დიდი ამერიკელი ხელოვანი - ემიგრანტი საქართველოდან - კვირის პალიტრა

დიდი ამერიკელი ხელოვანი - ემიგრანტი საქართველოდან

გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილის რამდენიმე ნამუშევარი თბილისში აღმოჩნდა

"გაამერიკელებული ქართველი ფიროსმანი" – ამ ფრაზას დაფიქრებული წარმოთქვამს ამერიკაში მყოფი ქართველი მწერალი აკაკი ბელიაშვილი. აქ, ნიუ-იორკში, სასტუმრო "სკოტლენდის" მეოცე თუ ოცდამეორე სართულზე მცხოვრებ მასპინძელს, ცნობილ ფალავან ნიკოლოზ ქვარიანს მწერალი არც იმას დაუმალავს, რომ მათი თანამემამულის, გიორგი პაპაშვილის შესახებ საქართველოში ლეგენდები დადის, ანუ ამ თაობამ კარგად იცის ბევრი რამ... უფრო მეტის შეტყობას ცდილობს.

ცნობილი ამერიკული ბესტსელერის – Anything Can Happen ("ყველაფერი შეიძლება მოხდეს") ავტორი გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი მოქანდაკე გახლდათ. მისი გვარ-სახელი შეტანილი იყო ისეთ სოლიდურ გამოცემებში, როგორებიცაა "ვინ ვინ არის ამერიკულ ხელოვნებაში", აგრეთვე "ვინ ვინ არის XX საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში".

გამოფენები: პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემია, ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი, რედინგის სახელმწიფო მუზეუმი და ხელოვნების გალერეა, ვუდმორის გალერეა... მოქანდაკის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე (1971) უილიამ პენის მემორიალურ მუზეუმს რეტროსპექტულ ჩვენებაზე გიორგი პაპაშვილის 60 ნამუშევარი გაუტანია.

ორივე წარმატება – მწერლისა და მოქანდაკისა, დაუგეგმავად, თავისთავად მოხდა. მისი ექვსასზე მეტი ნამუშევარი – ნიჭის, შრომისმოყვარეობის, გემოვნების ნიმუშია. ამ ნამუშევრებში პრიმიტივიზმი და მოდერნიზმი შემოქმედის ხელწერის ნიშნად იქცა. ფრაგმენტი ერთ-ერთი შეფასებიდან: "ადრეული ნამუშევრები, საიდანაც მისი სტილი განვითარდა, სულაც არ არის დამწყებისა. ეს არის ჩამოყალიბებული, მცოდნე პროფესიონალის ქმნილებები... მათ, ვინც ესკიზის შესწავლას აპირებს, გიორგი პაპაშვილის ეს დამახასიათებელი ნიშანი ნამდვილად გენიად უნდა მიიჩნიონ", – ამ სიტყვებს ჩარლზ ჰ. მულენბერგი (უმცროსი) დაწერს.

თითქმის 40 წლისა იყო... შინ სტუმრები ჰყავდა. მეგობრები მაგიდასთან სასაუბროდ დასხდნენ. დისკუსიაში ჩაერთო, მაგრამ მალე გაჩუმება არჩია. გაჩუმება, მაგრამ არა გაჩერება. უსმენდა, მაგრამ უკვირდა:

– რატომ არ შეიძლება იმის გაკეთება, რასაც კარგად იცნობ?!

მოსაუბრეები ერთმანეთს მოქანდაკის ნიჭსა და შესაძლებლობებზე ედავებოდნენ. გიორგი პაპაშვილმა თავისი მოსაზრების დამტკიცება გადაწყვიტა:

"ფარდულში წავედი და წაბლის ხის ნაჭერი ავიღე. გადავწყვიტე, ცხვარი ამომეკვეთა. ამ ცხოველს ისე კარგად ვიცნობდი, რომ შეცდომა ნამდვილად არ მომივიდოდა. დავიწყე ფიგურის ამოკვეთა და მას შემდეგ ეს საქმე არც შემიწყვეტია".

ეს მხოლოდ ცნობისმოყვარეობა არ ყოფილა, იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ სასიცოცხლო ყოველდღიურობად იქცა. დადიოდა ტყეში, ზღვის სანაპიროზე, მდინარის ნაპირზე, მინდორში... ყველგან ქვებს არჩევდა. ამოწმებდა სიმტკიცეს, სიჯანსაღეს, ფერს. არცთუ იშვიათად, ყიდულობდა კიდეც. ქვებით დატვირთული სატვირთო მანქანა ქუჩას რომ შეუყვებოდა, ყველამ იცოდა, რომ მოქანდაკეს ქვები კი არა, უკვე მათში დანახული ქანდაკებები მოჰქონდა; ამიტომაც მოჰქონდა ფრთხილად.

"პაპაშვილების ოჯახი პენსილვანიაში ცხოვრობდა. ეზოს უკან ბაღი ჰქონდათ, რაღაცები. ქვები, დიდი ქვები. გამოხატულებით ზედა: დათვი, სელაპი... სპეციალურ ქვას ნახულობდა, ყიდულობდა და მოჰქონდა. მერე დიდი გამოფენა მოაწყო", – ამას ბატონი ალექსანდრე ფუტკარაძე ჩემთან საუბრისას გაიხსენებს (იგი ამერიკაში მცხოვრები უხუცესი ემიგრანტი ქართველია, რომელსაც პაპაშვილების ოჯახსა და ჰოლივუდთანაც საინტერესო ურთიერთობა ჰქონდა).

უზარმაზარი ნამუშევრების გადაადგილება თოკების, ბორბლების, თავკავების, გორგოლაჭებისა და ძელების გამოყენებითაც კი ზოგჯერ შეუძლებელი იყო. თოკი წყდებოდა, ქვა იმსხვრეოდა და ჩამოიშლებოდა, ძელი გადატყდებოდა... ეს არაფერი! მოთმინება, სიყვარული და ყველაფრის "თავიდან დაწყების" ჩვეულებრივი განცდა...

ახალმა სახელოსნომ ბევრი რამ შეცვალა.

გიორგი პაპაშვილს აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია. ის თვითნასწავლი ნიჭიერი შემოქმედი იყო, მუშაობდა ხეზე და ქვაში.

ნამუშევრებზე ინიციალებს არასოდეს ტოვებდა. მიაჩნდა, მეტიც – დარწმუნებული იყო, რომ "ხელმოწერა თავად ხელოვნების ნიმუშშია". თავად ნამუშევრით უნდა მიმხვდარიყო მნახველი ავტორის ვინაობას და არა მიწერილი გვარ-სახელის მეშვეობით. მის ნამუშევრებზე, გამოფენებზე იწერებოდა რეცენზიები, სტატიები, გამოკვლევები; შეერთებულ შტატებში გამოიცა რეტროსპექტული კატალოგიც (1979).

კარგა ხანს, გიორგი პაპაშვილის ნამუშევრებზე ჩვენში მხოლოდ მისი აღწერებითა და ილუსტრაციებით შეიძლებოდა ესაუბრათ, იმ "უბრალო" მიზეზის გამო, რომ ისინი საბჭოთა სივრცეში არავის უნახავს.

1990-იან წლებში სატელევიზიო გადაცემა "ვერნისაჟმა" წარუდგინა ქართველ მაყურებელს მოქანდაკე ჯორჯ პაპაშვილი. გაზეთი "ეთერშია საქართველო" წერდა, რომ "შემოქმედებითი გაერთიანება "სხივის" სახვითი ხელოვნების პროგრამების შემოქმედებითი ჯგუფი დღენიადაგ გულისყურით ეკიდებოდა და ეკიდება როგორც ქართველ მხატვართა გასვლას საზღვარგარეთ... ისე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ხელოვანთა შემოქმედების პოპულარიზაციას".

გაზეთმა რამდენიმე ამონარიდი გააცნო მკითხველს გადაცემიდან: "ჯორჯ პაპაშვილი ჩადგა აშშ-ის ყველაზე გამოჩენილი მოქანდაკეების რიგში"; "იმას, რაც ჯორჯ პაპაშვილმა ჩვენს ქვეყანაში 55 წლის განმავლობაში შეძლო, შეიძლება ეწოდოს "ამერიკული ოცნება". ან კიდევ: "ემიგრანტი საბჭოთა საქართველოდან გახდა მსოფლიოში ცნობილი სკულპტორი". და საჯარო ინფორმაცია, რაც ამჯერად მეტად ყურადსაღებია: "საქართველოს არც ერთ მუზეუმში, გალერეასა თუ კერძო კოლექციაში მოქანდაკის არც ერთი ნამუშევარი არ არის დაცული, ვერც ალბომსა და კატალოგზე მიგვიწვდება ხელი".

ამ განაცხადსა და კომენტარს არავინ გამოხმაურებია – არც სახელმწიფო სტრუქტურებიდან, არც რომელიმე ხელოვნებათმცოდნე.

გიორგი პაპაშვილის ნამუშევართა შეფასებისას, "ცხენი" ერთ-ერთ საინტერესოთა რანგში განიხილება და შესაბამისად, გამოიყოფა კიდეც. ამგვარადაა შეფასებული ის ზემოხსენებულ წიგნში, რომელშიც ყოველ ნამუშევარზე მითითებულია მისი შექმნის წელი, მასალა, ზომები და შენახვის ადგილი სახელმწიფო დაწესებულებასა თუ კერძო კოლექციაში. ყურადღება მიიქცია იმან, რომ სწორედ "ცხენი" ინახება საქართველოში.

სხვათა შორის, საბჭოთა საზღვარი ხელნაწერს ან წიგნს მალულად რომ "გადმოელახა", ათასგვარი ხერხი არსებობდა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად საშიში იყო (მსგავსი ფათერაკიანი თავგადასავლები არაერთი უხუცესი ემიგრანტისგან მომისმენია...), მაგრამ ქანდაკება? და ისიც სახელმწიფო დაწესებულებაში დაცული?! ეს მხოლოდ ოფიციალურად შეიძლება დაშვებულიყო.

1960-იან წლებში გიორგი პაპაშვილი საქართველოში მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით გახლდათ... უკან დაბრუნებულმა გზიდან მაშინდელ გაზეთ "კომუნისტს" სამადლობელი წერილი გამოუგზავნა. კმაყოფილებით იხსენებდა მწერალთა კავშირში შეხვედრას, საუბრებს, მცხეთაში მიხეილ მამულაშვილის ბაღის დათვალიერებას... ერთი ამონარიდი: "ვნახეთ ხელოვნების მუზეუმის მდიდარი კოლექციები. შევხვდით მხატვართა კავშირის წევრებს". გაზეთი "ლიტერატურული საქართველო" კი მკითხველს ამცნობს მის გადაწყვეტილებას: "ამერიკაში რომ დავბრუნდები, ქანდაკებას (გულისხმობს სევასტოპოლის გმირი დამცველებისადმი მიძღვნილ სკულპტურას, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა ჯორჯ პაპაშვილის შემოქმედებაში. – რ.ნ.) გმირ ქალაქს გამოვუგზავნი, ხოლო საქართველოსთვის "რაჭველი მესტვირე" – ორმეტრიანი ქანდაკება მაქვს და ჩასვლისთანავე გამოვგზავნი".

"კოლექციები" წარსულია, "ამერიკაში რომ დავბრუნდები" კი – მომავალი. აწმყო გამოტოვებულია. აწმყოზე ისევ არაფერს ამბობს ან ეგებ თქვა კიდეც, მაგრამ ამის თაობაზე გაზეთებმა არაფერი დაწერეს.

აწმყოზე არც მაშინ თქმულა არაფერი და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, არც მოგვიანებით. არადა, გიორგი პაპაშვილის ნამუშევრები მის სამშობლოშიც ინახება! სკულპტორის სამი ნამუშევარია დაცული საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების განყოფილების ქანდაკების, კერამიკისა და გამოყენებითი ხელოვნების საცავებში. სწორედ საცავებში, რადგანაც იმ დღიდან, რა დღესაც ეს ნამუშევრები მოქანდაკემ მუზეუმს საჩუქრად გადასცა 1961 წელს საქართველოში ყოფნისას, ისინი არც ერთ გამოფენაზე არ წარმოუდგენიათ. ყოველ შემთხვევაში, მათზე არაფერი დაწერილა; არანაირი მოსაწვევი ან ბუკლეტი არ გამოცემულა!

ამ ნამუშევრებს ქართული ხელოვნების მუზეუმისეული აღწერილობით წარმოგიდგენთ:

1. # 167. "ცხენი". ქვა, გრანიტი. 49X52X17 სმ (შემოწირულია ავტორის მიერ 1961 წლის ივნისში).

2. # 168. "ჩიტი". ქვა, მოწითალო-მონაცრისფრო. 8X9X11 სმ (შემოწირულია ავტორის მიერ 1961 წლის ივნისში).

3. # 169. "ჩიტი". ქვა, მომწვანო-მოშავო. 9X12X11 სმ.

აღწერილობაში საინტერესო რამდენიმე დეტალია, მაგრამ ერთია თვალში საცემი: 1961 წლის აპრილში (ერთი თვით იყო ჩამოსული საბჭოთა საქართველოში) გადაცემული ნამუშევრები მხოლოდ ივნისშია გატარებული. მაინც, რა იყო ეს? დაუდევრობა, ყოყმანი, თუ არცოდნა: როგორ... ავტორი, რომლის ნამუშევრები საზღვარგარეთის ქვეყნების არაერთ სახელმწიფო თუ კერძო კოლექციაში ინახება; ამჟამად ამერიკელი, მაგრამ – ქართველი და თანაც წარმატებული ემიგრანტი... იქნებ, მერე გამოაგზავნა?! – შეიძლება დაუშვას ვინმემ. ასე სწრაფად? თანაც ოფიციალური ჩანაწერი სრულიად სხვაგვარი იქნებოდა. მინდა გავიხსენო გიორგი პაპაშვილისადმი მიძღვნილი ერთი ლექსი, პატრიცია მარტინის დაწერილი, მულენბერგისეული კომენტარით და ლელა ჟამურაშვილის მიერ თარგმნილი (ის ჯერ არ გამოქვეყნებულა ქართულად):

საჭრეთელი და ჩაქუჩი მის ხელში

მთელი დღეა სიყვარულზე მღერიან,

მანდ რა გინდა, ქვიდან მალე გამოდი,

ჩვენთან იყავ, აქ ყველანი გელიან.

მტკიცე ხელი ქვის კარსაც კი გააღებს,

ეს დრუნჩია, ეს კუდია, ეს თათი,

როგორ ფრთხილად გადმოდიან, შეხედე,

ეს ძაღლია, ეს ბატკანი, ეს დათვი.

ისევ ისე იჭედება სიმღერა

სიყვარულით მოუღლელი გულით,

მხიარულად დარბიან და ცელქობენ,

ქვებს ჩაჰბერა უკვდავების სული.

ვისაც უნახავს, როგორ მუშაობს გიორგი პაპაშვილი გრანიტზე, როგორ ცვივა ნატეხები და ნაპერწკლები აქეთ-იქეთ, ვისაც მისი საჭრეთელის "სიმღერა" მოუსმენია, ლექსის დაწერის სურვილი ნამდვილად გაუჩნდებოდა.

გიორგი პაპაშვილის შემოქმედებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

რეტროსპექტული კატალოგი ამგვარ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს: "ჯორჯ პაპაშვილი ლიჰაის ველის ხელოვნების ალიანსის, ფილადელფიის ხელოვნების ალიანსის, ოდიუბონის ხელოვანთა და ფილადელფიის ხელოვანთა თანასწორობის ორგანიზაციის წევრი იყო".

"ჯორჯ პაპაშვილის ხელოვნებაში გულწრფელი უშუალობა იგრძნობა; სამყარო, რომელიც მან შექმნა, საჩუქარია ყოველი ჩვენგანისთვის და დადასტურებაა იმისა, რომ ცხოვრება მშვენიერია", – ამ სიტყვებს ჩარლზ ჰ. მულენბერგი (უმცროსი) დაწერს პენსილვანიაში, გიორგი პაპაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.

გიორგი (ჯორჯ) პაპაშვილი 1978 წლის მარტში გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. დატოვა უმდიდრესი მემკვიდრეობა როგორც მოქანდაკემ და როგორც მწერალმა. ეს მემკვიდრეობა ვფიქრობთ, ქართველთაგან მეტ ყურადღებას მოითხოვს.

რუსუდან ნიშნიანიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#7