იმოგზაურა თუ არა მეფე ერეკლემ ევროპაში? - კვირის პალიტრა

იმოგზაურა თუ არა მეფე ერეკლემ ევროპაში?

როგორც "ისტორიანის" მკითხველისთვის ცნობილია, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ექვსი თვეა მიმდინარეობს მეფე ერეკლე II-ის შესახებ ირლანდიიდან ჩამოტანილი, ქართველი საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი 200-მდე საგაზეთო სტატიისა და კორესპონდენციის თარგმნა, ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით.

წყაროები ბევრ დღემდე უცნობ საკითხს ჰფენს ნათელს, ბევრი რამ სადავოა ან დაუჯერებელი და ღიმილის მომგვრელი. თუმცა ყოველი მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ეს ცნობები წარმოაჩენენ ევროპელთა წარმოდგენასა და მათ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ერეკლე II-ის ბიოგრაფიიდან, ბრიტანულ-ირლანდიური პრესის ცნობების შესწავლის შემდეგ, საინტერესო საკითხი გამოვლინდა – ქართველი მეფის ევროპაში მოგზაურობის ისტორია...

მეფე ერეკლეს ევროპაში ყოფნის შესახებ პირველი ცნობა 1766 წელს გამოქვეყნდა. გაზეთ Lloyd’s Evening Post-ის პირველი იანვრის ნომერში წერია: "პრინცი ჰერაკლიუსი, ქართველთა მეთაური, ამ მომენტისთვის ოტომანთა იმპერიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგეა. ხალხი ამბობს, რომ მან ევროპის უმეტეს ნაწილში უკვე იმოგზაურა ფარულად და კარგად გაიცნო რამდენიმე გამორჩეული გერმანელი ოფიცერი".

გაზეთ  St. James’s Chronicle or the British Evening Post-ის მაისის ნომერში კი ნათქვამია: "საქართველოს პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომელიც როგორც ცნობილია, იყო ლეიტენანტი პრუსიის მეფის ძალებში, რამდენიმე წლის წინ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მტკიცედ გადაწყვიტა საკუთარი ქვეყნის ოტომანთა უღლისაგან გათავისუფლება.

მან გააერთიანა და სათავეში ჩაუდგა დამპყრობელთაგან შევიწროვებულებს, მოგვიანებით თავს დაესხა რამდენიმე ქარავანს და მიღებული ქონებით გამდიდრდა და კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც ცოცხალი ძალით, ისე ნადავლით. მან თითქმის მთელ საქართველოზე მოიპოვა იმდენი ძალაუფლება, რომ საკუთარი მამა მეფედ გამოაცხადა, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე გარდაიცვალა და პრინცი ჰერაკლიუსი მისი მემკვიდრე შეიქნა. ის იბრძოდა არა მეფის ტიტულისთვის, არამედ ქართული არმიის მხედართმთავრობისთვის და დღეს მას 200 ათასი ჯარისკაცი ექვემდებარება".

იმავე 1766 წლის The London Magazine-ის მაისის ნომერში, სტატიაში "ანგარიში საქართველოს პრინცის ჰერაკლიუსის შესახებ" ვრცლად არის აღწერილი ერეკლეს ევროპული თავგადასავალი. მართალია, ამ ცნობის ზოგიერთი პასაჟი დაუჯერებელი და ზოგჯერ ღიმილის მომგვრელიც კი არის, მაგრამ წყარო უდავოდ საინტერესოა. სტატიაში ნათქვამია: "ამ პრინცის მამა ადრე საქართველოში პირველი კაცი იყო და ქვეყანაში თავისებურ სამეფო ძალაუფლებას ახორციელებდა. თუმცა თურქები მისი ხელისუფლებისადმი დიდ შურს იჩენდნენ და არ შეეშვნენ მანამდე, სანამ სამეფო სადავეებს არ ჩამოაშორეს და ჩვეულებრივ მოხელედ არ აქციეს.

ჰერაკლიუსმა, რომელსაც ადრე (Imene) ერქვა, როცა მამას საქმეები ცუდად წაუვიდა, ქვეყანა საიდუმლოდ დატოვა და უცხოეთს მიაშურა, იგი ინგლისში ჩამოვიდა, სადაც ენა შეისწავლა და როგორც მე ვარ ინფორმირებული, ვულვიჩის (Woolwich) აკადემიაშიც კი სწავლობდა. აქ მან განსაზღვრული ცოდნა შეიძინა სამხედრო საქმეებში. ფინანსურმა მდგომარეობამ სწავლის გაგრძელების საშუალება არ მისცა და იგი იძულებული გახდა, აკადემია მიეტოვებინა. ერთხანს ერთ-ერთ ვაჭართან მოსამსახურედ მუშაობდა წმ. რაულის ტაძართან ახლოს და ეს ამბავი კარგა ხანს გაგრძელდა.

ვულვიჩის აკადემია

საბედნიეროდ, ერთხელაც როცა ის თავის საქმეზე ქუჩაში მიდიოდა, ერთ ქართველს შეხვდა, რომლის სახელიც აკოტი (Acot) იყო და რომელიც ცნობისმოყვარეობის გამო იმ დიდებულის სანახავად წავიდა, რომელსაც განთქმული სახელის შესაბამისი გულუხვობაც ჰქონდა. აკოტი ქართველი იყო და თავგადასავლების მოყვარულმა ჰერაკლიუსმაც სამშობლოდან მოშორებულ მხარეში ვერ შეიკავა იმ ცდუნებისაგან თავი, რასაც თანამემამულესთან მუსაიფი ქვია. საუბრის დროს აკოტმა მას უთხრა, რომ ცხოვრობდა დიდებულთან, რომლისგანაც გულითადი მიპატიჟება მიიღო და რომელთანაც ერთგულად მსახურობდა.

იმენემ კი მეგობარს თავისი ვინაობა გაანდო და მისგან დაუყოვნებლივი მორჩილება იგრძნო. ჰერაკლიუსი დიდებულთან მიიპატიჟეს და ისე ბრწყინვალედ შემოსეს, როგორც მას ეკადრებოდა, შემდეგ განსვენებულ მეფეს შეავედრეს და მისი მფარველობის ქვეშ სამშობლოში დააბრუნეს. ის დიდი ხანია, საქართველოში არ არის ნამყოფი, მისი უწინარესი განზრახვა ოჯახის დაკარგული ღირსების აღდგენა და მამის თურქთა მოძალებისგან განთავისუფლებაა, შესაბამისად, მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და მიაღწია კიდეც რამდენიმე წარმატებას ოსმალთა ძალებზე. მის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის მსოფლიოს ამ შორეული ნაწილიდან. მე კი ეს ამბები იმ ადამიანისაგან მოვისმინე, რომელთა მონათხრობის სინამდვილეში ეჭვს ვერ შევიტან".

1766 წლის შემდეგ ინგლისურ პრესაში არაფერია ნათქვამი ერეკლეს ევროპული მოგზაურობის შესახებ, თუმცა 1790 წელს Calcuta Chronicle and General Advertiser-ის იანვრის ნომერში გამოთქმულია მოსაზრება, რომ "პრინცი ჰერაკლიუსი პრუსიის მეფის არმიაში მარია-ტერეზას წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დაწყებამდე მსახურობდა".

მოგვიანებით, კერძოდ კი 1793 წელს ლაიფციგში, გამოვიდა ელია ჰაბეცკის, იმავე გრაფი ჯეტას წიგნი სახელწოდებით "პრინც ერეკლესა და თანამედროვე საქართველოს მდგომარეობის მოკლე ისტორია". ეს წიგნი, რომელიც გერმანულიდან ქართულად პროფესორმა ბორის კალანდიამ თარგმნა, ფრანგულენოვან საგაზეთო ცნობებს ეყრდნობა და ვრცლად მოგვითხრობს ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის თავგადასავალს. ამ ისტორიიდან ჩვენთვის ერეკლეს ყმაწვილკაცობის პერიოდია საინტერესო, რომელიც წიგნში ამგვარად არის აღწერილი: "ჰერაკლე დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში იყო და ბოლოს პრუსიის არმიაში სამსახური კაპიტნის ჩინით დაამთავრა. ბევრი გასაჭირი და უბედურება გადაიტანა, მაგრამ თან დიდი გამბედაობა და უშიშარობის რწმენა შეიძინა.

პატრიოტული იდეებით დატვირთული სამშობლოში დაბრუნდა ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების, თურქეთის უღლის გადაგდებისა და შესაბამისად, ქვეყნისათვის იმ სირცხვილის მოშორების სურვილით, რომელიც მას თან სდევდა... დაიბადა დიადი საქმეების კეთების სულისკვეთებით; მოუსვენარი, მაგრამ სიბრძნით გაჯერებული სიცოცხლის უნარით; დაჯილდოებული მრავალმხრივი ინტელექტით და უსაზღვარო ცნობისმოყვარეობით, ძლიერი აღნაგობითა და შესაშური ჯანმრთელობით. ეს პრინცი უკვე ახალგაზრდობაშივე გრძნობდა უკმაყოფილებას, რომ მისი ნიჭი და ტალანტი საქართველოში საკმარისად არ გამოიყენებოდა.

მით უმეტეს, რომ მამა, იმის ნაცვლად, მის განათლებაზე ეზრუნა, მთელ დღეებს უსაქმურობასა და გართობაში ატარებდა. ამიტომ მან გადაწყვიტა გამგზავრებულიყო ევროპაში და იქ ყველა შესაძლებელი განათლება და ცოდნა მიეღო. აქ ის განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობდა სხვადასხვა ერების ხელისუფალთა მმართველობის ფორმებსა და იმ მეთოდებს, რომლის მეშვეობითაც ისინი სამეფო ტახტს აძლიერებდნენ.

მან ასევე მნიშვნელოვანი დრო დაუთმო სამხედრო მეცნიერებათა შესწავლას და უკმაყოფილო იმით, რომ მხოლოდ თეორიული სწავლება ბევრის მომტანი არ იყო, გადაწყვიტა ინკოგნიტოდ წასულიყო ბერლინში და ჩარიცხულიყო პრუსიის სამხედრო სკოლაში რიგითად.მას სურდა პრაქტიკული სამხედრო ჩვევების შესწავლა ნულიდან დაეწყო.

მისი ქცევა, როგორც გარნიზონში, ისე საომარი კამპანიის დროს ომში, რომელსაც პრუსიის მეფე მაშინ მარია ტერეზას წინააღმდეგ აწარმოებდა, იმდენად სამაგალითო იყო, რომ იგი დააწინაურეს და საბოლოოდ ქვეითთა შორის კაპიტნის წოდება მიანიჭეს. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ქართველმა პრინცმა პრუსიის მეფის მხრიდან პატივისცემისა და მეგობრობის სურვილი აშკარად იგრძნო. მცირე ხნის შემდეგ მან გადაწყვიტა თავის ქვეყანაში დაბრუნება და თავისი გეგმის მიხედვით რეფორმების გატარებისთვის ხელსაყრელ პირობებს დაელოდა".

ერეკლე მეფის ევროპაში მოგზაურობისა და სწავლის შესახებ მისი თანადროული ოფიციალური ქართული საისტორიო ქრონიკა დუმს, ამის შესახებ არც XIX საუკუნის რუსული იმპერიული ისტორიოგრაფია ამბობდა რამეს და ეს საკითხი არც საბჭოთა მეცნიერების მიერ ყოფილა აქტიურად შესწავლილი და მხარდაჭერილი. თუმცა, თუ ერეკლე მართლა იმოგზაურებდა ევროპაში და მით უფრო, საიდუმლოდ, ეს მოვლენა ნაკლებად მოხვდებოდა თანადროულ ისტორიულ ქრონიკაში.

სპარსეთისა და ოსმალეთის შესაძლო განრისხების შიშით ამის მიჩქმალვას შეეცდებოდა იმდროინდელი სამეფო კარი – ამ ორი იმპერიის მესვეურები ეჭვის თვალით შეხედავდნენ ქართველი უფლისწულის ევროპულ მოგზაურობას. ერეკლესა და ევროპის ურთიერთობაზე, ცხადია, არც რუსული საიმპერიო ისტორიოგრაფია იტყოდა რამეს, რომელსაც ქართველი ხელმწიფე მხოლოდ რუსული პოლიტიკის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრად მიაჩნდა და აქედან გამომდინარე, მისი ევროპული კავშირების ძიებასა და გამომზეურებას არ მოისურვებდა. იმავე მიზეზით დადუმდებოდა საბჭოთა ისტორიოგრაფიაც, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებულ გეორგიევსკის ტრაქტატს გარდაუვალ და უალტერნატივო ისტორიულ მოვლენად მიიჩნევდა.

პატარა კახი. ავტორი უცნობია ალექსანდრე როინაშვილის ასლი

ვერ მოვყვებით მტკიცებას, რომ ერეკლემ ევროპაში იმოგზაურა და მით უფრო, განათლება მიიღო, თუმცა ისიც ცხადია, რომ ევროპულ წყაროებში დაჟინებით განმეორებული ცნობები ახალგაზრდა ქართველი უფლისწულის ინგლისსა და პრუსიაში მოგზაურობის შესახებ უსაფუძვლო ვერ იქნებოდა. ერეკლე ერთმნიშვნელოვნად ევროპული გაქანების, მენტალიტეტისა და მასშტაბის მონარქი იყო. ამაზე მიუთითებს მისი განვლილი გზა და მრავალმხრივი მცდელობა, სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოსთან დაემყარებინა კავშირი. სავარაუდოდ, პატარა კახის პროდასავლური მისწრაფება მისი ყმაწვილკაცობის დროსვე უნდა ჩამოყალიბებულიყო. მოკლედ, ჩნდება კითხვა, როდის შეიძლებოდა ემოგზაურა პატარა კახს დასავლეთში?

ერეკლეს ყმაწვილკაცობის შესახებ მწირი ცნობები შემოგვრჩა, თუმცა ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ქრონოლოგია მეტ-ნაკლებად შეგვიძლია აღვადგინოთ.

ცნობილია, რომ 1735 წელს ნადირ-შაჰმა ერეკლე და ბატონიშვილი ქეთევანი ირანში გამოიძახა. თეიმურაზმა შაჰის პირობები კახეთში გამოგზავნილ წერილში აღწერა: "სასურველო ძეო ჩემო! სადაც ბოროტი შეგვემთხვის, იქ სიკეთეც მოგველის. იძულებითა მოგიწერ ესრეთ, რომ შაჰსა სურს განთავისუფლება ჩემი ტყვეობისაგან, გარნა მხოლოდ ითხოვს მოსვლას შენსა და რათა თანა წარმოიყვანო ასული ჩემი და დაი შენი ქეთევან. მხოლოდ მოსვლაი შენი აქა, სპარსეთად, მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისაგან. ესრეთია ნება შაჰისა".

1737 წლის თებერვალში 17 წლის ერეკლე დასთან ერთად ირანში გაემგზავრა და მარტში შაჰთან გამოცხადდა. ნადირმა თეიმურაზის ქალიშვილი ქეთევანი თავის ძმისწულს მისცა ცოლად, ერეკლე თავისთან დაიტოვა, რათა ინდოეთის ლაშქრობაში ხლებოდა, თეიმურაზს კი კახეთის მეფობა უბოძა და საქართველოში გამოუშვა. თითქმის ორ-ნახევარი წელიწადი დაყო ერეკლემ ნადირ-შაჰთან. ახალგაზრდა ბატონიშვილისთვის ეს შესანიშნავი სკოლა იყო, მან საფუძვლიანად შეისწავლა ირანის სამხედრო და სამოქალაქო წყობა, გაიწაფა აღმოსავლეთის დიპლომატიაში, პოლიტიკასა და სტრატეგიაში.

1739 წლის 28 მაისს ნადირმა სახელოვნად ნამსახურები ქართველი ბატონიშვილი დიდი ქებითა და საჩუქრებით სამშობლოში გამოისტუმრა. იმავე წლის 13 დეკემბერს ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილი ჭაბუკი ღამის 4 საათზე ალავერდის სასახლეში მივიდა, სადაც იმჟამად მეფე და დედოფალი იმყოფებოდნენ. ამ დროს ერეკლე 19 წლისა იყო.

1739-დან 1744 წლამდე ერეკლე პოლიტიკურ არენაზე აქტიურად აღარ ჩანდა. სწორედ ამ პერიოდის ერთი მონაკვეთი შეიძლებოდა ბატონიშვილს ევროპაში სამოგზაუროდ გამოეყენებინა. ირანში ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ყოფნა, ცხადია, უკვალოდ არ ჩაივლიდა. ერეკლე არაერთ ევროპელ დიპლომატსა თუ მოგზაურს გაიცნობდა, თავრიზსა და ისპაჰანში ბევრს შეიტყობდა ევროპის კულტურისა თუ პოლიტიკის შესახებ. ამდენად, არ არის გამორიცხული, სპარსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდას დიდი ინტერესი დასავლური კულტურისა თუ პოლიტიკისადმი გასჩენოდა... ამ ფაქტის სასარგებლოდ მეტყველებს The London Magazine-ის ზემოხსენებული 1766 წლის ცნობაც, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ერეკლე ვულვიჩის სამხედრო აკადემიაში სწავლობდა.

ეს სასწავლებელი 1741 წელს დაარსდა, სასწავლებელი არტილერიის ოფიცრებს ამზადებდა და ინგლისის სამეფო არსენალის შენობაში იყო განთავსებული.

ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა სომეხი განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის, ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნის ინიციატორ იოსებ ემინის წერილი, რომელიც 1766 წელს გამოქვეყნდა კრებულში The Annual Register or A View of the History, politics and literature. ეპისტოლეში ნათქვამია: "მზად ვარ, თქვენს უდიდებულესობას ჩემი სამსახური შევთავაზო. სანაცვლოდ მე არანაირ საზღაურს არ ვითხოვ. მე აქ დიდებული მფარველი მყავს.

ის ინგლისის ხელმწიფის შვილია და თუ თქვენი ბრწყინვალება ინებებს, მზად ვარ, მას დავეთხოვო და წამოვიდე საქართველოში იმისთვის, რომ თქვენს ჯარისკაცებს ევროპულ ყაიდაზე ბრძოლა შევასწავლო. თქვენმა ბრწყინვალებამ ხომ ძალიან კარგად იცის ევროპული ბრძოლის უპირატესობა, როცა რამდენიმე გაწვრთნილ ჯარისკაცს ბევრად მეტი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია. თქვენს ბრწყინვალებას გერმანელთა ერის შესახებაც აქვს გაგონილი. მათ 20 ათასკაციანი არმიის წყალობით 100 ათასი მუსლიმისა და თურქის დამარცხება შეძლეს".

ემინი წერს, რომ ერეკლე კარგად იცნობდა ევროპელთა ბრძოლის მეთოდებს. სად უნდა შეეძინა პატარა კახს ეს ცოდნა? ცხადია, ამის გაკეთება ევროპაში შეიძლებოდა.

გამორიცხული არ არის, ინგლისურ პრესას ჭორ-მართალი და ნამდვილი ამბავი ერთმანეთში არეოდა. ცნობილია, რომ სომეხმა განმანათლებელმა იოსებ ემინმა ინგლისში 1751-1759 წლებში იმოგზაურა და ვულვიჩის სამხედრო აკადემიაშიც სწავლობდა, შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში მოხალისედ წავიდა ბრიტანეთისა და პრუსიის არმიებში. 1760-იანი წლებიდან ემინი ერეკლე მეფეს დაუკავშირდა და სომხეთის თურქთა ბატონობისგან გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ქართულ-სომხური სახელმწიფოს სათავეშიც სწორედ ერეკლე მეფე ეგულებოდა.

ამდენად, ადვილი შესაძლებელია, ინგლისურ პრესას ეს ორი ისტორიული პიროვნება ისე დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის, რომ საბოლოო ჯამში მათი ბიოგრაფიების აღრევა მომხდარიყო. XVIII საუკუნის ჟურნალისტიკისთვის ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სიშორესა და ინფორმაციების მოპოვების სირთულეს. ამ ეჭვს ამყარებს 1766 წელს პრინც ჰერაკლიუსის იმენედ მოხსენიების ზემოხსენებული ფაქტიც (ცხადია, იმენე ემინის დამახინჯებული ფორმაა). თუმცა ძალიან მცირე ალბათობით, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ იოსებ ემინსა და ერეკლე მეფეს სწორედ ევროპაში მოგზაურობისას გაეცნოთ ერთმანეთი.

ვულვიჩის აკადემია

შეიძლება ითქვას, რომ ერეკლეს ევროპული ბიოგრაფიის ნაწილი – თუ მართლაც იყო ასეთი რამ – ქართველი მონარქის რეფორმატორულ ხასიათს შეესაბამება. უფრო მეტი საფუძველი ეძებნება პატარა კახის დაუოკებელ სწრაფვას, დაემყარებინა სამხედრო თუ პოლიტიკური კავშირი ინგლისის, ვენეციისა და ავსტრიის მონარქებთან. ჩანს, რომ მან კარგად უწყოდა განათლებული ევროპის სარგებელი.

ამგვარი ვოიაჟის დაშვება რუსეთის მონარქ პეტრე დიდს გვახსენებს, რომელმაც საიდუმლოდ იმოგზაურა ცივილიზებულ დასავლეთში, ერეკლემაც შესძინა საკუთარ ქვეყანას ახალი ღირებულებები, განმანათლებელთა იდეები და სამხედრო წარმატებისთვის საჭირო ცოდნა. ამ მოსაზრების საუკეთესო დასტურია 1793 წელს ლაიფციგში ელია ჰაბეცკის დაბეჭდილი სიტყვები: "ის თავის სამეფოში უცხოეთიდან იწვევდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, მის დროს მეცნიერებამ და ხელოვნებამ აყვავება დაიწყო, სწავლულები მაღალი ანაზღაურებითა და დაფასებით გამოირჩეოდნენ, ამიტომ ისინიც ზედმიწევნით ავრცელებდნენ თავიანთ ცოდნას და, რაც მთავარია, ამ იდეების პრაქტიკაში განხორციელება ხდებოდა...

მეფე ერეკლე ნიჭიერ ახალგაზრდებს არჩევდა და საკუთარი სახსრებით მათ ნაწილს ევროპის ქვეყნების სამეფო კარზე, ნაწილს კი სხვადასხვა აკადემიაში განათლების მისაღებად აგზავნიდა. ადამიანთა წარჩინება მხოლოდ წარმომავლობით რომ არ დაფასებულიყო, მან სამი წოდება შემოიღო: ერთი დაბადების, მეორე დამსახურების, მესამე კი სიმამაცისა და სამხედრო ხელოვნებისა. იმისთვის, რომ თავისი ქვეყნიდან ცრუ ღვთისმოსაობა და მიუტევებლობა განედევნა, ყველა რელიგიისადმი განსაკუთრებულ შემწყნარებლობას ავლენდა. მას სურდა საკუთარი ქვეშევრდომები უმტკივნეულოდ განეწმინდა ყოველივე უარყოფითისგან. მოახერხა კიდეც, სამეფო კარსა და საკუთარ თავს ყოველივე შეუფერებელი ისე ჩამოაშორა, რომ არც ერთი მათგანის ბრწყინვალება არ შეულახავს".

გიორგი კალანდია

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების სასახლის

დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#74