აშოტ II კურაპალატის თაობაზე წარწერა ტაოში აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

აშოტ II კურაპალატის თაობაზე წარწერა ტაოში აღმოაჩინეს

საქართველოს ისტორიული მხარის, ტაო-კლარჯეთის შესწავლას სხვადასხვა მკვლევარი თუ მკვლევართა ჯგუფი კვლავ განაგრძობს. აქ მიკვლეული არტეფაქტები მეტად ღირებულია ქართული კულტურისა და ისტორიისთვის.

2017 წლის ივლისში "საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრმა" ისტორიულ ტაოში, თანამედროვე შენკაიას (Şenkaya) რაიონში მორიგი ექსპედიცია მოაწყო (ექსპედიციის წევრები: ლევან წიქარიშვილი, ბებურ გოზალიშვილი, შალვა კოღუაშვილი, ანა იმედაშვილი). 11 ივლისს საექსპედიციო ჯგუფი ბანას ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით, ბანას წყლის მარცხენა შენაკადის ხეობაში შევედით იქაური სოფლების შესასწავლად. ხეობის ერთ-ერთი სოფელი მერენესი ისტორიულ რუკებზეც გვხვდება.

სოფელში მისულთ, ცენტრში დუღაბით ნაგები კედლების მოზრდილი ფრაგმენტები დაგვხვდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ეს ფრაგმენტები სარწყავი არხის გაყვანისთვის საჭირო გათხრების დროს გამოვლინდა. კედლის ფრაგმენტებს შორის აღმოჩნდა თეთრი (მონაცრისფრო) ქვის ზედაპირზე შესრულებული 8-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელიც შეიცავს ცნობებს ამ რეგიონისა და აქ მოღვაწე პირების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებმა მოგვაწოდეს ფოტოც, სადაც წარწერიანი ქვა ეკლესიის კედელში, თავდაპირველ ადგილას არის მოთავსებული.

წარწერის ისტორიული და პალეოგრაფიული ანალიზი გააკეთა პროფესორმა თემურ ჯოჯუამ. წარწერა გვამცნობს:

[გ(ა)რდ(აი)ც]ვალა აშ{ო}ტ | [კ(უ)რ(ა)პ(ა)ლ(ა)]ტი ქრ{ო}ნ{ი}კ{ო}ნსა | [რ]Áიდ (174+780=954 წ.), თ(უეს)ა ი{ა}ნვ{ა}|რსა კე (25). ღ(მერთმა)ნ დ(იდე)ბ(უ)ლ ყ|ვ{ე}ნ ს(უ)ლი მ(ა)თი. აღ(ე)შ(ე)ნა [წ(მიდა)Á] | ეკლ{ე}სი{ა}Á Ã{ე}ლითა მ{ი}ქ{აე}ლ{ი}ს{ი}თ[ა], | ღ{უე}რკ{ე}ლ{ი}ს{ი}თა და თ{ო}მ{ა}სითა, | [-]რთვს{ი}თა (?), [-]მ[-]თრს{ი}თა (?), [ა(მე)ნ](?)

ტაძრის კედლის შემორჩენილი ფრაგმენტი

როგორც ვხედავთ, წარწერის პირველი ნაწილი გვაუწყებს, რომ 954 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა "აშოტ კურაპალატი" ანუ ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ერთ-ერთი ხელმწიფე, ბაგრატიონთა სახლის ტაოს შტოს წარმომადგენელი, ოპიზის მონასტრის სახელგანთქმულ ქტიტორულ რელიეფზე გამოსახული ისტორიული პირი - კურაპალატი აშოტ II, რომლის შესახებაც ცნობებს რამდენიმე ქართული წერილობითი წყარო გვაწვდის.

სუმბატ დავითის-ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა" გვამცნობს, რომ კურაპალატი აშოტ II 954 წელს უშვილოდ მიიცვალა: "გარდაიცვალა აშოტ კურაპალატი, ძე ადარნასე ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა რ"ო"დ (174+780=954 წ.), და არა ესუა შვილი".

მერენესის ახალმიკვლეული წარწერა, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს სუმბატ დავითის-ძის ცნობის მართებულობას, მეორე მხრივ კი კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ამ ცნობას და გვაუწყებს, რომ აშოტ II კურაპალატი

გარდაიცვალა 954 წლის 25 იანვარს.

მერენესის 954 წლის წარწერის აღმოჩენა მნიშვნელოვან სამეცნიერო მოვლენას წარმოადგენს როგორც ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ისტორიისა და შუა საუკუნეების ქართული ქრონოლოგიის ისტორიის შესწავლისთვის, აგრეთვე, ქართული პალეოგრაფიის,ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიისთვის.

მერენესში მიკვლეული ორნამენტიანი ქვა ჯვრის გამოსახულებით

სოფელში მიკვლეული დუღაბის ფრაგმენტების მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის შედეგად, ერთ-ერთი მცხოვრების ფარდულში მივაკვლიეთ ტაძრის ფრაგმენტს, რომელიც მოპირკეთებული ყოფილა მოზრდილი, მონაცრისფრო გათლილი ქვით. სოფელში ასევე ვნახეთ ქვა ჯვრის ორნამენტით. მიმდებარე ტერიტორიაზე გამოვლინდა დუღაბით ნაგები სხვა კედლების ფრაგმენტებიც, რაც ტაძრის მასშტაბზე მეტყველებს.

სოფელ მერენესში მიკვლეული ტაძრის შესახებ საისტორიო ცნობები არ მოგვეპოვება. ტაძრის მასშტაბისა და წარწერის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ შესაძლოა მნიშვნელოვანი სასულიერო კერა (მაგალითად, მონასტერი) ყოფილიყო.

საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი წარწერა, ჩვენი თხოვნით, სოფელ მერენესში ადგილობრივ მოსახლესთან ინახება. შემდეგი ნაბიჯი იქნება მცდელობა, წარწერა თურქეთის შესაბამისი რეგიონის მუზეუმში გადაიტანონ.

ტაძრის ადგილი სოფელ მერენესში

"საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" ჯგუფი საქართველოს ისტორიული მხარის, დღეს უკვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ტაო-კლარჯეთის საკვლევ ექსპედიციებს პროფესორ თემურ ხუციშვილის ხელმძღვანელობით 2003 წლიდან ახორციელებს, 2013 წლიდან კი საქმიანობამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. ამ პერიოდში შესწავლილია 1000-ზე მეტი ქართული ისტორიული სოფელი და მათი შემოგარენი, გამოვლინდა ათობით უცნობი ეკლესია, მონასტერი, ციხე-კოშკი, წარწერა თუ ქვის ცალკეული არტეფაქტი. აშოტ II კურაპალატის წარწერის მიკვლევა თავისი ისტორიული ღირებულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს.

საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი

ლევან წიქარიშვილი,

ბებურ გოზალიშვილი,

შალვა კოღუაშვილი,

ანა იმედაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#83