პირველი ევროპელები საკვებს უმად შეექცეოდნენ
29-11-2017
პირველი ევროპელები საკვებს უმად შეექცეოდნენ
პირველი ევროპელების რაციონი ხორცი­თა და მცენარეული საკვებით იყო დაბალანსებული, მაგრამ მის მოსამზადებლად ცეცხლს არ იყენებდნენ.

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იორკისა და ბარსელონას უნივერსიტეტების მკვლევრები მას შემდეგ, რაც 1 200 000 წლის წინანდელი ჰომინინების კბილის ნადე­ბი შეისწავლეს, ექსპონატებს ჩრდილოეთ ესპანეთში, სიმა დელ ელეფანტეს მღვიმეში მიაკვლიეს. აქ ნაპოვნი ყბის ძვალი ადამიანის ყველაზე ძველი ნაშთია ევროპაში. აღმოჩნდა, რომ ადამიანის ადრეული სახეობების წარმომადგენლები ხორცს, მცენარეულ საკვებსა და მარცვლეულს უმად ჭამდნენ.

პასუხი კითხვაზე, როდის დაიწყო ადამიანმა
ცეცხლის გამოყენება საკვების მოსამზადებლად, ამ დრომდე არ არსებობს. ვერსია და ვარაუდი არაერთია. ზოგი ფიქრობს, რომ კულინარიაში ცეცხლის კვალი ჯერ კიდევ 1 800 000 წლის წინ გამოჩნდა. ზოგი აცხადებს, რომ ცხელი კერძების მომზადება გაცილებით გვიან, დაახლოებით 300-400 ათასი წლის წინ დაიწყეს.

სამზარეულოში ცეცხლის გამოყენების შესაძლო მტკიცებულება
აფრიკაში რამდენიმე ადრეული პერიოდის ძეგლზეა შემორჩენილი. მაგრამ პირდაპირი დადასტურება არ არსებობს. ისიც გაუგებარია, როგორ ვრცელდებოდა კულინარიული უნარები სხვადასხვა ქვეყანაში. ფიქრობენ, რომ შესაძლოა აფრიკიდან სხვა კონტინენტზე გადასულ ადამიანებს ცეცხლის გამოყენების ცოდნა არც გაჰყოლოდათ.
ცეცხლის "მოთვინიერების" პირველი კვალი ევროპაში 800 000 წელს ითვლის (კუევა ნეგრას მღვიმე ესპანეთში).
ევროპაში ადამიანის ყველაზე ძველი ნაშთი 1,2 მლნ წლისაა
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ საკვების ცეცხლზე მომზადების ტრადიციის დამკვიდრება ევოლუციურ ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ, იმ პერიოდს, როცა დაახლოებით 800 000 წლის წინ ადამიანის ტვინის მოცულობა გაიზარდა. ამასთან ერთად, ადამიანს გაუჩნდა ამილაზის (ნერწყვის ფერმენტის) სახეცვლილი გენი, რომელიც სახამებელს გაცილებით ეფექტურად შლიდა. ეს ადამიანს საშუალებას აძლევდა, სახამებლის შემცველი საკვები (მრავალგვარი მარცვლეული, პარკოსნები და სხვ.) მეტი რაოდენობით მოენელებინა, რასაც ცეცხლზე მათი მომზადებაც უწყობდა ხელს.

მეცნიერთა დასკვნით, მართალია პირველი ევროპელები უმ პროდუქტებს მიირთმევდნენ, მაგრამ ამის გამო სულაც არ ჰქონიათ შეზღუდული რაციონი და მცენარეებსაც და ცხოველებსაც უხვად გეახლებოდნენ.

მომზადებულია PastHorizons-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#74
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!