დინოზავრი დიპი სამოგზაუროდ მიდის
29-11-2017
დინოზავრი დიპი სამოგზაუროდ მიდის
ბრიტანეთის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, 112-წლიანი ისტორიის მქონე ექსპონატი, დინოზავრ დიპის ჩონჩხი ლონდონს დატოვებს და მთელ ბრიტანეთში ორ წელიწადს იმოგზაურებს, სანამ მუზეუმის რეკონსტრუქცია არ დასრულდება.

ცენტრალურ დარბაზში განთავსებული არტეფაქტის სიგრძე 21,3 მეტრია. ექსპონატი დინოზავრის ჩონჩხის ასლია, თაბაშირისგან არის დამზადებული და 292 ძვლისგან შედგება.

დიპი მოგზაურობას დორსეტის საგრაფოს მუზეუმიდან დაიწყებს, ტურნეს კი ლონდონში დაასრულებს. მუზეუმის რეკონსტრუქციის გეგმის მიხედვით, დიპის ბრინჯაოთი დაფერავენ, შემდეგ კი საბუნებისმეტყველო მუზეუმის შესასვლელთან დაიმკვიდრებს ადგილს. ის ახალი
გეოლოგიური ექსპოზიციის ნაწილი გახდება, რომელიც მუზეუმისკენ მეტროს სადგურ "საუთ კენსინგტონიდან" მიმავალ დამთვალიერებლებს შეეგებება.

დიპი საზოგადოების წინაშე 1905 წელს წარდგა. იგი, 1898 წელს აშშ-ში აღმოჩენილი დინოზავრის ჩონჩხის თაბაშირის ასლია. თვით ჩონჩხი კი ამერიკელმა მეწარმემ, მილიონერმა ენდრიუ კარნეგიმ შეიძინა. კარნეგის საბუნებისმეტყველო მუზეუმის (პენსილვანია, აშშ) მეცნიერებმა ჩონჩხზე მუშაობისას
დაადგინეს, რომ ეს გახლდათ დიპლოდოკის მანამდე უცნობი სახეობა. დინოზავრსაც სახელად Diplodocus carnegii უწოდეს.
მუზეუმის ცენტრალურ დარბაზს ცისფერი ვეშაპის 4,5-ტონიანი ნამდვილი ჩონჩხი დაიკავებს
ერთხელაც, ენდრიუ კარნეგის შოტლანდიურ ციხესიმაგრეს მეფე ედუარდ VII ეწვია. მას თვალში მოხვდა ნახატი, რომელზეც დიპი იყო გამოსახული. მეფემ ისურვა, დინოზავრის ჩონჩხის ასლი ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმში დაედგათ. ფილანთროპმაც სპეციალისტებს მისი ასლის დამზადება დაუკვეთა. ასე გაჩნდა დიპი, რომელმაც ლონდონის მუზეუმში დაიდო ბინა. სულ კი დამზადდა ათი ასლი და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში განთავსდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ლონდონელი დიპი ნაწილებად დაშალეს და მუზეუმის სარდაფში შეინახეს, რათა დაბომბვისგან გადაერჩინათ. 1979 წელს კი მუზეუმის ცენტრალურ დარბაზში განათავსეს, სადაც 2017 წლამდე იდგა. მუზეუმის რეკონსტრუქციის შემდეგ, ცენტრალურ დარბაზს დიპის ნაცვლად ცისფერი ვეშაპის 4,5-ტონიანი ჩონჩხი დაიკავებს. 25-მეტრიანი ჩონჩხი ნამდვილი იქნება და არა თაბაშირის ასლი. მას ჭერზე ისე დაჰკიდებენ, თითქოს წყლის სიღრმეში ჩასაყვინთად ემზადება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#74
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!