ცაიშის ქტიტორთა ვინაობისთვის - კვირის პალიტრა

ცაიშის ქტიტორთა ვინაობისთვის

ცაიშის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ტაძრის ფრესკული მხატვრობა, რომლის დღევანდელი მდგომარეობა მეტ მზრუნველობას, წარსული კი საგანგებო შესწავლას იმსახურებს.

იხილეთ დასაწყისი:ანტიკური კაპიტელებიდან ქრისტიანულ კანკელამდე

მკითხველის ყურადღებას რამდენიმე ისტორიული პირის გამოსახულებებს მივაპყრობთ, რომლებიც უხვად არის შემორჩენილი ეკლესიის კედლებზე.

ცაიშის ტაძრის მოხატვის ისტორია ასეთია: შემორჩენილი წყაროების მიხედვით, ეკლესია 1612 წელს მოახატვინა და შეამკო "ვითარცა შვენის სახლსა ღმრთისასა" ცაიშელ-ჯუმათელმა მთავარეპისკოპოსმა, მალაქია II გურიელის ძემ. დასრულებიდან ორი წლის შემდეგ, 1614-1615 წლებში, მძვინვარე მიწისძვრამ, მალაქია გურიელის თქმით, სრულად შეიწირა სამონასტრო კომპლექსი. ამიტომ გურიელმა მომდევნო 1616 წელს, უკვე კათალიკოსად კურთხევის შემდეგ, აღადგინა სამონასტრო ნაგებობები და ღვთისმშობლის ტაძარი ხელმეორედ მოახატვინა. ცნობილია მეორე მოხატვის დაზუსტებული თარიღიც – 1616-1619 წლები. ამდენად, თითქოს გამოსახულ ისტორიულ პირთა იდენტიფიცირება ძნელი არ უნდა იყოს, მაგრამ იმ პირობებში, როცა არც ერთ საქტიტორო გამოსახულებას თანამდევი წარწერა აღარ შემორჩა და კედლებზეც ფრესკების, სულ ცოტა, ორ ფენას ვხედავთ, ამოცანა არცთუ ადვილი აღმოჩნდა.

ტაძარში შესვლისთანავე გამორჩეულ ადგილას, კერძოდ, სამხრეთი ბურჯის სამხრეთ ზედაპირზე წარმოდგენილია მამაკაცისა და ქალის კოლორიტული ფიგურები.

მამაკაცი წითელ კაბაში გამოწყობილი დგას, მოუჩანს თეთრი ახალუხი, წითელი კაბის გულისპირი ლითონის დეტალებით ისევეა გაფორმებული, როგორც მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660) ტანისამოსი გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ფრესკაზე.

უცნობი ქტიტორის სამოსში ყველაზე აღსანიშნავი და თვალში საცემი მისი თავსაბურავია. მაღალი, წაწვეტებული ჩალისფერი ქუდი გეომეტრიული ფიგურებით არის გაფორმებული, ძირი კი ბეწვიანია. სამოსის ამ ეგზოტიკურმა დეტალმა, ანუ უჩვეულოდ მაღალმა ქუდმა და ქტიტორის კოლორიტულმა იერმა არ შეიძლება, ამავე ეპოქაში მოღვაწე ერთი ისტორიული პირის გამოსახულება არ გაგვახსენოს – ეს არის სამეგრელოს რეგენტის, გიორგი ლიპარტიანის სახელგანთქმული ფრესკა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრიდან.

მანუჩარ დადიანისა და ნესტან-დარეჯანის სავარაუდო ფრესკა. ფოტო ექვთიმე თაყაიშვილის არქივიდან, 1914 წ.

ძნელია XVII საუკუნის ქართულ მხატვრობაში მოიძებნოს გიორგი ლიპარტიანის სახეზე უფრო რეალისტური და მეტყველი პორტრეტი. ცაიშის უცნობი ქტიტორის გამოსახულებასთან შედარებისას აშკარად იკვეთება ამ ორი პირის გარეგნული მსგავსება, სახის თითქმის ერთნაირი მოხაზულობა, დამახასიათებელი ნუშისებრი თვალები, სწორი ცხვირი და ულვაშის ფორმა. ორივე პორტრეტზე გამორჩეულია გრძელი მაღალი ჩალისფერი ქუდი, რომელიც როგორც ჩანს, გიორგი ლიპარტიანის ჩაცმულობის დამახასიათებელი ატრიბუტი იყო.

მართალია, გარეგნული მსგავსება აშკარაა, მაგრამ რამდენად ესადაგება ცაიშში გიორგი ლიპარტიანის პორტრეტის არსებობა ისტორიულ ქრონოლოგიასა და ფაქტებს?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტაძარი ორჯერ, 1612 და 1616-1619 წლებში, მალაქია გურიელს მოუხატავს, ეს ის პერიოდია, როცა სამეგრელოს სწორედ გიორგი ლიპარტიანი განაგებს. 1611 წელს, როცა ლევან II დაახლოებით 14 წლისა იყო, გარდაიცვალა მანუჩარ დადიანი და იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის თქმით, ლევან დადიანს "მზრუნველად დაუნიშნეს მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი – კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი. ეს გიორგი განაგებდა ყველაფერს ფრიად ერთგულად და ისე მიჰყავდა საქმეები, რომ მისი გამგეობის დროს კოლხიდაში არავითარი არეულობა და აჯანყება არ მომხდარა".

რამდენ ხანს გრძელდებოდა ლიპარტიანის მმართველობა, ზუსტად არ არის ცნობილი, მაგრამ გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება. დავით გვრიტიშვილის აზრით, ლევან II დადიანს ხელისუფლება ბიძამ 1621 წლამდე გადააბარა; შალვა ჯღარკავა ფიქრობს, რომ ლიპარტიანის მმართველობა 1619 წლამდე გაგრძელდა; პროფესორი ილია ანთელავა კი მიიჩნევდა, რომ გიორგი სამეგრელოში პირველი პირი 1615 წლამდე იყო, შემდეგ კი სამთავროს მმართველობა 16 წლის ლევან დადიანს ჩააბარა. ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში, ტაძრის მოხატვის ორივე პერიოდში გიორგი ლიპარტიანი სამეგრელოს ხელისუფლების ზედა ეშელონებში იყო და ამიტომ მას აუცილებლად გამოსახავდნენ ცაიშის ტაძრის კედლებზე. მით უფრო, როცა ეკლესიის პირველი მოხატვა და შემდეგ დანგრეულის აღდგენა მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო.

თუ მივიჩნევთ, რომ მამაკაცის პორტრეტის გიორგი ლიპარტიანს გამოსახავს, ცხადია, მის გვერდით მდგარი მანდილოსანი სამეგრელოს დროებითი მმართველის მეუღლე უნდა იყოს. ამ პორტრეტთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა. მათ შორის ჩვენც 2004 წელს მივიჩნევდით, რომ აქ დახატული ქალბატონი სამეგრელოს სახელგანთქმული მთავრის ლევან II დადიანის მეორე ცოლი ნესტან-დარეჯან ჭილაძე იყო.

ამჯერად კი ვრწმუნდებით, რომ ცაიშში ლევან დადიანის მეუღლის პორტრეტის არსებობა, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან ვეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, ლევან II დადიანის პირველი ქორწინება 1621 წელს მოხდა. მართალია, პროფესორი ილია ანთელავა ამ თარიღს 1614-1615 წლებისკენ სწევს, რაც არამართებული ჩანს, თუმცა, ასეც რომ იყოს, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხილული ქტიტორთა პორტრეტები მალაქიას მიერ ტაძრის მოხატვის პირველ ეტაპს – 1612 წელს, ანუ ლევანის ქორწინებამდე პერიოდს განეკუთვნება.

გიორგი ლიპარტიანის სავარაუდო პორტრეტი ცაიშში

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ცაიშის ტაძრის სამხრეთი ბურჯის სამხრეთ კედელზე სამეგრელოს მმართველი გიორგი ლიპარტიანია დახატული მეუღლესთან ერთად. გიორგის სამი ცოლი ჰყავდა: – დადიანის ასული ანა, ამილახვრის ასული თაჯი და ნესტან-დარეჯან ჭილაძე. ცაიშში ეს უკანასკნელი ვერ იქნება გამოსახული, რადგან იგი სამეგრელოს სამთავრო ოჯახში ეკლესიის მოხატვის შემდეგ, 1620 წლისთვის გამოჩნდა. ამიტომ გიორგის გვერდით ანა დადიანის ან თაჯი ამილახვრის არსებობა უნდა ვივარაუდოთ.

ცაიშის ეკლესიაში ქტიტორთა პორტრეტები შემორჩენილია ჩრდილოეთ ბურჯზეც. ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აქაც საქტიტორო წარწერა გამქრალია, ამიტომ ფრესკებზე გამოსახულ პირთა ვინაობის ამოსაცნობად ისტორიული ფაქტების ანალიზსა და ლოგიკას უნდა მივყვეთ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ქტიტორთა ჩაცმულობას.

ამ პორტრეტებთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ისტორიკოსმა აბესალომ ტუღუშმა, რომელმაც წყვილი ლევან II დადიანად და მის პირველ მეუღლედ თანურია/დარუნდია შერვაშიძედ მიიჩნია. ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებთ თუნდაც იმიტომ, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცაიშის პირველი და მეორე მოხატვის პერიოდში ლევანი ჯერ დაუქორწინებელი იყო. ესეც რომ არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისეთ ამბიციურ და პატივმოყვარე მთავარს, როგორიც ლევან II დადიანია, ცაიშის ეკლესიაში დაეტოვებინა იმ პირველი მეუღლის გამოსახულება, რომელსაც ღალატი დასდო ბრალად, შესარცხვენად ცხვირი მოაჭრა და აფხაზეთში გააძევა. ჩვენი აზრით, აქ სხვა წყვილია დახატული. როგორც ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე შენიშნავს, მათი სამოსი და თავსაბურავი მდიდრული, "სამეფო" მორთულობით გამოირჩევა, მამაკაცის გვირგვინის მსგავსი თავსაბურავი უხვად არის მოთვალმარგალიტებული. თვალში საცემია სამეფო სამოსისთვის ნიშანდობლივი დეტალები: თვალ-მარგალიტით მორთული მანიაკი, სამკლავე პატივი, განსაკუთრებული ფორმის კაბის ქობა.

ამდენად, ცხადია, რომ აქ გამორჩეული საოჯახო წყვილია დახატული. ვინ უნდა იყვნენ ისინი? ჩვენი აზრით, ლოგიკურია თუ ვივარაუდებთ, რომ ცაიშელ-ჯუმათელმა და შემდეგ აფხაზეთის კათალიკოსმა მალაქიამ 1612-1619 წლებს შორის პერიოდში ცაიშის ეკლესიის კედელზე გამოასახვინა ოდიშის მაშინდელი მმართველის ძმა, მომავალი მთავრის მშობლები – მანუჩარ დადიანი და კახეთის ცნობილი მეფის, ალექსანდრე II-ის (1574-1605) ქალიშვილი ნესტან-დარეჯანი. ორივე ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის მათი ცაიშში საგანგებოდ დახატვის ალბათობას. ეს, ერთი მხრივ, განსვენებულთა ხსოვნის უკვდავყოფა იქნებოდა და ამასთანავე, მოქმედი მმართველებისადმი პატივისცემის გამოხატულებაც (როგორც აღვნიშნეთ, მანუჩარი მომავალი მთავრის, ლევანის მამა და მოქმედი ხელისუფლის, გიორგი ლიპარტიანის ღვიძლი ძმა იყო).

ჩვენი მოსაზრების სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტი მეტყველებს: 1) უწვერული მამაკაცი საერთოდ არ ჰგავს იერითაც კი ლევან II დადიანის ცნობილ ფრესკებს. ცხადია, რომ აქ სულ სხვა სახისა და ნაკვთების მქონე პიროვნებაა გამოსახული. 2) ფრესკაზე გამოსახული მამაკაცის თავსაბურავიც უფრო მანუჩარისა და ლევან I-ის ეპოქის ქუდებს ჰგავს, ვიდრე გიორგი ლიპარტიანისა და ლევან II დადიანის დროის თავსაბურავებსა და გვირგვინებს. 3) დედოფლის კაბაზე გამოსახულია ეგზოტიკური ორნამენტი – ყვავილის ფორმის ეს თავისებური მოჩითვა XV საუკუნეში ქუცნა ამირეჯიბის კაბაზე ჩნდება და მას არაერთხელ ვხედავთ ქართველ დიდებულთა სამოსზე, ოღონდ XVII საუკუნის პირველ ნახევრამდე.

სავარაუდოდ, ლევან დადიანის ახალგაზრდობის პორტრეტი, მანუჩარ დადიანისა და მისი მეუღლის გამოსახულებათა მოპირდაპირედ

ლევან II დადიანის მმართველობის პერიოდი კი უკვე ამ ეპოქის მიწურულს უწევს და მისი თანამედროვე ისტორიული პირების სამოსზე მსგავს ორნამენტს პრაქტიკულად ვეღარ ვხედავთ. 4) განსაკუთრებით საგულისხმოა მანუჩარ დადიანისა და მისი მეუღლის სავარაუდო გამოსახულებათა მოპირდაპირედ, ჩრდილოეთ კედელზე, კარის მარცხნივ ვედრებად მიმართული ხელებით წარმოდგენილი ახალგაზრდა ჭაბუკის ფიგურის არსებობა. ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე სამართლიანად მიიჩნევს მას მთავრის ოჯახის წევრად, რაზეც ჭაბუკის მარგალიტებით მორთული სამკლავე და ძვირფასად შემკული კაბა მიუთითებს.

ჩვენი აზრით, სწორედ ეს ფიგურა უნდა ეკუთვნოდეს ლევან II დადიანს. ლოგიკურიც არის, რომ მხატვარმა შვილი მშობლების პორტრეტების მოპირდაპირე კედელზე დახატა. ადვილად აიხსნება ლევანის ეულად გამოსახვაც. ამ პერიოდში, ანუ 1612-1619 წლებს შორის, ბატონიშვილი 15-დან 22 წლამდე იქნებოდა (ლევანი 1597 წელს დაიბადა), ის ჯერ კიდევ უცოლო იყო და ცხადია, მხატვარიც ფრესკაზე დადიანს თანამეცხედრის გარეშე დახატავდა.

ლევანის ფიგურის მახლობლად, ანუ ჩრდილოეთის კედელზე, კარის მარჯვნივ დღემდე შემორჩა სასულიერო პირის შავი თავსაბურავის ფრაგმენტი. სავარაუდოდ, აქ მალაქია გურიელი უნდა ყოფილიყო დახატული. პატივმოყვარე ხასიათიდან გამომდინარე, ცხადია, იგი მომავალი მთავრის ფიგურასთან ახლოს ისურვებდა საკუთარი სახების არსებობას.

ცაიშში კიდევ არის რამდენიმე ისტორიული პირის საინტერესო ფიგურა. თუმცა, ეს უკვე კვლევისა და მსჯელობის ცალკე თემაა...

გიორგი კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი

ჟურნალი "ისტორიანი:,#83