ქრისტიანობა - კვირის პალიტრა

ქრისტიანობა

ქრისტეს ერთი დიდი სასწაულთაგანი იყო დაპურება ხუთი ათასი კაცისა, რომელნიც მისი ქადაგების ხმას გამოჰყოლოდნენ თავიანთი დაბებიდან და ქალაქებიდან.

იხილეთ დასაწყისი:ქრისტიანობა

უზარმაზარ ბრბოს, რომელიც ტიბერიის ტბის პირას შეჩერებულიყო, ისე შემოაღამდა ქრისტეს ქადაგებაში, რომ შინ წასვლა დაუგვიანდა. ანდრიამ მაცხოვარს უთხრა, რომ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდა ერთ ყმაწვილს. მაშინ იესომ მოატანინა პურები, თვალები ცისკენ აღაპყრო, პურიანი კალათა მაღლა ასწია და დაილოცა, შემდეგ პურები დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომელთაც დაარიგეს ხალხში. საჭმელი ყველას ეყო, მორჩათ კიდევაც, რომლის შეგროვება ბრძანა ქრისტემ და ეს ხაზგასმულად გააკეთა, რათა დაენახვებინა თავისი მოწაფეებისთვის, რომ მფლანგველობა უცხოა ღვთის სახლის მაშენებელთათვის.

ამის შემდეგ ხმა დაირხა, რომ ჭეშმარიტად მესიის სასწაულს შეესწრნენ. ხალხი აღტაცებამ მოიცვა. მზად იყვნენ, ქრისტე მეფედ გამოეცხადებინათ. ამას რომის ხელისუფლების გაღიზიანება შეეძლო. საშიშროება წამიერად იგრძნო იესომ. მისი მითითებით მოწაფეები ნავში ჩასხდნენ და ზღვის შუაგულისკენ გაცურეს, თავად მან კი ხალხი დაარწმუნა, რომ ამჟამად მათთან განშორება იყო საჭირო.

იესო ზეგანზე სალოცავად განმარტოვდა. გრძნობდა, რომ დადგა დიადი გარდატეხის მომენტი, რომელიც მას განსაცდელს უმზადებდა და აჰა, ავიდა მამის წინაშე თავისი სულის გასამაგრებლად. ანაზდეულად ქარი ამოვარდა, ზღვა აღელდა, ნავს ქარიშხალი დანთქმით ემუქრებოდა. მოციქულებს იმედი გადაეწურათ, რადგან მათ გვერდით არ იმყოფებოდა ის, ვისაც შველა შეეძლო. ამ დროს ზღვაში გაიბრწყინა რაღაცამ, მოციქულებმა ნანახი მოჩვენებად მიიღეს, რადგან ზღვაზე მავალი იესო ვერ წარმოედგინათ.

ის კი მოიწევდა მათკენ და არ იძირებოდა. იესომ ხმა ამოიღო: "გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ". იესოს ხმით გულმოცემულმა პეტრემ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა: "უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალ-წყალ" და მაცხოვრის დასტურზე წამსვე გადაეშვა წყალში, მაგრამ იწყო დაძირვა და უმწეოდ ასავსავებდა ხელებს. მაშინ მაცხოვარმა გაუწოდა ხელი, აიყვანა ნავზე და უთხრა: "რატომ დაეჭვდი მცირედ მორწმუნევ". როცა ზღვაზე ქარი ჩადგა, აღტაცებულმა მოციქულებმა თაყვანი სცეს იესოს და მიაგეს სიტყვა: "ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ".

და ოდეს დაჰბანნა ფერხნი მათნი, მოიღო სამოსელი თვისი და ინახ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქუენ? თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა (იოანე, 13. 12-14).

ებრაელთა წარმოდგენით, ავადმყოფობა ცოდვის გამო მოევლინებოდა ადამიანს, ცოდვა კი უნდა გამოესყიდათ საწესჩვეულებო რიტუალითა და მსხვერპლშეწირვით და იგი უნდა შეესრულებინათ მხოლოდ კულტის მსახურთ. ხოლო ქრისტე კიდევაც კურნავდა სნეულთ და კიდევაც მიუტევებდა, რასაც ფარისევლები თავიანთ საქმეში ჩარევად მიიჩნევდნენ.

იესოს წინააღმდეგ ფეხზე დადგა იერუსალიმის სამღვდელოება, მღვდელმთავრების – ანასა და კაიაფას მეთაურობით. ღვთისმსახურთა თათბირისას მათთან გამოცხადდა იესოს ერთი მოწაფეთაგანი, იუდა და თავისი სამსახური შესთავაზა იესოს დასატყვევებლად, რადგანაც ეშმაკი შევიდა მასში და მისი ბნელი სული ბოროტებით აივსო.

ვნების კვირის ოთხშაბათს ქრისტემ თავისი მოწაფეები პეტრე და იოანე გაგზავნა იერუსალიმში, რათა მოემზადებინათ ყველაფერი მომავალი დღესასწაულისთვის. წინასწარ მიანიშნა მათ იმ სახლზე, სადაც უნდა მომზადებულიყვნენ პასექისთვის. როცა მოაღწია ჟამმა, იესო მოწაფეებთან ერთად მივიდა ამ სახლში და უთხრა მათ, "დიდად მსურდა, თქვენთან ერთად მეგემა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. რადგან მე გეუბნებით, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღვთის სასუფეველში".

მოატანინა ვარცლი და ყველა მოწაფეს თავად დაბანა ფეხები. მხოლოდ პეტრემ გაბედა ეკითხა ამ უცნაური ქმედების მიზეზი, რაზეც ქრისტემ უპასუხა: "თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, სწორადაც ამბობთ, რადგანაც ვარ, ამიტომ თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ". ამ სიტყვებში გაცხადებულია უსაზღვრო თავმდაბლობისა და სიყვარულის მაგალითი, რომელიც ქვაკუთხედად უნდა დასდებოდა ქრისტიანულ რელიგიას.

საიდუმლო სერობისას იესომ რამდენჯერმე მიანიშნა მოწაფეებს, რომ მათ შორის ერთი გამცემი უნდა ყოფილიყო. "უფალო, ვინაა იგი?" – იკითხა იოანემ. – ეს ისაა, – მიუგო იესომ, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ. მან მართლაც აიღო პურის ქერქი, ამოუწო საერთო სინზე, მიაწოდა იუდას და უთხრა: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე". იუდა ელდისგან გახევდა და მსწრაფლ გაეცალა სერობის მონაწილეთ. იესომ აიღო პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: "აიღეთ, ჭამეთ – ეს ჩემი სხეულია". აიღო სასმისი, მადლი შესწირა, მისცა მათ და უთხრა: "ყველამ შესვით აქედან, ვინაიდან ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა".

ამით ჩაეყარა საფუძველი ზიარების საიდუმლოს, რაც მოასწავებდა პურისა და ღვინის მეშვეობით ადამიანის შეერთებას მაცხოვართან. იუდას წასვლის შემდგომ მაცხოვარმა საბოლოო დარიგება მისცა თავის მოწაფეებს. "გიყვარდეთ ერთმანეთი", ღაღადებდნენ მისი ბაგენი. ეს მცნება, რომელიც მოსეს კანონებშიც იყო მოცემული, ახალ შინაარსობრივ დატვირთვას იღებდა. ამ დარიგებამ დააეჭვა პეტრე და შეეკითხა მაცხოვარს: "უფალო, სად მიხვალ". "სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, არამედ შემდეგ გამომყვები". – სულს დავდებ შენთვისო, – უთხრა პეტრემ. "მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე" – წყნარად მიუგო იესომ. ეს იყო მწარე სიმართლე. ეს იყო შეცნობა ადამიანისა, რომელმაც მართლაც დაადასტურა თავისი სისუსტე, როდესაც დატყვევებულმა მოსალოდნელი დასჯის შიშით იმავე ღამეს ქრისტეს ნაცნობობაზე სამგზის განაცხადა უარი.

მაცხოვრის დარიგებაში ისმოდა მკაცრი გაფრთხილება ახალი მოღვაწეობის შესახებ. რომ ბედნიერი მოგონება იცვლებოდა მკაცრი მომავლით, რომლის დროსაც არათუ აბგა და ჯოხი იყო საჭირო, არამედ ხმალიც, რათა გადარჩენილიყო მომავლის იმედი. გამოთხოვებისას ქრისტემ განაცხადა, რომ მოაღწია განკითხვისა და დამცირების ჟამმა, რომ ამაღლებამდე დარჩენილი დრო მისი წამებისა და შურისძიების უმძიმესი წუთებით იქნებოდა სავსე.

გეთსიმანიის ბაღში შემოუძღვა ბრბოს იუდა და საკოცნელად მიიწია იესოზე, რითაც ნიშანი მისცა, რომ ვისაც კოცნას უპირებდა, შესაპყრობიც ის უნდა ყოფილიყო.

ებრაელებს სიკვდილით დასჯის უფლება არ ჰქონდათ, რადგან იუდეაში რომის კანონები მოქმედებდა და მხოლოდ რომის მოხელეს შეეძლო განაჩენი აღესრულებინა. მღვდელმთავრებმა იესოზე მსჯავრის გამოტანა იუდეის რომაელ მმართველ პილატეს სთხოვეს. პილატემ საკმარისი სამხილი ვერ დაინახა და იესოს გათავისუფლებაც კი დააპირა, რისთვისაც კეისრის მოღალატეობა დასწამეს. პილატე იძულებული შეიქნა, ხალხის ნებას დაჰყოლოდა. ამის შემდგომ იესოს დაუწყეს ცემა, წყევლა, დაცინვა.

ეკლის გვირგვინი დაადგეს თავს, ბოლოს წაიყვანეს გოლგოთის მთაზე და ორ ავაზაკთან ერთად ჯვარზე გააკრეს. ექვსი საათის განმავლობაში იტანჯებოდა ჯვარზე გაკრული და უკანასკნელად მამის წიაღში მობრუნებულმა ეს სიტყვები წარმოთქვა: "მამაო, შენს ხელთ ჩამიბარებია სული ჩემი". ეს იყო ტანჯვის დასასრული, ეს იყო მისი გამეფება ზეციურ სამყაროში, ეს იყო სასუფეველი ცათა, რომელიც მიიღო დედამიწაზე ადამიანური ცხოვრების ტანჯვის შემდგომ.

ქრისტეს ჯვარცმა მოხდა პარასკევს. იმავე საღამოს ვინმე იოსებ არიმათიელი გამოცხადდა პილატესთან და სთხოვა, უფლება მიეცათ ჩამოეხსნათ ქრისტე ჯვრიდან და დაეკრძალათ. პილატე დათანხმდა, ტილოში შეხვეული მაცხოვრის გვამი გადაასვენეს კლდეში გამოკვეთილ მღვიმეში, რომლის გამოსასვლელს დიდი ქვა მიაფარეს. კვირას მენელსაცხებლე ქალები მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვანი მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან, რათა მისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, მაგრამ მაცხოვარი იქ აღარ დაუხვდათ. მალე პეტრემ და იოანემაც შეიტყვეს მომხდარის შესახებ, მივიდნენ გამოქვაბულთან და იხილეს მხოლოდ ტილოს ნაჭრები, რომელშიც მესია იყო გახვეული. მოწაფეები განაცვიფრა ქრისტეს აღდგომამ და ზოგი ეჭვობდა კიდეც, ვიდრე თავად არ გამოეცხადა მათ.

ქრისტეს აღდგომა და გამოცხადება არის უდიდესი და უეჭველი ფაქტი.

საყურადღებოა, რომ მოციქულები, რომლებიც ქრისტეს მოღვაწეობისას დიდი გულადობით არ გამოირჩეოდნენ, მისი ამაღლების შემდგომ რადიკალურად შეიცვალნენ. არ დარჩენილა წამების არც ერთი ხერხი, მათ წინააღმდეგ რომ არ გამოეყენებინათ წარმართებს. ჩვენს სმენას დღესაც სწვდება ყიჟინი აღტყინებული ბრბოსი, რომელიც მდუღარეს ასხამს და ქვებით ქოლავს შეუდრეკელ მოციქულს, რომელსაც ერთი ნერვიც არ უთრთის სახეზე და ქრისტეს მადლით გასხივოსნებული, უდრტვინველად ტოვებს ამქვეყნიურ სიცოცხლეს.

სწორედ ქრისტეს ამაღლება და მისი გამოცხადება იყო რწმენის გვირგვინი, რომელიც ტალღასავით აღიმართა წარმართული მსოფლიოს თავზე.

იესოს აღდგომის პირველი მოწმე იყო მარიამ მაგდალინელი, შემდეგ კი იგი სხვა ქალებსაც გამოეცხადა, ეჩვენა პეტრესა და იოანეს, ასევე ყველა მოწაფეს, გალილეის მთაზე კი თავის ხუთასზე მეტ მიმდევარს.

სცენა ფილმიდან "ქრისტეს ვნებანი" (რეჟისორი მელ გიბსონი)

ასე გაგრძელდა ორმოცი დღის განმავლობაში. იესო ცხრაჯერ გამოეცხადა თავის მიმდევრებს, მაგრამ მისი სხეული უკვე აღარ ეკუთვნოდა ადამიანურს, მასში უკვე შეიმჩნეოდა არამიწიერი ცხოვრების ხატი და ბოლოს დადგა დრო განშორებისა. იგი თავის მოწაფეებს უკანასკნელად გამოეცხადა იერუსალიმში. წაიყვანა ისინი ბეთანიისკენ და დაუბარა, არ მოსცილებოდნენ იერუსალიმს მანამდე, სანამ სულიწმიდა არ გადმოვიდოდა მათზე. მისცა მათ საბოლოო დარიგება, ხელები მაღლა აღაპყრო, დალოცა და თანდათანობით ამაღლდა ცაში.

აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს იერუსალიმში ძლიერმა ქარმა დაჰბერა და მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის ენების მსგავსად გადმოვიდა; დაიწყეს ლაპარაკი და ღმერთის დიდება სხვადასხვა ენაზე. მაშინ პეტრემ განუმარტა მოციქულებს, რომ ნება ეძლეოდათ იესოსგან, წასულიყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში და მესიის სახელით ექადაგათ ქრისტიანობა.

ისტორიული თვალსაზრისით, ეს იყო ერთობ რთული პროცესი, რომელსაც უამრავი დამაბრკოლებელი გარემოება ახლდა თან ებრაელებისა და წარმართების მხრიდან, რამაც შეიწირა ყველა მოციქული, გარდა იოანესი. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობის ძლევამოსილი სვლის შეჩერება უკვე აღარავის შეეძლო.

ქრისტიანული თემის წევრებს, ჯერ კიდევ რომის იმპერიის აღმოსავლეთის პროვინციების მმართველ გალერიუსის 311 წელს გამოცემული ედიქტით, მიეცათ ლეგალიზებული აღმსარებლის ნება იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ "მათ რიტუალში არ ყოფილიყო შემჩნეული საზოგადოების საწინააღმდეგო ქმედება".

ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის ხელშეწყობით ქრისტიანები დამკვიდრდნენ წმინდა ადგილებში, ქრისტიანობაში ჩამოყალიბდა სამღვდელოების იერარქიული ორგანიზაცია. 325 წელს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იმპერატორ კონსტანტინე I-ის დასტურით ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წარმოიქმნენ ავტოკეფალიური, დამოუკიდებელი ეკლესიები, რომელთაც სათავეში პატრიარქები ჩაუდგნენ.

თავდაპირველად იყო რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიის ავტოკეფალიური ეკლესიები. შემდეგ ასეთთა რანგში შეირაცხნენ იერუსალიმისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებიც. ნიკეის საეკლესიო კრებაზე შეიმუშავეს უმთავრესი დოგმატიკურ-კანონიკური და იერარქიულ-ადმინისტრაციული საკითხები. კრებამ დაადგინა სარწმუნოების სიმბოლოს ტექსტი. საინტერესოა, რომ ნიკეის საელესიო კრების ოქმებში მოხსენიებულია ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრის მღვდელმთავარი სტრატოფილე, რაც აშკარად მიუთითებს იმდროინდელ დასავლეთ საქართველოში ქრისტიანული მრევლის არსებობას.

ელდარ ნადირაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#7