იარაღის მცველი - კვირის პალიტრა

იარაღის მცველი

კოტე ჩოლოყაშვილი: ისტორიულ პირთა საჭურველზე "ვნადირობდი", არ მინდოდა საქართველოს დაჰკარგოდა...

კოტე ჩოლოყაშვილის სახელი მამულიშვილობას უკავშირდება, მამულიშვილობასა და ქართულ საჭურველს. ქართული ხმალი ხომ დღენიადაგ ეიმედებოდა ჩვენს წინაპარს ომსა თუ ლხინში. ლხინში რატომო, არც არავინ იკითხავს, - ნეფე-პატარძალს ხომ გადაჯვარედინებულ ხმლებქვეშ გაატარებდნენ; მეფეს, მხედართმთავარსა და დავაჟკაცებულ ვაჟს ხმალს შემოარტყამდნენ და ისე აკურთხებდნენ.

დიდ თამარსაც კი მეფედ კურთხევისას ხმალი შემოარტყეს. ერთ ხალხურ ლექსში ასეთ სტრიქონებსაც შეხვდებით: "განა არ იცი, მე ხმალი / სახლ-კარს და ცოლ-შვილს მერჩია". ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრილ მეომარს ცალ ხელში ანთებულ სანთელს დააჭერინებდნენ, მეორეში კი ხმალს. ქართულ ჩოხა-ახალუხს ხომ სწორედ ხმალი ან ხანჯალი ამშვენებს...

ქართულ საჭურველსა და ამ საჭურვლით განვლილ ცხოვრების გრძელ გზაზე სასაუბროდ ბატონი კოტე ჩოლოყაშვილი მოვიწვიეთ "ისტორიანში".

"შინ იარაღი რად მინდა?"

- მჭედელს დანა ეკვეთებაო, ხომ გაგიგონიათ. შინ იარაღი რად მინდა. მთელი ჩემი ცხოვრება, სადაც კი რამე ღირებულს ვნახავდი, ეროვნულ მუზეუმში მინდოდა ყველაფრის თავმოყრა და ასეც ვაკეთებდი. ისტორიულ პირთა საჭურველზე "ვნადირობდი". არ მინდოდა, საქართველოს დაჰკარგოდა.

რამდენი ძვირფასი ხმალი თუ ხანჯალი მოუტანიათ ჩემთან, ხან ძვირად ყიდდნენ, ხან ძალიან იაფად, ვისაც როგორ უღირდა. ქართველ კაცს მაინცდამაინც არასდროს ულხინდა და ზოგჯერ იძულებული ხდებოდა, სახლიდან მამა-პაპის ნაქონი იარაღი აეღო და გაეყიდა. ისიც ყოფილა, ფულს დახარბებულნი ერთი ხმლით აპირებდნენ გამდიდრებას... ამგვარ ნივთებს მუზეუმში ვუყრიდი თავს. სიმართლე გითხრათ, არც მუზეუმს წყალობდნენ ყოველთვის ძლიერნი ამა ქვეყნისანი, თუმც კი ძნელად ვიხსენებ, უარი ეთქვათ საინტერესო და ისტორიულად ღირებული ნივთის შესყიდვაზე.

ბებიასა და დედასთან ერთად

ზოგჯერ მუზეუმელებს ჩვენი ფულითაც შეგვიძენია ისეთი ნივთი, დასაკარგად ან ქვეყნიდან გასატანად რომ ვერ გაგვიმეტებია. მოგეხსენებათ, არაერთი უნიკალური ნივთი გაიზიდა ქვეყნიდან სხვადასხვა დროს... ახლა, რომ იტყვიან, ჩუმად ჩიტიც ვერ გადაფრინდება საზღვარს იქით და მშვიდად ვარ...

ასე დაიწყო...

- ჩემი ოჯახი ბაკურციხეში ცხოვრობდა. მე 1922 წლის 18 აგვისტოს დავბადებულვარ, მამაჩემი კი, კონსტანტინე დავითის ძე ჩოლოყაშვილი 7 სექტემბერს დახვრიტეს. რისთვის? როტმისტრი ყოფილა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი. ქიზიყის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. მელაანის ტყეში შეუპყრიათ. 28 წლისა იყო მხოლოდ!

"ხალხის მტრის" ოჯახი ბაკურციხიდან გამოუძევებიათ, თუმცა რაღა ოჯახი: ჩვილი ბავშვი და ორი უმწეო ქალი - დედაჩემი ეკატერინე ჩერქეზიშვილი და დედამისი, სოფიო ავალიშვილი. თბილისში ჩამოსულები, პროფესორ ალექსანდრე ალადაშვილს შევუფარებივართ თავის საავადმყოფოში. დედა მალე დაოსტატებულა და საოპერაციო მედდად მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე, თუმც კი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა, 1946 წელს. ექვს წელიწადს საავადმყოფოს მიერ გამოყოფილ პატარა ოთახში ვცხოვრობდით... 25-ე სკოლაში ვსწავლობდი, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე ფილოლოგიურზე. ჩვენი თავადობა ვის ახსოვდა. ისე, ჩოლოყაშვილი რომ თავადია, ამას რად უნდა თქმა!..

გვარს თუ ვმალავდი? ჰო, ბავშვობაში ბებია მაფრთხილებდა, ყველას ნუ ეტყვი, რომ ჩოლოყაშვილი ხარო. ერთხელ, ალბათ ხუთი-ექვსი წლისა ვიქნებოდი, სტუმრები მოვიდნენ ჩვენთან. ერთმა ქალბატონმა დიდხანს მეფერა, შემაქო, მერე მკითხა, რა გვარი ხარო და დამორცხვებულმა ვუპასუხე, - თუ კარგი დეიდა ხართ, მაშინ ჩოლოყაშვილი ვარ-მეთქი...

როგორ გავამხილო და, ჩემი სახლი ბაკურციხეში არ მინახავს. მიუხედავად იმისა, რომ სულ მინდოდა, ერთ დღეს წავსულიყავი და ჩემი წინაპრების ნაფუძარი მენახა. არც ის ვიცი, ის დიდი სახლი (როგორც დედა იხსენებდა) ისევ დგას თუ არა... იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის იმ მძიმე წლებთან დაბრუნება, რომ წასვლა ვერ გავბედე. რომ იცოდეთ, ახლაც მაწუხებს ბაკურციხეზე ფიქრი, ახლაც ასე ვამბობ, იქნებ ამ ზაფხულს მაინც წავიდე-მეთქი.

კახეთში სახლი თუ მაქვს? მაქვს, როგორ არა, თოხლიაურში. თოხლიაური დედაჩემის სოფელი იყო, ჩემი დედულეთი. ახლა იშვიათად ჩავდივარ, ადრე ზაფხულობით სულ იქ ვიყავით. ძალიან მიყვარს იქაურობა...

მუზეუმში, საჭურვლის მცველად

- უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სახელმწიფო მუზეუმის ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა. წიგნი მიყვარდა და მალე მთელმა მუზეუმმა გამიცნო. ხშირად მოდიოდნენ ბიბლიოთეკაში აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია და პროფესორი ვერა ბარდაველიძე, დიდი ქართველი ეთნოგრაფები. შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, რომ გამორჩეულად ვუფრთხილდებოდი წიგნებს საჭურველზე, ომების ისტორიებზე, საბრძოლო ხელოვნებაზე. ჯერ ბატონმა გიორგიმ შემომთავაზა, სამეცნიერო ნაშრომი მომემზადებინა ქართულ იარაღზე, შემდეგ ჩემი ნაშრომებით ქალბატონი ვერაც დაინტერესდა და ასე მაქციეს "საჭურვლის მცოდნედ". სულ მალე კი მუზეუმის ეთნოგრაფიულ განყოფილებაში გადამიყვანეს. მერე იარაღის ფონდიც ჩამაბარეს. ამ ფონდის კურატორი დღემდე გახლავართ.

ქეთო და კოტე ტყუპ შვილებთან ერთად

ასე დავუმეგობრდი იარაღს. იარაღის ფონდის ისტორიაც მე შევქმენი - ქართულ ტრადიციებში, ისტორიულ წყაროებში, მატიანეებში. ყველგან ქართულ საჭურველსა და მასთან დაკავშირებულ ლამის ლეგენდად ქცეულ ამბებს ვეძებდი და ვპოულობდი... ალბათ ამიტომ ფიქრობდა ბევრი, რომ აუცილებლად მექნებოდა შინ იარაღის უმდიდრესი კოლექცია. არა, ბატონო, ჩემი სიყვარული ქართული საჭურველისადმი იმაში გამოიხატა, რომ მუზეუმში დაცულ საგანძურს არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი შევმატე.

შემიძლია ვთქვა, რომ მამულის დამცველთა რიგში ვიდექი, როგორც, ვთქვათ, მხატვრულ ფილმ "გიორგი სააკაძეში". თქვენც იცით, ეპიზოდურ როლში ვითამაშე, დიდი მსახიობობა არ დამჭირვებია. მასობრივ სცენაში ვდგავარ ქართველ მეომრებთან, ფარ-შუბით შეიარაღებული, იქაც ყველაზე მაღალი ვარ...

სიმაღლეც დამეხმარა. უნივერსიტეტის პირველ გუნდში კალათბურთს ვთამაშობდი. საბჭოთა კავშირის პირველობაზე წარმატებით გამოვდიოდით. იმ გუნდში სტუდენტობის მერეც მიწვევდნენ. საუკეთესო წლები იყო, მართლა საუკეთესო. კიდევ, ვხუმრობ ხოლმე, ბიბლიოთეკაში რომ მიმიღეს, ერთმა შუახნის ბიბლიოთეკარმა ქალმა გახარებულმა ამომხედა, კიბე არ გვაქვს და მაღალ თაროებს იოლად შესწვდებაო...

ქეთო და კოტე

- ქეთო ცნობილი კარტოგრაფის, მიხეილ ქავთარაძის ქალიშვილი იყო. ჩემს კურსზე სწავლობდა და უბრალოდ, ვმეგობრობდით. მუზეუმის ბიბლიოთეკაში რომ დავიწყე მუშაობა, მალე ქეთოც ჩემთან მიიღეს. ბიბლიოთეკაში "აღმოვაჩინეთ", რომ მხოლოდ კურსელები არ ვყოფილვართ...

ძნელი თუ იყო ტყუპის მამობა? რა ვიცი, აბა, როგორ გითხრათ. მაშინ ექოსკოპია სად იყო და არც მიფიქრია, რომ ერთბაშად ორი შვილის მამა გავხდებოდი. მე და ქეთო მარტო ვცხოვრობდით. იმ დილით სამსახურში წასასვლელად გავემზადე. ბავშვს ერთი-ორი კვირის შემდეგ ველოდებოდით. შინიდან გამოსული უკან შევბრუნდი, ქუდი დამრჩა. ქეთო ფერდაკარგული მომვარდა, ვიცოდი, მობრუნდებოდიო... რამდენიმე საათში ორი ულამაზესი შვილი გვყავდა - ბიძინა და რუსუდანი!

ხშირად ვამბობ: როგორიც ქალია, ისეთივეა ოჯახი; როგორი ოჯახიცაა, ისეთივეა სახელმწიფო!.. ბედნიერი ვიყავი, რომ ქეთო დიდხანს მედგა გვერდით. ძნელია სიბერეში მარტო დარჩენა, მაგრამ ახლა მე მოგონებები მაცოცხლებენ. ეჰ, იყო და არა იყო რა... მართლა ზღაპარივით ყოფილა ცხოვრება...

ბედნიერი ოჯახი გვქონდა...

მურმან ქართველიშვილის ცნობილ კლიპში თითქოს მთელი თბილისია თავმოყრილი, მათ შორის მეც ვარ, ვითომდა მთავარი გმირი. მინდა გითხრათ, რომ ეს კლიპი კი არა, მხატვრული ნაწარმოებია, თითქოს ჩემი ცხოვრების ანარეკლია, თითქოს ტაძრისკენ მიმავალ გზას ვადგავარ... მშვიდად ვერ ვუყურებ.

წმინდა გიორგი ლახვრიდეს...

- ეს სიტყვები მიანიშნებს, რომ ლახვარსა და საერთოდ, საჭურველს სიწმინდესთან, უფლის სიყვარულთან აკავშირებდნენ. საღვთოდ შეწირულ ცხოველსაც ლახვრითა თუ ხანჯლით კლავდა ქართველი კაცი. სალოცავებსა და ეკლესიებს საჭურველსაც სწირავდნენ. სხვაგვარად ვერც იქნებოდა. საჭურვლით ხომ თავსაც ვიცავდით და მამულსაც.

ისევ ტრადიციებს მივუბრუნდეთ. ძველად, მხცოვანი კაცი ახალგაზრდას რომ მიუახლოვდებოდა, ჭაბუკი სატევარზე ხელებდაყრდნობილი, თავდახრილი მანამდე იდგა, ვიდრე ჭარმაგი არ გასცდებოდა. სირცხვილი იყო უსატევრობა. მელოგინე ქალს, მშობიარობის გასაადვილებლად, ბალიშის ქვეშ სატევარს ამოუდებდნენ. დაღუპულ ვაჟკაცს მის სატევარზე დაყრდნობილი დასტიროდნენ. სპარსელთა რწმენით, ქართველმა ქალებმა სატევრის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგს შესალოცად თავისი სატევარი ქართველი ტყვე ქალისთვის გადაუცია.

ერთი ლეგენდად ქცეული ამბავი მინდა გაგახსენოთ: შაჰ აბასს ერთაწმინდის ეკლესიის გალავნის დანგრევა უნებებია და ბრძანებაც გაუცია. როცა მტრის მეომრები საქმეს შესდგომიან, დამპყრობელს თვალის ჩინი წართმევია. იქვე მყოფ დარბაისელ ქართველ გლეხს შაჰისთვის შეუბედავს, თუ ეკლესიას ხელს აღარ ახლებ, თვალთ აგეხილებაო და ასეც მომხდარა.

განცვიფრებულ შაჰ აბასს ერთაწმინდის ეკლესიისთვის ხმლის ვადა შეუწირავს, რომელიც წმინდა ნივთად შეურაცხავთ. ამ ხმლის ვადით ერეკლე მეორეს სნეული შვილი მოურჩენია და თავის სასახლეში დაუვანებია, იქიდან კი აღა-მაჰმად ხანს გაუტაცნია. მოგვიანებით შაჰ აბასს ხმალი ძალის მოსამატებლად მრავალძალის ეკლესიისთვისაც შეუწირავს. ეს ხმალი დღეს ჩვენს მუზეუმში ინახება.

შამილი ქართული ხმლით

- რა გიკვირთ? მართლა ყოფილა თბილისში საჭურვლის დიდოსტატი გიორგი ელიზარაშვილი, რომლის გამოჭედილი ხმლითაც შამილი იბრძოდა. მას უბადლო საჭურვლით თბილისიც ამარაგებდა. ეს ამბავი დიდად არ მოსწონებია კავკასიის მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვს, ნიკოლოზ პირველს კი ზლატოუსტის იარაღის ქარხნის საუკეთესო ოსტატები გამოუგზავნია თბილისში, ხელობა შეისწავლეთო. როგორ არ ეცადნენ თურმე, რომ ყარამან და ეფრემ ელიზარაშვილებისგან, ოსტატ გიორგის ვაჟებისგან გამოწვლილვით შეესწავლათ ფოლადის საიდუმლო.

ეფრემს ვერაფერი მოუხერხეს, მაგრამ ყარამანს ვეღარ გაუძლია რუსების ძალდატანებისთვის. ამდგარა და სულ წვრილად უსწავლებია მათთვის ქართული ჯავარდენის ჭედვის საიდუმლო. რუსებსაც გულუხვად დაუჯილდოებიათ არა მხოლოდ ყარამანი, არამედ ეფრემიც. თითოეულს ათას-ათასი ჩერვონეცი ოქრო მისცეს თურმე. ეს დღევანდელ მილიონს ბევრით როდი ჩამორჩება.

აღა-მაჰმად ხანმა კი ჯერ ააოხრა თბილისში თოფხანა, მაგრამ იმდენად მოხიბლა თურმე ქართულმა საჭურველმა, ქართველ ოსტატთა უბადლო ხელოვანებამ, რომ ოჯახებით წაასხა თეირანს აქაური ოსტატები.

ქართული საჭურველი

საჭურვლის ოსტატები თბილისში...

- დარჩნენ, როგორ არა! სიონისა და ვერცხლის ქუჩაზე ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი დუქნები, სადაც იჭედებოდა ხმალ-ხანჯალი, მზადდებოდა ხირიმი, სიათა, მაჟარო (ხომ იცით, ეს თოფის სახეობებია), სხვადასხვა სახის დამბაჩა, ჯაჭვის პერანგი, ბექთარი, მუზარად-ჩაბალახი, ჩაჩქანი, ფარი. დღესაც გვყავს ახალგაზრდა ოსტატები, რომლებიც ბევრით როდი ჩამორჩებიან იმ განთქმულ ელიზარაშვილებს... ყველაფერს ხელშეწყობა უნდა. იმედს არ ვკარგავ, ქართულ იარაღს ისევ ეყოლება პატრონი და გულშემატკივარი...

"მშვილდ-ისარს შვილივით უვლიდნენ"

- გიკვირთ? მაგრამ ასე იყო. ჩვენი წინაპრები მშვილდს შვილს უთანასწორებდნენ. უმემკვიდრეო კაცი შვილიანს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:

მე ჩემი მშვილდი გამიტყდა,

თავ-ბოლო სევადიანი,

შენ, შენი მშვილდი დაგარჩენს,

შენი ისრისა პირები,

ვაი, ბრალ ჩემი თავისა,

ვისგანღა დავიტირები.

ჩხოროწყუს მახლობლად მდებარე სოფელ ჯუმის წმინდა გიორგის - მირსას სალოცავ ხატში ინახებოდა მშვილდი, რომლის ქვეშაც სალოცავად მისულ, გათხოვილ ქალებს გაატარებდნენ, ბოროტმა და მავნე სულმა არ დაამიზეზოსო. ილორის წმინდა გიორგის მნათე სულით ავადმყოფს რკინის მშვილდში გაატარებდა და წმინდა გიორგის შეევედრებოდა, რომ სნეული ეშმაკისგან გათავისუფლებულიყო.

შთამომავლობა

- მყავს სეხნია და ძალიან ამაყი ვარ ამით! ოღონდ ეგაა, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს პაპა-შვილიშვილი. უმცროსი კონსტანტინე ჩოლოყაშვილი პარიზში ცხოვრობს, 27 წლისაა. ინფორმატიკის ინჟინერია. ბიძინაც, მამამისი, პარიზშია ოჯახთან ერთად. ნინო კი, ჩემი უფროსი შვილიშვილი, ხელოვნების მუზეუმში მუშაობს და პატარა მარიამითაც ხშირად მესტუმრება ხოლმე. ასე რომ, შვილთაშვილიც მყავს. აი, კონსტანტინეს შვილსაც რომ მოვესწრებოდე, მერე მართლა არწივივით გავიშლებოდი მხრებში!...

ამ ზაფხულს ბიძინა ჩამოვიდა პარიზიდან. რამდენიმე თვეს აქ დარჩება, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების საკითხებზე მუშაობს და მასალებს აგროვებს. რუსუდანი ფოლკლორისტია, პროფესორი. მე ისევ ჩემს საჭურველს ჩავკირკიტებ. დღეს ჩემმა უმცროსმა კოლეგამ დამირეკა მუზეუმიდან, მამუკა ქაფიანიძემ. ჩემი ფონდი მას გადავაბარე. ყოჩაღი ბიჭია, ჩემზე ნაკლებ როდი უყვარს იარაღთან ფუსფუსი. ახალი გამოფენა მოუწყვიათ, მუზეუმში მეპატიჟება. მოვალ და წაგიყვანთო... მინდა და არც მინდა წასვლა. იქ თითქოს ჩემი განვლილი წლები დამხვდება და კიდევ ერთხელ შემახსენებს, რომ 90-ს მივუახლოვდი... ყველა ასაკს თავისი სილამაზე აქვსო, კი ამბობენ, თუმცა...

მუზეუმშიც თამადობდა: მარჯვნიდან კოტე ჩოლოყაშვილი, პროფესორები პარმენ ზაქარაია, ლევან ჭილაშვილი და გივი გაფრინდაშვილი

თამადა

ჩემი თამადობის ამბავი ბოლოსთვის შემოვინახეთ? რა ვიცი, აბა, ხშირად მპატიჟებდნენ თამადად. ქორწილებში, ნათლობებში, ძეობებში... ჭირის სუფრაზეც, "დესერტაციებზეც"... ვინ მოთვლის, რამდენი დოცენტი და პროფესორი დამილოცავს (ჩემს "დესერტაციაზეც" ითამადა. - ნ.შ.), რამდენი წყვილი გამიბედნიერებია. შემხვდებიან და მეტყვიან, ჩემს ქორწილში თამადა იყავითო, ჩემს ნიშნობაზე ისეთი სადღეგრძელო თქვით, ახლაც ვიხსენებთო...

მე კი, სიმართლე გითხრათ, ყველა სუფრა როდი მახსოვს, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ყველა სუფრას გულით ვთამადობდი. არც ყანწის დაცლას ვაძალებდი მოქეიფეს და არც მე მიყვარდა ბევრი ღვინის დალევა... ჩემს სუფრაზე სიტყვა თამადობდა და არა ღვინო!

გამორჩეულად რომელი სადღეგრძელოების თქმა მიყვარდა? სიყვარულის, ქართველი ერის გამრავლების, ქართველი ერის აღორძინების, ტრადიციების დაცვის... და ისევ და ისევ სიყვარულის!..

ნოდარ შოშიტაშვილი

ჟურნალი "ისტორიანი",#7