დიცის ტაძრის ასომთავრული წარწერები - კვირის პალიტრა

დიცის ტაძრის ასომთავრული წარწერები

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლებში არსებულ სიძველეებსა და ძველ ქართულ წარწერებზე (მაგალითად, ერედვის, ტბეთის და სხვ.) ქართველ მეცნიერებს ხელი აღარ მიუწვდებათ, რადგან ქართული კულტურის ბევრი უნიკალური ძეგლი, ჩვენი ისტორიის ცოცხალი მოწმე და მატიანე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

სოფელი დიცი ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარეობს. მრავლისმეტყველია ამ სოფელში ასომთავრული წარწერების აღმოჩენა, რაც კიდევ ერთხელ, ნათლად გვიდასტურებს უძველესი დროიდან პატარა ლიახვის ხეობის ამ არეალში ქართველთა ცხოვრების უწყვეტობას, მათ რელიგიურ-კულტურულ საქმიანობას.

დიცის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დარბაზული ტიპის, მარტივი ფორმის სწორკუთხა ნაგებობაა. სოფლის სასაფლაოზე მდგარ ეკლესიას ორქანობიანი, ახალგამართული თუნუქის სახურავი აქვს. სამხრეთ ფასადთან მინაშენის ნაწილია შერჩენილი. თითო-თითო კარი სამხრეთისა და დასავლეთის კედლებშია, ხოლო ფანჯრები აღმოსავლეთისა (ერთი) და სამხრეთის (ორი) კედლებში. სარკმელთა საპირეები შემკულია თხლად ჩაკვეთილი, სტილიზებული დეკორითა და ქუსლიანი მცირე ზომის წარბით.

ტაძრის კუთხეები, კარ-ფანჯარათა საპირეები და სამხრეთის კედლის დასავლეთი მონაკვეთის ქვედა ნაწილი ამოყვანილია ადგილობრივი ჯიშის (ერედვის) წითელი ტუფის კვადრებით. დანარჩენი კედლები ნაგებია დუღაბზე რიყის ქვით.

რამდენიმე მრგვლოვანი გრაფემა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, ოდნავ ჩამონგრეული ბათქაშის ქვეშ შევნიშნეთ. ბათქაშის გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა საქტიტორე ქვაზე შესრულებული სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. ჩვენი თხოვნით, წარწერაზე თავდაპირველად იმუშავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის სპეციალობის მაგისტრმა ნ. ხარშილაძემ და ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა თ. გოგოლაძემ, რომელთაც საწყის ეტაპზე წარწერა ამოიკითხეს.

ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ პილონის აღმოსავლეთ საფეხურზე ნაკაწრი წარწერები, აღმოსავლეთ ფასადზე მიკვლეული წარწერის შემდეგ, აქ მომუშავე ჯგუფმა აღმოაჩინა (ნ. ხარშილაძე, თ. გოგოლაძე, თ. ჯოჯუა).

სამი ძმის: ბეშქენის, გოდერძისა და ჯარიდის სამშენებლო წარწერა (IX ს.)

წარწერა განთავსებულია ტაძრის აღმოსავლეთ სარკმლის თავზე, ტუფის ქვის დიდი ზომის ფილაზე (142X57 სმ.). არაწესიერი კონფიგურაციის მქონე კვადრის ცენტრალური არე სარკმლის თავსართს წარმოადგენს. ის შემკულია ქუსლიან წარბზე აღმართული ჯვრის რელიეფური გამოსახულებით, რომლის ქვედა დონის თავისუფალ ეზოზე, ჯვრის ორივე მხარეს, ოთხსტრიქონიანი საზეიმო წარწერა არათანაბრად ნაწილდება. პირველი და მეორე სტრიქონი ჯვრის ქვედა მკლავით ორ ნაწილად იყოფა, მესამე სტრიქონი ჯვრის მეორე მხარეს აღარ გადადის, ხოლო მეოთხეს წარბის ცენტრალური მონაკვეთი და მარჯვენა ქუსლის შვერილი ეთმობა.

წარწერა ნაკლულია. ფრაგმენტულად იკითხება პირველი სტრიქონის ბოლო ორი სიტყვის რამდენიმე გრაფემა, ხოლო ორი ასონიშანი მთლიანად წაშლილია. ფრაგმენტულია მეორე სტრიქონის პირველი სიტყვის ბოლო და მეორე სიტყვის პირველი გრაფემები, ასევე რელიეფურ თავსართზე წარწერის ტექსტის ბოლო ნაწილიც. პირველი სტრიქონის მეოთხე სიტყვაში ან-მეტობაა, ხოლო რელიეფურ თავსართზე ამოკვეთილი ტექსტის მეორე სიტყვაში ხან-ი შებრუნებული სახითაა დაწერილი. წარწერის კვეთის სიღრმე 0,2-0,5 სმ-ს შეადგენს; უდიდესი გრაფემის სიმაღლე – 9,1 სმ; უმცირესი გრაფემის სიმაღლე – 1,2 სმ. ქარაგმის ნიშანი – მოკლე განივი სწორი ხაზი; განკვეთილობის ნიშანი – ორი წერტილი პირველ სტრიქონში. დაზიანებების მიუხედავად, ქართული ასომთავრულით შესრულებული საქტიტორო წარწერა სრულად იკითხება. იგი გვაუწყებს:

"სახელითა ღ(მრ)თი(საითა): ესე ეკა(სიც)||ლეს(ია)Á აღვ(ა)შე[ნე]თ

სამთ(ა) ძმათა ბ(ე)შქე(ნ) || გოდერძმან

და ჯარიდმა

ნ ვინ წ(ა)Áკითხ(სიც)ოს ლოცვასა [მოგვიხსენეთ]"

არქაული ტრადიციის თანახმად, წარწერაში ტექსტის დაწყების ნიშანი – ჯვარი არ გვხვდება. წილ-ს ორივე წრე შეკრული აქვს. IX საუკუნის შესაბამისად, ტექსტში სიტყვები დაცილებული არ არის და ერთადერთი განკვეთილობის ნიშანიც – ორი წერტილი უზის ერთმანეთისგან დაუცილებელ სიტყვებს. გან-ს, ენ-ს, ვინ-სა და ლას-ს მარცხნივ უჩნდებათ დამატებითი განივი ხაზები. მან-ის მუცლის შემკვრელი ხაზი მარჯვნივ არ გადადის. მან-ისა და ენ-ის განივი ხაზები ცალკეულ შემთხვევაში ზემოთ იწევს. ბუნიანი გრაფემების ერთი ნაწილი სიმაღლეში გაზრდილია. წარწერა ორხაზოვანებიდან გამოდის და ოთხხაზოვანების, კერძოდ, განუსხურებისკენაა მიდრეკილი.

პირველი სტრიქონის რ (კან) მსგავსებას იჩენს უსანეთის სტელის (VIII ს.) წარწერებში დაცულ რ (კან) გრაფემასთან. რაე მარჯვნივ ოდნავ გადახრილი ბუნითა და გადახსნილი ორივე რკალით შესაბამისობაშია ატენის სიონის საკურთხევლის ჩრდილოეთ კალთაზე ორსტრიქონიანი ასომთავრულნარევი ნუსხური წარწერის (IX-X სს.) რაე-სთან. წარწერას ქორონიკონი არ ახლავს, ნოდარ შოშიაშვილის განმარტებით, ქართული წარწერების დათარიღება ქორონიკონით, ხოლო ზოგჯერ ჰიჯრითა და "დასაბამითგანით" IX საუკუნიდან იწყება, თუმცა, IX საუკუნის შემდეგაც წარწერების უმრავლესობა უთარიღოა.

ტაძრის ინტერიერში დაცული წარწერები გრაფიტებს წარმოადგენენ. ისინი განთავსებული არიან სამხრეთ პილასტრის აღმოსავლეთ საფეხურზე, იატაკის დონიდან მესამე კვადრზე, რომლის ზედაპირი ტალღოვანია და აღენიშნება მცირე და დიდი ზომის ღრმულები.

მოსახსენებელი მიქელისა (X ს.)

ერთსტრიქონიანი, მხედრულზე გარდამავალი ნუსხური წარწერა განთავსებულია კვადრის შუა დონეზე, გრაფიკული გამოსახულებების ქვედა მონაკვეთის გასწვრივ. იატაკის დონიდან 139,5 სმ-ის სიმაღლეზე, კიდიდან 1,7 სმ-ის დაშორებით. ჩაკვეთილია თხლად, სუსტად გაირჩევა. ქარაგმის ნიშანი განივი სწორი, ოდნავ დახრილი ხაზია. დაქარაგმებულია მხოლოდ პირველი სამი გრაფემა "(ქ)ე შ(ეიწყალ)ე".

წარწერას უკავია 7X2 სმ ფართობი. ასოების სიმაღლეა 2-0,5 სმ. მსგავსი შინ-ი გამოვლენილია ატენის სიონის დასავლეთ აფსიდის ჩრდილოეთ კალთაზე, საღებავის ფენის ქვეშ ამოკვეთილ მიქელ ბაღვაშის 940 წლის წარწერაში. ენ-ის დაწერილობა მსგავსია ატენის სიონის ჩრდილოეთ აფსიდის დასავლეთ პილონზე კედლის მხატვრობის გადასული საღებავის ქვეშ გამოვლენილ, შავი საღებავით შესრულებულ თევდორეს მინაწერის ენ-ისა (X ს.), აგრეთვე, ტაძრის დასავლეთ აფსიდის სამხრეთ ბემაში იოანეს ძის მოსახსენებელი წარწერის იმავე გრაფემისა (X ს.).

ეშემლ [ქ](რისტ)ე შ(ეიწყალ)ე მ(იქე)ლ

მოსახსენებელი კონსტანტინესი (X ს.)

ორსტრიქონიანი მხედრულშერეული ნუსხური წარწერა განთავსებულია მიქელის მოსახსენებლის შემდეგ იატაკის დონიდან 137,5 სმ. მარცხენა კიდიდან 1,7 სმ-ის მანძილზე. მოიცავს 7,5X3 სმ ფართობს. ასოების სიმაღლე 2-0,7 სმ. ქარაგმის ნიშანია სუსტად გამოხატული ორი განივი მოკლე ხაზი პირველ და მესამე სახელთან. წარწერაში შეინიშნება ორი სხვადასხვა ხელი. პირველი და მეორე სტრიქონის საწყისი ორი გრაფემა ერთი ხელით ჩანს ჩაკვეთილი თხლად, მომდევნო გრაფემები სიმკვეთრით გამოირჩევიან და ხასიათდებიან ღრმა და ფართო, ძლიერი კონტურით. შინ-ი კონფიგურაციით შესაბამისობაშია მიქელის მავედრებელი წარწერის (X ს.) შინ-ისა. მუცელშეუკვრელი, ტეხილხაზოვანი განვითარების მქონე კან-ს ქვედა ფეხი მოკლე აქვს.

იგი სიახლოვეს იჩენს ატენის სიონის დასავლეთი აფსიდის სამხრეთ ბემაში იოანე ღმრთისმეტყველის ფრესკული გამოსახულების ფერხთით, გადასული საღებავის ქვეშ გამოვლენილ ფრაგმენტული მოსახსენებელი წარწერისა (X ს.) და მიქელის კრიპტოგრამის (X ს.) კან-თან. ენ-ი მგავსია დასავლეთი აფსიდის ჩრდილოეთ კალთაზე, აფსიდისა და ბემის კედლების შესაყარში აფსიდის კედლის სისქეზე დაცულ მხედრულზე გარდამავალი ნუსხური მოსახსენებელი წარწერის (X ს.) ენ-ისა. კან და ენ გრაფემების გვერდიგვერდ არსებობა, მიგვაჩნია, რომ ანთროპონიმ "კონსტანტინეს" უნდა აღნიშნავდეს, თუმცა ანთროპონიმის რამდენჯერმე ხსენებაც ეჭვს უნდა იწვევდეს და შესაძლებელია გამეორებული კან და ენ გრაფემები სხვა სიტყვებს აღნიშნავდეს.

შე კე კე კე | შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე კ(ოსტანტინ)ე კ(ოსტანტინ)ე

წმ | წმ(იდა)

გადაფხეკილი წარწერა (IX-X სს.)

ნუსხური სამსტრიქონიანი წარწერა, რომლის მხოლოდ რამდენიმე გრაფემა გაირჩევა, განთავსებულია კონსტანტინეს წარწერის შემდეგ იატაკის დონიდან 134 სმ-ის სიმაღლეზე. მარცხენა კიდიდან 2,3 სმ-ის დაშორებით. გრაფემებს ემჩნევა თხლად ჩაკვეთის კვალი. წარწერას უკავია 3X5 სმ ფართობი.

შე .......... | შ(ეიწყალ)ე ….....

.....ოეც?... | ……ოეც ……....

ეს ........... | ეც ….….….

მოსახსენებელი კონსტანტინე ბაკანაისა (IX-X სს.)

სამსტრიქონიანი ნუსხურშერეული ასომთავრული წარწერა განთავსებულია გადაფხეკილი წარწერის შემდეგ იატაკის დონიდან 131 სმ-ზე მარცხენა კიდიდან 3 სმ-ის დაშორებით. ხასიათდება საშუალო სიღრმით ჩაკვეთილი ხაზებით. წარწერას უკავია 3,2X6 სმ ფართობი. ასოების სიმაღლეა 1,3-0,5 სმ. ბან-ის, ენ-ისა და ნარ-ის დაწერილობა მსგავსია ატენის სიონის საკურთხევლის სამხრეთ კალთაზე დეკორატიული ჩარჩოს გადასული საღებავის ქვეშ შავი საღებავით შესრულებული პილიგრიმული წარწერის (IX ს.) იმავე გრაფემებისა.

ბუნიანი გრაფემები სიმაღლეში გაზრდილია. წარწერა ორხაზოვნებიდან გამოდის და ოთხხაზოვანებისკენაა მიდრეკილი. კან-ს ორივე ფეხი ერთ ვერტიკალურ ხაზზე ნაწილდება. მისი შეკრული წრიული მუცელი მარცხენა მხარესაა მოქცეული. ასეთი კან-ი მხოლოდ მარჯვნივ გატანილი შეკრული მუცლით დასტურდება ნინოწმიდის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთის მხარეზე, სარკმლის ქვემოთ.

ქ შე კე ბა | ქ(რისტე) შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე ბა

კ[ა]ნაი ამე | კანაი ამე

ნ | ნ

ამ წარწერის მეორე სტრიქონის ბოლოს არის სხვა, ხელით შესრულებული, თხლად ჩაკვეთილი ნუსხური ჯან-ი, ხოლო მესამე სტრიქონის დასაწყისში – ვინ-ი.

წარწერის გასწვრივ, მეორე კიდესთან ჩაკვეთილია რვა ვერტიკალური ღრმა ზოლი, რომლის ქვემოთაც გრძელკისრიანი ფრთებ- და ფეხებშეკეცილი ფრინველის გრაფიკული გამოსახულებაა გადმოცემული, ხაზგასმულად კუთხოვანი ფორმით (#9).

მოსახსენებელი ჯარიდისა (IX-X სს.)

სამსტრიქონიანი ნუსხურშერეული ასომთავრული წარწერა განთავსებულია ფრინველის გრაფიკული გამოსახულების გასწვრივ იატაკის დონიდან 120 სმ-ზე მარცხენა კიდიდან 2,8 სმ-ის მანძილზე. ჩაკვეთილი გრაფემების კონტურები მკვეთრია და ფართო. ქარაგმის ნიშანი მოკლე განივი ხაზი პირველი და მეორე სიტყვის თავზე "ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე".

იკავებს 4X10 სმ ფართობს. ასოების სიმაღლე 3,6-0,5 სმ. გრაფემების ენ-ის, მან-ის თავი ზემოთ იწევს. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული წარწერის რაე-ს მსგავსად, ჯარიდის მოსახსენებელშიც რაე-ს ბუნი მარჯვნივ არის გადახრილი და ორივე რკალი გახსნილი აქვს. ან-ი დიდ მსგავსებას იჩენს ატენის სიონის საკურთხევლის ბემის სამხრეთ კალთაზე, მამფალ სუმბატ აშოტის ძის ფრესკული ეპიტაფიის (885 წ.) ან-თან. ამ წარწერის მან-ის მსგავსად, ჯარიდის მოსახსენებელის მან-საც მცირე ჰორიზონტალური შვერილი უჩნდება მარჯვნივ.

ქე შე ჯარიდ | ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ჯარიდ

ი მე დავწერე | ი მე დავწერე

მიქაელ | მიქაელ

მოსახსენებელი კონსტანტინე ბაკანაისა (IX-X სს.)

სამსტრიქონიანი ასომთავრულშერეული ნუსხური წარწერა განთავსებულია ჯარიდის მოსახსენებელის ქვემოთ იატაკის დონიდან 115 სმ-ზე, მარცხენა კიდიდან 1,5 სმ-ის მანძილზე. ჩაკვეთილია თხლად. ქარაგმის ნიშანი მოკლე განივი ხაზი სახელის თავზე "კ(ოსტანტინ)ე". მოიცავს 11X3,5 სმ ფართობს. ასოების სიმაღლე 1,4-0,5 სმ.

ქე შე კე ბაკანაი ყოე | ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე ბაკანაი ყოე

ლგან ეკლესიათ მათ | ლგან ეკლესიათ მათ

ალა... | ალა(გს)

"ხევისუფლები"

ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ კედელზე, ასომთავრული წარწერების მაღლა გრაფიკული გამოსახულებაა, რომელსაც მარჯვენა ხელში მზე უჭირავს, მარცხენა ხელის მტევანი ატკეჩილია, თუმცა ემჩნევა ჯვრის ფორმის ნაკაწრი. საინტერესოა, რომ ადამიანის გამოსახულებას თავის ნაცვლად გულის ფორმა აქვს, სადაც თვალებია ამოკვეთილი; გრაფიკული გამოსახულების ქვედა ნაწილზე, ქალის სამოსია ამოკაწრული. ჩვენი აზრით, ის წარწერების ამოკვეთის თანამედროვე გამოსახულება უნდა იყოს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (რომლის სახელობისაც არის ეკლესია) გრაფიკულ გამოსახულებას უნდა წარმოადგენდეს.

გრაფიკული გამოსახულების მაღლა სამი გრაფემაა (#9). სამივე მათგანი მრგვლოვანი მოხაზულობისაა. პირველი მოხაზულობით სან-ს ჰგავს. სან-ის შემდეგ კედლის ზედაპირი დაზიანებულია და კიდევ ერთი გრაფემა იკითხება, რომელიც მოხაზულობით იოტასთან უფრო ახლოა. სან-ის შემდეგ შეიმჩნევა პორიზონტალურად განლაგებული ორი წერტილი. იოტას ზედა ნაწილი მარჯვნივ და მაღლაა გაზიდული. სან-ის დაბლა გრაფემის ხაზი შეიმჩნევა, ოღონდ არ იკითხება. ხაზის სიგრძე დაახლოებით 12 მმ-ია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ხაზი ამ წარწერის მეორე სტრიქონის ქარაგმაც იყო. ჩვენი აზრით, ეს წარწერა ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოსახულ "გულისთავიან" ადამიანს უკავშირდება, რადგან აღნიშნული გრაფემები მის თავზეა განლაგებული. გრაფემების ზომებია: 4-7 მმ.

ვინ არიან დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ქტიტორები, ძმები: გოდერძი, ჯარიდი და ბეშქენი? აქვთ თუ არა მათ საერთო X საუკუნეში შიდა ქართლში ცნობილ ტბელთა ფეოდალურ სახლთან? წყაროთა სიმწირის გამო, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ დიცის ღვთისმშობლის აღმოსავლეთ კედელზე გამოსახული წარწერა შინაარსობრივად ბევრ ინფორმაციას არ იძლევა, რთულია რამის გადაჭრით თქმა. თუმცა, სავარაუდოდ, დიცის ტაძრის აგება წინ უნდა უსწრებდეს ერედვის წმინდა გიორგის ტაძრის აგებას.

ერედვის, დოდოთის, ასევე ტბეთის ეკლესიის წარწერებში ტბელთა ოჯახის წევრების სულ სხვა სახელები იხსენიება. ქტიტორები რომ ერედვის 906-914 წლების წარწერით ცნობილ "ქართლის უფალ" ივანე ტბელის წინაპრები ან მისი წინა თაობის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, მათი სახელები ივანეს სახლის სხვა წარმომადგენლებში, მომდევნო თაობაში უსათუოდ განმეორდებოდა. ტბელთა აღზევების დროს მათი ოთხი თაობაა ცნობილი და არსად დიცის ტაძრის ქტიტორთა სახელები არ ჩანს.

დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამშენებლო მასალად გამოყენებულია ღვინისფერი ტუფი, რომელიც სავარაუდოდ ერედვიდან იყო ჩამოტანილი. ასეთივე მასალით არის აგებული ამ პერიოდის ძეგლები პატარა ლიახვის ხეობაში. ტბელთა აღზევების, კონკრეტულად კი ივანე ტბელის ქართლის გამგებლობის პერიოდში, დიცში ტბელთა ნებართვის გარეშე ტაძარი ვერ აიგებოდა, სხვა შემთხვევაში, მათი გვარი წარწერებში უსათუოდ იქნებოდა.

ჩვენი აზრით, საქმე გვაქვს ტბელთა აღზევებამდე არსებულ პერიოდთან. ქტიტორი ძმები – გოდერძი, ჯარიდი და ბეშქენი ჩვენთვის უცნობი რომელიმე ფეოდალური სახლის წარმომადგენლები (შესაძლოა ხევისუფლებიც) იყვნენ, რომლებმაც IX საუკუნის II ნახევარში, ივანე ტბელის დაწინაურებამდე დიცის ეკლესია ააგეს, შემდეგში მათმა ფეოდალურმა სახლმა პირველობა ტბელებს დაუთმო. საინტერესოა, რომ დიცის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე მოხსენიებული სამი ძმიდან, ჯარიდის სახელი ეკლესიის შიგნით სამხრეთ კედელზე არსებულ წარწერებშიც მეორდება. დიცის ეკლესიის სხვა წარწერებში ჯარიდის ძმები – გოდერძი და ბეშქენი არ იხსენიებიან.

დიცის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე არსებულ ასომთავრულ წარწერაში მოხსენიებული ჯარიდი შესაძლოა ასაკით ყველაზე უფროსი არ იყო ძმებს შორის, მაგრამ ტაძრის აგებაში ან მის მოვლა-პატრონობაში მან უფრო მეტი წვლილი შეიტანა და ამიტომაც მოიხსენიეს მეორე წარწერაშიც.

ვინ უნდა იყოს კონსტანტინე ბაკანაი, რომელსაც დიცის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სამხრეთ კედელზე ორი მოსახსენებელი უკავშირდება. განსაკუთრებით საინტერესოა, მეორე მოსახსენებელი, სადაც აღნიშნულია:

"1. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე კ(ოსტანტინ)ე

ბაკანაი ყოე

2. ლგან ეკლესიათ მათ

3. ალა(გს)".

აქ შეგვიძლია დავუშვათ რამდენიმე ვარაუდი:

1. კონსტანტინე ბაკანაი გამოჩენილი სასულიერო პირი იყო. იგი მოღვაწეობდა ტბელთა დაწინაურებამდე, 906-914 წლებამდე, ვიდრე ნიქოზელი ეპისკოპოსი სტეფანე ამ მხარეში მაღალი საეკლესიო იერარქი გახდებოდა. ერედვის ტაძრის აგებისა და ამ ტაძრის წარწერის შექმნის დროს კონსტანტინე ბაკანაი მაღალი საეკლესიო თანამდებობის პირი აღარ უნდა ყოფილიყო. თუკი მას იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ "ყოველგან ეკლესიათ მათ ალაგს" იხსენიებდნენ, როგორც ამას დიცის წარწერა გადმოგვცემს, მაშინ აღნიშნულ პირს ერედვის წარწერაშიც მოიხსენიებდნენ. არ არის გამორიცხული, რომ კონსტანტინე ბაკანაი სწორედ ტაძრის ქტოტორების – გოდერძის, ჯარიდისა და ბეშქენის სახლის წარმომადგენელიც იყო. რას უნდა ნიშნავდეს ბაკანაი? შესაძლოა, რამე საეკლესიო წოდებას, ან სულაც ფეოდალურ სახლს აღნიშნავდე (ეს სამომავლო კვლევის საგანია).

2. კონსტანტინე ბაკანაი, შესაძლოა საერო პირი იყო, ტბელთა გამოჩენამდე, კერძოდ ივანე ტბელის მიერ ქართლის "უფლობამდე" აქაური მკვიდრი ფეოდალური სახლის წარმომადგენელი, რომელმაც დიცის ტაძარი ააგო. კონსტანტინე რომ სხვა ფეოდალური სახლის წევრი ყოფილიყო, ის, ჩვენი აზრით, თავის მოსახსენებლებს არა ჯარიდის მოსახსენებელთან ახლოს, არამედ ტაძრის სხვა კედელზე და უფრო გამორჩეულ ადგილზე ამოაკვეთინებდა. შესაძლოა, ის ჯარიდის ვაჟიც იყო. არ არის გამორიცხული, რომ იმ დროს მათი ფეოდალური სახლი, ტბელთა ფეოდალური სახლის დაწინაურების ფონზე, გავლენას კარგავდა, ამიტომ მოსახსენებელში მან ხაზი გაუსვა თავის საგვარეულოს სიძლიერეს, ე.ი. მათ არა მარტო დიცის ეკლესიაზე ჰქონდათ გავლენა, არამედ "ყოველთა ეკლესიათა მათ ალაგს".

ჩანს, ბაკანაის სახლი დიდ ტერიტორიას ფლობდა და წარწერის ამ ნაწილში სწორედ ამას აქვს გასმული ხაზი. მათ ფეოდალურ სახლს არაერთი ეკლესია ჰქონდა აშენებული, რომელთა მსგავსს ტბელთა აღზევებისას ისინი ვეღარ ააგებდნენ. სავარაუდოა, რომ ბაკანაის ფეოდალურმა სახლმა ტბელთა დაწინაურებამდე არაერთი ტაძარი ააგო. ამ გეოგრაფიულ არეალში მრავალი ტაძრის აგება მხოლოდ ძლიერ ფეოდალურ სახლს შეეძლო.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ დიცის წარწერები ახალი ფურცლით ავსებს შიდა ქართლის ისტორიას. ტაძრის ირგვლივ მიწის კორდოვანი ფენით ძეგლის ნანგრევებია დაფარული. არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ შესაძლოა ახალი წარწერებიც გამოაჩინოს, რაც ეპოქის შესახებ არაერთ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის.

გიორგი სოსიაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესორი

ჟურნალი "ისტორიანი",#74