რელ­შით გუ­დან გად­მა­სახ­ლე­ბულ ქო­ოდ-აქავ კი ად­გილ ყო­ფი­ლავ, ამას სამ შვილ გას­ჩე­ნავ" (ხალხ.).

ად­გი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა მი­სი "შუ­ა­გუ­ლო­ბის" – სიწ­მინ­დის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც მის­მა ჭეშ­მა­რიტ­მა პატ­რონ­მა, "ხატ­მა", ანუ წმინ­დან­მა (ღვთის­შ­ვილ­მა) უნ­და და­ი­კა­ვოს. მთი­ელ­თა გად­მო­ცე­მე­ბით (ფშავ-ხევ­სუ­რე­თი) მა­თი ჯვარ-ხა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ბა­რის სა­ლო­ცა­ვე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბია, იქი­დან ამო­ტა­ნი­ლი ნი­შე­ბია. რაც აქ ქრის­ტი­ა­ნო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის ასახ­ვაა. მა­თი მთა­ვა­რი, სა­ერ­თო სა­ლო­ცა­ვი ხომ ლა­შა­რი და თა­მარ მე­ფეა.

ლა­შა-გი­ორ­გის შე­უ­წი­რავს ფშა­ველ­თა მთა­ვა­რი სა­ლო­ცა­ვის­თ­ვის დი­დი, "ნა­წი­ლი­ა­ნი" ჯვა­რი, რო­მელ­საც დიდ ომებ­ში წინ ატა­რებ­დ­ნენ და მტერ­ზე იმარ­ჯ­ვებ­დ­ნენ. აქე­დან მო­დის ამ სა­ლო­ცა­ვის წო­დე­ბა "ლა­შას ჯვრად" და "მო­ლაშ­ქ­რედ" (თა­ვად სა­ლო­ცა­ვი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხელ­ზეა, ისე რო­გორც მთი­ელ­თა ყვე­ლა მთა­ვა­რი "ხა­ტი"). ფერ­ხუ­ლებ­ზეც მუ­დამ ახ­სე­ნებ­დ­ნენ მცხე­თას – ფუ­ძე სა­ლო­ცავს: "მცხე­თა აივ­სო კი­რი­თა, თქვე­ნი დუშ­მა­ნი ჭი­რი­თა", რაც ეთან­ხ­მე­ბა მი­ღე­ბულ აზრს, რომ მთის ხა­ტო­ბა-დღე­ო­ბე­ბი მცხე­თის ჯვრის თაყ­ვა­ნის­ცე­მას უკავ­შირ­დე­ბა. "ჯვრის დღე­სას­წა­უ­ლი ხალ­ხურ ტრა­დი­ცი­ა­ში და­უ­კავ­შირ­და სა­მე­ურ­ნეო კა­ლენ­დარს" (ნი­ნო ღამ­ბა­ში­ძე).
ხევსურის ოჯახი
ქრის­ტი­ა­ნო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აქ გამ­ყა­რე­ბის ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი შე­მო­ი­ნა­ხა "ძველ­მა ამ­ბებ­მა", ღვთის­შ­ვი­ლე­ბი­სა და დევ-კერ­პე­ბის "პირ­ვე­ლი" ბრძო­ლე­ბის სა­ხით. ლა­შა­რიც მათ სა­დი­დებ­ლებ­ში წო­დე­ბუ­ლია ღვთის­შ­ვილთ თავ-მო­თა­ვედ, ხელ­მ­წი­ფედ, მო­ლაშ­ქ­რედ. თა­მარ დე­დო­ფა­ლი კი ხმე­ლე­თის დამ­რი­გებ­ლად.

შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა, რომ ხალ­ხის მეხ­სი­ე­რე­ბამ ქრის­ტი­ა­ნო­ბის აქ (მთა­ში) დამ­კ­ვიდ­რე­ბის ნიშ­ნუ­ლად სწო­რედ თა­მა­რის ეპო­ქა შე­მო­ი­ნა­ხა – ერ­თი­ა­ნი ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მო­ნარ­ქი­ის ძლი­ე­რე­ბის კულ­მი­ნა­ცია, რო­დე­საც მოხ­და მთის "ქვეყ­ნე­ბის" სა­ბო­ლოო პო­ლი­ტი­კუ­რი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა პატ­რონ­ყ­მო­ბის სა­ხით და მა­თი ძლი­ე­რი ქრის­ტი­ა­ნი­ზა­ცია, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ჩათ­ვ­ლით.

სვა­ნურ თქმუ­ლე­ბებ­ში მხო­ლოდ თა­მარ მე­ფის სა­ხეა შე­მო­ნა­ხუ­ლი. მა­თი წარ­მოდ­გე­ნით, თა­მა­რი ღვთის­მ­შობ­ლის შემ­დეგ ყვე­ლა ქალ­თა შო­რის პირ­ვე­ლია. იგი უკ­ვ­და­ვია. მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უშ­გუ­ლის მი­წის­ქ­ვე­შე­თია, ღვთის­მ­შობ­ლის ეკ­ლე­სი­ის ქვეშ, სა­დაც ქვევ­რ­ში ზის და ხელ­ში სან­თე­ლი უჭი­რავს... იგი ჩა­მო­დის მეს­ტი­ა­ში, სა­დაც ექ­ვ­სი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ღვთის­მ­შობ­ლის სა­ხელ­ზე ეკ­ლე­სი­ებს აშე­ნებს და თა­ვის გე­მოვ­ნე­ბით რთავს (დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე, "სვა­ნე­თი").

ოსები კი თა­მარ მე­ფეს "მშვი­დი" და "წყნა­რი" თა­მა­რის ეპი­თე­ტით მო­იხ­სე­ნე­ბენ. სა­მე­ფო კა­რი (სა­ხელ­მ­წი­ფო) მუ­დამ ზრუ­ნავ­და მთი­ელ­თა მოქ­ცე­ვა­ზე, მათ "კე­თი­ლად გარ­ჯულ­ვა­ზე"; "სულ ბო­ლოს ერეკ­ლე მე­ფემ გაგ­ვაქ­რის­ტი­ა­ნა­ო" (ი­ო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი, "კალ­მა­სო­ბა").

მკვლევ­რე­ბი "დევ-კერ­პებ­ში" არა მარ­ტო იდე­ო­ლო­გი­ურ აზრს ხე­და­ვენ (ჯვრის რე­ლი­გი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბა წარ­მარ­თო­ბა­ზე), არა­მედ კონ­კ­რე­ტულ ეთ­ნი­კურ ში­ნა­არს დე­ბენ. მი­ღე­ბუ­ლი აზ­რით, "დევ-კერ­პებ­ში" იგუ­ლის­ხ­მე­ბა ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლად ვა­ი­ნა­ხე­ბი (ინ­გუ­შე­ბი, ჩეჩ­ნე­ბი), ანუ ქარ­თუ­ლი ქრო­ნი­კე­ბის "კავ­კა­სი­ა­ნე­ბი" – ბაც­ბე­ბი, ღლიღ­ვე­ბი, ქის­ტე­ბი, ნა­წი­ლობ­რივ ლე­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ძველ დრო­ში სახ­ლობ­დ­ნენ აქ და ქარ­თ­ველ მთი­ელ­თა წი­ნაპ­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ ადათ-ჩვე­ვე­ბით. მოჰ­ყავთ ასე­ვე კონ­კ­რე­ტუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტი სა­ურ­მაგ მე­ფის (IV ს.)

მი­ერ ის­ტო­რი­უ­ლი ფხო­ვის ("დი­დო­ე­თი­დან სვა­ნე­თამ­დე") ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის ("დე­დულ­ნი"), ძურ­ძუ­კე­ბის (ჩეჩ­ნე­ბის) ჩა­მო­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ცნო­ბი­ლია, რომ "დევ-კერ­პე­ბის" ამოწყ­ვე­ტა­სა და თა­ვი­ან­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის (საყ­მო­ე­ბის) და­არ­სე­ბას აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ე­ლე­ბი სწო­რედ წმინ­და გი­ორ­გის უკავ­ში­რე­ბენ, რო­მელ­საც მი­იჩ­ნე­ვენ თა­ვი­ანთ პატ­რო­ნად (ზუ­რაბ კიკ­ნა­ძე). წმინ­და გი­ორ­გი კი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ით მი­იჩ­ნე­ვა მე­ფე­თა და ერის, იმა­ვე მო­ლაშ­ქ­რე­თა მცვე­ლად.
სალოცავი ხატი დანოში (თუშეთი)
სა­ინ­ტე­რე­სოა მო­საზ­რე­ბა მთი­უ­ლე­თი­სა (ხა­და-ცხა­ვა­ტი) და გუ­და­მაყ­რის მო­სახ­ლე­ო­ბის შავ­შე­თი­დან მოს­ვ­ლის შე­სა­ხებ, რაც ასე­ვე მი­თო­სურ გად­მო­ცე­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბა. ტო­პო­ნი­მი­კუ­რი მა­სა­ლაც ადას­ტუ­რებს აქ მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­ას სამ­ხ­რე­თი­დან. ხან­დო (მთი­უ­ლე­თის მო­საზღ­ვ­რე კუთხის სა­ხელ­წო­დე­ბა), რო­გორც ტო­პო­ნი­მი, გვხვდე­ბა ქარ­თ­ლ­შიც, კა­ხეთ­შიც, ჯა­ვა­ხეთ­შიც. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ფშავ-ხევ­სუ­რებს "მოს­ხებს" უწო­დე­ბენ (ე­პის­კო­პო­სი ანა­ნი­ა).

გვახ­სენ­დე­ბა მთი­ელ­თა სა­ფერ­ხუ­ლო ცეკ­ვა "ქორ­ბე­ღე­ლა", რო­მე­ლიც ცი­ხეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და (ქორ ძვე­ლად რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი ტერ­მი­ნი იყო და ასეთ სახ­ლებს მთა­ში ცი­ხე-სახ­ლებს უწო­დებ­დ­ნენ). ამა­ვე სა­ხე­ლით (ქორ­ბე­ღე­ლა) ჯა­ვა­ხეთ­ში ორი ცი­ხე ყო­ფი­ლა, სო­ფელ აბულ­თან და ფა­რავ­ნის ტბას­თან, რო­მელ­თაც წი­ნა­ფე­ო­და­ლუ­რი ხა­ნით ათა­რი­ღე­ბენ (და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი). გა­ვიხ­სე­ნოთ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბაც, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთი­ელ­თა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სტრუქ­ტუ­რის, პატ­რონ­ყ­მო­ბის ბა­რი­დან "ა­ტა­ნის" შე­სა­ხებ.

მთელ ქარ­თ­ლ­ში სა­ხელ­გან­თ­ქ­მუ­ლი იყო თავ­გე­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძა­რი. გად­მო­ცე­მე­ბით, ამ ტაძ­რის აღ­შე­ნე­ბა მი­ე­წე­რე­ბა ქარ­თ­ლის მე­ფე ფარ­ს­მან IV-ს (IV სა­უ­კუ­ნის ბო­ლო), რო­მელ­საც ცო­ლად ჰყო­ლია აფხაზ­თა მთავ­რის ასუ­ლი; მას მზით­ვად მოჰ­ყო­ლია წმინ­და გი­ორ­გის მო­ჭე­დი­ლი ხა­ტი, წმინ­და ნა­წი­ლე­ბით. ამ ხა­ტის საბ­რ­ძა­ნი­სად აუშე­ნე­ბი­ათ მთის წვერ­ზე ეკ­ლე­სია.

ეს ად­გი­ლე­ბი (ლი­ახ­ვის ხე­ო­ბა) მე­ფეს სა­უფ­ლის­წუ­ლოდ გა­და­უ­ცია თა­ვი­სი გე­რის­თ­ვის (ა­ქე­დან, ტო­პო­ნი­მი გე­რი), ანუ მი­სი ცო­ლის შვი­ლის­თ­ვის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან (ი­უ­ლონ ლო­მო­უ­რი). სხვა თქმუ­ლე­ბით, წმინ­და გი­ორ­გის სხე­უ­ლი, წა­მე­ბის შემ­დეგ ასო-ასო და­უ­ნა­წი­ლე­ბი­ათ, წმინ­და­ნის მკლა­ვი და თა­ვი გერ­ში და­უ­მარ­ხავთ, ამი­ტომ და­ერ­ქ­ვა თავ­გე­რი (ი­უ­ლონ ლო­მო­უ­რი). ვახუშტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის ცნობით კი წმინ­და გი­ორ­გის თა­ვის ქა­ლა გო­რიჯ­ვ­რის ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბო­და.

გო­რიჯ­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო გად­მო­ცე­მა. სა­კურ­თხევ­ლის ჯვა­რი წმინ­და გი­ორ­გის ნა­წი­ლე­ბით, რომ­ლის სი­მაღ­ლე 188 სან­ტი­მეტ­რი იყო, გად­მო­ცე­მით, ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა გა­ა­კე­თე­ბი­ნა და მი­სი დღე­სას­წა­უ­ლიც და­ა­წე­სა. რო­ცა ძლი­ე­რი მტე­რი მო­ვი­დო­და, ამ ჯვარს ლაშ­ქარს წინ წა­უმ­ძღ­ვა­რებ­დ­ნენ ჯვა­რის მტვირ­თ­ველ­ნი და ყო­ველ­თ­ვის მი­სი სა­სო­ე­ბით ძლე­ვას შე­ი­მოს­დ­ნე­ნო. ეს ჯვა­რი თა­ვად ვახ­ტანგ გორ­გას­ლის ტა­ნის ზო­მი­სა ყო­ფი­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­ფე­ე­ბიც გო­რიჯ­ვარს შეს­თხოვ­დ­ნენ თავ­დე­ბო­ბას და მე­ო­ხე­ბა­სო (ი­ო­ა­ნე ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი). თავ­გე­რის წმინ­და გი­ორ­გის მოძ­მე­ე­ბად ით­ვ­ლე­ბო­და არ­ბოს ჯვა­რი, ატო­ცი­სა და სარ­კის წმინ­და გი­ორ­გი.

ცნო­ბი­ლია, რომ აფხა­ზე­თი და სვა­ნე­თიც VII სა­უ­კუ­ნემ­დე მა­ინც, ლა­ზი­კის მე­ფეს ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ. ამ კონ­ტექ­ს­ტ­ში, სა­გუ­ლის­ხ­მოა ერ­თი სვა­ნუ­რი თქმუ­ლე­ბა, რომ ილო­რის სას­წა­ულ­მოქ­მე­დი ხა­ტი ვიბ­ლი­ა­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლოს მო­უ­ტა­ნია ჭა­ნე­თი­დან (ის­ტო­რი­ულ ლა­ზი­კა­ში შე­მა­ვა­ლი კუთხე). ვიბ­ლი­ა­ნე­ბი ჯერ ილორ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლან და შემ­დეგ გა­და­სუ­ლან სვა­ნეთ­ში. ვიბ­ლი­ა­ნე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო გად­მო­ცე­მით, წმინ­და გი­ორ­გი მა­თი წი­ნაპ­რის ნა­თე­სა­ვი იყო (იხ. რო­ინ მეტრეველი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ის­ტო­რიო და სა­ეთ­ნოგ­რა­ფიო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თბ; 1982).

ჰა­დი­შის სა­ლო­ცავს სვა­ნეთ­ში ჯგრაგ ჩა­ნი­შიშ, ანუ ჭა­ნე­თის წმინ­და გი­ორ­გის ეძახ­დ­ნენ, მის დღე­ო­ბას კი "ლი­ჩა­ნიშ", იმა­ვე ჭა­ნე­თო­ბას (სერ­გი მა­კა­ლა­თი­ა). ჰა­დი­შის სა­ლო­ცა­ვი ით­ვ­ლე­ბო­და მა­მა­კაც­თა – "ქუ­დის დამ­ხუ­რავ­თა" მფარ­ვე­ლად, ამი­ტომ, მას "ქუ­დო­სანს" ეძახ­დ­ნე­ნო. მას შეს­თხოვ­დ­ნენ ასე­ვე ცხენ­თა და ჯორ­თა გამ­რავ­ლებს, რა­საც მკვლე­ვარ­ნი სამ­ხედ­რო ბე­გა­რას, ცენ­ტ­რა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პატ­რონ­ყ­მულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­საც უკავ­ში­რე­ბენ (ე­დი­შერ ხოშ­ტა­რია-ბრო­სე). ერთ-ერთ შე­წი­რულ ჯვარ­ზე ყო­ფი­ლა წარ­წე­რა, "წმინ­დაო გი­ორ­გი ჩა­ინ­ში­სა, მე­ოხ ექ­მენ ცხენ­სა და ჯორ­სა ჩემ­სა" (სერ­გი მა­კა­ლა­თი­ა).
შატილი
ცხე­ნე­ბის მფარ­ვე­ლო­ბას ხახ­მა­ტის წმინ­და გი­ორ­გი­საც (ხევ­სუ­რე­თი) შეს­თხოვ­დ­ნენ. ხახ­მატ­ში ქის­ტე­ბი და ლე­კე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ, ფა­შატ ცხე­ნებს მო­რე­კავ­დ­ნენ და წმინ­დანს გა­მარ­ჯ­ვე­ბას შეს­თხოვ­დ­ნე­ნო (გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ა). გად­მო­ცე­მით, ხახ­მატ­ში ერეკ­ლე მე­ფე ამო­დი­ო­და და ხა­ტის დარ­ბაზ­ში წმინ­და გი­ორ­გის ება­ა­სე­ბო­და მო­მა­ვა­ლი ომის შე­სა­ხებ (გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ა). ილო­რის სას­წა­ულ­მოქ­მედ ხატს სვა­ნეთ­ში თა­ვი­სი მოძ­მე­ე­ბიც ჰყო­ლია, ლენ­ჯე­რი­სა და ლა­ტა­ლის ჯგრა­გე­ბი. სა­მეგ­რე­ლო­შიც არ­სე­ბობ­და თქმუ­ლე­ბე­ბი წმინ­და გი­ორ­გის ად­გი­ლობ­რი­ვი, მეგ­რულ-ჭა­ნუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ (ცნო­ბი­ლია, რომ ლა­ზი­კის სა­მე­ფოს ეგ­რის­საც უწო­დებ­დ­ნენ).

ად­გი­ლობ­რივ­თა წარ­მოდ­გე­ნით, "წმინ­და გი­ორ­გი სა­მეგ­რე­ლო­ში და­ი­ბა­და... ბრძო­ლა­ში სულ მუ­დამ თავ­ში სდგო­მია მეგ­რელ­თა ჯარს. არ ყო­ფი­ლა მა­გა­ლი­თი, მტე­რი არ გაქ­ცე­უ­ლი­ყო და მეგ­რე­ლი შერ­ცხ­ვე­ნი­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ლხინ­ში სუფ­რის თავ­ში იჯ­და და რო­გორც ღვი­ნის სმა­ში, ისე სიმ­ღე­რა-მოლ­ხე­ნა­ში სწო­რი და ბა­და­ლი არ ჰყო­ლია... ან რა­ში გნე­ბავთ პირ­ვე­ლი და თი­თით საჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო" (იხ. თე­დო სა­ხო­კია, ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წე­რე­ბი). გად­მო­ცე­მით, ილო­რის ტა­ძარ­ში ვე­ე­ბა მშვილ­დი და ბორ­ძა­ლე­ბი (ის­რე­ბი) ინა­ხე­ბო­და, რომ­ლი­თაც წმინ­და გი­ორ­გი უწ­მინ­დურ ძა­ლას მუს­რავ­დაო. ბო­ჭორ­მის (თი­ა­ნე­თი) წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში კი გად­მო­ცე­მით ტყვი­ის ბირ­თ­ვე­ბი ინა­ხე­ბო­და, რო­მელ­თა ხე­ლის ხლე­ბას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და, მი­სი სიწ­მინ­დის გა­მო (დი­მიტ­რი ბაქ­რა­ძე).

ამ­გ­ვარ ის­ტო­რი­ულ-პო­ლი­ტი­კურ ამ­ბებს "ი­ნა­ხავს" სა­ხალ­ხო მეხ­სი­ე­რე­ბა. მას­ში იკითხე­ბა სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბიც, თუმც კი მი­თო­სის პრიზ­მა­ში გარ­და­ტე­ხი­ლი...

გი­ორ­გი ჩინ­ჩა­ლა­ძე
ჟურნალი "ისტორიანი",#75
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!