უცნობი ფაქტები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

უცნობი ფაქტები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრებიდან

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის – ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც ყველაფერი სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა.

ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად, აღმოჩნდა მის ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებული რამდენიმე დღემდე სრულიად უცნობი საარქივო მასალა და ფოტოდოკუმენტი, რომლებიც მნიშვნელოვნად შეავსებს მკვლევართა და საზოგადოების ფართო წრეების ცოდნას ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების საწყისი პერიოდის შესახებ; აგრეთვე, პირველად გამოქვეყნდება ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის – ელისე პატარიძის ლექსი, მიძღვნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი.

დღემდე მკვლევართათვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა, რომლის გამგე დიდი ექვთიმე თაყაიშვილი იყო. სხვა ინფორმაცია, კერძოდ, როდის დაიწყო მან იქ სწავლა, როგორ სწავლობდა, ვინ იყვნენ მისი თანაკლასელები, როგორი ყოფაქცევით გამოირჩეოდა, ამის შესახებ არაფერი ვიცოდით... თუმცა, მივყვეთ თანამიმდევრობით.

2011 წლის მარტში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა ჩაიბარა იმედაშვილების (იოსებ, შალვა, გაიოზ, კობა და ლაშა) უმდიდრესი არქივი, XIX-XX საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა ავტოგრაფებით (რაფიელ ერისთავით, აკაკი წერეთლითა და ვანო მაჩაბლით დაწყებული და ესმა ონიანით დამთავრებული). აქვეა იოსებ იმედაშვილის ცნობილ ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" (გამოდიოდა 1910-1926 წწ.) არქივიც იმდროინდელ უჩინო, თუ საჩინო ავტორთა ხელნაწერებით.

სხვა საარქივო მასალებთან ერთად, იმედაშვილების არქივში აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოსწავლეობის დროინდელი უცნობი ფოტო, რომელზეც იგი გადაღებულია თანაკლასელებსა და კლასის დამრიგებელთან, შემდგომში ცნობილ ქართველ პოეტთან, "ქართველ მწერალთა კავშირის" პირველ თავმჯდომარესთან, 1921 წელს მეთერთმეტე წითელ არმიასთან ბრძოლის დროს დაღუპულ მარო მაყაშვილის მამასთან – კოტე მაყაშვილთან ერთად.

კობა იმედაშვილი (მწერალი): "არქივში აღნიშნულ ფოტოსურათთან ერთად დაცულია მოსაწვევი ბარათი, რომლითაც ყოფილ გიმნაზისტს – მიხეილ ესტატეს ძე მორჩილაძეს თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის დაარსებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას სთხოვენ.

მიხეილ მორჩილაძე ცნობილი პოლიტპატიმრის, ამირან მორჩილაძისა და მისი დის, რუქაიას მამა გახლდათ. შემდეგ მან ცოლად შეირთო იოსებ იმედაშვილის ქალიშვილი, დედაჩემი, ნინო იმედაშვილი და უკვე მისგან ორი შვილი შეეძინა – მხატვარი მანანა მორჩილაძე და პროზაიკოსი მიხო მორჩილაძე, აფხაზეთის ომის მონაწილე, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი (მეორე რიგში, მარცხნიდან მეორე) პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებთან და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებთან ერთად. მეორე რიგში, მარჯვნიდან პირველი, ზის გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე.

მახსოვს, ამ უაღრესად მოწესრიგებულმა კაცმა, მიხეილ მორჩილაძემ თავის დროზე როგორ პედანტურად იშრომა არქივში დაცული ფოტოსურათების პერსონალიის დადგენაზე. სწორედ მან დააზუსტა ზემოხსენებულ სურათზე (მინაწერიდან ირკვევა, რომ იგი გადაღებულია 1902 წლის 23 თებერვალს) წარმოდგენილი თანაკლასელების ვინაობა. თანაკლასელებისა, რადგან თავად მიხეილ მორჩილაძეც (პირველ რიგში, მარცხნიდან მეორე) არის ამ ჯგუფურ ფოტოზე ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად.

ფოტოსურათზე სულ ოცდათხუთმეტი მოსწავლეა გამოსახული ოთხ მწკრივად. შუაში მასწავლებელი კოტე მაყაშვილი ზის, მესამე რიგში, მარჯვნიდან პირველი, 13 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილია, გიმნაზისტის ფორმით, მოკლედ შეკრეჭილი თმით, სერიოზული, დაჟინებული მზერით. ჩვეულებრივი ბავშვია... ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა სუფთაა და უმწიკვლო. სურათი (თამბაქოსფერი, კარგად შენახული მკაფიო ფოტო, 22-17 სმ-ზე) ფრანგული წარმოების მუყაოზეა დაკრული, რომლის უკანა მხარეს მკაფიო ხელით არის ჩამოწერილი თანაკლასელების გვარ-სახელები. მხოლოდ სამი თანაკლასელის გვარი ვერ გაიხსენა მიხეილ მორჩილაძემ.

რა გზებს დაადგნენ ქაქუცას და მიხეილის თანაკლასელები, ბარიკადების რომელ მხარეს იდგნენ, როგორ იცხოვრეს?... არ ვიცი, ერთი კია, მათ შორის არის ერთი ბავშვიც, რომელიც შემდეგ, ბოლშევიკების დროს, თბილისის ციხის უფროსი გახდა და უკვე აქ, ციხეში, შეხვდა თავის თანაკლასელ მიხეილ მორჩილაძესა და მის შვილს, პოლიტპატიმარ ამირან მორჩილაძეს. იგი, მგონი, ცოტა დაეხმარა კიდეც მათ.

ქაქუცას აღარ ეხება, მაგრამ მის გარეშე დარჩენილი საქართველოს ცხოვრებას კი ასახავს: 1944 წლის ერთ საღამოს ამირან მორჩილაძე დიდხანს შემორჩა ჩვენთან კლარა ცეტკინის ქუჩაზე, მამამისის ბინაზე. შინ მისულს ჩეკა დაადგა თავზე, ჩხრეკის დროს რადიომიმღები და იარაღი უნახეს და დააპატიმრეს. იმავდროულად აიყვანეს ჭაბუა ამირეჯიბი და მათი მთელი ჯგუფი სამშობლოს ღალატისა და გერმანელებთან კავშირის ბრალდებით.

მიხეილმა და დედაჩემმა თბილისის ციხეში მყოფ ამირანს ამანათი მიუტანეს. ცოტა ხნის შემდეგ, ციხიდან გამოსძახეს, მორჩილაძის პატრონი მოვიდესო. მიშა შეშინდა და დედაჩემი მიაგზავნა (რაკიღა ფეხმძიმე ქალი იყო, არაფერს დაუშავებენო), მაგრამ კვლავ გაიმეორა ციხის მცველმა – მიხეილ მორჩილაძე გამოცხადდესო ციხის უფროსთან. ისიც ცოცხალმკვდარი შელასლასდა ციხის უფროსის კაბინეტში და ერთბაშად ვერც კი გაიაზრა ბოლომდე მისი ნათქვამი – მიშა, შენი კლასელი ვარ, ვერ მიცანიო?

ასეთი დრამა გათამაშდა მაშინ თბილისის ციხეში. ამ ყველაფერს შემდეგ თავისი გაგრძელებაც ჰქონდა: ამირანის საქმეს დედაჩემის მერხის ამხანაგი იძიებდა, მგონი, ჯიქია იყო ის კაცი. მისი დახმარებით იყო, რომ ამირანს ათი წლით გადასახლება აკმარეს. მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია...

ქაქუცას მინდა დავუბრუნდე. მასთან ერთად ამავე სკოლაში ორი საფეხურით მაღლა სწავლობდა ვაჟა-ფშაველას უფროსი ვაჟი ლევანი, შემდეგ მისი მეგობარი, მისი თანამებრძოლი და 1923 წლის 16 თებერვალს მასთან კავშირის გამო, ჩეკას მიერ დახვრეტილი.

როდესაც ვაჟა-ფშაველამ ლევანი თბილისში სასწავლებლად ჩამოიყვანა, იოსებ იმედაშვილს მისთვის ქირით ბინისა და სანდო ოჯახის პოვნა სთხოვა, ასე რომ, ლევანი ბავშვობიდან იცნობდა იოსებსა და მის ოჯახს, განსაკუთრებით კი უფროს შვილს, შალვას დაუახლოვდა, რომელსაც იმავე პერიოდში მასპინძლობდა კიდეც თიანეთში, საიდანაც შალვას წერილით მოკითხვა შემოუთვალა იოსებს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯერჯერობით უძველესი ავტოგრაფი

როდესაც ქაქუცასთან კავშირის გამო ლევან რაზიკაშვილი დააპატიმრეს, ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები სერგო ორჯონიკიძესთან თხოვნით მივიდნენ, ვაჟა-ფშაველას შვილი არ დახვრიტოო.

– შვილი კი არა, თვითონ ვაჟა-ფშაველა რომ იყოს ცოცხალი, იმას დავხვრეტდიო, – უპასუხა რკინის კომისარმა.

მართლა დახვრეტდა".

ქაქუცას უცნობი ფოტოსურათის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო არქივში (ყოფილ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში – სცსსა) მისი გიმნაზისტობის პერიოდის ამსახველი საარქივო მასალების ძებნას შევუდექი. მართალია, დამატებითი ფოტოდოკუმენტი ვერ ვიპოვე, სამაგიეროდ, ფონდებში არაერთი ახალი დოკუმენტი მოვიძიე, რომლებშიც საუბარია თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სწავლა-განათლების თაობაზე. გარდა ამისა, მკითხველს შევთავაზებთ მასალებს ლევან რაზიკაშვილისა და კოტე მაყაშვილის შესახებაც.

თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1897 წლის 24 ოქტომბრით დათარიღებული სხდომის ოქმიდან (#3) ირკვევა, რომ სკოლის გამგის, ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე განუხილავთ და დაუკმაყოფილებიათ თავად იოსებ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილის თხოვნა მისი ვაჟის, ქაიხოსროს სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში მიღების შესახებ.

საისტორიო არქივში დაცულია 1897 წლიდან 1909 წლამდე, ანუ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის (შემდგომ თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის) დასრულებამდე, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მისი თანაკლასელების მიერ მიღებული ნიშნების ფურცლები, საიდანაც ჩანს, რომ ქაქუცა სანიმუშო ყოფაქცევის მოსწავლე ყოფილა, თუმცა ბეჯითი სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. საგნები, რომლებსაც იგი, როგორც ჩანს, სიამოვნებით სწავლობდა და კარგ შეფასებებსაც იღებდა, ქართული ენა და ქართული წერა იყო.

სამაგიეროდ, ქაქუცასთვის უაღრესად რთული აღმოჩნდა რუსული ენის პროგრამის დაძლევა, იმდენად რთული, რომ ერთხელ, 1900/1901 სასწავლო წელს, რუსულ ენაში მიღებული შეფასების, ორიანის გამო კლასშიც კი ჩატოვეს.

რაც შეეხება კოტე მაყაშვილს, ერთ-ერთ დოკუმენტში მითითებულია, რომ "მასწავლებელი კონსტანტინე მაყაევი სკოლაში მუშაობს 1900 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რაშიც იღებს ჯამაგირს წელიწადში 1200 მანეთს. გარდა ამისა, ჩატარებულ გაკვეთილებში დამატებით იღებს 300 მანეთს".

ექვთიმე თაყაიშვილის ყოველწლიურ ანგარიშში "სკოლის მდგომარეობისა 1 იანვრიდამ 1899 წლისა 1 იანვრამდის 1900 წლისა", ერთგან, სადაც იგი ჩამოთვლის სიას "გარედან მოსიარულე მოწაფეებისა", სხვებთან ერთად მოხსენიებულია "ქაიხოსრო ჩოლაყაშვილი".

ერთ-ერთ დოკუმენტში მოცემულია სია იმ მოწაფეებისა, რომლებსაც დარჩენილი აქვთ შემოსატანი სწავლის ფული. აქაც მოხსენიებულია "ქაიხოსრო ჩოლაყაშვილი", რომელსაც, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სრულად აქვს დაფარული 1897/98 სასწავლო წლის ფული, მაგრამ დარჩენილი აქვს გადასახდელი 1898/99 წლის 7 მანეთი და 1899/1900 წლის 12 მანეთი – სულ 19 მანეთი.

1902 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო თათბირი, რომელზეც გადაწყდა სათავადაზნაურო სკოლის 21 მოსწავლისთვის შემწეობის აღმოჩენა სხვადასხვა თანხით. მათ შორის იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ლევან რაზიკაშვილი, რომლებსაც 100-100 მანეთის შემწეობა დაენიშნათ.

1904 წლის 12 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა – გ. ბაგრატიონ-დავიდოვმა ღარიბ მოსწავლეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების განმკარგულებელ კომიტეტს მიმართვა გაუგზავნა, რომლითაც შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საკრებულომ გამოყო 1000 მანეთი თბილისის თავადაზნაურთა სკოლის 14 მოსწავლის შესანახად 1904/1905 სასწავლო წლის პირველი ნახევრისთვის. მათ შორის დასახელებული არიან ლევან რაზიკაშვილი და ქაიხოსრო ჩოლოყაშვილიც.

1902 წლის 23 თებერვალს გადაღებული ქაქუცას უცნობი ფოტოს მინაწერი (მიხეილ მორჩილაძის მიერ ფოტოს უკანა მხარეს გაკეთებული, სიტყვასიტყვით): პირველ რიგში სხედან (მარცხნიდან მარჯვნივ): ცაგურია ნიკო, მორჩილაძე მიხეილ, კეზელი, წინამძღვრიშვილი გიორგი, ?, წინამძღვრიშვილი ნიკო, ბასილაძე, მამინაიშვილი კონსტანტინე. მეორე რიგში სხედან: ცხვედაძე ალექსანდრე, მაისურაძე, ამილახვარი რევაზ, ბრეგვაძე სიმონი, მაყაშვილი კოტე, მუსხელიშვილი, ვაჩნაძე, ნონიკაშვილი. მესამე რიგში დგანან: რცხილაძე ვანო, ვაჩნაძე, არსენიშვილი, ჟურული მიხეილ, ბარტყულაიშვილი, კორძაია, ბაგრატიონი-დავითაშვილი, ?, ეგოროვი, ჩოლოყაშვილი ქაქუცა. მეოთხე რიგში დგანან: ვაჩნაძე, მაღალაშვილი ივანე, ჩოლოყაშვილი ერეკლე, გომელაური-მელითაური, ამილახვარი ვახტანგ, ძიძიგური, მაისურაძე, თუხარელი ვახტანგი, გედევანიშვილი შიო, ?.

საისტორიო არქივის მასალებში დაცულია ქაქუცა ჩოლოყაშვილის ძმის (სახელი მითითებული არ არის – გ.ს.) 1904 წლის 9 ნოემბრის მიმართვა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე შიო ჩიტაძისადმი, რომელშიც იგი ქაქუცას სწავლის თანხის შეტანის გადავადებას ითხოვს.

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა – გ. ბაგრატიონ-დავიდოვმა 1908 წლის 3 ივნისს მიმართვა გაუგზავნა თბილისის ქართული სათავადაზნაურო კერძო გიმნაზიის გამგეს, რომლითაც აცნობა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულომ გამოყო 138 მანეთი სტიპენდიის სახით გიმნაზიის რამდენიმე მოსწავლისთვის, მათ შორის, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილისთვის 11 მან. 50 კაპ.

ერთ-ერთ ფურცელზე მოცემულია გიმნაზიის რამდენიმე მოსწავლის ხელწერილი შესაბამისი თანხის მიღების შესახებ. აქვეა მაშინ 19 წლის ქაქუცას მიერ საკუთარი ხელით დაწერილი: "მივიღე 11 მ. 50 კ. ქ. ჩოლოყაშვილი". აღსანიშნავია, რომ ესაა მეცნიერთა განკარგულებაში არსებული საქართველოს ეროვნული გმირის ჯერჯერობით უძველესი ავტოგრაფი.

1909 წლის 1-ელ მარტს პედსაბჭომ გიმნაზიის გამგის, ალ. მდივნის თავმჯდომარეობით განიხილა შემდეგი საკითხი: "მოხსენება გამგის, რომ მეექვსე კლასის მოწაფემ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა სცემა თავის ამხანაგს ბერიძეს, რის გამო იგი ჩემის განკარგულებით დროებით დათხოვნილ იქმნა სასწავლებლიდან". პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა: "მიღებულ იქმნას ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი მეექვსე კლასში იმ პირობით, რომ თუ კიდევ გაიმეორა ასეთი ცუდი საქციელი, დაუყოვნებლივ დათხოვნილი იქნება სასწავლებლიდან".

ქაქუცა ჩოლოყაშვილს თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის სრული კურსი არ დაუსრულებია, 1909 წელს იგი ჯარში გაიწვიეს, რის გამოც გიმნაზიის მეექვსე კლასში სწავლა შეწყვიტა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტატიაში პირველად ქვეყნდება ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ელისე პატარიძის (1896-1975 წწ.) ლექსი, მიძღვნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისადმი.

2007 წლის 12 ოქტომბერს საფრანგეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულემ, ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, წლების განმავლობაში საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ, ბატონმა ოთარ პატარიძემ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს უსახსოვრა მამის, ემიგრაციაში საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის (1953 წლიდან), ჟურნალ "ივერიის" რედაქტორის (1949 წლიდან), უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარის, ელისე პატარიძის პირადი არქივი.

ამ არქივში, სხვა საინტერესო მასალებთან ერთად, აღმოჩნდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე უნიკალური წერილობითი, თუ ფოტომასალა, კერძოდ: XX საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც გამოსახულია ქაქუცა ჩოლოყაშვილი პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებსა (მათ შორისაა გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე, გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე) და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნული ფოტოსურათი პირველად დაიბეჭდა 2009 წელს გაზეთ "კვირის პალიტრაში".

გარდა ამისა, არქივში ინახება ელისე პატარიძის მიერ ემიგრაციაში შეთხზული, ჯერჯერობით გამოუქვეყნებელი ლექსების კრებული. მასში დაცულ ერთ-ერთ ლექსს (ავტორის მინაწერიდან ვიგებთ, რომ ლექსი დაიწერა 1941 წლის 10 ივნისს) ჟურნალ "ისტორიანი" მკითხველი პირველად გაეცნობა.

გოჩა საითიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#7