საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი

"როცა 1921 წელს საქართველოს დიდი კატასტროფა ეწვია, როდესაც საქართველოს მთავრობა იძულებული იყო თავისი ტერიტორია დაეტოვებინა, როდესაც დაშლილი იქნა ქართული ჯარი და დამფუძნებელი კრება გარეკილი, როდესაც დევნილ იქნენ პოლიტიკური პარტიები, ხოლო ეროვნული და საზოგადოებრივი დაწესებულებანი მოსპობილი, როდესაც მტერმა აღკვეთა საზოგადოებრივი ცხოვრება, ხოლო საზოგადოებრივი აზრის გამოთქმის უფლება სავსებით აკრძალა – ჯერი მიდგა პიროვნებაზედ, რომელიც ასეთ მძიმე პირობებში ერის მისწრაფებასა და მის იდეალს საჯარო მოქმედებით გამოხატავდა.

ეს მისწრაფება არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ეს პირი იყო ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი", – ეს ცნობილი ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, შალვა ამირეჯიბის სიტყვებია, წარმოთქმული ქაქუცას დაკრძალვაზე პარიზის მახლობლად, სენტ-უანის სასაფლაოზე, 1930 წელს.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ყველა თანამედროვე აღიარებდა მის პიროვნულ მიმზიდველობას: ის იყო ქართველი რაინდის განსახიერება. ლამაზი, დახვეწილი სწორი ნაკვთებით, არისტოკრატული მანერებითა და ამაყი მზერით. უშიშარი, მაგრამ იმავდროულად, ფრთხილი და გონიერი. გამოირჩეოდა თავდაჭერით, ქალებთან რაინდული დამოკიდებულებით, ცხენზე ჯდომითა და ჯირითით. კარგად ცეკვავდა, დაუვიწყარია მის მიერ შესრულებული "ლეკური".

"ისეთი თვისებებით დაეჯილდოებინა იგი ბუნებას, ათას კაცში რომ აგერიათ, სრულიად უცნობიც კი მიაქცევდა ყურადღებას. ის ძალიან უყვარდათ ჯარისკაცებს და მათი საერთო პატივისცემით სარგებლობდა კიდეც. როგორი მხდალიც უნდა ყოფილიყო ჯარისკაცი, საუკეთესო ვაჟკაცად იქცეოდა ქაქუცას ხელში. უდავოდ, მხედრად იყო იგი დაბადებული" (ალექსანდრე სულხანიშვილი).

ქაქუცა 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა ჩოლოყაშვილთა საგვარეულო სოფელ მატანში იოსებ ჩოლოყაშვილისა და დარია გოგნიაშვილის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში. 21 წლისა ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში, საიდანაც ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. 1913 წელს ცოლად შეირთო ილია მეღვინეთუხუცესის ასული ნინო, რომლისგანაც ორი ქალიშვილი – თამარი (ციცნა) და ქეთევანი შეეძინა.

დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ქაქუცაც ბრძოლაში ჩაება. ჯერ ავსტრიის, ხოლო შემდეგ კავკასიის ფრონტებზე იბრძოდა. აქ ბრძოლები მიმდინარეობდა ორი იმპერიის – რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის. ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სხვა ქართველებთან ერთად, პირველ ყოვლისა, თავის სამშობლოს იცავდა. მეთაურობდა ზურგის ჯარის ასეულს, რომელსაც თურქების წინსვლის შეჩერება ევალებოდა. როცა ოსმალებმა 1914 წლის დეკემბერში შეუტიეს, ქაქუცამ მიიღო ბრძანება, უკან დაებრუნებინა სტრატეგიული მნიშვნელობის "არწივის ბუდის" მთა. ამ ბრძოლაში სამჯერ დაიჭრა, მაგრამ დავალება მაინც შეასრულა. ამისთვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოეს.

დამოუკიდებლობის წლებში ქაქუცა ჩოლოყაშვილი მსახურობდა ქართულ ჯარში და მონაწილეობდა იმ პერიოდში გადახდილ ყველა ბრძოლაში. მასზე წერდნენ თავიანთ მოგონებებში გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწეები გიორგი კვინიტაძე და გიორგი მაზნიაშვილი.

1921 წელს საქართველო ბოლშევიკებმა დაიპყრეს. მთავრობა ემიგრაციაში გაემგზავრა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი კი დარჩა, რადგანაც სამშობლოს განსაცდელში მიტოვება არ შეეძლო. ქართველი ხალხის აჯანყებისთვის მზადებას მეთაურობდა სამხედრო ცენტრი, რომელიც 1922 წლის მარტში ჩამოყალიბდა გენერალ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით. ცენტრმა კახეთში პარტიზანული რაზმების მეთაურობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს დაავალა, ხოლო ქართლში – მიხეილ ლაშქარაშვილს.

1922 წლის 12 მარტს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი რაზმელები – მიხა ბალიაშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი, ვასო თამაზაშვილი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე ბადურაშვილი და სხვები ტყეში გავიდნენ, რაც ბოლშევიკებისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ეს დღე უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, აღდგომას დაემთხვა. რაზმელებს სტუმრებიც ჰყოლიათ, მათ შორის ხევისბერი დიმიტრი ჭინჭარაული. მას ქაქუცასთვის მიუმართავს: "შენა, ქაქუცა, შენა გხვდა წილად შენი წინაპრების ნაბრძოლი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს საკეთილდღეოდ. შენ უნდა აღადგინო ალექსანდრე ბატონიშვილის ნათელი ბილიკები".

აჯანყების მონაწილეები. სხედან ქაქუცა ჩოლოყაშვილი და გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. დგანან (მარცხნიდან): ლელო ჩიქოვანი, ელიზბარ ვაჩნაძე, რაფიელ ერისთავი და ალექსანდრე სულხანიშვილი. 1924 წლის სექტემბერი

ხევისბერს შემდეგ რაზმელებისთვის უთქვამს: "თქვენ, რაზმელებო, ალბათ გახსოვთ, რომ ალექსანდრე ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი თავის ირგვლივ, თქვენც უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა გადააქციოთ ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს – ისაა ჩვენი მთავარი მტერი".

ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რაზმელებსა და სტუმრებს მიმართა: "დღეს ჩვენი სამშობლო გასაჭირშია. რუსეთმა ხელმეორედ გამოგვგლიჯა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მრავალჯერ ყოფილა აწიოკებული ჩვენი ქვეყანა, მაგრამ იარაღი არ დაუყრიათ ჩვენს წინაპრებს და არ დამორჩილებიან მტერს. მათ ბრძოლა უგრძელებიათ. დღეს ჩვენ გვხვდა წილად, რომ პირველებმა დავიწყოთ ბრძოლა და მთელ ქვეყნიერებას ვაჩვენოთ, რომ საქართველოს თავისუფლება სურს თავის მიწა-წყალზე და არ დაემორჩილება არავითარ მტერს. გაუმარჯოს ჩვენი სამშობლოს მომავალს და ამ ჩვენი პატარა რაზმის მისწრაფებას".

ასე შეიქმნა შეფიცულთა რაზმი, 1922 წლის ივნისში კი ქაქუცას რაზმს პირველი შეტაკებაც მოუხდა მტერთან სიღნაღში. რაზმის ერთ-ერთმა წევრმა, ახალგაზრდა პოეტმა მიხა ხელაშვილმა (ავტორი ლექსისა "ლექსო ამოგთქომ ოხერო" – ავტ.) ქაქუცასა და შეფიცულებს ლექსი მიუძღვნა:

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

მოჰქროლავს როგორც ქარია,

თან ახლავს ქართველთ შვილები,

თითო ლომისა დარია.

1922 წლის ივლის-აგვისტოში მოხდა კახეთ-ხევსურეთის აჯანყება. ქაქუცას რაზმმა თუშეთ-ფშავ-ხევსურეთისკენ მისასვლელი გზები გადაკეტა. შეფიცულებმა ჟინვალთან სასტიკად დაამარცხეს ბოლშევიკები, რის შემდეგაც ხევსურეთში გამაგრდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ შეფიცულების წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ჯარი გაგზავნა. ქაქუცა იძულებული გახდა, თავი ჯერ ხევსურეთისთვის, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიისთვის შეეფარებინა.

სამხედრო ცენტრის დავალებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ჩრდილოეთკავკასიელებთან დაიწყო მოლაპარაკება. ცენტრის დადგენილებით, აჯანყება მთელი კავკასიის მასშტაბით უნდა მომხდარიყო, მაგრამ განგებამ სხვაფრივ გადაწყვიტა. ღალატის გამო, 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და 20 მაისს დახვრიტეს სამხედრო ცენტრის მეთაურები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გოგი ხიმშიაშვილი, როსტომ მუსხელიშვილი და სხვა პატრიოტი ოფიცრები.

ბრძოლა შეჩერდა, მაგრამ არ შეწყვეტილა... სამხედრო ცენტრის ნაცვლად შექმნილმა სამხედრო კომისიამ შემოდგომამდე დიდი მუშაობა გასწია და ხალხი აჯანყებისთვის დარაზმა. ვინაიდან ამ აჯანყებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილს გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა, კომისიამ საჭიროდ ცნო მისი თბილისში ჩამოყვანა მოსალაპარაკებლად. ეს იყო უაღრესად სარისკო და გაბედული ნაბიჯი. 1923 წლის დეკემბერში ქაქუცა თავის ორ შეფიცულთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და კომისიასთან ერთად აჯანყების გეგმა განიხილა. მთელი რვა დღე დარჩა ქაქუცა თბილისში. "რა იცოდა ბოლშევიკების ჩეკამ, რომ ის, ვისაც იგი კიდით-კიდემდე ეძებდა, ერთი კვირა თბილისში ცხოვრობდა და ახალი გეგმითა და ახალი ენერგიით თბილისიდან მშვიდობით გავიდა" (შალვა ამირეჯიბი).

1923 წელსვე საგურამოს რაიონში ქაქუცას ხელში ჩაუვარდა დიდი ილიას მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი. რაზმელებს მისი მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ქაქუცამ ნება არ დართო და ცალკე დასაკითხად წაიყვანა. მკვლელის დაკითხვის ამბავი მას შემდგომ ალექსანდრე სულხანიშვილისთვის მოუყოლია. თურმე დაკითხვის დროს ბერბიჭაშვილი მთლად ცახცახებდა და სიკვდილის შიშით სრული სიმართლე უთქვამს.

ქაქუცას გამოურკვევია, რომ ბერბიჭაშვილისთვის ილიას მკვლელობა თვით ფილიპე მახარაძეს დაუვალებია, თანაც სამი თუმანი მიუცია სახარჯოდ, დანარჩენს კი სამომავლოდ შეპირებია; გარდა ამისა, აღუთქვამს, თუ ამ საქმეს გააკეთებდა, მთელი ცხოვრება პენსიით იქნებოდა უზრუნველყოფილი. მგოსნის წიწამურში გამოვლის დრო კი მისთვის ილიას მეეტლე თედო ლაბაურს შეუტყობინებია. ქაქუცას ბერბიჭაშვილი გაუშვია, როცა დრო მოვა, მისი ჩვენება გამოგვადგებაო...

დაინიშნა საყოველთაო აჯანყება, რომელიც ყველგან ერთდროულად, 1924 წლის 29 აგვისტოს, ღამის ორ საათზე უნდა დაწყებულიყო. საბედისწერო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჭიათურაში აჯანყებამ 24 საათით ადრე, 28 აგვისტოს იფეთქა. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა მაინც სცადა აჯანყების ბედის შეტრიალება. მან აიღო მანგლისი, დუშეთი, გაიმარჯვა სვიმონიანთხევსა და ხევგრძელაზე გამართულ სასტიკ ბრძოლებში...

და ამ დროს ქაქუცამ შეიტყო დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ გამოცემული პროკლამაციის შესახებ, რომელიც აჯანყებას დამარცხებულად მიიმჩნევდა და ხალხს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდა. ქაქუცამ დაიწყო თბილისის დაზვერვა, რათა გაეგო, შეიძლებოდა თუ არა ქალაქის აღება, მაგრამ უკვე გვიანი იყო – ბოლშევიკებს ყველგან ზომები მიეღოთ. აუცილებელი გახდა საქართველოს დატოვება, რადგანაც უამისოდაც დიდი მსხვერპლის კიდევ უფრო გამრავლება იყო მოსალოდნელი.

ამ პერიოდში მთელი რაზმი უსახსროდ იყო. ზოგიერთებს ქაქუცასთვის შეუთავაზებიათ, რომელიმე ბანკი გავძარცვოთო... ბოლშევიკები ისედაც ყაჩაღებს გვეძახიან და მართლა ყაჩაღებივით რომ მოვიქცეთ, სირცხვილი იქნებაო, – უთქვამს ქაქუცას და ნება არ დაურთავს. მან სამშობლო 1924 წლის სექტემბერში დატოვა და შეფიცულთა ერთი ნაწილით ჯერ ოსმალეთში გადავიდა, ხოლო იქიდან – საფრანგეთში.

საქართველოში კი ამ დროს მისი ახლობლების სასტიკი დევნა მიმდინარეობდა. ენით აუწერელია ის ტანჯვა-წამება, რაც ქაქუცას ახლობლებმა გამოიარეს ჩეკას ხელში. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ, შეფიცულები სხვადასხვა ქალაქში დაიფანტნენ. რადგან ქაქუცას არ უნდოდა თავისი შეფიცულების დაფანტვა, პარიზის მახლობლად, ვიროფლეში სახლი იქირავა, ყველა შეფიცული ჩამოიყვანა და ერთად დაასახლა. ქაქუცა ყველანაირად ცდილობდა, მათთვის მძიმე ემიგრანტული ცხოვრება გაეადვილებინა.

და ამ დროს თვითონ, სამშობლოს ხილვას დანატრებული, სანთელივით ილეოდა. "გახსოვს, თამარ, ალავერდობა? 26 მაისი, ის პირველი 26 მაისი? შუამთის დღესასწაული გახსოვს, ჩვენი საქართველო? კარგად გახსოვს? კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?" – ეუბნებოდა ქაქუცა თამარ პაპავას. ტკბილად აგონდებოდათ მეგობრებს ის ალავერდობა, როცა საღამო ხანს ქაქუცა თავისი რაზმით ეკლესიის გალავანში შევიდა, იქ მყოფი უამრავი ხალხი ერთბაშად მუხლზე დაეცა და ერთხმად შესძახა – გაუმარჯოს საქართველოს!

ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახლო მეგობრობა აკავშირებდა გამოჩენილ ქართველ სამხედრო მოღვაწესთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ გიორგი კვინიტაძესთან. ქაქუცა ხშირად სტუმრობდა გენერლის ოჯახს პარიზის მახლობლად – შატუში. საყოველთაოდაა ცნობილი შატუში გადაღებული მათი ფოტო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის პასპორტი უცხოეთში

2007 წელს გენერლის ქალიშვილმა, ქალბატონმა ნანო კვინიტაძემ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა მამის პირადი არქივი, სადაც სხვა მნიშვნელოვან საარქივო მასალებთან ერთად, აღმოჩნდა გიორგი კვინიტაძის ოჯახში 1925 წელს გადაღებული ფოტო, რომელზეც გამოსახული არიან ქაქუცა ჩოლოყაშვილი, შალვა ამირეჯიბი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მთავარსარდალი, გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე და სხვ.

სამშობლოზე ფიქრმა, დედის, მეუღლის, შვილების ნახვის სურვილმა გატეხა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ამას ისიც დაერთო, რომ ძველი ჭრილობა გაეხსნა. გააგზავნეს მთებში სამკურნალოდ, მაგრამ მისი ჯანმრთელობა მაინც უარესდებოდა. 1930 წლის 27 ივნისს ოტ-სავუას რეგიონში მდებარე პრასკუდანის სანატორიუმში ცუდად გახდა. იმავე დღეს პარიზიდან ჩამოვიდა მისი მეგობარი, ცნობილი ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე.

ქაქუცას სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ ქალიშვილისთვის გამოურთმევია, რადგან თავისი ვერ უპოვია. 29 ივნისის ღამეს თავისი ქალიშვილი დასიზმრებია, რომელიც სთხოვდა, მამა, მომეცი ჩემი ჯვარიო. უთქვამს, ახლა კი გათავდა ჩემი სიცოცხლეო. "იქნებოდა 29 ივნისის დაახლოებით 11 საათი, როცა მე და ვახტანგი ქაქუცას პალატაში შევედით. მან რაღაც დაილაპარაკა. მაშინვე მივცვივდით და ხელით წამოვუწიე თავი ქაქუცას. მან კიდევ დაიხრიალა. აი, ეს იყო უკანასკნელი დახმაურება ამ დიდი მებრძოლისა, რომელიც ვეფხვივით ებრძოდა თვით სიკვდილსაც კი!" (ალექსანდრე სულხანიშვილი).

სიკვდილის წინ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად სძაგდა კრემაცია, უთხოვია, მისი ნეშტი დაეწვათ, ერთადერთი მიზეზის გამო, იქნება ასე მაინც მოვხვდე საქართველოშიო. ალექსანდრე სულხანიშვილმა ეს არ გააკეთა, არ უნდოდა ძვირფასი ადამიანის ნეშტის დაწვა. უამრავი ხალხი დაესწრო ქაქუცა ჩოლოყაშვილის დასაფლავებას, მთელი ქუჩა სავსე იყო... 10 კილომეტრზე მეტი ხელით ატარეს ქაქუცას ცხედარი პარიზის სენტ-უანის სასაფლაომდე. მოგვიანებით ქაქუცას ნეშტი ლევილში გადაასვენეს, 2005 წლის შემოდგომაზე კი მან სამუდამო განსასვენებელი სამშობლოში, მთაწმინდის პანთეონში ჰპოვა.

გოჩა საითიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#8