"ქაჯეთის ციხის აღება" 50 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

"ქაჯეთის ციხის აღება" 50 წლის შემდეგ

სუხიშვილების ქორეოგრაფიული დადგმის კინოვერსია უკვალოდ გაქრა...

იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი რუსთაველის წლად იყო გამოცხადებული. 50 წლის წინ კი, 1966 წელს, შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი ფართოდ აღინიშნა. საგანგებოდ ამ იუბილესთვის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი "ქაჯეთის ციხის აღება" დადგა. ნაწარმოებს უმაღლესი დონის შეფასებები მისცეს მსოფლიოს წამყვანმა თეატრალურმა კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა. გვესაუბრება "სუხიშვილების" "ოქროს ხანის" წამყვანი სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი თენგიზ უთმელიძე, რომელიც სპექტაკლ "ქაჯეთის ციხის აღების" მთავარ მოქმედ გმირს, ტარიელს განასახიერებდა.

– ბატონო თენგიზ, სანამ სპექტაკლზე დავიწყებდეთ საუბარს, იქნებ გაიხსენოთ საერთო ფონი, რომელიც ქვეყანაში რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა?

– ქართველი კაცისთვის ყოველი დღე "ვეფხისტყაოსნით" – სიბრძნის, გონიერების ამ დიდი სალაროთი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს. 50 წლის წინანდელი მოვლენა წარმოუდგენლად ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ნამდვილი ფეიერვერკი გახლდათ. საიუბილეო დღეები 1966 წლის 25 სექტემბერს დაიწყო. ეწყობოდა "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებისა და პოემის ილუსტრაციების გამოფენები, თეატრალიზებული და სპორტული დღესასწაულები თბილისსა და ჩვენი ქვეყნის ქალაქებში, სოფლებში. საზღვარგარეთის მრავალი ქვეყნიდან გვეწვივნენ სტუმრები და პოემის სხვადასხვა ენაზე მთარგმნელი ქართველოლოგები. თბილისსა და ბორჯომში გაიმართა ხუთივე კონტინენტის პოეტების დიდი საერთაშორისო შეხვედრა.

რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ დღეებში შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების: ოთარ თაქთაქიშვილის, არჩილ ჩიმაკაძის, რევაზ ლაღიძის, შალვა მშველიძის ახალი მუსიკალური ნაწარმოებები.

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში რეჟისორებმა არჩილ ჩხარტიშვილმა და მიხეილ თუმანიშვილმა დადგეს ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია "ვეფხისტყაოსანი". უკვდავი პოემის სტრიქონებს ამ სპექტაკლში დიდოსტატურად კითხულობდნენ სერგო ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ედიშერ მაღალაშვილი, კოტე მახარაძე, გოგი გეგეჭკორი.

გამოიცა ალბომები და ბუკლეტები მიხაი ზიჩის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, უჩა ჯაფარიძის, თამარ აბაკელიას, ირაკლი თოიძის, ნათელა იანქოშვილის, სევერიან მაისაშვილის მიერ შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" ძველი და ახალი ილუსტრაციებით. ქართულ, რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე დაიბეჭდა პოემის საიუბილეო გამოცემები. მოეწყო მათი გამოფენები.

ავთანდილი – თენგიზ სუხიშვილი, ტარიელი – თენგიზ უთმელიძე, ფრიდონი – ფრიდონ სულაბერიძე

რუსთაველისადმი მიძღვნილ სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებებს მრავალი საბჭოთა და უცხოელი მწერალი და მეცნიერი-ქართველოლოგი დაესწრო. მთელი რიგი ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებისა და დეპეშათა სააგენტოების, რადიოსა და ტელევიზიების წარმომადგენლებმა არაერთი საინტერესო წერილი, მოხსენება, სპეციალური კრებული თუ დოკუმენტური სიუჟეტები მიუძღვნეს ამ იუბილეს ჩვენთან და საზღვარგარეთ.

– შეიძლება ითქვას, რომ 1966 წელს გამართულ რუსთაველის 800 წლისთავს მსოფლიო რეზონანსი მიეცა. ბუნებრივია, საიუბილეო ღონისძიებებისთვის მზადებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი მეცნიერები და ხელოვანები. კონკრეტულად რა ამოცანა დაეკისრა "სუხიშვილებს"?

– იმ დროისთვის ანსამბლი შემოქმედებითი მოღვაწეობის ზენიტში იმყოფებოდა, რასაც განაპირობებდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის უდიდესი ტალანტი, 60-იანი წლების მოცეკვავე-მსახიობთა დახვეწილი ტექნიკა და ინდივიდუალური ხელწერა. საიუბილეო დღეებისთვის ჩვენს ანსამბლს საგანგებო მისია დააკისრეს: "ვეფხისტყაოსნის" თემებზე ქორეოგრაფიული კომპოზიციის მომზადება. მართალია, ამ პოემას მეტ-ნაკლები წარმატებით არაერთმა ბალეტმაისტერმა მიმართა სხვადასხვა დროს, განხორციელდა ცალკეული დადგმა ჩვენშიც და სხვა ქვეყნების სცენებზეც, მაგრამ ეროვნული ქორეოგრაფიის ენით "ვეფხისტყაოსნის" ამეტყველება, პირველი, ამასთან უჩვეულო მცდელობა იყო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებდა მთელ კოლექტივს.

საბოლოო ჩანაფიქრის ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ, რაც იმ დროს აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი. ანსამბლის ხელმძღვანელობამ მთელი დასი სარეპეტიციო დარბაზში შეგვკრიბა და ილიკო სუხიშვილმა მისთვის დამახასიათებელი ემოციურობით გაგვაცნო "ქაჯეთის ციხის აღების" ლიბრეტო, კომპოზიციის სცენების თანამიმდევრობა, ცალკეული დეტალები. გადაწყდა, რომ ახალ დადგმაში მონაწილეობას დასის მთლიანი შემადგენლობა მიიღებდა.

ირაკლი თოიძის მიერ ჯერ კიდევ 1937 წელს შექმნილი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების მიხედვით შეირჩა ტიპაჟები და ნინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილისა და სოლიკო ვირსალაძის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მთავარი პარტიების შემსრულებლებად დასახელდნენ: ტარიელი – თენგიზ უთმელიძე, ავთანდილი – თენგიზ სუხიშვილი, ფრიდონი – ფრიდონ სულაბერიძე. ნესტან-დარეჯანის პარტიის შესრულების პატივი ლატავრა ფოჩიანს, თინათინისა – ნინო კირვალიძეს, ასმათისა კი მანანა აბაზაძეს ერგოთ წილად. კოსტიუმების მომზადება და სასცენო დეკორაციების შექმნა ითავა გამოჩენილმა თეატრალურმა მხატვარმა, ანსამბლის უცვლელმა დიზაინერმა სოლიკო ვირსალაძემ, რომელმაც მოკლე დროში შექმნა რუსთაველის ეპოქის შესატყვისი, განუმეორებელი ფერადოვნების კოსტიუმები და სასცენო დეკორაციები.

თვე-ნახევარზე მეტხანს მიმდინარეობდა დაძაბული და შრომატევადი, შემოქმედებითად საინტერესო რეპეტიციები, იხვეწებოდა მასობრივი სცენებისა და საცეკვაო კომპოზიციების ნახაზები. ცალკეული სცენის მუსიკალური გაფორმება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძეს სთხოვეს.

პრემიერა 1966 წლის 28 სექტემბერს მოეწყო, ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ გრანდიოზულ საიუბილეო საღამოზე. ქართველმა და უცხოელმა უამრავმა სტუმარმა, სპეციალისტებმა და პრესამ საერთო აღტაცება გამოხატა და მაღალი შეფასება მისცა ანსამბლის ახალ ნამუშევარს. სამწუხაროა, რომ აღარ არსებობს, დაიკარგა და უკვალოდ გაქრა ამ შესანიშნავი საღამოსა და, მასთან ერთად, ჩვენი ქორეოგრაფიული დადგმის კინოვერსია. შემორჩენილია მხოლოდ მცირე რაოდენობით ფოტოსურათი.

– ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია... იქნებ აგვიწეროთ ამ ისტორიული მნიშვნელობის დადგმის თანამიმდევრობა.

– სიამოვნებით შევეცდები. სცენა გაფორმებულია მდიდრული, "ჩამქრალი ოქროსფერი" ფარდებით, როგორც ბატონი სოლიკო ვირსალაძე უწოდებდა. სცენაზე ჩამოშვებულია თასის ფორმის ვერცხლისფერი კანდელები, რომლებშიც ცეცხლი გიზგიზებს. უკანა ფარდის ფონზე შუქჩრდილებით იკვეთება მიუვალი ციხესიმაგრის სილუეტი.

"ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა..."

კომპოზიცია წყნარი, მელოდიური მუსიკით იწყება. სცენის სიღრმეში, ამაღლებულ კვარცხლბეკზე, გრძელ მოსასხამებში, თავზე ვერცხლისფრად მბზინავ ჩაჩქნებში შეაბჯრული, ფარხმლიანი "ვეფხისტყაოსნის" გმირები – ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დგანან, ციხეს გაჰყურებენ და "თათბირობენ". სცენა ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის ნახატს აცოცხლებს. აქ გაგახსენდება დიდი შოთას სიტყვები: "იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა; / მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა".

შთამბეჭდავია რევაზ ლაღიძის მუსიკა კინოფილმიდან "ხევისბერი გოჩა", რომლის თანხლებითაც მეომარი რაინდები, ცეკვა "ხორუმის" დახვეწილი მოძრაობებით, დაზვერვის სცენას წარმოადგენენ. მათ "ვეფხისტყაოსნის" მთავარი გმირები უერთდებიან.

მომდევნო სურათი "ქაჯეთის ციხის" დამცველთა, საბრძოლო კვერთხებით შეიარაღებულ, ე.წ. ქაჯთა რიტუალურ ცეკვას ეთმობა. წითელი განათების ფონზე, მუქი ფერის ორიგინალურ კოსტიუმებში შემოსილ მოცეკვავეთა მოძრაობები უჩვეულო, ამასთან, მეტად დინამიკურია და ვირტუოზულად სრულდება.

შემდეგი სცენა ასახავს "რაინდთა" და "ქაჯთა" შეუპოვარ შერკინებას. 1967 წელს გამოცემულ, ანსამბლის დაარსების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ბუკლეტში ვკითხულობთ: "ახმიანდება საგანგაშო მუსიკა და იწყება ქაჯთა – ბოროტი ძალის განმასახიერებელ, კაცთა მსგავს არსებათა ცეკვა. მაგრამ, აი, სცენაზე ზვავივით მოასკდნენ აბჯარასხმული, მუზარადიანი მამაცი მეომრები და უკვე გაისმის ხმალთა გააფთრებული წკრიალი და ფართა ჯახის ხმა". ფერადოვანი, ეფექტური განათებისა და რევაზ ლაღიძის "საჭიდაოს" თანხლებით მოცეკვავეთა მაღალტექნიკურად შესრულებული წარმოდგენა კულმინაციას აღწევს: "დიდი ბრძოლა" რაინდთა ბრწყინვალე გამარჯვებით მთავრდება.

შემდეგ იწყება გამარჯვების აღსანიშნავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია, რომლის პირველი ნაწილი ტარიელისა და ტყვეობიდან გამოხსნილი ნესტან-დარეჯანის შეხვედრის სურათს წარმოადგენს.

ნესტან-დარეჯანი – ლატავრა ფოჩიანი, ტარიელი – თენგიზ უთმელიძე

გულში ჩამწვდომად ჟღერს კომპოზიტორ არჩილ ჩიმაკაძის ჩინებული მუსიკალური ნაწარმოები "შენ გიგალობ". ორ რიგად ჩამწკრივებულ რაინდებს მხრებზე ფარები აქვთ გადებული, რაც ჰეროიკულ კიბეს წარმოსახავს. მთელი კომპოზიციის მშვენება ულამაზესი სცენაა, როცა მასზე დედოფლური სიკაშკაშით, ამაყად გადმოაბიჯებს ნესტან-დარეჯანი.

კომპოზიციის დასკვნით, საზეიმო ნაწილში, გამარჯვებულ, ბრგე რაინდთა შორის, გრაციოზულად ცეკვავენ ტანწერწეტა, ულამაზესი ასულები. მოძრაობათა მრავალფეროვანი გამა, ორიგინალური ქორეოგრაფიული ნახაზები და თვალისმომჭრელი ბრწყინვალება გასაოცარ თეატრალურ სანახაობას ქმნის. იმარჯვებს სიკეთე, მეგობრობა, სიყვარული, როგორც თვით რუსთაველი ამბობს: "ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია".

– რამდენადაც ვიცი, არც მოსკოვში დარჩენილან გულგრილი ამ ნამუშევრის მიმართ.

– დიახ, 1966 წლის ოქტომბერში რუსთაველის საიუბილეო დღეებმა მოსკოვში გადაინაცვლა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოეთის დედაქალაქი ამ ისტორიული მოვლენით ცხოვრობდა და ეს იგრძნობოდა ყველგან. საბჭოთა კავშირის დიდი თეატრის ფასადს, სადაც დასკვნითი საიუბილეო საღამო გაიმართა, ქართველი პოეტის უზარმაზარი პორტრეტი ამშვენებდა წარწერით: "შოთა რუსთაველი – 800".

საიუბილეო დღეს, 25 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის, ბოლშაია გრუზინსკაიას სკვერში საზეიმოდ გაიხსნა შოთა რუსთაველის დიდებული ძეგლი, შესრულებული მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ. გახსნას ესწრებოდა სკკპ პოლიტბიუროს მთელი შემადგენლობა, მათ შორის იყო პოლიტბიუროს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი.

იმავე დღეს, დიდ თეატრში გამართულ დასკვნით საიუბილეო საღამოზე, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად, ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა თავისი ახალი ქორეოგრაფიული კომპოზიცია წარმოადგინა. "ქაჯეთის ციხის აღება" საიუბილეო დღეების ერთგვარ გვირგვინად იქცა...

– უცხოეთში გასტროლების დროს თუ მიგქონდათ ეს კომპოზიცია?

– რასაკვირველია, და დიდი წარმატებითაც სარგებლობდა იგი ინგლისში, შოტლანდიაში, იტალიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. აი, რას წერს ქართლოს კასრაძე წიგნში "ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე": "საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის პრემიერას ოქსფორდის თეატრის 2500-მაყურებლიანი დარბაზი აღფრთოვანებით ხვდება. გამოჩნდნენ თუ არა ქართულ ჯავშნებში ჩამსხდარი ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი, ტაშმა იგრიალა. ვერცხლის ბექთარის ფერადი ანარეკლების ათინათი მაყურებლებით გადაჭედილი პარტერისკენ სხივდება და ჰეროიკულ სურათს ზღაპრულ ელფერს მატებს. "ვეფხისტყაოსნის" გმირები რაინდული მანერებით უახლოვდებიან "ქაჯეთის ციხის" კარიბჭეს...

შოთა რუსთაველის ძეგლი მოსკოვში. მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი

სცენაზე შემოდიან საუცხოო კოსტიუმებით შემოსილი ნესტანი და თინათინი – ულამაზესი ასულები... პარტერი სულგანაბული შეჰყურებს თენგიზ უთმელიძის ტარიელს. აი, მან მოითათბირა მეორე გმირთან – ავთანდილთან (თენგიზ სუხიშვილი), ფრიდონის როლი მინდობილი აქვს ფრიდონ სულაბერიძეს... და თუ ამ სამ გმირს დავუმატებთ ნესტან-დარეჯანის (ლატავრა ფოჩიანი) ნარნარ სიკეკლუცეს, თინათინის (ნინო კირვალიძე) ღვთაებრივ ჰაეროვნებას და ასმათის (მანანა აბაზაძე) მომხიბვლელობას, გასაგები გახდება, რატომ ჩაახშო მუსიკა ტაშის გრიალმა... "ქაჯეთის ციხის აღებით" ანსამბლმა ინგლისელ მაყურებელთა დარბაზი აიღო. ეს იყო სრული სენსაცია, სრული ტრიუმფი".

ასევე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა "ქაჯეთის ციხის აღებამ" ლონდონის ცნობილ საკონცერტო დარბაზ როიალ ალბერტ ჰოლში, სადაც ორი კვირის განმავლობაში მაყურებლით გადაჭედილი 7-ათასიანი დარბაზი უდიდესი ინტერესით, სულგანაბული ადევნებდა თვალს ანსამბლის მიერ გაცოცხლებულ "ვეფხისტყაოსნის" სურათებს (ამ ინტერვიუს სწორედ 1967 წელს როიალ ალბერტ ჰოლში ინგლისელი ფოტორეპორტიორების, ბობ ჯონსონისა და ჯეინ სტიუარტის გადაღებული ფოტოებიც ახლავს. – თ. კ.). არ შემრცხვება თქმა, რომ ჩვენმა ანსამბლმა ღირსეულად მოიხადა პატრიოტული ვალი და მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენი ქვეყანა გააცნო და შეაყვარა.

თამარ კაპანაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#83