"სანტა კლაუსის" განსასვენებელს თურქეთში მიაკვლიეს?!
13-12-2017
"სანტა კლაუსის" განსასვენებელს თურქეთში მიაკვლიეს?!
თურქი არქეოლოგები ფიქრობენ, რომ მათ ქვეყნის სამხრეთში, უძველესი ეკლესიის ქვეშ წმინდა ნიკოლოზის სამუდამო განსასვენებელს მიაკვლიეს.

იმ ეპისკოპოსისა, რომლის მოღვაწეობა თანამედროვე სანტა კლაუსის შესახებ ლეგენდას დაედო საფუძვლად. მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ ნეშტი გეორადარისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით აღმოაჩინეს.

სამთვიანი გამოკვლევების შემდეგ, თურქმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ ანტალიის პროვინციაში, ქალაქ დემრეში, რომლის ადრეული სახელწოდებაც იყო მირა და სადაც ეპისკოპოსად ეკურთხა წმინდა ნიკოლოზი, მისივე სახელობის ეკლესიის ქვეშ, დაუზიანებელი ტაძარი და საფლავია.

ქემილ კარაბაირამი, ანტალიის
ძეგლთა დაცვისა და კვლევის დირექტორი: "ეკლესიის ქვეშ მდებარე ტაძარი კარგ მდგომარეობაშია. თუმცა ტაძარში შესვლა რთულია, ვინაიდან ბევრი ორნამენტიანი ქვაა და შესვლისას ისინი შესაძლოა ჩამოიშალოს".
წმინდა ნიკოლოზის ყოფილი განსასვენებელი მირას ეკლესიაში
თუ არქეოლოგების ვარაუდი მართალია, ეს ნიშნავს, რომ ისტორიულ წიგნებში გარკვეული შესწორებები შევა, რადგან, ტრადიციულად ფიქრობდნენ, რომ წმინდა ნიკოლოზის ნეშტი გარდაცვალებიდან 700
წლის შემდეგ, 1087 წელს, იტალიელმა მისიონერებმა ქალაქ ბარიში ჩაიტანეს.

ამ ვერსიის თანახმად, მართლმადიდებელი ბერების პროტესტის მიუხედავად, მეზღვაურებმა წმინდანის ნეშტი საძვალიდან ჩუმად გადაასვენეს მაშინ, როდესაც საეპისკოპოსო ქალაქს თურქ-სელჯუკები უტევდნენ და მისი დაცემის საფრთხე არსებობდა. თუმცა, მეზღვაურებს მხოლოდ მისი ნეშტის ნაწილების წაღება უნდა მოეხერხებინათ, რადგან ისტორიული ცნობებით, წმინდანის ნაწილები ვენეციაში და კიდევ რამდენიმე ადგილას განისვენებს.
წმინდა ნიკოლოზის გადასვენება ბარიში. XVII საუკუნის სერბი ოსტატის ფრესკა პეჩის მონასტერში
თურქი არქეოლოგების მიერ ნაპოვნი საძვალე ხელუხლებელია და თუ მათი ვარაუდი გამართლდა, ეს ნიშნავს, რომ XI საუკუნეში და შემდეგაც მირას საეპისკოპოსო ტაძრიდან არა წმინდა ნიკოლოზის, არამედ აქ დაკრძალული რომელიმე უცნობი საეკლესიო მოღვაწის ნეშტი გადაასვენეს.

ქემილ კარაბაირამი: "ჩვენ საინტერესო შედეგები წარმოვადგინეთ, მაგრამ რეალური სამუშაოები ახლა დაიწყება. შესაძლოა, ძალიან მალე წმინდა ნიკოლოზის ხელუხლებელი ნეშტი აღმოვაჩინოთ.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალი გათხრები მათი ვარაუდის სისწორეს დაამტკიცებს.

მომზადებულია archaeologynews-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#83

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!