საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე თამარწმინდა გაჩნდა! - კვირის პალიტრა

საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე თამარწმინდა გაჩნდა!

მამა ადამი: დღევანდელი დღე ისტორიის ისეთივე ნაწილია, როგორიც ჩვენი წარსული

"ისტორიანის" სტუმარია არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე) - მეცნიერი, ფილოსოფოსი, ექიმი, პოეტი, ტაძრის წინამძღვარი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მისი სტუდენტებისა და მრევლისთვის კი უბრალოდ, მამა ადამი. მას ახლახან მიენიჭა ვარშავის უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო პრემია - ქართული ორიგინალური სასულიერო პოეზიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. პრემია 2010 წელს დააარსა ვარშავის უნივერსიტეტის ქართველოლოგიურმა ჟურნალმა "პრო გეორგიამ" და იგი ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა.

- ლექსის ამ ფრაგმენტის (იხ. ფოტო მარცხნივ) თქვენეულ ხელმოწერაში პირველი ასონიშანი ასომთავრულით წერია...

- როდესაც საბერო აღკვეცით მეწოდა წმინდა მამამთავრის სახელი, დავფიქრდი, როგორ მოვაწერდი ხელს... ასე გაჩნდა ქართული ასომთავრული "ანისა" და ჯვრის შერწყმული გამოსახულება, რომელიც ჩემი ბერული ცხოვრების გრაფიკულ ატრიბუტად იქცა. ჩემს ცხოვრებისეულ სამეულზე კი ალბათ, ასე ვიტყოდი: ღმერთი-სიტყვა, სამშობლო, მოყვასი... ამ საკრალური სამეულის ერთგვარი ინტეგრალია ლექსიც.

- რა იცით თქვენი გვარის წარმოშობაზე? როგორ "ასწავლით" თქვენს მრევლს, სტუდენტებს, თქვენ გარშემო მყოფთ წინაპართადმი დამოკიდებულებას...

- ჩვენი გვარი სათავეს ისტორიული მესხეთიდან იღებს. წერილობითი წყარო, რომელშიც მოხსენიებულია "მონაზონი საბა, ყოფილი სტეფანე, ახალასძე", აგრეთვე ახალაძე იოსები, XI საუკუნეს განეკუთვნება. იგი ხელნაწერთა ცენტრშია დაცული. მესხეთიდან ახალაძეები მოგვიანებით გურიაში გადასულან. საგვარეულო სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობისა, კოხნარსა და საჭამიასერს შორის აუშენებიათ. გასული საუკუნის 80-იან წლებში ჯერ კიდევ იკრიბებოდნენ თურმე წელიწადში ერთხელ საგვარეულო გიორგობის დღესასწაულზე, თუმცა ეს ტაძარი კომუნისტებმა დაანგრიეს. გადარჩენილია ტაძრის ხატი, რომელიც ხელოვნების მუზეუმის საგანძურში ინახება. ბაბუაჩემის ბაბუა კი გურიიდან გოჩა-ჯიხაიშში გადასულა საცხოვრებლად. დღეს ახალაძეები ცხოვრობენ ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

რაც შეეხება დედულეთს... დედაჩემი - სამონოზვნე ანასტასია, ერში ნუნუ (ნინო) იასონის ასული თევზაძე, სასულიერო პირთა შთამომავალი და ნათესავი იყო. ბებოჩემი ჩხიკვაძის ქალი გახლდათ ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩიდან, ხოლო ბაბუა იასონი წიაღობნელი თევზაძე გახლდათ, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქუთაისში, დახვრიტეს 1937 წელს. ობჩის ეკლესიების წინამძღვრები დეკანოზი ბასილი და დეკანოზი ირაკლი ბებოჩემის - ოლღა ჩხიკვაძის ბიძები იყვნენ, ასევე ბიძა იყო (ვენახებიც გვერდიგვერდ ჰქონდათ გაშენებული - ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებასაც) ობჩის სკოლის დირექტორიც კონსტანტინე (კოწია) ჩხიკვაძე - არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკის მფლობელი და მეტად განათლებული ადამიანი. მისმა ინტელექტუალურმა მემკვიდრეობამ - წიგნებმა, პირადმა გამოცდილებამ, ანტისაბჭოთა და დისიდენტურმა განწყობა-შეხედულებებმა ღრმა კვალი დაამჩნია ჩემს სულს... ჩემს პოეზიაში ყოველთვის გამოკრთებიან წინაპართა სილუეტები. ზოგჯერ ხორცსაც შეისხამენ და ჩემს მკითხველს ესაუბრებიან ცოდვა-მადლის განკითხვაზე, სიყვარულზე, კაცურკაცობაზე...

- რა განცდაა, როცა რომელიმე მრევლთაგანი (თუნდაც ასაკით უფროსი) მოგმართავთ: "დამლოცე, მამაო". ალბათ ღირს ამისთვის სიცოცხლე...

- ჩემი აზრით, სიცოცხლე უფრო მეტად სხვა რამისთვის ღირს - როდესაც სხვაგვარად არ ძალგიძს!!! შეიძლება ვერ იცხოვრო წმინდა მამა ვიტალივით, არ ეყოს შენი კაცობა ამას, შენი სულიერება, სიყვარული თუ გულწრფელობა... ვერც წმინდანებივით - ალექსი შუშანიასა ან იოან სერგიევივით... ალბათ, არც მხოლოდ ხელზე მთხვევით, არც მხოლოდ დალოცვით, არც აღსარების მოსმენითა და შენდობის ლოცვის წაკითხვით, არც ბევრი სხვა რამით, მით უმეტეს, ქცევით ან სიტყვის წარმოთქმით არ გამოიხატება ის, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. იგი, ჩემო საყვარელნო და საცხოვნებელნო, რაღა თქმა და გაცხადება უნდა, ჩვეულებრივ თვალთაგან დაფარული მისტიკური, საიდუმლოებრივი რამაა...

- როგორ მიხვედით ბერად აღკვეცის დღემდე?

- რთულად, ძნელიად. ამას ჩემი ცხოვრების 42 წელიწადი დასჭირდა და კიდევ 42 რომ სჭირდებოდეს ახლა, სულ თავიდან რომ მიხდებოდეს ყველაფრის დაწყება, სხვას არაფერს ვისურვებდი. ოღონდაც, ღმერთმა არ განმაგდოს!

- მშობლიურ ბათუმს როგორ გაიხსენებთ?

- ბოლო გამოცდა ჩავაბარე თუ არა სიმწიფის ატესტატზე, იმ დღესვე გამოვემგზავრე თბილისში, რომ დარჩენილ მცირე დროში მომესწრო მისაღები გამოცდებისთვის მომზადება... მალე სტუდენტი გავხდი. ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრების ბათუმური ხანა. მას შემდეგ გადაბმულად ერთი თვეც არ მიცხოვრია მშობლიურ ქალაქში. თუმცა, როგორც მკითხველი ხვდება, იქ გატარებულმა ბავშვობამ და ყრმობამ წვიმის წყალთან ერთად შეისრუტეს იმდენი ბათუმური სევდა და სიხარული, მზეც და ჰაერიც, რომ ვწურავ ჩემი ბავშვობის ტანსაცმელს და დღემდე ვერ გავწურე ისე, რომ გასაშრობად გავკიდო...

- "ღრუბლების სითეთრეში, კენწეროების სიმწვანის მიღმა, ანუ დაბადების დღეს გილოცავ, დე!" - ასე ერქვა თქვენს ლიტერატურულ-მუსიკალურ პერფორმანსს, თქვენივე მონაწილეობით, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ვიხილეთ და რომელიც ასე მოუხდა სცენას. თქვენი ლექსების "გმირებად" იქცნენ მსახიობები და ბახის, მოცარტის, შოპენის მუსიკაც. მგონია, რომ იმ საღამოს ბოლომდე დაიხარჯეთ...

- არა! ვერ დავიხარჯე! ღვთის მადლით, ბევრის გაკეთების სურვილი მაქვს. როცა რაიმე გეხარჯება - ჩერდები. სიხარულით მოვამზადებდი კიდევ ერთ პერფომანსულ პროექტს სამშობლოს სიყვარულზე! დიდ სცენაზე. სცენოგრაფიაზეც მიფიქრია. უკვე მქონდა მცდელობებიც, მაგრამ ჯერჯერობით - გაგრძელების გარეშე, ალბათ, ცოტა ვიჩქარე, დროც არ მაქვს თავზე საყრელად. იქნებ შემოდგომაზე?! ვნახოთ!

დედაშვილობა ფაქიზი თემაა, მით უმეტეს, ბერისთვის. რა მიზანს ისახავდა ჩვენი პერფორმანსი? ჩემს ადგილას უნდა წარმოედგინა თავი მაყურებელს და სურვილი გასჩენოდა, დედისთვის სიყვარულით სავსე სიტყვები ეთქვა, ვიდრე ამის საშუალება აქვს... რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი მიძღვნა ერთი შვილისა დედისადმი. პერფორმანსის გმირი მხატვრულ პერსონაჟად ვაქციე და ყველაფერი განზოგადდა.

- "გვახარებდა პიანინოზე შემოწყობილი ნიჟარები / ნოტების გვერდით. / ისინი ახლაც ქათქათა ბავშვობას, უნახავ ზღვას / და ნამდვილ ბანანებს მოგვაგონებენ, / აფრიკიდან რომ ჩამოგვიტანა მამამ - მეზღვაურმა". "უნახავ ზღვაში" რას გულისხმობთ, ზღვის სიღრმეში შეჭრის სურვილს ხომ არა? და კიდევ, მამა მართლა მეზღვაური იყო თუ ეს მხოლოდ პოეტური სამკაულია?

- უნახავი ის ზღვებია, რომლებიც მამამ თავისი მეზღვაურობის წლებში გადაცურა, ჩვენ კი დღესაც არ გვინახავს... მამის მეზღვაურობა იყო არა მარტო რომანტიკა ჩემთვის, ეს იყო სარკმელი მსოფლიოში, რკინის ფარდის მიღმა ქვეყნიერებაში გაჭრილი. ამ სარკმლიდან არა მარტო საუცხოო ჰაერი, მუსიკა, ქალაქებისა და პორტების ხედები, ადამიანები, თევზები, ნიჟარები, ნივთები, ჯინსები, სურათები, სიტყვები იჭრებოდნენ ჩემი ყრმობის სივრცეში, არამედ მომავალიც შემოიხედავდა ხანდახან... როდესაც წლების შემდეგ ვენეციაში აღმოვჩნდი, იგი ჩემთვის ისეთი მშობლიური იყო, მეგონა, მამაჩემს შევხვდი - აკი ათჯერ მაინც ყოფილა ამ ქალაქში... ვენეციური გონდოლით რომ ვსეირნობდი, თვალი ცრემლით მევსებოდა და ვლოცულობდი მამაჩემის სულისთვის.

- რას გვეტყვით, როგორ უნდა გვიყვარდეს ოჯახი, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მშობლების, და-ძმების, შვილების სიყვარულს...

- ლექსებით უნდა გიპასუხოთ, რადგან არ მგონია, ინტერვიუში მოხერხდეს ზედაპირულად მაინც თქმა, რა არის ოჯახი, დედაშვილობა, მამაშვილობა, დაძმობა, ცოლქმრობა, ბებიების, ბაბუებისა და წინაპრების სიყვარული... ამაზე იმდენი მიქადაგია! ახლახან საერთაშორისო სიმპოზიუმი გავმართეთ - "ოჯახი გლობალურ სივრცეში". მაქვს მასალებიც და გეგმა ამ საკითხზე მონოგრაფიის დასაწერად. ოჯახზე მეცნიერული კვლევა მნიშვნელოვანია კაცობრიობის მომავლისთვის. პასუხად მხოლოდ ერთ ლექსს შემოგთავაზებთ:

ლექსში გახსენდება მშობლების სახლი:

აივანი (დედა ჭრელ საბნებს ამზეურებს),

კედლები (აქ ფოტოსურათებში

გადასახლდა დიდი ოჯახის მცირე ნაწილი),

იატაკი (ჩემი და ჩემი და-ძმის ფეხის

(ენისაც) ადგმის და გაუბედავი ნაბიჯების მოწმე)

და ჭერი - ცის ნაჭერი!

- შინდისში ტაძარს აშენებთ, თამარ მეფის სახელობისას...

- თამარ მეფე უდიდესი ზეციური პატრონი ჩვენი ერისა. არადა, მისთვის სათანადო პატივი ჯერაც არ მიგვიგია, არცთუ მრავალი ლექსი ან სიმღერა მიგვიძღვნია, არც მისი ხატები შეგვიქმნია უთვალავი... ამიტომაც გადავწყვიტეთ თამარ მეფის სულიერი მემკვიდრეობის ღრმად შესწავლა და ქადაგება. ამ გზაზე გაგვიჩნდა ჩვენი დიდი წმინდანი მეფისა და დედუფალთ დედუფლის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის სურვილიც.

მონასტრული ცხოვრება შრომის გარეშე წარმოუდგენელია. მომავალში ჩვენი მონასტრის ყველა მკვიდრი მოხუცებულთა მოვლაში მიიღებს მონაწილეობას. აკი ავადმყოფის მოვლა ქრისტიანობაში უმაღლეს სათნოებათა რანგშია აყვანილი. მათეს სახარება შეგვახსენებს, რომ როგორც ავადმყოფს ვექცევით, ისე ვექცევით ქრისტესაც.

ჩვენი მიზანი კიდევ ერთი სამონასტრო კომპლექსის აშენება კი არ არის: ამ იდეას სულიერი აღორძინებაც უნდა მოჰყვეს, წმინდა თამარმეფისეული სულის აღორძინება დღევანდელი საქართველოს სინამდვილეში. ისიც ვთქვათ, რომ ადგილს, სადაც სამონასტრო კომპლექსი შენდება, ჩვენ თამარწმინდა დავარქვით. ასე რომ, საქართველოს გეოგრაფიულ რუკაზე გაჩნდა ახალი და ძალიან ლამაზი სახელი - თამარწმინდა!

- ისტორიისა და საკუთარი ქვეყნის წარსულის ცოდნას რა ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში? რა უნდა ვისწავლოთ წარსულისგან?

- ისტორიული დროის არასწორ გაგებაზე გავამახვილებ ყურადღებას. ქვეყანაში არსებული გაჭირვების პირობებში ადამიანებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს, გამოსავლისა, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველთვის როდია სულიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით მისაღები. სამაგიეროდ, საზოგადოებაში მკვიდრდება განწყობა: აბა, რა ექნა, შვილებს შიმშილით ხომ არ დახოცავდა? აბა, რა ექნა, ნიჭს აქ ხომ არ დამარხავდა, არ წასულიყო? სანამ უნდა ეთმინა ეს ყველაფერი? თუ ფულს უხდიდნენ, რატომ არ უნდა დათანხმებოდა?.. და ა.შ. და ა.შ. რატომ ფიქრობს საზოგადოება ამგვარად? ხომ არ გვავიწყდება, დღევანდელი დღე ისტორიის ისეთივე ნაწილი რომაა, როგორიც ჩვენი წარსული; კიდევ იმას ვივიწყებთ, რომ წარსულის მაგალითები მხოლოდ საამბობი კი არა, უპირველეს ყოვლისა, მისაბაძია. ნუ დავივიწყებთ, რომ სამშობლოს დატოვება გასაჭირში, საკუთარი ინტერესების სხვათა ინტერესებზე მაღლა დაყენება, ოჯახის, მეგობრის ან კოლეგის ღალატი, რა მიზეზითაც უნდა იყოს იგი ნაკარნახევი, 30 ვერცხლზე ქრისტეს გაყიდვა, დაბეზღება, შურისძიება და მისთანანი, დროის მიუხედავად, ყოველთვის მძიმე დანაშაულია ღვთის, მამულისა და მოყვასის წინაშე. თორემ ისე გამოდის, თითქოს მხოლოდ წარსულში არსებობდა აუცილებლობა ქვეყნის ერთგულებისა, რწმენისთვის თავდადებისა, მოყვასისთვის თავგანწირვისა, ჭირთა თმენისა. ნუ დავივიწყებთ, ჩვენ ახლაც, ამწუთას ისტორიას ვქმნით, ვწერთ და მისი ნაწილი ვხდებით! დღეს ისევე ვნებს ჩვენს ქვეყანას ჩვენი ცოდვანი, ღალატნი და განსყიდვანი, როგორც წარსულში!

- მამა ადამ, რას უსურვებდით ჟურნალ "ისტორიანის" შემქმნელებსა და მის მკითხველს?

- ვფიქრობ, კარგი იქნება, "ისტორიანმა" თავის თავზე აიღოს არა მარტო წარსულის ისტორიის წარმოჩენა, არამედ საკუთრივ ისტორიული მეცნიერებების, ისტორიოგრაფიის, ეთნოგრაფიის, ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, სხვა თანამედროვე და ახალი კვლევითი მიმართულებების პოპულარიზაციაც. გადის დრო, იცვლებიან ადამიანები, იცვლება აზროვნების ფორმები, კვლევების მეთოდოლოგია, ვივიწყებთ წარსულს ან ხდება წარსულის ხატების მეტამორფოზები ჩვენში... მეორე მხრივ - ამ ცვლილებებს ხშირად, სამწუხაროდ, ვერ მიჰყვებიან ისინიც კი, ვისი პროფესიაც დროისა და სივრცის, ღირებულებათა, დამოკიდებულებათა მუდმივი გადააზრებაა - მეცნიერულ ძიებებში ჩართული ადამიანები. ასეთ შემთხვევაში ძნელია ღირსეული მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგში, პასუხი გასცე იმ კითხვებს, რომელთაც სვამს ძალიან სწრაფად ცვლადი თანამედროვეობა - არა მარტო მეცნიერება, არამედ საერთაშორისო თანაცხოვრება. ალბათ, ამ მიზნით კარგი იქნება, თუ ჟურნალს გავამდიდრებთ მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებთან საუბრებით. იმასაც დავამატებ, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა.

ესაუბრა სალომე შოშიტაშვილი