კან­ზა­სე­ლი "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" რე­პე­ტი­ცია ნორ­მან­დი­ის­თ­ვის - კვირის პალიტრა

კან­ზა­სე­ლი "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" რე­პე­ტი­ცია ნორ­მან­დი­ის­თ­ვის

ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული და ბრიტანული ჯარები 1942 წელს შეიჭრნენ.

საბჭოთა კავშირი მოკავშირეებისგან დაჟინებით მოითხოვდა ევროპაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას, რათა აღმოსავლეთის ფრონტზე ვერმახტის წნეხი მცირედით მაინც შემსუბუქებულიყო. ამერიკელთა სარდლობა გეგმავდა კიდეც ოკუპირებულ ევროპაში ძალების გადასხმას, თუმცა ბრიტანელებს მიაჩნდათ, რომ ეს სცენარი კატასტროფით დასრულდებოდა და სანაცვლოდ შესთავაზეს შეტევა ალჟირსა და მაროკოში, რომლებსაც საფრანგეთის პროგერმანული მთავრობა აკონტროლებდა.

ჩრდილოეთი აფრიკის განთავისუფლება და ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის გამყარება კარგი წინაპირობა იქნებოდა 1943 წელს ევროპაში შეჭრისთვის. მართალია, აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ეჭვობდა, რომ თუ ჩრდილოეთ აფრიკაში ოპერაციას დაიწყებდნენ, ევროპაში მომდევნო წელს დესანტის გადასხმა აღარ მოხერხდებოდა, თუმცა ბრიტანელთა გეგმას მხარი დაუჭირა.

ამერიკელთა და ბრიტანელთა გარდა, ოპერაცია "ჩირაღდანში" მონაწილეობდნენ "თავისუფალი საფრანგეთის", ნიდერლანდების, კანადისა და ავსტრალიის ჯარისკაცები, სულ 73 ათასზე მეტი მებრძოლი. ვიშისტურ საფრანგეთს კი ალჟირსა და მაროკოში 60 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა. მოკავშირეებმა მოახერხეს კონტაქტის დამყარება რამდენიმე ფრანგ გენერალთან.

8 ნოემბერს დესანტი სამ ნაწილად გადასხეს. მაროკოს დედაქალაქი კასაბლანკა ორ დღეში აიღეს, ალჟირი კი (ალჟირის დედაქალაქი) – იმავე საღამოს.

ცენტრალური ოპერატიული ჯგუფიც ალჟირში, ქალაქ ორანთან გადასხდა. დაზვერვის მიერ არასაკმარისი ცნობების მოწოდების გამო, ზოგიერთი შემტევი ხომალდი დაზიანდა, რადგან ზღვის სიღრმე მოულოდნელად არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს ფასეული გაკვეთილი გამოდგა მოკავშირეებისთვის "ოვერლორდის" დაგეგმვისას – როცა 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში 156 ათასი ჯარისკაცი შეიჭრა. ორანთან სანაპირო დაცვის ჩაჩუმებას ორი დღე დასჭირდა. რამდენიმე დღეში ფრანგული ჯარები მოკავშირეებს შეუერთდნენ.

განრისხებული ჰიტლერის ბრძანებით, გერმანელებმა დაიკავეს საფრანგეთის არაოკუპირებული სამხრეთი ნაწილი და ფრანგული პროტექტორატი აფრიკაში – ტუნისი. 1943 წლის დასაწყისიდან მძლავრად ამოქმედდა ჰიტლერელთა აფრიკული კორპუსიც ერვინ რომელის მეთაურობით. თუმცა, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 13 მაისს გერმანელებმა აფრიკაში კაპიტულაცია გამოაცხადეს...

სურათზე კი გამოსახულია აშშ-ს არმიის 1-ლი ქვეითთა დივიზიის მე-16 ქვეითთა პოლკის ჯარისკაცები. ორანში დესანტირებისთვის ისინი საგანგებოდ ემზადებოდნენ ინგლისის ნაპირებთან. კანზასში, ფორტ რაილიში დისლოცირებული პოლკი ევროპაში 1942 წლის აპრილში გადაიყვანეს. ორანის დესანტი ამ ჯარისკაცებისთვის საბრძოლო ნათლობა იყო. ალჟირში დიდი ბრძოლები არ გამართულა, მაგრამ 1944 წელს ნორმანდიის ოპერაციის დროს, სამხედრო ნაწილი ე.წ. ომაჰის მონაკვეთზე მოხვდა. პოლკმა საბრძოლო დავალება შეასრულა, თუმცა უმძიმეს ბრძოლებში ჯარისკაცების უმეტესობა დაიღუპა.

WW2Today.com-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#83