კაცი, რომელმაც იხსნა შვეიცარია - კვირის პალიტრა

კაცი, რომელმაც იხსნა შვეიცარია

როჟე მასონის სადაზვერვო ომები დიდი ომის ასარიდებლად

ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამ ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც შვეიცარიაა, საფრთხის წინაშე დააყენა. 1937 წელს შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის შეფად დაინიშნა პოლკოვნიკი როჟე მასონი. ამ კაცმა შვეიცარიის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

როჟე მასონი კონსერვატორი და ფრანკოფილი გახლდათ. მიაჩნდა, რომ შვეიცარიას ძლიერი არმია და ძლიერი სპეცსამსახურები სჭირდებოდა, სხვაგვარად მას გასრესდნენ. ამის გამო ლიბერალებმა და სოციალ-დემოკრატებმა მილიტარისტად შერაცხეს. პარლამენტის დეპუტატმა, სოციალ-დემოკრატმა ბურგენერმა მასონს პირდაპირ მიახალა:

– თქვენ შვეიცარიის პოლიციურ სახელმწიფოდ გადაქცევა გსურთ!

პასუხად მასონს არაფერი უთქვამს. თავდაცვის მინისტრის სახელზე კი მოხსენებითი ბარათი შეადგინა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შვეიცარიაში, ევროპის გულში, ინფორმაცია მთელი ევროპიდან მიედინებოდა, მოქმედებდნენ რუსების, ინგლისელების, გერმანელების, ფრანგების უმთავრესი რეზიდენტურები. აქედან ხდებოდა როგორც რუსების, ასევე ნაცისტების ჯაშუშური საქმიანობის კოორდინირება მთელ ევროპაში.

მინისტრმა პოლკოვნიკს დაუჭირა მხარი, მაგრამ მთავრობა განსხვავებულ პოზიციაზე იდგა. დაზვერვისთვის მიზერული ბიუჯეტი გაიმეტეს და მასონს ხუთკაციანი შტატი დაუმტკიცეს. პოლკოვნიკი შვეიცარიის პრეზიდენტმა გამოიძახა.

– პოლკოვნიკო, გადადგომას ხომ არ აპირებთ?

– არავითარ შემთხვევაში! – მიუგო მასონმა.

– ასეთი შტატითა და ბიუჯეტით, აბა, რა უნდა გააკეთოთ?!

– მე ჯარისკაცი ვარ, შვეიცარია კი საფრთხეშია! ჩემი ვალია სამშობლო ვიხსნა! – იყო პასუხი.

უტყუარი პროგნოზები

რაკი მთავრობისგან დაფინანსებას ვერ ეღირსა, მასონი ბიზნესს დაუკავშირდა. შეიქმნა რამდენიმე კერძო ფირმა, რომელთა სათავეში პროფესიონალი მზვერავები იდგნენ. სინამდვილეში ეს ფირმები ჯაშუშურ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. მათ საქმიანობა განავრცეს გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის ტერიტორიაზე. მთავარ საფრთხეს მასონი სწორედ გერმანელებისა და იტალიელებისგან მოელოდა, ამიტომ ამ ქვეყნებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.

შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის შეფი, პოლკოვნიკი როჟე მასონი

მასონმა მჭიდრო კავშირი დაამყარა შვეიცარიის კონტრდაზვერვასა და პოლიციასთან. პოლკოვნიკმა მათ განუცხადა:

– ნებისმიერ ქვეყანაში დაზვერვა და კონტრდაზვერვა დაპირისპირებული უწყებებია, მაგრამ დღეს ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს. გთავაზობთ თანამშრომლობას. ჩვენ საზღვარგარეთ მოპოვებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ, თქვენ ქვეყნის შიგნით დაგვეხმარეთ!

კონტრმზვერავებმა წინადადება მიიღეს. მალე მასონის ორგანიზაციამ ხელისუფლებას პირველი ცნობები გადასცა.

იყო 1937 წელი. დღის წესრიგში ავსტრიის ანშლუსის საკითხი იდგა. იტალიის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი შეერთებას გადაჭრით აღუდგა წინ. ჰაერში ომის სუნი დატრიალდა.

– მასონმა მთავრობას ამომწურავი ანალიტიკური მოხსენება მიაწოდა, – წერს საბჭოთა მზვერავი ლეონიდ კოლოსოვი.

მასონმა ყურადღება ორ ფაქტორზე გაამახვილა. პირველი და უმთავრესი თავად ავსტრიაში შექმნილი მდგომარეობა იყო.

– ავსტრიელთა 60% გერმანიასთან შეერთების მომხრეა, 20% წინააღმდეგია, დანარჩენს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია! – ამბობდა როჟე მასონი. ის ხაზს უსვამდა, რომ ევროპა ომისთვის არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად მზად არ იყო. შესაბამისად, ჰიტლერის ულტიმატუმის წინაშე უკან დაიხევდა.

– ავსტრია გერმანიასთან გაერთიანდება! – დაასკვნა პოლკოვნიკმა.

ასეც მოხდა.

გამართლდა მასონის პროგნოზი ჩეხოსლოვაკიასთან დაკავშირებითაც. ანალიტიკურ მოხსენებაში მასონი წერდა:

– ჩეხებს აქვთ ყველაფერი, იარაღი, შესანიშნავი სამხედრო მრეწველობა; ჰყავთ კარგად გაწვრთნილი არმია, მაგრამ არ გააჩნიათ მთავარი – მებრძოლი სული. ევროპა მათ გამო არ იომებს. ჩეხოსლოვაკიაც ჰიტლერს თოფის გასროლის გარეშე ჩაბარდება!

მართლაც, ევროპა ჰიტლერთან მიუნხენის შეთანხმებაზე წავიდა. ჩეხებმაც მტერს შეიარაღებული წინააღმდეგობა არ გაუწიეს. 1938 წელს გერმანიამ მათ სუდეტის ოლქი წაართვა, 1939 წელს კი ჰიტლერული არმია პრაღაში შევიდა.

გამარჯვების ტოლფასი გარიგება

ავსტრიის ანშლუსისა და სუდეტის ოლქის ანექსიის შემდეგ, შვეიცარიის ხელისუფლება შიშმა შეიპყრო. რა მოხდება, თუ ჰიტლერს მოულოდნელად შვეიცარიაში შემოჭრა მოეპრიანება? ინგლის-საფრანგეთის იმედი არ შეიძლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამაც 1939 წელს არმიის გაძლიერება და სპეცსამსახურებისთვის დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა.

– მასონის უწყებას უკვე რეალური ბიუჯეტი გამოუყვეს, – წერს სანშ დე გრამონი, "შპიონაჟის ისტორიის" ავტორი.

დაფინანსების გაძლიერებამ მასონს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა გერმანული არმიის გენერალიტეტის იმ წრეებთან, რომლებიც ჰიტლერისადმი ოპოზიციურად იყვნენ განწყობილი. მასონთან კავშირზე ხალისით წავიდა აბვერის შეფი ადმირალი კანარისიც.

– კანარისთან კონტაქტმა მასონს საშუალება მისცა, აგენტურული ქსელი შეექმნა გერმანიის გენერალიტეტში და უშუალოდ ჰიტლერის გარემოცვაში, – წერს სანშ დე გრამონი.

შანდორ რადო

კანარისის წყალობით, მასონმა შეადგინა მესამე რაიხის საგარეო დაზვერვის საიდუმლო სამსახურის უფროსის, ვალტერ შელენბერგის პოლიტიკური პორტრეტი. ამის შემდეგ დამყარდა კავშირი მასსა და შელენბერგს შორის. მასონი ხვდებოდა, რომ შვეიცარიას ჰიტლერული აგენტურის დაბლოკვა არ შეეძლო. მთავარი იყო ურთიერთშეხების წერტილების გამოძებნა, იმის მიღწევა, რომ შვეიცარიას ასცდენოდა ჰიტლერული ინტერვენცია და იქ ტერორი არ გაჩაღებულიყო.

– მასონმა ეს შეძლო, – წერს სანშ დე გრამონი.

შვეიცარიის დაზვერვის შეფი და შელენბერგი შეთანხმდნენ: ერთმანეთის წინააღმდეგ არ ემუშავათ; მასონი ხელს არ შეუშლიდა შვეიცარიის ტერიტორიაზე გერმანელი აგენტების მუშაობას; შელენბერგი შვეიცარიის ტერიტორიაზე არ მოაწყობდა ტერაქტებს, დივერსიებს, საბოტაჟს. მასონი ვალდებული იყო, არ დაეშვა შვეიცარიის ტერიტორიის გამოყენება რომელიმე მესამე ქვეყნის მიერ, გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობისთვის; შელენბერგი ვალდებული იყო, დროულად გაეფრთხილებინა მასონი, თუკი რომელიმე გერმანული სადაზვერვო სამსახური შვეიცარიაში ტერაქტს, დივერსიას ან საბოტაჟს განიზრახავდა.

– ეს შეთანხმება მასონის უდიდესი გამარჯვება იყო, – აღნიშნავს ამერიკელი ჟურნალისტი და ისტორიკოსი უილიამ შირერი.

კარგი ჯაშუში –

გადმობირებული ჯაშუშია

მასონი ხვდებოდა, რომ შელენბერგის ნდობა არ შეიძლებოდა. შვეიცარიის დაზვერვის შეფი გერმანელს მის ქვეყანაში სადაზვერვო საქმიანობის საშუალებას აძლევდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მთელი ეს მუშაობა გაეკონტროლებინა.

– შელენბერგისთვის მასონს, რასაკვირველია, ეს არ უთქვამს. პოლკოვნიკი ამ მიმართულებით აქტიურად მოქმედებდა, – წერს ლეონიდ კოლოსოვი.

მასონმა შელენბერგის შვეიცარიელი აგენტების მოსყიდვა დაიწყო. ამას ის ფრთხილად და უდიდესი ოსტატობით აკეთებდა. აგენტს დიდხანს, გულდასმით აკვირდებოდნენ. მასონს უნდა გაეგო, რა პიროვნება იყო აგენტი, გაერკვია მისი ინტელექტუალური დონე და ისიც, თუ რამ აიძულა გერმანელთა სამსახურში ჩადგომა.

არსებობს ჯაშუშის სხვადასხვა ტიპი: 1) ვისაც შანტაჟით აიძულეს ჯაშუშად გახდომა; 2) ფათერაკების მაძიებელი; 3) ჯაშუში იდეურ მოსაზრებათა გამო.

– მასონმა ყველა ამ კატეგორიას გასაღები მოუძებნა. ფული უმრავლესობას ხიბლავდა. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ნაღდად უსწორებდა ანგარიშს, – წერს კოლოსოვი.

შვეიცარიის დაზვერვისთვის მუშაობას ვინც დათანხმდა, მასონის დახმარებით ხსნიდნენ ფირმებს. ვისაც პოლიტიკური კარიერა სურდა, ხდებოდა პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური ლიდერი. მასონი ყველა მათგანზე ფლობდა კომპრომატს, მათი ერთი ხელის დაკვრით განადგურება შეეძლო. შელენბერგის აგენტების უმრავლესობაც მასთან ლოიალურ დამოკიდებულებას ამჯობინებდა და მასონის შეთავაზებულ თამაშის წესებსაც იღებდა.

მასონი უდიდეს ყურადღებას უთმობდა ე.წ. იდეურ ჯაშუშებთან მუშაობას. პოლკოვნიკმა უმალ შენიშნა კანონზომიერება: ყველა მარტოსული იყო. ზოგს სიყვარულში არ გაუმართლა, ზოგსაც მეგობარმა უღალატა. მასონი გულმოდგინედ ზრუნავდა, რომ მათ მეგობრებიც ჰყოლოდათ და ლამაზი საყვარლებიც. რასაკვირველია, ყველა ეს საყვარლებიცა და მეგობრებიც მისი, მასონის, აგენტები იყვნენ.

– იდეალური იქნება, თუკი ეს ფანატიკოსები ჩემს აგენტ ქალზე დაქორწინდებიან, – ამბობდა მასონი.

შელენბერგის აგენტურის უდიდესი ნაწილი მასონის კონტროლქვეშ მოექცა. მასონი ფლობდა რამდენიმე არხს გერმანიაზე გასასვლელად: 1) კანარისი, 2) შელენბერგი, 3) აგენტურა გერმანულ გენერალიტეტში.

ასეთივე სამუშაო წარმართა მასონმა შვეიცარიის ტერიტორიაზე მოქმედ იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ აგენტურებში. შედეგად, მასონს გაუჩნდა არაოფიციალური არხები საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის გავლენიან წრეებზე გასასვლელად.

– მტრის აგენტის დაპატიმრება ან მოკვლა უკიდურესი ღონისძიებაა! ჩვენ უნდა შევძლოთ და აგენტი ჩვენთვის ვამუშაოთ! – ამბობდა მასონი.

რუდოლფ რიოსლერი

საჭირო დროს მასონს არც მსტოვრის დაპატიმრებაზე ან ლიკვიდაციაზე აკანკალებია ხელი. ეს მაშინ ხდებოდა, როცა ჯაშუში კონტროლიდან გამოდიოდა.

სუპერაგენტი რიოსლერი

1938 წელს შვეიცარიის კონტრდაზვერვიდან მასონს აცნობეს, რომ მათი ყურადღების ცენტრში ვინმე რუდოლფ რიოსლერი მოექცა, სავარაუდოდ, აბვერის (გერმანიის სამხედრო დაზვერვა და კონტრდაზვერვა) რეზიდენტი.

მასონმა დაწვრილებითი ცნობები შეაგროვა. რუდოლფ რიოსლერი დაიბადა 1897 წელს, ბავარიაში, მოხელის ოჯახში. პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარში მოხალისედ წავიდა. ომის შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა პაციფისტურ მოძრაობაში, წერდა პიესებს, მოთხრობებს. ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ რიოსლერის პიესები აკრძალეს. დრამატურგიც შვეიცარიაში გადასახლდა.

– ნიჭიერი დრამატურგია? – მასონმა შეკითხვა ერთ-ერთ შვეიცარიელ ლიტერატურათმცოდნეს დაუსვა.

– საშუალოზე დაბალი დონის, – იყო პასუხი.

თვალთვალით დადგინდა, რომ რიოსლერი ხელთათმანებივით იცვლიდა ერთიმეორეზე ლამაზ საყვარლებს, უყვარდა მეგობრები, მიღებული იყო შვეიცარიის მაღალ წრეებში. მასონმა იცოდა, რომ ასეთ ადამიანებს ფული ჰაერივით სჭირდებათ. რუდოლფ რიოსლერს არავითარი იდეოლოგია ან პატრიოტული გრძნობები არ ამოძრავებდა. მას მხოლოდ ფული სჭირდებოდა.

მასონი რიოსლერს პირადად გაესაუბრა. გერმანელი თანამშრომლობას ხალისით დათანხმდა. მასონმა ის ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა.

– იცოდე, ტყუილს ვერ ვიტან. თუ კატათაგვობანას თამაში დამიწყე, ეს შენთვის ცუდად დამთავრდება.

– შენობით რატომ მომმართავთ, – იწყინა რიოსლერმა.

– როსკიპებს შენობით მიმართავენ.

აღშფოთებული რიოსლერი წამოხტა. მასონმა მაჯაში ხელი ჩაავლო და უბოდიშოდ მიაგდო სკამზე.

– დაეგდე და ფხუკიანობანას ნუ მეთამაშები! ჩემთან ასეთი ნომრები არ გადის!

აწითლებულმა რიოსლერმა თავი ჩაქინდრა. მასონი წამოდგა:

– მინდა, ჩვენ შორის ყველაფერი გასაგები იყოს. მაშ ასე. შენ როსკიპი ხარ. მე როსკიპებიც მჭირდება. მათ კარგად ვუხდი, მაგრამ თუ რაღაც-რაღაცები დამიწყეს, ნაგვის ყუთში მოვისვრი! გასაგებია?

– რატომ ასე ცინიკურად? – რიოსლერს ხმა აუკანკალდა.

– ცინიზმი გულახდილობის უმაღლესი ფორმაა, – მასონმა გაიცინა.

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

– შენზე ყველაფერი ვიცი. ისიც, რეზიდენტის ფული როგორ შემოგეხარჯა და დახმარებისთვის ინგლისელებს მიმართე. მათ საიდუმლო ცნობები მიჰყიდე და ინგლისელებმა კანარისის ერთ-ერთი მსხვილი ჯაშუში დააპატიმრეს! ეს ყველაფერი დაფიქსირებული გვაქვს. საკმარისია ღილაკს თითი დავაჭირო, რომ ყველაფერი აბვერის შეფის მაგიდაზე დაიდება.

მასონი გაჩუმდა. რიოსლერმა აკანკალებული ხმით წყალი მოითხოვა. მასონმა გაიცინა.

– მოითმინე, ძვირფასო. წყურვილით არავინ მომკვდარა. აქ ხომ უდაბნო არ არის.

ამ სიტყვებზე დაზვერვის შეფმა წყალი დაისხა, მოსვა. რიოსლერისთვის ჭიქა არ მიუწოდებია.

– მგონი ყველაფერზე შევთანხმდით, – მასონს ღიმილი გაუქრა, – აბა, გასწი.

* * *

მასონის დავალებით რიოსლერი შელენბერგის რეზიდენტს დაუკავშირდა. შემდეგ კონტაქტებზე გავიდა ინგლისელებთან, ამერიკელებთან, ფრანგებთან.

– რიოსლერმა უდიდესი როლი ითამაშა მასონის თამაშებში გრუ-სთან (რუსეთის არმიის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო), – წერს კოლოსოვი.

ნელ-ნელა რიოსლერის გარშემო თავი მოიყარა მცირერიცხოვანმა, მაგრამ მობილურმა ჯგუფმა. რიოსლერი მუშაობდა შელენბერგისთვის, აბვერისთვის, ამერიკელებისთვის, ფრანგებისთვის, ინგლისელებისთვის, თუმცა მისი უპირველესი პატრონი მასონი იყო. შვეიცარიის დაზვერვის უფროსს რიოსლერი მაგრად ეჭირა ხელში და მის საქმიანობას მთლიანად აკონტროლებდა. მასონი აშკარად აგრძნობინებდა, რომ რიოსლერს ადამიანადაც არ თვლიდა. პოლკოვნიკს არასოდეს ჩამოურთმევია მისთვის ხელი, შენობით მიმართავდა და მუდამ აგრძნობინებდა, რომ მცირეოდენი ტყუილი და რიოსლერს გააცამტვერებდა.

– პოლკოვნიკო, ასე უცერემონიოდ რატომ მექცევით?! – შეეკითხა რიოსლერი ერთხელაც, – განა ცუდად ვმუშაობ?

– იცი, ცნება ჩემი აგენტი რას ნიშნავს? – კითხვითვე უპასუხა მასონმა.

– არა.

– აგენტი არის ნაძირალა, რომელიც ჩემზე მუშაობს.

– ნაძირალა ვარ?

– შენ საერთოდ ადამიანი არ ხარ. უფრო ხვლიკს მაგონებ.

– გამოდის, ჩემი სახით მოლაპარაკე ქვეწარმავალთან გაქვთ ურთიერთობა?

– ასეთი პროფესია მაქვს. – მასონმა გვერდზე გაიხედა.

თამაში გრუ-სთან

"აკვარიუმის" საქმიანობა, ასე უწოდებენ ჯაშუშურ ჟარგონზე გრუ-ს, მასონს აშფოთებდა. შვეიცარიის ტერიტორიაზე გრუ-მ ფართოდ განშტოებული ქსელი შექმნა. რა მოეპრიანებათ რუსებს? – მასონს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო. პოლკოვნიკი, კოლეგა კონტრმზვერავებთან ერთად, გრუ-ს აგენტურული ქსელის დამუშავებას შეუდგა.

– გამოიყენეს იგივე მეთოდები, რაც შელენბერგის ან აბვერის რეზიდენტურებთან, – წერს სანშ დე გრამონი.

შედეგმა არ დაახანა. გრუ-ს ჯაშუშების ნაწილი მასონმა მოისყიდა, ნაწილს თავი დაანება, რადგანაც აღარ აინტერესებდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მასონის ბრძანებით გაანადგურეს.

– ამით მასონმა რუსებს აგრძნობინა, თამაში ჩემს მოედანზე მიმდინარეობს, შესაბამისად, უპირატესობაც ჩემს მხარეზეაო, – წერს პიერ აკოსი.

კონტრმზვერავებთან ერთობლივი ოპერაციით მასონმა რუსეთის რამდენიმე მსტოვარი გამოავლინა. ყველა მათგანი მსხვილ ფიგურას წარმოადგენდა, თუმცა ღიად რჩებოდა მთავარი კითხვა: ვინ იყო გრუ-ს რეზიდენტი შვეიცარიაში?

– თვალთვალს დავაწესებთ და ნელ-ნელა რეზიდენტზეც გავალთ, – შესთავაზეს მასონს.

– არა, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა, – პროფესიონალი თვალთვალს უმალ შენიშნავს, ყველაფერი ჩაიშლება.

მასონის დავალებით, რიოსლერმა გრუ-ს რამდენიმე სერიოზულ ჯაშუშთან კავშირი დაამყარა და მტრის მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც მოიპოვა. ნელ-ნელა თანამშრომლობა გაღრმავდა. რიოსლერის მეშვეობით მოხერხდა დადგენა, რომ გრუ-ს რეზიდენტის აგენტურული მეტსახელი "დორა" იყო.

– ვინ არის ეს "დორა", ქალია თუ კაცი?

მოულოდნელად რიოსლერმა რუსებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეწყვიტა. ის "დორასთან" უშუალო კონტაქტზე გასვლას კატეგორიულად მოითხოვდა. რუსები ყოყმანობდნენ – რიოსლერს ხელი უნიკალურ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა და მასთან კავშირის გაწყვეტაც უდიდეს პრობლემებს შექმნიდა. ბოლოს და ბოლოს, იდუმალი "დორა" რიოსლერს შეხვდა.

– შვეიცარიის კონტრდაზვერვამ ეს დააფიქსირა, – წერს პიერ აკოსი.

"დორა" მამაკაცი იყო. გარეგნობით რესპექტაბელურ ებრაელ ბიზნესმენს ჰგავდა. დადგინდა, რომ მისი ნამდვილი გვარ-სახელია სანდორ (შანდორ) რადო. დაიბადა ბუდაპეშტში, შეძლებულ ებრაულ ოჯახში. აქტიურად მონაწილეობდა 1919 წელს უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნაში. იყო პოლიტკომისრად არმიაში. უნგრეთში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ რუსეთში გაიქცა. ერთხანს გერმანიაში გამოჩნდა, როგორც კომინტერნის აგენტი, შემდეგ კვლავ გაუჩინარდა. მოულოდნელად გამოჩნდა საფრანგეთში, სადაც სააგენტო "ინპრესი" გახსნა, მერე შვეიცარიაში გადაბარგდა.

– ესეც შენი "დორა"!

კმაყოფილი მასონი ხელებს იფშვნეტდა.

* * *

გრუ-ს რეზიდენტს მასონი პირადად შეხვდა. რადოს გაჯიუტება არც უცდია. მასონის შეკითხვაზე, მუსიე დორას მივესალმებიო, მიუგო:

– მე კი შვეიცარიის დაზვერვის შეფს მივესალმები!

– არ გეშინიათ, რომ დაგაპატიმრებთ?

– ჩემი დაპატიმრება რომ გდომოდათ, აქ არ მოხვიდოდით.

– იქნებ ისიც მითხრათ, რატომ მოვედი?

– იმიტომ, რომ ჩემთან მოლაპარაკება გსურთ.

– თქვენც ეს გსურთ, ხომ მართალია? – მასონმა გამომცდელად შეათვალიერა, – ამიტომ აუცილებლად მოვრიგდებით.

"დორას" დაშინება პოლკოვნიკს არ უცდია. პირდაპირ შესთავაზა გარიგება: გრუ მაქსიმალურად შეიკავებს თავს შვეიცარიის ტერიტორიაზე დივერსიების მოწყობისგან, მკვლელობებისგან, მაგრამ თუ ეს მაინცდამაინც აუცილებელი გახდა, ამის შესახებ მასონს საქმის კურსში ჩააყენებს; მასონი ხელს შეუწყობს რადოს ინფორმაციის შეგროვებაში, მაგრამ სანაცვლოდ რადომ ეს ცნობები შვეიცარიელებს უნდა გაუზიაროს.

– თქვენ თუ გაგვიზიარებთ თქვენს ცნობებს? – შეეკითხა რადო.

– აუცილებლად, – მიუგო მასონმა.

ასე დაიდო შეთანხმება შვეიცარიის დაზვერვის შეფსა და "დორას" შორის.

როგორ დაარწმუნეს ჰიტლერი

1940 წლის ივნისში ვერმახტი პარიზში შევიდა. შვეიცარიის ხელისუფლება შიშმა შეიპყრო. მალე მასონმა ხელისუფლებას მოახსენა, რომ გერმანიაში შეიმუშავეს საიდუმლო გეგმა, რომელიც შვეიცარიის ოკუპაციას ითვალისწინებს.

ჰიტლერული ინტერვენციის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ენერგიულ ზომებს მიმართა. ამაში თავისი წვლილი შეიტანა დაზვერვამაც.

– შვეიცარიაში მოქმედმა გერმანულმა რეზიდენტურამ ბერლინს აცნობა შვეიცარიის არმიის განმტკიცების ღონისძიებების შესახებ, – წერს დე გრამონი.

ინფორმაცია გაზვიადებული იყო. მაგალითად, გერმანელმა მზვერავებმა ბერლინს აცნობეს, რომ შვეიცარიის არმია 450 ათასს კაცს ითვლიდა, თუმცა სინამდვილეში 300 ათასს არ აღემატებოდა. სარეზერვო არმია 150 ათას კაცს შეადგენდა, გერმანიაში კი 200 ათასი შეატყობინეს. მასონმა გამოიყენა პირადი კავშირები როგორც შელენბერგსა და კანარისთან, ასევე სხვა გავლენიან თანამდებობის პირებთან და სთხოვა დაერწმუნებინათ ჰიტლერი, რომ შვეიცარიაში ინტერვენცია ზარალის მეტს არას მოიტანდა. არც ჰიმლერს, არც კანარისს, არც სხვა გავლენიან პირებს შვეიცარიის ოკუპაცია არაფერში წაადგებოდათ, რადგან იქაურ ბანკებში სოლიდური თანხა ჰქონდათ შენახული. მასონის მოქმედებამ და დიპლომატების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ჰიტლერმა შვეიცარიის ოკუპაციაზე უარი განაცხადა.

"შემოდგომის ბუზი"

1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. მასონმა ხელისუფლებას მორიგი ანალიტიკური მოხსენება წარუდგინა. პოლკოვნიკი ამტკიცებდა, რომ ჰიტლერის გეგმა რუსეთში ელვისებური ომის შესახებ სისულელეა და გერმანიის დამარცხება გარდაუვალია.

– ომი მინიმუმ 4-5 წელიწადს გაგრძელდება და გერმანიის სრული დამარცხებით დასრულდება, – დაასკვნა მასონმა.

პოლკოვნიკის პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა. მოსკოვთან მარცხის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთში ბლიცკრიგი ჩაიშალა. თუმცა შვეიცარიაში კვლავაც აქტიურად მოქმედებდნენ რუსების, ასევე გერმანელების, ინგლისელებისა და ამერიკელების რეზიდენტურები. საფრთხე, შვეიცარია სპეცსამსახურების ომის პოლიგონად გადაქცეულიყო, უდიდესი იყო. აუცილებელი იყო ამ რეზიდენტურათა კონტროლი, იმის მიღწევა, რომ სროლა არ დაეწყოთ. მასონმა ეს შეძლო.

რუსეთ-გერმანიის ომმა ხანგრძლივი, სისხლიანი სახე მიიღო. ჰიტლერს შვეიცარიისთვის არ ეცალა. გაიზარდა ამ ქვეყნის როლი გერმანიის პოლიტიკაში. ამავე დროს, შვეიცარია გადაიქცა ცენტრად, საიდანაც გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშური საქმიანობის კოორდინირება ხდებოდა. ამ მხრივ მასონის მსტოვრებიც გამოირჩეოდნენ. რიოსლერმა, რომელსაც რუსებმა ფსევდონიმი "ლიუცი" შეურჩიეს, გადასცა მოსკოვში ინფორმაცია სტალინგრადისა და კურსკის ბრძოლებში გერმანელთა ძალების შესახებ. მოსკოვი ამომწურავად იყო ინფორმირებული, რა ძალები ჰყავდა გერმანიას. ამას ბრძოლების ბედისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმავდროულად, მასონის აგენტები დაუკავშირდნენ ალენ დალესს, რომელიც ბერნში ამერიკის დაზვერვის რეზიდენტურას ჩაუდგა სათავეში. თუმცა მასონი ხვდებოდა, რომ ასეთი აქტიურობა გერმანიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მართლაც, მალე გერმანიამ შვეიცარიის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და ჯაშუშების ალაგმვა მოსთხოვა.

შვეიცარიის მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები ეცნობიან განცხადებას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კონფედერაციის შეიარაღებულ ძალებში (1939 წლის 29 აგვისტო)

– 1942-1943 წლებში გესტაპომ გაანადგურა გრუ-ს აგენტურული ქსელი ევროპაში. ამ დროს ამოტივტივდა შვეიცარიაში მოქმედი რამდენიმე რუსი ჯაშუშის, მათ შორის სანდორ რადოს სახელიც, – წერს საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.

ჰიტლერმა რუსული ქსელის განადგურება კატეგორიულად მოითხოვა.

– თუკი შვეიცარიელები ამას თავად არ გააკეთებენ, ჩვენ მივხედავთ, როცა შვეიცარიაში შევალთ, – განაცხადა ფიურერმა.

შვეიცარიის ხელისუფლება ფეხს ითრევდა. იდგა 1944 წელი. უკვე ცხადი იყო, რომ გერმანიამ ომი წააგო. ამავე დროს, არც ჰიტლერის გახელება შეიძლებოდა.

– შემოდგომის ბუზი განწირულია, მაგრამ ის ძალიან მწარედ იკბინება. ეს შვეიცარიელებმა კარგად იცოდნენ, – წერს პიერ აკოსი.

ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიელებმა რუსების წინააღმდეგ ზომებს მიმართეს. მასონმა სიტყვა შეასრულა და რადოს გაქცევაში დაეხმარა. სწორედ მისი დახმარებით, "დორა" საზღვარზე შეუმჩნევლად გადავიდა და საფრანგეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

* * *

მასონის თამაშები 1945 წელს დასრულდა, როცა მესამე რაიხი მიწის პირისგან აღიგავა. შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის შეფმა გადამჭრელი ზომები მიიღო შვეიცარიის იმ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც ომის დროს ჰიტლერელებს მიეყიდნენ. მასონმა მათი ქმედებების გაკონტროლება შეძლო, ომის შემდეგ კი ყველა მათგანი პასუხისგებაში მისცა.

ცუდად წარიმართა რუსი მსტოვრების ბედიც. ცივი ომის დაწყებასთან ერთად, შვეიცარიის კონტრდაზვერვამ ყველა მათგანი დააპატიმრა. გრუ-ს აგენტები გაასამართლეს და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. უარესი გამოდგა იმათი ბედი, ვინც გაქცევა შეძლო და თავი საბჭოთა კავშირს შეაფარა. სტალინის ბრძანებით, ყველა მათგანი დააპატიმრეს. მათი ცხოვრება ლუბიანკის სარდაფებში ან გულაგში დასრულდა.

სანდორ რადომ ომის შემდეგ ეგვიპტეში სცადა გაქცევა. ინგლისელებმა დააპატიმრეს და რუსებს გადასცეს. "დორა" მოსკოვში ჩამოიყვანეს. მან პატიმრობაში 1954 წლამდე დაყო. 1956 წელს რადო მშობლიურ ბუდაპეშტში დაბრუნდა, სადაც სამეცნიერო მოღვაწეობას შეუდგა, იყო კარტოგრაფი და გეოგრაფი. გარდაიცვალა 1981 წელს.

როჟე მასონზე გადაღებულია მრავალი ფილმი. ისტორიამ კი მასონის ღვაწლი მოკლედ და ამომწურავად შეაფასა:

– კაცი, რომელმაც იხსნა შვეიცარია.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი",#83