დაბადების სცენა... ნეოლითის ეპოქიდან
29-11-2017
დაბადების სცენა... ნეოლითის ეპოქიდან
იტალიელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ საჰარას უდაბნოს ეგვიპტურ ნაწილში გამოქვაბულის აქამდე უცნობი მხატვრობა აღმოაჩინეს.

მღვიმის კედელზე გამოსახული სცენა, რომელიც ნეოლითის პერიოდს განეკუთვნება, დაბადებას ჰგავს. მღვიმე ნილოსის ველსა და გილფ ქებირის ზეგანს შორის მდებარეობს. მას 2005 წელს მიაკვლიეს, თუმცა აღმოჩენის შესახებ განცხადება მხოლოდ ახლა გაკეთდა.

მხატვრობა მღვიმის სიღრმეში, მოწითალო-მოყავისფრო ჟანგმიწით არის შესრულებული. უცნობმა მხატვარმა კედელზე ორი ზრდასრული ადამიანი - ქალი და მამაკაცი, ასევე ყრმა, წრე, ლომი და ანთროპომ
ორფული არსება გამოსახა. ყრმის ფიგურა ორ ზრდასრულზე მაღლაა. მისი გამოსახულება კარგად იკითხება, თუმცა ლომის, ანთროპომორფული არსებისა და ქალის გამოსახულება დაზიანებულია. ეს უკანასკნელი თავის გარეშეა.

ექსპედიციის ხელმძღვანელი, გეოლოგი მარკო მორელი ფიქრობს, რომ ანთროპომორფული არსება მაიმუნი უნდა იყოს, სავარაუდოდ, ბაბუინი. წრე აღმოსავლეთის ვარსკვლავს გამოხატავს, ხოლო სამი ადამიანი ბავშვის დაბადების სცენას აღწერს. მკვლევრის
აზრით, სწორედ ამაზე მიუთითებს ის, რომ ბავშვი ორ ზრდასრულზე მაღლაა გამოსახული.
მარკო მორელი
მორელის განცხადებით, ამ ეპოქაში, ამ ტერიტორიაზე მღვიმის მხატვრობაში სიკვდილი მიწასთან ასოცირდებოდა, ხოლო ბავშვის ზედა ნაწილში, ანუ ზეცასთან გამოსახვა სწორედ მის საპირისპირო პროცესს, სიცოცხლის დაბადებას უნდა ასახავდეს. ცხოველებისა და ვარსკვლავის გამოსახულება კი მთელ ამ კომპოზიციას ქრისტეშობის სიუჟეტს ამსგავსებს.

ხმამაღალი ვარაუდების მიუხედავად, მეცნიერებმა მღვიმეს მოკრძალებული სახელი შეურჩიეს - "მშობლების მღვიმე".
მარკო მორელი: "ეს მხატვრობა დაახლოებით 5 ათასი წლისაა. აღმოჩენის შემდეგ მართლაც არაერთი შეკითხვა გაჩნდა ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლოს იკონოგრაფიასთან დაკავშირებით. ადრექრისტიანულ ეპოქამდე მღვიმეში ამ შინაარსის მხატვრობის ნიმუშები არასოდეს შეგვხვედრია".

შეკითხვები ექსპედიციის წევრებთანაც აქვთ. სპეციალისტებისთვის გაუგებარია, რატომ დუმდნენ ისინი 10 წელიწადს და რატომ არ გამოაქვეყნეს მასალები სამეცნიერო ჟურნალებში.

მომზადებულია Livescience-ისა და Наука и Жизнь-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#74
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!