კან­ზა­სე­ლი "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" რე­პე­ტი­ცია ნორ­მან­დი­ის­თ­ვის
13-12-2017
კან­ზა­სე­ლი "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბის" რე­პე­ტი­ცია ნორ­მან­დი­ის­თ­ვის
ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული და ბრიტანული ჯარები 1942 წელს შეიჭრნენ.

საბჭოთა კავშირი მოკავშირეებისგან დაჟინებით მოითხოვდა ევროპაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას, რათა აღმოსავლეთის ფრონტზე ვერმახტის წნეხი მცირედით მაინც შემსუბუქებულიყო. ამერიკელთა სარდლობა გეგმავდა კიდეც ოკუპირებულ ევროპაში ძალების გადასხმას, თუმცა ბრიტანელებს მიაჩნდათ, რომ ეს სცენარი კატასტროფით დასრულდებოდა და სანაცვლოდ შესთავაზეს შეტევა ალჟირსა და მაროკოში, რომლებსაც საფრანგეთის პროგერმანული მთავრობა აკონტროლებდა.

ჩრდილოეთი აფრიკის განთავისუფლება და ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის გამყარება კარგი წინაპირობა იქნებოდა 1943 წელს ევროპაში შეჭრისთვის. მართალია,
აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ეჭვობდა, რომ თუ ჩრდილოეთ აფრიკაში ოპერაციას დაიწყებდნენ, ევროპაში მომდევნო წელს დესანტის გადასხმა აღარ მოხერხდებოდა, თუმცა ბრიტანელთა გეგმას მხარი დაუჭირა.

ამერიკელთა და ბრიტანელთა გარდა, ოპერაცია "ჩირაღდანში" მონაწილეობდნენ "თავისუფალი საფრანგეთის", ნიდერლანდების, კანადისა და ავსტრალიის ჯარისკაცები, სულ 73 ათასზე მეტი მებრძოლი. ვიშისტურ საფრანგეთს კი
ალჟირსა და მაროკოში 60 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა. მოკავშირეებმა მოახერხეს კონტაქტის დამყარება რამდენიმე ფრანგ გენერალთან.

8 ნოემბერს დესანტი სამ ნაწილად გადას­ხეს. მაროკოს დედაქალაქი კასაბლანკა ორ დღეში აიღეს, ალჟირი კი (ალჟირის დედაქალაქი) – იმავე საღამოს.
ცენტრალური ოპერატიული ჯგუფიც ალჟირში, ქალაქ ორანთან გადასხდა. დაზვერვის მიერ არასაკმარისი ცნობების მოწოდების გამო, ზოგიერთი შემტევი ხომალდი დაზიანდა, რადგან ზღვის სიღრმე მოულოდნელად არასაკმარისი აღმოჩნდა. ეს ფასეული გაკვეთილი გამოდგა მოკავშირეებისთვის "ოვერლორდის" დაგეგმვისას – როცა 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში 156 ათასი ჯარისკაცი შეიჭრა. ორანთან სანაპირო დაცვის ჩაჩუმებას ორი დღე დასჭირდა. რამდენიმე დღეში ფრანგული ჯარები მოკავშირეებს შეუერთდნენ.

განრისხებული ჰიტლერის ბრძანებით, გერმანელებმა დაიკავეს საფრანგეთის არა­ოკუპირებული სამხრეთი ნაწილი და ფრანგული პროტექტორატი აფრიკაში – ტუნისი. 1943 წლის დასაწყისიდან მძლავრად ამოქმედდა ჰიტლერელთა აფრიკული კორპუსიც ერვინ რომელის მეთაურობით. თუმცა, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 13 მაისს გერმანელებმა აფრიკაში კაპიტულაცია გამოაცხადეს...

სუ­რათ­ზე კი გა­მო­სა­ხუ­ლია აშშ-ს არ­მი­ის 1-ლი ქვე­ით­თა დი­ვი­ზი­ის მე-16 ქვე­ით­თა პოლ­კის ჯა­რის­კა­ცე­ბი. ორან­ში დე­სან­ტი­რე­ბის­თ­ვის ისი­ნი სა­გან­გე­ბოდ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ინ­გ­ლი­სის ნა­პი­რებ­თან. კან­ზას­ში, ფორტ რა­ი­ლი­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი პოლ­კი ევ­რო­პა­ში 1942 წლის აპ­რილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ორა­ნის დე­სან­ტი ამ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თ­ვის საბ­რ­ძო­ლო ნათ­ლო­ბა იყო. ალ­ჟირ­ში დი­დი ბრძო­ლე­ბი არ გა­მარ­თუ­ლა, მაგ­რამ 1944 წელს ნორ­მან­დი­ის ოპე­რა­ცი­ის დროს, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი ე.წ. ომა­ჰის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­ვ­და. პოლ­კ­მა საბ­რ­ძო­ლო და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა უმ­ძი­მეს ბრძო­ლებ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა და­ი­ღუ­პა.

WW2Today.com-ის მიხედვით
ჟურნალი "ისტორიანი",#83

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!