უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­ში - კვირის პალიტრა

უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­ში

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი 1-დან 20 ივლისის ჩათვლით წარმოადგენს იმ ძვირფას ხელოვნების ნიმუშებს, რომლებითაც ერთი წლის განმავლობაში მუზეუმის კოლექციები შეივსო.

მუზეუმის დირექტორის, გიორგი კალანდიას თქმით, ახალი ნივთები სიძველეთსაცავმა კერძო პირთა შემოწირულობებით, სპონსორთა დახმარებითა და სამინისტროს თანადგომით მიიღო.

წარმოდგენილ ნიმუშთა შორის განსაკუთრებული გამოირჩევა XV-XVI საუკუნეების ლათინური ხელნაწერი ნოტები, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. ორგანისთვის შექმნილ საგალობელთა ნოტები პერგამენტზეა შესრულებული, გაფორმებულია საზედაო ასოებითა და ნევმებით. ხელნაწერი მსოფლიოში მუსიკისა და სანოტო ხელოვნების განვითარების ისტორიას ასახავს.

არანაკლებ საყურადღებოა 1845 წელს ტყავისგან დამზადებული ინდონეზიური ე.წ. ვაიანგის ანუ შუქჩრდილების სათამაშო.

ვაიანგი მარიონეტების თეატრის მსოფლიოში ყველაზე ძველი და პოპულარული ფორმაა. შუქჩრდილების წარმოდგენით XIX საუკუნის საქართველოშიც ყოფილან გატაცებული.

მსგავსი ექსპონატი მუზეუმის დამაარსებელ დავით არსენიშვილის კოლექციაშიც ინახებოდა, თუმცა საბჭოთა პერიოდში იგი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. იდენტური ექსპონატი სამინისტროს თანადგომითა და გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, მაკა ბაუერის დახმარებით მუზეუმმა წლეულს საფრანგეთში შეიძინა.

მუზეუმი პირველად გამოფენს ბაგრატიონებისა და ორბელიანების საგვარეულო ძვირფას მემორიალურ ალბომებს. ხელოვნების ეს ნიმუშები გაფორმებულია ვერცხლისა და ოქროს ორნამენტებით და დამშვენებულია ქართული სამეფო ატრიბუტიკით.

პრეზენტაციაზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს თეატრ "ნაბადის" ისტორიის ამსახველი უნიკალური წიგნი, რომელიც ნაბდისა და ძვირფასი ქსოვილებისგან არის დამზადებული. იგი მუზეუმს წიგნის ავტორმა უსასყიდლოდ გადასცა.

აღსანიშნავია ცნობილი ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ზარდახშა, რომელიც XVIII საუკუნის ხელოვნების ძვირფას ნიმუშს წარმოადგენს. იგი ვენეციური მინისგან საფრანგეთშია დამზადებული.

გამოფენილია XVIII საუკუნის II ნახევრის იტალიური მხატვრობის სტილში შესრულებული ტილო, სახელწოდებით "მძინარე ბავშვები და მლოცველი". ნახატი ჩასმულია ოქროთი დაფერილ ძვირფას ჩარჩოში. გადმოცემის მიხედვით, ნამუშევარი გრაფ კონსტანტინე ოლდენბურგისა და აგრაფინა ჯაფარიძის კოლექციაში ინახებოდა. მოგვიანებით მათ სასახლეში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი განთავსდა.

ნინო ჯაფარიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#7