თბილისის ერთსაუკუნოვანი კონსერვატორია - კვირის პალიტრა

თბილისის ერთსაუკუნოვანი კონსერვატორია

სამი მოღვაწე, რომელთა დამსახურებითაც ჯერ მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ კი კონსერვატორია შეიქმნა

წლეულს 100 წელიწადი შესრულდა თბილისის სამუსიკო სასწავლებლის კონსერვატორიად გარდაქმნიდან, ხოლო 105 წელიწადი - პირველი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, ქართული საფორტეპიანო სკოლისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალოიზ მიზანდარის გარდაცვალებიდან.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1904 წლის 18 ნოემბერი:

"ჩვენში მუსიკის განვითარებას თითქმის არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ - მუსიკის შესწავლა საჭიროდ არ მიაჩნდათ. პირველი საფუძველი ამ საგანს წარსულ საუკუნის ნახევარში დაედო: ნამესტნიკ ვარანცოვის დახმარებით ტფილისში დაარსდა თეატრი და იტალიური ოპერა. ტკბილი, ადვილი, ნარნარი ხმები იტალიურის მუსიკისა ადვილად გავრცელდა ხალხში და ბევრისათვის ხშირად სახმარებლად გახდა ქუჩა-ქუჩაც კი, ბევრი ხანი არ გასულა - მუსიკის განვითარების მოთხოვნილებაც დაიბადა და ტფილისში კიდეც დაარსდა პირველად 1871 წელს ეგრედ წოდებული "კავკასიის სამუსიკო საზოგადოება", მუსიკის კარგად მცოდნის ბ-ნ კიუნერის მეთაურობით. ამ საზოგადოებასთან სამუსიკო სკოლაც იყო გამართული, მაგრამ მმართველებმა უფრო კონცერტების მართვას მიაქციეს ყურადღება, მუსიკის სწავლებას კი ნაკლები შრომა დაუდეს. ამან ის გამოიწვია, რომ მოსწავლეთა რიცხვმა სულ უფრო და უფრო იკლო, კონცერტების მართვა კი დიდ ხარჯებს იწვევდა, თანხა შემოელიათ და საზოგადოებაც მალე მოისპო".

"ცნობის ფურცელის" სურათებიანი დამატება (1904 წლის 18 ნოემბერი)

მუსიკისმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე არჩილ მშველიძე თავის ნაშრომში "სამუსიკო განათლება საქართველოში" წერს:

"წოდებრივი და თანამდებობრივი თვალსაზრისით, "კავკასიის სამუსიკო საზოგადოების" მთელი შემადგენლობა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდებოდა, აქ მრავლად იყვნენ ქართველი თავადაზნაურობის ბრწყინვალე წარმომადგენლები, დიდი თანამდებობის პირნი, მაღალი რანგის ოფიცრები, სხვადასხვა დაწესებულების მოხელეები, სკოლის დირექტორები, ექიმები, მსხვილი ვაჭრები და კომერსანტები.

"კავკასიის სამუსიკო საზოგადოების" წევრთა შორის გვხვდება გვარები: აბაშიძე, ანდრონიკაშვილი, ბაგრატიონ-მუხრანსკი, ბარათაშვილი, გარსევანიშვილი, თარხან-მოურავი, თუმანიშვილი, ერისთავი, მელიქიშვილი, მესხიშვილი, მიზანდარი, ორბელიანი, სუმბათაშვილი, სულხანიშვილი, ფურცელაძე, უთნელიშვილი, ყიფიანი, წერეთელი, წულუკიძე, ჭავჭავაძე, შერვაშიძე, ჯომარჯიძე, ჯორჯაძე და სხვ. როგორც წესი, ისინი ოჯახებითურთ ითვლებოდნენ "საზოგადოების" წევრებად". მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა და ხარვეზებისა (1871-1875), "კავკასიის სამუსიკო საზოგადოების" (კსს) საქმიანობა დადებითად უნდა შეფასდეს. მან პირველმა მოუყარა თავი ქალაქში გაბნეულ მუსიკოსებს და სათავე დაუდო საქართველოში პროფესიული სამუსიკო განათლების გავრცელებას.

1871 წლის დეკემბერში პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა მომღერალი ხარლამპი სავანელი, რომელმაც 1868 წელს, პირველმა ქართველთა შორის, წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორიის ვოკალის კლასი და იქვე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. ჩამოსვლისთანავე ისიც შემოუერთდა "კავკასიის სამუსიკო საზოგადოებას". სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს ევროპიდან დაბრუნებული პირველი ქართველი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი ალოიზ მიზანდარი და ხარლამპი სავანელი. აქვე გაიცნეს შემდგომში მათი ტრიუმვირატის მესამე წევრი, იურისტი, კომერსანტი, პიანისტი და მეცენატი - კონსტანტინე ალიხანოვი.

კსს-ის ბაზაზე ხარლამპი სავანელმა შექმნა საგუნდო სიმღერის უფასო კლასები და მომღერალთა გუნდი, მაგრამ გამგეობასთან კონფლიქტის გამო, საზოგადოების შენობაში მეცადინეობა აეკრძალათ. თუმცა სავანელი დაბრკოლებას არ შეუშინდა და 1874 წლის სექტემბერში კონსულის ქუჩაზე, ქალბატონი ჟაბას ელემენტარული სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობაში, საგუნდო სიმღერის უფასო კლასები აღადგინა.

გაზეთი "ცნობის ფურცელი", 1904 წ. 18 ნოემბერი:

"სწორედ ამ კაცს მოუვიდა გაბედული აზრი ტფილისში სამუსიკო სკოლის გახსნისა და თავისი განზრახვა განუზიარა თავისს მეგობრებს ალოიზ იოსების ძე მიზანდარსა და კონსტანტინე მიხეილის ძეს ალიხანოვს. ამათ მეტად მოუწონეს ამხანაგს აზრი და ერთად სამივენი ხელი ხელს ჩართულნი შეუდგნენ ტფილისში სამუსიკო სკოლის დაარსებას".

გაზეთი "დროება", 1874 წ. 11-18 ოქტომბერი:

"უფალნი ალიხანოვი, მიზანდარი და სავანელი ამ წლის პირველის ოქტომბრიდგან მიიწვევენ იმათ, ვისაც სიმღერისა და ფორტეპიანოზედ თამაშის სწავლა სურს, ჟაბას შკოლაში, კონსულის ქუჩაზედ, მირზოევის სახლებში, რომელიც წინეთ კრიჟანოვსკის იყო. პირობები შეიძლება შეიტყონ დილის ცხრა საათიდგან ნაშუადღევის ორ საათამდის, ხსენებულს შკოლაში, საცა მსურველები დროზე უნდა ჩაეწერონ".

სამუსიკო სკოლისთვის მიზანდარმა და სავანელმა შეიმუშავეს წესდება, რომელსაც თბილისის გუბერნატორ კონსტანტინ ორლოვსკის სახელზე თხოვნის წერილი დაურთეს. განცხადებას მეტი წონა რომ ჰქონოდა, სამუსიკო კლასების გახსნის თარიღად 1873 წელი ჩაწერეს, ათვლა სავანელის საგუნდო სიმღერის უფასო კლასების დაარსებიდან დაიწყეს.

1876 წელს მათი თხოვნა დააკმაყოფილეს და ოფიციალურად ეწოდა სამუსიკო სკოლა. მოსწავლეთა რაოდენობამ ორმოცდაათს მიაღწია. ამიერიდან თბილისის სამუსიკო სკოლა ერთადერთ სამუსიკო-საგანმანათლებლო კერად იქცა მთელ ამიერკავკასიაში.

მიზანდარისა და სავანელის თხოვნა (1874) და სამუსიკო სკოლის დებულება (1876)დაცულია ხელოვნების სასახლეში, ალოიზ მიზანდარის პირად საარქივო ფონდში.

მიზანდარისა და სავანელის თხოვნა. 1874 წ.

1875-1877 წლებში ალიხანოვი პეტერბურგის კონსერვატორიაში სწავლობდა, მთელი ტვირთი მიზანდარსა და სავანელს დააწვა. მათ მხარში ამოუდგა დიმიტრი ყიფიანის მეუღლე, დიდად განათლებული ქალბატონი ნინო ჭილაშვილი-ყიფიანისა.

სათანადო თანხების არარსებობის გამო, ტრიუმვირატი იძულებული გახდა მიემართა საზოგადოებისთვის, კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის. შემოწირულობების სახით გვარიანი თანხა დააგროვეს, რითაც ცალკე შენობა დაიქირავეს.

1879 წლისთვის სკოლაში 92 მოსწავლე და ათამდე მასწავლებელი ირიცხებოდა.

რუსეთის საიმპერატორო სამუსიკო საზოგადოების (რსსს) მთავარმა დირექციამ 1882 წელს თბილისში კომპოზიტორი მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი გამოაგზავნა. მას ვითარება უნდა შეესწავლა და თუ შესაძლებელი იქნებოდა, რსსს-ის თბილისის განყოფილება გაეხსნა. სკოლის შემდგომი განვითარებისთვის, სამეულმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ინიციატივისთვის მხარი დაეჭირა. 1883 წლის 11 თებერვალს რუსეთის საიმპერატორო სამუსიკო საზოგადოების თბილისის განყოფილება ოფიციალურად დამტკიცდა.

სანამ სკოლა განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდოდა, სპეციალურმა კომისიამ შეამოწმა მისი მუშაობა და ოქმში ჩაწერა:

"მიზანდარმა, სავანელმა და ალიხანოვმა კეთილსინდისიერი მუშაობის შედეგად, სამუსიკო სკოლის საქმიანობა შესანიშნავ მდგომარეობაში მოიყვანეს, რითაც მათ თბილისის საზოგადოების ღრმა ნდობა და სიმპათიები დაიმსახურეს".

რსსს-ის წესდებაში არსებული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სამუსიკო სკოლა ჯერ სამუსიკო კლასებად, ხოლო 1886 წელს სამუსიკო სასწავლებლად გადაკეთდა და დაენიშნა ყოველწლიურად 5.000 მანეთის სუბსიდია.

დიდი დანაკლისი განიცადა სასწავლებელმა 1887 წელს: ხარლამპი სავანელი, რომელიც პარალელურად სახელმწიფო ბანკში მუშაობდა, იმდენად დატვირთული იყო, რომ პედაგოგობაზე უარი განაცხადა. იმავე წელს სასწავლებელი დროებით დატოვა პედაგოგობაზე გულაცრუებულმა კონსტანტინე ალიხანოვმაც. მართალია, ისინი პედაგოგობას ჩამოშორდნენ, მაგრამ განყოფილებისა და სასწავლებლის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ.

მომდევნო წელს მიზანდარი, სავანელი, ალიხანოვი და სასწავლებლის მხცოვანი პედაგოგი ედუარდ ეპშტეინი განყოფილების საპატიო წევრებად აირჩიეს. სამწუხაროდ, ერთ წელიწადში ეპშტეინი გარდაიცვალა, 1890 წელს კი პეტერბურგში - ხარლამპი სავანელი.

სკოლამ დაარსებიდან რვაჯერ გამოიცვალა შენობა. მუდამ სხვის ჭერქვეშ ყოფნა მძიმე ტვირთად აწვა მთელ განყოფილებას.

კონსტანტინე ალიხანოვი (1848-1931)

1891 წლის 18 ივლისს თბილისს ანტონ რუბინშტეინი ეწვია - მსოფლიოში გამოჩენილი პიანისტი, კომპოზიტორი, რუსეთის სამუსიკო საზოგადოებისა და პეტერბურგის კონსერვატორიის დამაარსებელი, რსსს-ის თბილისის განყოფილების საპატიო წევრი, ალოიზ მიზანდარის პედაგოგი და ახლო მეგობარი. ვითარების გაცნობის შემდეგ, მისი ინიციატივით განყოფილებასთან ჩამოყალიბდა სასწავლებლისთვის შენობის ასაგები ფონდი.

12 აგვისტოს რუბინშტეინმა ოპერის თეატრში დიდი კონცერტი გამართა, რომელსაც, პაპანაქება სიცხის მიუხედავად, აუარებელი ხალხი დაესწრო. მან მთელი შემოსავალი, 2.160 მანეთი, განყოფილების ფონდში გადარიცხა და ამით საზოგადოებას ქველმოქმედებისკენ მოუწოდა. მისმა ნაბიჯმა გაამართლა, მოგვიანებით სასწავლებლის ფონდში 58.000 მანეთი დაგროვდა, რაც საშუალებას იძლეოდა, პრაქტიკულად გადაეჭრათ შენობის აგების საკითხი.

სიმბოლურია, რომ 1862 წელს, როცა ანტონ რუბინშტეინი პეტერბურგის კონსერვატორიას აარსებდა, ალოიზ მიზანდარი მონაწილეობდა კონცერტში, რომლის შემოსავალიც პეტერბურგის კონსერვატორიის დაარსების ფონდში გადარიცხა. 1891 წელს კი რუბინშტეინმა თავისი ნაბიჯით მას თითქოს "სამაგიერო" გადაუხადა.

არჩილ მშველიძე:

"სასწავლებლის კონსერვატორიად გადაკეთების აზრი ჯერ კიდევ 1891 წელს დაებადა თბილისის "განყოფილების" დირექციას. სწორედ ამისთვის მიავლინეს პეტერბურგში მიხაილ იპოლიტოვ-ივანოვი, რომელიც არაოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებდა რსსს-ის მთავარი დირექციის გავლენიან წევრებთან. იპოლიტოვ-ივანოვმა მაშინ ვერ შეძლო დაეთანხმებინა ველიკოდერჟავული შხამით მოწამლული პირები, რომლებიც ცინიკურად გაიძახოდნენ: კავკასიაში კონსერვატორიის დაარსება ძალზედ ნაადრევიაო".

სამუსიკო სასწავლებლის შენობის აგებას არქიტექტორ ალექსანდრ შიმკევიჩის პროექტით 1901 წელს შეუდგნენ. ორსართულიან შენობაში, საკლასო ოთახების გარდა, 300-ადგილიანი საკონცერტო დარბაზი უნდა განთავსებულიყო. სასწავლებელი ოფიციალურად 1903 წლის 2 სექტემბერს გაიხსნა, ხოლო ერთი წლის შემდეგ - საკონცერტო დარბაზიც, რომლისთვისაც თანხები სასწავლებლის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, კონსტანტინე ალიხანოვმა და ალოიზ მიზანდარის დედის, თეკლე ზუბალაშვილის ახლო ნათესავებმა და მეცენატებმა, იაკობ და სტეფანე ზუბალაშვილებმა გაიღეს.

თბილისის მუსიკალური სასწავლებელი, დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

არჩილ მშველიძე:

"საზეიმო სხდომაზე მოკლე სიტყვით გამოვიდა თბილისის "განყოფილების" დირექციის თავმჯდომარე კონსტანტინე ალიხანოვი, მან დამსწრეთ გააცნო სამუსიკო სასწავლებლის ისტორია, მისი როლი ამიერკავკასიაში, პროფესიული სამუსიკო განათლების დანერგვის საქმეში. კონსტანტინე ალიხანოვმა გულთბილი სიტყვებით მოიხსენია ხარლამპი სავანელი და ალოიზ მიზანდარი, ვის სახელებთანაც დაკავშირებულია ამ სამუსიკო საგანმანათლებლო კერის აღმოცენება თბილისში".

...მუსიკალური სასწავლებლის 1911-1912 სასწავლო წლის ანგარიშში ვკითხულობთ:

"ა. ი. მიზანდარმა ვირტუოზული გამოსვლების შემდეგ, საკუთარი თავი მიუძღვნა მუსიკალურ-პედაგოგიურ მოღვაწეობას. ის წარმოადგენდა იშვიათ შეთავსებას ღრმა მხატვრული ნატურისა, თავისი პროფესიის უსაზღვრო ერთგულებისა და მაღალზნეობრიობისა. მძიმე ავადმყოფობის დროსაც, ალოიზ იოსების ძე უკანასკნელ ძალას იკრებდა თავისი საყვარელი საქმიანობისთვის, ხელმძღვანელობდა მოსწავლეებს, რომლებიც დიდად აფასებდნენ მის რჩევებს.

ალოიზ მიზანდარი გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი თბილისის სამუსიკო სკოლისა, შემდგომში რუსეთის საიმპერატორო სამუსიკო საზოგადოების სამუსიკო სასწავლებლად წოდებულისა. 35 წლის განმავლობაში, იგი იყო შეუცვლელი თანამშრომელი, პიანისტი, პედაგოგი და ადმინისტრაციის წევრი. თბილისის განყოფილებამ დაკარგა არა მარტო არაჩვეულებრივი პედაგოგი, არამედ ადამიანი, დაკავშირებული მთელი სულითა და გულით ჩვენს დაწესებულებასთან, მის მრავალწლიან შრომასთან. ასეთი დანაკარგი აუნაზღაურებელია. თბილისის განყოფილების დირექციამ დაადგინა: საფორტეპიანო კლასის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის დაწესდეს ალოიზ მიზანდარის სახელობის მარადიული სტიპენდია და სასწავლებლის ერთ-ერთ დარბაზში განთავსდეს მისი პორტრეტი".

ალოიზ მიზანდარი (1837-1912)

მარტო დარჩენილმა სამეულის წევრმა, კონსტანტინე ალიხანოვმა 1915 წელს რუსეთის საიმპერატორო მუსიკალურ საზოგადოებას თხოვნით მიმართა, სასწავლებლისთვის კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭებინათ. მიუხედავად იმისა, რომ თანხმობის ტელეგრამა მიიღო, პირველი მსოფლიო ომის გამო ეს საკითხი გადაიდო და სავანელის, მიზანდარისა და ალიხანოვის მიერ დაარსებული სამუსიკო სასწავლებელი თბილისის კონსერვატორიად მოგვიანებით, 1917 წლის 1-ელ მაისს გარდაიქმნა.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რევოლუციამდელი მოღვაწეები იმპერიალისტებად გამოცხადდნენ და მათი სახელები დავიწყებას მიეცა. გაუქმდა მიზანდარის სახელობის "მარადიული" სტიპენდია, ჩამოხსნეს ფოტო, აკრძალეს მისი შემოქმედება. თუმცა სიმართლე და ჭეშმარიტება არ იკარგება. 1954 წელს, ალოიზ მიზანდარის გზის გამგრძელებელმა, პირველმა ქართველმა პროფესორმა ქალმა ანა თულაშვილმა გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე დუმილი დაარღვია და მიზანდარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. 1970 წელს, ალოიზ მიზანდარის ნეშტი, კულტურის მინისტრ ოთარ თაქთაქიშვილის ბრძანებით, კუკიის სასაფლაოდან დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს, მისი სახელი უწოდეს პირველ სამუსიკო სკოლას.

ამას მოჰყვა მონოგრაფიები და წიგნები მიზანდარის შესახებ. თუმცა, სამწუხაროდ, ინტერესი თანდათან მინავლდა, სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ სიახლეებს დამკვიდრება გაუჭირდა და დღესაც, საიუბილეო გამოცემებსა თუ სასწავლო პროგრამებში, ისევ ძველი ისტორია იბეჭდება, თითქოს ეს მოღვაწენი არც კი ყოფილან...

P.შ. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აღდგება 90-იანი წლების ბოლოს თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მოპარული და სავარაუდოდ, ჯართში ჩაბარებული ალოიზ მიზანდარის მემორიალური დაფა, რომელიც ჩვენი ქალაქისა და კულტურის ისტორიის ფურცელია.

ლევან მიზანდარი

კომპოზიტორი, ისტორიკოსი

ჟურნალი "ისტორიანი",#83