ილია ჭავჭავაძის წინაპრები და ნათესავები მამის მხრიდან - კვირის პალიტრა

ილია ჭავჭავაძის წინაპრები და ნათესავები მამის მხრიდან

წლეულს სრულდება 180 წელი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) დაბადებიდან.

სამშობლოს წინაშე განუზომელი ღვაწლისთვის იგი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა "ილია მართლის" სახელით.

ქართულ წარჩინებულ საგვარეულოთა შორის ჭავჭავაძეებს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავიათ. ეს გვარი სათავეს ძველი დროიდან იღებს.

ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ჩამოთვლილ კახეთის 13 სათავადო გვარს შორის მეხუთე ადგილას დასახელებულია ჭავჭავაძეთა საგვარეულო, რომელიც, ავტორის განმარტებით, იყო ქართულ საგვარეულოთა შორის ერთ-ერთი "უწარჩინებულესი და შემძლებელი".

იოანე ბაგრატიონის თხზულებაში "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა" ჩამოთვლილ კახეთის 24 სათავადო გვარს შორის ჭავჭავაძეები მეცამეტე ადგილას იხსენიებიან. მათი წარმომავლობის შესახებ ავტორი წერს: "არიან ორ გვარად. პირველნი, რომელნიცა სახლობენ გაღმა მხარს ყვარელსა შინა. იგინი არიან ძველადგანვე დროსა მეფესა ლეონისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1529. ესენი იყვნენ ადგილით და მუნ მოსახლენი თავადადვე და მერე გადმოსახლდენ ყვარელსა შინა და მუნ მისცა ადგილნი, რომელნიცა აწ არიან: 1) გლახას შვილები და ძმათა ამისისა. 2) მელქისედეგისა შვილები. ხოლო მეორე ჭავჭავაძენიც არიან მუნვე ადგილიდამ მოსრულნი, რომელნიც ამბობდენ მონათესაობასა მათსა. გარნა არა აქვნდათ მათთან მამულნი და ამათ მსახურეს ერეკლე მეფესა თუშეთს და ოდეს გამეფდა მეფე ირაკლი პირველ წელსა ქრისტეს აქეთ 1680-სა შემდგომად მსახურებისთვის დაასახლნა ადგილსა წინანდელსა და მიიღო აზნაურად. შემდგომად მეფემან თეიმურაზ აღიყვანა მცირე თავადის ხარისხსა შინა და უბოძა მცირე რამ ყმა და ზვარი სამეფო და უკანასკნელ უფრორე მეფემან მეორემან ირაკლიმ დაუმტკიცა ჭავჭავაძეობა და არიან მუნიდგან წოდებულნი, რომელნი პირველ იწოდებოდენ მამუჩის შვილებად და რომელიცა ახლაცა იწოდებიან მამუჩის შვილებად: 1) ივანეს შვილები. 2) ბერი ნაზირის შვილები და 3) გარსევანის შვილები და სხვანი".

გეორგიევსკის ტრაქტატს დართულ ქართველ წარჩინებულთა სიაში ჭავჭავაძენი კახეთის 24 სათავადო გვარს შორის მეათე ადგილას იხსენიებიან.

ამ გვარს საფუძვლად უდევს მომცრო ზომის ფრინველის – ჭავჭავის (იმავე ჭივჭავის) აღმნიშვნელი ქართული დასახელება, რომელიც როგორც ჩანს, მომცრო ტანის მამაკაცის სახელად ან მეტსახელად გადაქცეულა.

სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში სიტყვა "ჭივჭავი" (რომლის ვარიანტებია – "ჭივჭივი" ან "ჭავჭავი") განმარტებულია როგორც "ბეღურა".

ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ არსებობს საყურადღებო გამოკვლევები, რომელთა შორისაც გამოირჩევა ქართული გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარის, იური ჩიქოვანის მიერ შედგენილი გენეალოგიური ნუსხები, ასევე როლანდ თოფჩიშვილისა და იოსებ ბიჭიკაშვილის ნაშრომები.

საგვარეულო გადმოცემით, ჭავჭავაძეთა წარმომავლობა დაკავშირებულია კახეთის მთიანეთთან, კერძოდ, ერწო-თიანეთთან. აქვე უნდა ითქვას, რომ თავადი ჭავჭავაძენი ყმა-მამულს ფლობდნენ როგორც ერწოში, ანუ თანამედროვე თიანეთის რაიონში, ასევე კახეთის სხვა ნაწილებშიც, კერძოდ, თელავის, ყვარლისა და ახმეტის რაიონებში.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში

ჭავჭავაძეთა მამულებს ესაზღვრებოდა თავადების: მაყაშვილების (დასავლეთიდან), ჯანდიერების (სამხრეთიდან), გურგენიძეებისა და ჯორჯაძეების (ჩრდილოეთიდან) მამულები. აღმოსავლეთიდან ჭავჭავაძეთა მამულებს ქიზიყის სამოურავო ემიჯნებოდა.

თავად ჭავჭავაძეთა გვარი ორ შტოდ იყოფოდა. მათი საერთო წინაპარი იყო როშნია ჭავჭავაძე, რომელიც საისტორიო წყაროებში 1470 წელს იხსენიება.

ჭავჭავაძეთა ერთი შტოს რეზიდენცია მდებარეობდა ყვარელში, ხოლო მეორისა – წინანდალში. აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში მდებარეობდა მათი სასახლე, ციხესიმაგრე და კარის ეკლესია. ყვარლის ჭავჭავაძეთა საგვარეულო საძვალე იყო და დღემდე არის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც ყვარელშივე მდებარეობს.

ჭავჭავაძეთა წინანდლის შტოს საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა თელავის დასავლეთით მდებარე შუამთის მონასტერი ("ახალი შუამთა").

ქართულ საისტორიო წყაროებში ჭავჭავაძეები XV საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან იხსენიებიან. სწორედ ამ პერიოდითაა დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც პირველად იხსენიება აღნიშნული გვარის წარმომადგენელი ფაროდი ჭავჭავაძე.

ალექსანდრე I დიდის 1438 წლის სიგელით, ფაროდი ჭავჭავაძესა და მცხეთა-გარეჯას შორის სამამულე ცილობის დროს ნიწობლისძისეული და ოქროპირისშვილის მამულების საქმეები უნდა გადაწყვეტილიყო მცხეთისა და გარეჯის სამართლის მიხედვით.

საისტორიო წყაროებში მოხსენიებული ჭავჭავაძეთა გვარის მომდევნო წარმომადგენელია კათოლიკოს-პატრიარქი დავით IV, რომელიც ამ თანამდებობაზე 1442-1459 წლებში მოღვაწეობდა. ის იხსენიება მეფე გიორგი VIII-ის ბრძანებით 1447 წელს შედგენილ საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში. ამ დოკუმენტით მეფემ დაამტკიცა თავისი მამის, ალექსანდრე I-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებული სიგელი, რომლითაც ამ ტაძრის კუთვნილი მამულები გადასახადებისგან თავისუფლდებოდა.

გიორგი VIII ასე მიმართავდა კათოლიკოს დავით IV-ს: "და აჰა თქუენ, წმინდაო მღვდელთ-მთავართ მთავარო, პატიოსანო და მიმსგავსებულო და თანამერაბამეო წმიდათა მღდელთ-მოძღუართა ბასილი და გრიგოლისო, ქართლისა კათალიკოზო დავით, რაგუარაცა ჩუენგან ასრე დამტკიცებულსა და განთავისუფლებულსა მართებს, ეგრეთ მვედრებელ იქმენ ღმრთისა მიმართ მოსატევებლად ცოდვათა ჩუენთა და ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით ლოცვათა და ვედრებათა შინა თქუენთა".

თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულო გერბი (ერთ-ერთი ვარიანტი)

1454 წლის 10 იანვრით დათარიღებული დოკუმენტის "კულუხის გამოსაღების წიგნი დავით კათალიკოზისა მეკულუხე ჯუარის მსახლობელთადმი" ბოლოს დართულ დამტკიცებაში ვკითხულობთ: "ჩუენ ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზი ჭავჭავაძე დავით ვამტკიცებთ".

ჭავჭავაძეებს სხვადასხვა დროს ეპყრათ სახლთუხუცესის, მოლარეთუხუცესის, მეჯინიბეთუხუცესის, სუფრაჯისა და სხვა მაღალი თანამდებობები.

საისტორიო წყაროებში იხსენიებიან ამ გვარის შემდეგი წარმომადგენლები: როშნიას ვაჟები: ზაალი, დასტანი, მანუჩარი და გიორგი (1517 წლის საბუთში); გიორგის ვაჟები – გარსევანი და ბეჟანი (1517 წლის შემდგომ გაცემულ საბუთში); გარსევანი (1584 წლის საბუთში); სახლთუხუცესი იასონი (1590 წლის საბუთში); მოლარეთუხუცესი მამუკა (1639-1651 წლებით დათარიღებულ საბუთში); სულხან მამუჩის ძე (XVII საუკუნის შუა ხანებით დათარიღებულ საბუთში); მამუჩი და მისი შვილები – დათუნა და რამაზი, მამუჩის ძმისწულები – გიორგი და გულბაათი, განაყოფები – იასონი და სეფედავლე (1682 წლის საბუთში) და სხვ.

ჭავჭავაძეები მეფისა და სამშობლოს ერთგულნი იყვნენ, რის შესახებაც ინფორმაცია დაცულია როგორც საისტორიო წყაროებში, ასევე ფოლკლორსა და ლიტერატურაშიც.

ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა ლექსი წინანდლელ მამუკა ჭავჭავაძეზე, რომელშიც გადმოცემულია მისი შებრძოლება კახეთში შემოჭრილ დაღესტნელთა ლაშქართან და სიკვდილი. არსებობს ვარაუდი, რომ ეს პიროვნება შესაძლოა ყოფილიყო ზემოხსენებული მოლარეთუხუცესი მამუკა.

მეფე არჩილ II-ის პოემაში "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა" იხსენიება მეფე თეიმურაზ I-ის თანამედროვე თავადი – გარსევან გულბაათის ძე ჭავჭავაძე, რომელმაც თავი ისახელა დაღესტნელებთან ბრძოლაში.

1755 წელს ყვარლის ციხის დაცვისთვის ხუნძეთის ნუცალ (მთავარ) ნურსალ-ბეგთან და მის მრავალრიცხოვან ლაშქართან მომხდარ ბრძოლაში თავი გამოიჩინა ბესპაზ ფარემუზის ძე ჭავჭავაძემ, რომელიც იყო პაპის მამა დიდი ილია ჭავჭავაძისა. ამის შესახებ აღნიშნულია თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის სიგელში, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ალყის დროს ყვარლის ციხის გარნიზონს მეთაურობდნენ დავით ვაჩნაძე და მელქისედეკ და ბესპაზ ჭავჭავაძები, რომლებმაც "თავი საყათლანეთ გადადვეს; ოცდასამი დღე ლომსავით იბრძოლეს".

ხსენებული ბრძოლა აღწერილია გრიგოლ ორბელიანის პოემაში "სადღეგრძელო", რომელშიც ნათქვამია, რომ "მთლად დაღისტანი მოაწვა გასაოხრებლად ყვარლისა!", თუმცა ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს "და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი!"

აქვე დავძენთ, რომ დიდი ილია ჭავჭავაძის ჩვენთვის ცნობილი უძველესი წინაპარია ხსენებული როშნია ჭავჭავაძე. საერთოდ, კი ილიას გენეალოგიური ხაზი ასე გამოიყურება: როშნია (იხსენიება 1470 წელს) – გიორგი (იხსენიება 1517-1529 წლებში) – გარსევანი (იხსენიება 1540-1584 წლებში) – იასონი (იხსენიება 1590 წელს) – მამუკა (იხსენიება 1639-1655 წლებში) – ფარემუზი (იხსენიება 1642-1682 წლებში) – ბესპაზი (იხსენიება 1755-1777 წლებში) – პაატა (1771-1828) – გრიგოლი (1811-1852) – ილია (1837-1907).

ილია ჭავჭავაძის პაპა – პაატა ბესპაზის ძე ჭავჭავაძე აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში, რომელშიც გამარჯვებულმა სოლომონ II-მ საბოლოოდ დაამარცხა მეფედყოფილი დავით II და იმერეთის სამეფო ტახტი დაიბრუნა.

გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე

პლატონ იოსელიანის ცნობით, ერეკლე II-მ პაატას დაავალა "გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისაკენ მუნ მისრულთა ლეკთა, შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედ სოლომონ".

გიორგი XII-მ პაატას უბოძა ხუთასისთავობა გაღმამხრისა, ბახტრიონიდან – გავაზამდე.

XIX საუკუნის ოციანი წლების მიწურულს პაატა ჭავჭავაძე დაიღუპა ლეკებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით. პაატას ცოლად ჰყავდა მარიამ (პელაგია) მელქისედეკის ასული ანდრონიკაშვილი (1771-1830), რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი და მათ შორის გრიგოლი (1811-1852) – მამა ილია ჭავჭავაძისა.

შტაბს-კაპიტანმა გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძემ 1850 წლის 14 ივლისს თავი ისახელა ყვარელში შემოჭრილ დაღესტნელთა ლაშქრის დამარცხებაში, რისთვისაც იგი წმ. ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოეს.

აქვე დავძენთ, რომ ილია ჭავჭავაძის ბებიის, მარიამ (პელაგია) ანდრონიკაშვილის უფროსი ძმა – იოსები (1765-1830) იყო ქიზიყის მოურავი, ხოლო უმცროსმა ძმამ – მალხაზ ანდრონიკაშვილმა (1773-1822) ბოლომდე უერთგულა ოსმალეთში გადახვეწილ მეფე სოლომონ II-ს. მალხაზს ცოლად ჰყავდა ამ მეფის და – მარიამი (1775-1854).

მათი ვაჟი იყო კავალერიის გენერალი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (1796-1868).

ჭავჭავაძეთა გვარის დიდ დაწინაურებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ერეკლე II-მ თავის საგანგებო და სრულუფლებიან დიპლომატიურ წარმომადგენლად რუსეთში მიავლინა გარსევან რევაზის ძე ჭავჭავაძე (1757-1811), რომელიც ამ თანამდებობაზე გიორგი XII-ის მეფობის პერიოდშიც მოღვაწეობდა. იმავდროულად, გარსევანს დიდი გავლენა ჰქონდა სამშობლოშიც. კერძოდ, ის იყო ეშიკაღასბაში, აგრეთვე ყაზახისა და ბორჩალოს მოურავი.

კოშკი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სადაც მომავალი დიდი მოღვაწე დაიბადა

ერეკლე II-მ გარსევანს მიანდო უმნიშვნელოვანესი მისია: მან იოანე ბაგრატიონ-მუხრანბატონთან ერთად ხელი მოაწერა 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში დადებულ ტრაქტატს, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდა.

გარსევან ჭავჭავაძეს ვაჟი – პეტერბურგში დაბადებული ალექსანდრე (1786-1846) – თვით ეკატერინე II-მ მოუნათლა. შემდგომში ალექსანდრე გახდა გენერალ-ლეიტენანტი, საპატიო ჯილდოების კავალერი და იმავდროულად, სახელოვანი პოეტი-რომანტიკოსი.

იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მიერ დამტკიცებულ ქართველ თავადაზნაურთა ნუსხაში თავადი ჭავჭავაძენიც შედიოდნენ.

ჭავჭავაძეთა გვარიდან გამოვიდა რუსეთის იმპერიის მრავალი სახელოვანი ოფიცერი, რომელთა შორისაც, ზემოხსენებული ალექსანდრე გარსევანის ძის გარდა, გენერლის წოდება მინიჭებული ჰქონდათ (ჩამოვთვლით ქრონოლოგიური თანამიმდევრობით): იასონ ივანეს ძეს (1804-1857), სპირიდონ ივანეს ძეს (1809-1872), დავით ალექსანდრეს ძეს (1818-1884), ზაქარია გულბაათის ძეს (1824-1905), ივანე სულხანის ძეს (1826-1913), ნიკოლოზ ზურაბის ძეს (1830-1897), არჩილ გულბაათის ძეს (1841-1902), მიხეილ სპირიდონის ძეს (1844-1910), ნიკოლოზ მიხეილის (მელქისედეკის) ძეს (1867-1920), ალექსანდრე ზაქარიას ძეს (1870-1930) და სპირიდონ მიხეილის ძეს (1878-1952).

რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, ხსენებული ბოლო ორი გენერალი – ალექსანდრე და სპირიდონ ჭავჭავაძეები მსახურობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში. სამწუხაროდ, მათი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა.

გენერალ-მაიორი ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო ვაჟი კავალერიის გენერლისა ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძისა და შვილიშვილი თავად გულბაათ იოანეს ძე ჭავჭავაძისა (1796-1863), რომელიც სახელგანთქმულ თამადად ითვლებოდა. ალექსანდრე ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ჯგუფს. 1930 წელს ის დააპატიმრეს და დახვრიტეს, როგორც ხელმძღვანელი არალეგალური პოლიტიკური დაჯგუფებისა, რომელიც გეგმავდა შეიარაღებულ აჯანყებას საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით.

ალექსანდრე ჭავჭავაძე

აქვე დავძენთ, რომ მისმა ვაჟმა, ემიგრაციაში მყოფმა პავლე ჭავჭავაძემ (1899-1971) 1922 წელს ლონდონში ცოლად შეირთო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილთაშვილი – ნინა რომანოვა (1901-1974), რომლის მამაც იყო დიდი მთავარი, გენერალ-ადიუტანტი გიორგი რომანოვი (1863-1919). პავლე და ნინა ჭავჭავაძეები თავიანთ ერთადერთ ვაჟთან – დავითთან (1924-2014) ერთად 1927 წელს ლონდონიდან აშშ-ში გადასახლდნენ. დავით ჭავჭავაძემ იელის უნივერსიტეტი დაამთავრა. აშშ-ის არმიის ოფიცრის რანგში იბრძოდა II მსოფლიო ომში, სადაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

მონაწილეობდა ლენდ-ლიზის პროგრამაში, რომლითაც აშშ-ის ხელისუფლება სსრ კავშირს სამხედრო ტექნიკით ამარაგებდა. ომის დასრულების შემდეგ ბერლინში მუშაობდა სამხედრო თარჯიმნად. ცხოვრობდა ვაშინგტონში. მსახურობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში. მის კალამს ეკუთვნის ნაშრომი რუსეთის დიდი მთავრების (რომანოვების) შესახებ.

გენერალ-მაიორი სპირიდონ მიხეილის ძე ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი 1924 წელს საქართველოში მომხდარი სახალხო აჯანყებისა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. იმავე წლის სექტემბერში, ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი შეფიცულთა რაზმის წევრებთან ერთად ემიგრაციაში გაიხიზნა. 1947 წელს იგი ქართველ ემიგრანტთა ნაწილთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, თუმცა მალევე დააპატიმრეს და გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა.

ამავე საგვარეულოს ყვარლის შტოს წარმომადგენლები იყვნენ ფილოსოფოსი ნიკო ჭავჭავაძე (1923-1997) და მისი ვაჟი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭავჭავაძე (1953-1989).

ამგვარად, ილია ჭავჭავაძეს ჰყავდა გამორჩეული და სახელოვანი წინაპრები და ნათესავები, რომლებიც ბოლო ექვსი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#74