ნეაპოლისი - რომაული ქალაქი, რომელიც ცუნამიმ "ჩაყლაპა" - კვირის პალიტრა

ნეაპოლისი - რომაული ქალაქი, რომელიც ცუნამიმ "ჩაყლაპა"

ტუნისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, წყალქვეშ, უძველესი რომაული ქალაქის ვეებერთელა ნანგრევებს მიაკვლიეს. ეს ამყარებს თეორიას, რომ ქალაქი ნეაპოლისი ახ.წ. IV საუკუნეში ცუნამის შემდეგ სანახევროდ წყალქვეშ მოექცა.

ჩანს, რომ რომაულ ეპოქაში ნეაპოლისი მეთევზეობის ცენტრი იყო - წყალქვეშა ექსპედიციის წევრებმა შენობებისა და ქუჩების კვალი იპოვეს, ასევე 100-მდე ავზი, სადაც თევზს ამრავლებდნენ გარუმის საწარმოებლად.

გარუმი ძველ რომაულ სამზარეულოში თევზის ერთგვარი სოუსი იყო, რომელიც პოპულარული იყო ყველა წოდების რომაელებში. გარუმი შედიოდა თითქმის ყველა რომაული კერძის რეცეპტში.

მოუნირ ფანტარა, ტუნისი-იტალიის არქეოლოგიური მისიის ხელმძღვანელი: "ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენა გვაჩვენებს, რომ ნეაპოლისი იყო თევზის წარმოების ცენტრი. სავარაუდოდ, რომაულ სამყაროში ის ყველაზე დიდი იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ქალაქი სწორედ გარუმით ვაჭრობით გამდიდრდა".

წყალქვეშა ექსპედიციის მონაწილეები ნეაპოლისის ნანგრევებთან

ნეაპოლისის პორტის საძიებო სამუშაოები წყალქვეშა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მოუნირ ფანტარას ხელმძღვანელობით 2010 წელს დაიწყო. პორტის ძიებამ ისინი უფრო დიდ აღმოჩენამდე მიიყვანა. მათ 20 ჰექტარ ფართობზე გაფანტულ ქალაქის ნანგრევებს მიაკვლიეს.

დადგინდა ისიც, რომ ნეაპოლისი სანახევროდ წყალქვეშ ახ.წ. 365 წლის 12 ივლისის დამანგრეველი ცუნამის შემდეგ მოექცა. ძველი რომაელი ისტორიკოსი ამიანე მარცელინუსი წერს, რომ ცუნამიმ ასევე დააზარალა ალექსანდრია ეგვიპტეში და კუნძული კრეტა. თუმცა მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ სტიქიას დამანგრეველი შედეგები სხვაგანაც უნდა მოეტანა, რაც ნეაპოლისის ნაწილობრივ წყლით დაფარვამაც დაადასტურა.

მომზადებულია ancienthistory-ს მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#83