"წიწამურში რომ მოკლეს ილია..." - კვირის პალიტრა

"წიწამურში რომ მოკლეს ილია..."

მარად და ყველგან საქართველოვ,

მე ვარ შენთანა!..

ილია ჭავჭავაძე

ილაპარაკეთ, ბევრი ილაპარაკეთ, ბევრი წერეთ, ბატონებო, ილიაზე,

რაც შეიძლება ბევრი!

ვაჟა-ფშაველა

სამშობლოსათვის გასახსენებლად

კრწანისზე მწარე წიწამურია.

ოთარ ჭელიძე

ქართველი ხალხის ღირსეულ შვილთა შორის ილია ჭავჭავაძეს გამორჩეული ადგილი უკავია. ილია ერს განგებამ მოუვლინა სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა. ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენს მიწა-წყალზე სიმშვიდე სუფევდა, წარსულს ჩაჰბარებოდა გამაჩანაგებელი სისხლის მღვრელი ომები სამხრეთელი მეზობლებისგან და გულის გამაწვრილებელი მრავალი შინაური ჭირი. სინამდვილეში ჩვენი ერისთვის XIX საუკუნე, განსაკუთრებით კი მისი მეორე ნახევარი გახლდათ უმძიმესი დრო.

ქვეყანა ორი გუბერნიისა და რამდენიმე ოკრუგის სახით ოკუპირებულ-ანექსირებული იყო რუსეთის მიერ. 1801 წლიდან მოყოლებული და წლიდან წლამდე, თანდათანობით, ერთი შეხედვით შეუმჩნევლად, მაგრამ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა რუსული ოფიციალური იდეისა და პოლიტიკის მრავალსაუკუნეობრივი მიზანი: ქართველ ერში ფეხს იკიდებდა რუსიფიკაცია და დენაციონალიზაცია. სამწუხაროდ, ათასწლეულების სახელმწიფოებრიობაგამოვლილი ერის შიგნით ამ პროცესის იდეოლოგებიც გამოჩნდნენ.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოში, სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში გენერალური ცვლილებები ხდება: ლიბერალობა, დემოკრატიზმი, სოციალური მოძრაობა, ეროვნული გამოღვიძება.

ისტორიულად ასე იყო, - სწორედ ასეთ ურთულეს, გარდამტეხ ეპოქაში გამოჩნდებოდა ხოლმე ერის ღირსეული შვილი, ღირსეული წინამძღოლი. ასე მოევლინა საქართველოს ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე... ასე მოხდა XIX საუკუნის 60-იანი წლების საქართველოშიც. და ეს წინამძღოლი სწორედ დიდი ილია ჭავჭავაძე გახლდათ.

საქართველოსა და ქართველი ერის მომავლის შესახებ მრავალი მოსაზრება, თეორია, მიმართულება, პოზიცია ჩამოყალიბდა. დღევანდელმა გადასახედმა (გონიერნი მაშინაც ნათლად ხედავდნენ) აჩვენა, რომ ყველაზე თანამიმდევრული, აღმავალ-პროგრესული, ეროვნულიც, სოციალურიც და ქართველი ხალხის ცივილიზებულ მსოფლიოსა და გამარჯვებამდე მიმყვანი სწორედ ილიას გზა იყო.

ეტლი, რომელშიც მოკლეს ილია ჭავჭავაძე (კოფოზე სხვა მეეტლე ზის)

ამას გრძნობდა ბევრი მოკეთე და ამიტომაც ჩამოყალიბდა დიდი გუნდი სამოციანელთა სახით. სამწუხაროდ, ამასვე გრძნობდნენ მტრებიც როგორც რუსული ოფიციოზის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებისა და პარტიის სახით, რომელნიც ილიასა და ილიას გზაში დიდ და დაუძლეველ ბარიერს ხედავდნენ ვიწრო პარტიული თვალსაზრისით, თუ მსოფლიო რევოლუციური ქარიშხლის ბოდვაში.

...და 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა დიდი ტრაგედია. ფიზიკურად ჩამოიშორეს დიდი ილია და როგორც გალაკტიონი წერდა, "მაშინ ეპოქა გათავდა დიდი".

მაშინვე შეიქმნა ილიას მკვლელობის სხვადასხვა ვერსია, ოფიციალურიც, არაოფიციალურიც. მას შემდეგ აწუხებს ქართველ ხალხს სიმართლის დადგენის სურვილი. დაიჭირეს მკვლელები თუ ეჭვმიტანილები, ზოგი მათგანი დახვრიტეს კიდეც. ბევრი დაიწერა მკვლელებზე, მკვლელობის შემკვეთებზე. დაიწერა და მომავალშიც დაიწერება. რაც დრო გადის, თითქოს სულ უფრო ეხდება ფარდა ილიას მკვლელობის სურათს და იმავდროულად... სულ უფრო მეტი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. ბუნებრივია, არსებობს სხვადასხვა ვერსია ილიას მკვლელობის უშუალო მონაწილეებისა და ორგანიზატორთა შესახებ.

ჟურნალი "ისტორიანი" განაგრძობს რუბრიკა "დისკუსიას" და მკითხველის სამსჯავროზე გამოგვაქვს მწერლისა და ლიტერატორის, ნოდარ გრიგალაშვილისა და ისტორიკოსისა და ფილოსოფოსის, პროფესორ გურამ ყორანაშვილის მოსაზრებები. ორივე მკვლევარმა ილიას მოღვაწეობისა და მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრულის ამსახველი დოკუმენტების შესწავლას არაერთი წელი მოანდომა. გამოსცეს არაერთი ნაშრომი თუ სქელტანიანი წიგნი. თუმცა ზოგიერთ საკითხზე გააჩნიათ ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებანი, რადიკალურად განსხვავებულიც კი. ჩვენ შევეცადეთ, სწორედ ამ რადიკალურად განსხვავებულ მოსაზრებებზე გადაგვეტანა აქცენტი.

რედაქცია მადლობას უხდის ორივე შემოქმედს ჩვენს დისკუსიაში მონაწილეობისათვის.

ერთსაც დავძენდით: გამოსაკვლევი დიდი ილიას მკვლელობის გარემოებათა შესახებ კვლავაც ბევრია. დღის სინათლეს ელოდება მრავალი საარქივო მონაცემი და დოკუმენტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და რუსეთის რამდენიმე ქალაქში. რომ იტყვიან, კვლავ უზღვავი და უკიდეგანო სამუშაოა. "ისტორიანი" კი მზად არის, ყოველივე ეს თავის ფურცლებზეც გააშუქოს.

გურამ ყორანაშვილი

რატომ და როგორ მოკლეს ილია

ქართველთა შეგნებული ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენი დიდი წინაპრის მკვლელობის გარემოებებზე ოფიციალურ-ცარისტული რუსეთისა და საბჭოურ ვერსიებს. ფიქრობდნენ, რომ ილია ჭავჭავაძე ჩვეულებრივ ყაჩაღთა ბანდას არ მოუკლავს ძარცვა-გლეჯის მოტივით. ასევე, საბჭოური თემიდის განაჩენის მიუხედავად, დანაშაულის ჩამდენნი უფრო განსაზღვრული სოციალურ-პოლიტიკური მიმართულების ადამიანები იყვნენ.

1980-იანი წლების მეორე ნახევარში ფართოდ გაშლილი ოპოზიციური, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა ერთ-ერთი მოთხოვნა გახლდათ ილიას მკვლელობის ნამდვილი, ობიექტური მიზეზების დადგენა. იმჟამინდელი ხელისუფლება იძულებული გახდა კომისიის შექმნას დათანხმებულიყო (თავდაპირველად 23 კაცის შემადგენლობით, შემდგომ კი ათიც დაამატეს). მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მით უფრო საქართველოში, ამ კომისიას საკითხის შესასწავლად და გამოსარკვევად თითქმის არაფერი გაუკეთებია.

თუმცა უმჯობესია, ფაქტების შესწავლა თანამიმდევრობით დავიწყოთ.

ფრიად საყურადღებოა მეფის რუსეთის ხელისუფალთა ქმედება. ილიას მკვლელობის მესამე დღეს თბილისის გუბერნატორი მეფის კანცელარიას ატყობინებდა, რომ სახელმწიფო საბჭოს წევრი ილია ჭავჭავაძე მოკლეს გლეხებმა, აგრარულ ნიადაგზე, სოციალ-დემოკრატების წაქეზებით და რომ ძარცვა სიმულირებულია. ე.ი. გამოდის, რომ დანაშაულის ჩადენიდან სულ მოკლე ხანში ადგილობრივმა კავკასიურმა ხელისუფლებამ მისი მიზეზების თაობაზე საკმარისად ბევრი რამ იცოდა.

თუმც კი პირველივე სასამართლომ, რომელიც მკვლელობიდან წელიწადისა და სამი თვის შემდგომ გაიმართა, დაადგინა, რომ მკვლელობა ოდენ ყაჩაღობის საბაბით იყო ჩადენილი!

გაიარა კიდევ რვა თვემ. ამ პერიოდში დააპატიმრეს (სულ სხვა დანაშაულისთვის) ილიას მკვლელობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ვანო ინაშვილი, რომელმაც უბირი თედო ლაბაურის, პავლე ფშავლიშვილისა და გიორგი ხიზანიშვილისგან განსხვავებით, ამ საზარელი დანაშაულის შესახებ ბევრი რამ იცოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე სასამართლომაც იგივენაირი განაჩენი გამოიტანა.

ისმის კითხვა: მეფის ოხრანკა-ჟანდარმერიამ, რომელიც, უნდა ითქვას, რომ თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა იმდროინდელ მსოფლიოში, რატომ ვერ მოახერხა მკვლელობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე "იმერელისა" და გიგლა ბერბიჭაშვილის დაკავებაც. ამასაც რომ თავი დავანებოთ, მათ ხომ უკვე აყვანილი ჰყავდათ ზემოხსენებული ვანო ინაშვილი, აგრეთვე გალავნელი ლავრენტი ასათიანი, რომელთაც ამ დანაშაულის შესახებ ბევრი რამ იცოდნენ. ასევე, რატომ არ გამოიძიეს ე.წ. ბახვის კრების საქმე და რატომ არ გამახვილდა ყურადღება ბათუმიდან სპეციალურად ჩამოსულ ორ პირზე...

მოსამართლე ი.ოდიშელი

ერთი სიტყვით, თუ ჯერ კიდევ დანაშაულის ჩადენის პირველ ხანებში ხელისუფლება ნათლად ხედავდა ქართველი სოციალ-დემოკრატების, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ, ესდეკების ნაკვალევს შემზარავ მკვლელობაში, მაშინ როგორ მოხდა, რომ ხანგრძლივი "გამოძიების" შედეგად მან ამ მიმართულებით ვერაფერი დაადგინა.

ჩვენი მტკიცე შეხედულებით, ილიას მკვლელობის საქმე იყო ერთობლივი ნამოქმედარი მეფის რუსეთის ხელისუფლების, უშუალოდ ოხრანკა-ჟანდარმერიისა და ქართველი ესდეკების, ძირითადად მისი რადიკალური, მემარცხენე ნაწილისა (ბოლშევიკების). ამ თვალსაზრისს გამოვთქვამდით მონოგრაფიაში "წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო", რომელიც 2004 წელს დაიბეჭდა. იგივე გაიმეორა აწ გარდაცვლილმა ცნობილმა ისტორიკოსმა, პატრიოტიზმით გამორჩეულმა, სრულიადაც არა ჰომო სოვეტიკუსმა, პროფესორმა გივი ჟორდანიამ თავის 2005 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში "მარტვილობა მესიისა". თავისთავად უკვე ის ფაქტი, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე შეხედულება გამოთქვა ორმა, ვბედავთ ამის თქმას, პროფესიონალმა ისტორიკოსმა და თანაც საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ვფიქრობთ, ბევრის მთქმელი უნდა იყოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს ის გარემოება, რომ მეფის რუსეთის ხელისუფლებამ გამოძიება და სასამართლო პროცესი წარმართა ძალიან ზედაპირულად. მან არ მოისურვა ჭეშმარიტების დადგენა არა უბრალოდ ესდეკებისადმი რამე სიმპათიის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელს არ აძლევდა ამ უკანასკნელთა მხილება. ეს რომ გაეკეთებინა, მაშინ ხომ თვითონაც გამოაშკარავდებოდა.

თითქოს დიდ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ილიას მკვლელობამ გააერთიანა ორი ერთმანეთისადმი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ძალა. მაგრამ ეს პარადოქსი ადვილად აიხსნება. 1905-07 წლებში ჩვენმა უდიდესმა ეროვნულმა მოღვაწემ, ილია ჭავჭავაძემ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა საქართველოს ავტონომიის მოპოვებისთვის ბრძოლაში. იგი ასევე იღვწოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოსაპოვებლად, სიკვდილის დასჯის გასაუქმებლად და სხვ. მსგავსი რამ კი, ბუნებრივია, ხელს არ აძლევდა მეფის რუსეთის ხელისუფლებას და საუბედუროდ, არც ქართველ ესდეკებს. ამრიგად, ვერაგული საქმის აღსრულებისას ისინი ბუნებრივი მოკავშირენი აღმოჩნდნენ.

მკვლელობა დაგეგმილი უნდა ყოფილიყო არა 1907 წლის აგვისტოს ბოლოს ან თუნდაც თვის დასაწყისში და არა გურიის მაზრის სოფელ ბახვსა ანდა დუშეთის მაზრის სოფელ ახატანში, არამედ სავარაუდოდ, თბილისის ბოლშევიკების ლიტერატურული ბიუროს მთავარ დაჯგუფებაში. გაცილებით უფრო ადრე და თანაც, როგორც აღვნიშნეთ, თბილისში. ვფიქრობთ, ეს უნდა მომხდარიყო 1907 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც ბოლშევიკურმა გაზეთმა "ჩვენმა ცხოვრებამ" ილიაზე ბინძური პასკვილი (იროდიონ ევდოშვილის მიერ დაწერილი) დაბეჭდა, ანდა მარტ-აპრილში.

უპირველესად მიმართეს ილიას გარემოცვაში აგენტის ჩანერგვის ხერხს, რაც ჩვეული რამ გახლდათ როგორც ოხრანკა-ჟანდარმერიისთვის, ისე ქართველი ესდეკებისთვის. ამისთვის კი გამოიყენეს ფრიად ოდიოზური პირი, ასოთამწყობი და ჟურნალისტი დიმიტრი ჯაში. შანტაჟის გზით მოხერხდა, რომ ეს უკანასკნელი დაუახლოვეს ილიას დას, ქვრივ ელისაბედს. ივნისის დასაწყისში ფიზიკურად მოიშორეს ილიას მოურავი საგურამოში, მოსე მემანიშვილი (მეუღლითურთ). ამ მკვლელობის საქმე სერიოზულად არავის გამოუძიებია და მალე შეწყვიტეს კიდეც. წარმოგიდგენიათ, ეს ჩაიდინეს ილიას - იმ დროისთვის სახელმწიფოს საბჭოს წევრის მიმართ!

მოკლული მოურავი ჩაანაცვლეს სწორედ ავადსახსენებელი დიმიტრი ჯაშით. ქართული ლიტერატურის მუზეუმში დაცულ ალექსანდრე კოჭლავაშვილისეულ (იგი საბჭოური სასამართლოს პროცესში გიგლა ბერბიჭაშვილს დაჰკითხავდა) ფონდში არის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დიმიტრი ჯაშისა და გიგლა ბერბიჭაშვილის კავშირს, მათ შეხვედრას მცხეთის პრისტავის მოვალეობის შემსრულებელ სტანისლავ გრიციუნასთან. ეს დოკუმენტები გამოიყენა ბატონმა გივი ჟორდანიამ, ასევე მეც დასახელებულ წიგნებში. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობაა ჩვენი პოლიტემიგრანტის, ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ 1989 წლის მაისში ბატონ გივი ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილშიც.

გიგლა ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე

აზერბაიჯანის ცენტრალურ საისტორიო არქივში ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტი - სტანისლავ გრიციუნასის საქმე, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი საგანგებოდ შეარჩიეს თბილისში, როგორც წარმოშობით არა რუსი, არამედ ლიტველი. პოლიციის დაბალჩინოსანი, ე.წ. ოკოლოტოჩნიკი გრიციუნასი გადაუყვანიათ დუშეთის მაზრის მცხეთის უბნის (უჩასტოკის) პრისტავის მოვალეობის დროებით შემსრულებლად. მკვლელობის შემდეგ კი მალე პრისტავი (ბოქაული) გამხდარა. მცირე ხნის შემდეგ კი გადმოუყვანიათ თბილისის ორი საპოლიციო უბნის პრისტავად და თანაც დაუჯილდოებიათ წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით. რა დამსახურებისთვის, ამის გაგება არ უნდა იყოს ძნელი.

გადასაწყვეტი პრობლემაა, ვინ იყო "იმერელი", ერთ-ერთი ოთხთაგანი ილიას მკვლელთაგან. თითქოს ამის დადგენა ძალიან ადვილი იყო გიგლა ბერბიჭაშვილის საქმის (1941-42 წწ.) წარმოებისას, მაგრამ საბჭოურმა თემიდამ ყველაფერი იღონა, რათა საკითხს ნათელი არ მოჰფენოდა. დაადგინეს, რომ მეოთხე მკვლელი იყო… ლადო ფეიქრიშვილი, წარმოშობით გარეკახელი (სოფელ ნორიოდან). ჩვენი მტკიცე შეხედულებით, "იმერელი" გახლდათ სერგო ორჯონიკიძე.

ამის თაობაზე მრავალი არგუმენტის მოხმობა შეგვიძლია. ამჯერად მხოლოდ ერთზე გავამახვილებთ ყურადღებას. ცნობილი ნოე რამიშვილის დისშვილი შალვა ბერიშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის (მენშევიკებისა) ერთ-ერთი აქტიური წევრი, ერთხანს საქმიანობდა პარიზში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროში. იგი იხსენებდა: "1938 წლის ზამთარში, როდესაც სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალების შესახებ გამოცხადდა (მთხრობელს შეეშალა: უნდა იყოს 1937 წელი. - გ. ყ.), ქართველი და რუსი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი მეგობრული შეხვედრის დროს (ასეთი შეხვედრები საკმაოდ ხშირად იმართებოდა), რუსმა მეგობრებმა გვკითხეს, რა აზრისა ვართ სერგო ორჯონიკიძის პიროვნების შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველნაირად ჩავაქვესკნელეთ და შევაჩვენეთ სერგო ორჯონიკიძე.

მაშინ ერთ-ერთმა რუსმა ამხანაგმა გვითხრა: ორჯონიკიძის ცოდვებს კიდევ ერთი ცოდვა დაუმატეთო და გვიამბო, რომ იგი პარიზთან ახლოს 1911 თუ 1912 წელს (1911 წელს. - გ. ყ.) ლონჟიუმოში ლენინის მიერ მოწყობილ პარტიულ კურსებზე ორჯონიკიძესთან ერთად ისმენდა ლექციებს. ერთ-ერთი ლექციის დამთავრების შემდეგ ლენინი გასულა სამუშაო ოთახიდან. ჩვენთან დარჩა მისი მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაიაო (კრუპსკაიაც ხშირად ესწრებოდა ლექციებს). გამართულა საუბარი, რომლის დროსაც ზოგიერთ ამხანაგს მოუგონებია თავისი რევოლუციური დამსახურებანი რუსეთში. სერგო ორჯონიკიძეს უამბნია, რომ იგი რევოლუციის ტერორისტი იყო და ისიც უხსენებია, რომ 1907 წელს პარტიის დავალებით იძულებული იყო, გარეულიყო ერთ ცნობილ მწერალზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტში. ამასთან აღუნიშნავს, რომ ეს მწერალი იყო რეაქციონერი და სახელმწიფო საბჭოს წევრი" (იხ. გაზეთი "ერთობა", 1991 წ. #4).

სერგო ორჯონიკიძე რომ იმხანად (მით უმეტეს, ილიას მკვლელობის პერიოდში) არაფერს წარმოადგენდა და ოდენ "სტალინის ვირობით" იკაფავდა პარტიული კარიერისკენ გზას, ეს კარგად არის ცნობილი. მისი მეშვეობით ამ საზარელ და ერისთვის სამარცხვინო მკვლელობაში ჩვენ ვხედავთ კვალს იოსებ ჯუღაშვილ-სტალინისკენ. შეგახსენებთ, რომ ზემოთ მოხსენიებული ბოლშევიკური გაზეთის რედაქტორი სწორედ იგი იყო. გვაქვს სხვა შესაბამისი ფაქტებიც: იოსებ ჯუღაშვილი-სტალინი ნაცნობობდა ვანო ინაშვილთან, ლავრენტი ასათიანთან და თვითონ დიმიტრი ჯაშთანაც კი!

დასასრულ, ილიას მკვლელობის საქმის კვლევა-ძიება კვლავაც უნდა გაგრძელდეს. დასამუშავებელია საისტორიო არქივები ბაქოში, სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში, ასევე ვოლოგდაში, კერძოდ სოლვიჩეგოდსკში. ჩვენთანაც, საქართველოშიც შეიძლება ახალი წყაროების მოძიება და ფაქტების დადგენა. მაგრამ ყველაფერი ეს უპირველესად პროფესიონალების, განსაკუთრებით კი ისტორიკოსების საქმეა...

ნოდარ გრიგალაშვილი

დიდი ილია დღესაც გვიხმობს...

ის, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, დეტექტიურ ჟანრს გაახსენებს მკითხველს, მაგრამ რასაც თქვენ წაიკითხავთ, დაემყარება მხოლოდ დოკუმენტებს.

მკითხველმა უკვე იცის, რომ ილიაზე უშუალო თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ: გიგლა ბერბიჭაშვილი, პავლე ფშავლიშვილი, ვანო ინაშვილი და ვიღაც იმერელი.

ამას გარდა, მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ მეეტლე თედო ლაბაური, გიორგი ხიზანიშვილი და გიგოლა მოძღვრიშვილი. მოგვიანებით მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილე კიდევ რამდენიმე გვარი დასახელდა.

ერთადერთი უშუალო მკვლელი, ვინც არათუ დაისაჯა, არამედ მისი ვინაობაც კი ვერ დადგინდა, იყო ვიღაც იმერელი. მისი ვინაობა იდუმალებით არის მოცული მთელი ამ ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ვიღაც იმერელი უშუალო მკვლელთა შორის ყველაზე მძაფრი ინტერესის ობიექტი იყო, რადგან ძიებამ, პატიმართა ჩვენებებზე დაყრდნობით, სწორედ ის მიიჩნია ბანდის მეთაურად. სწორედ ის იყო კომიტეტიდან გამოგზავნილი ტერორისტი, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა საშუალო რგოლის შემკვეთთან, ანუ რაიონულ კომიტეტთან, ან შესაძლებელია უფრო ზემოთაც. ცხადია, მისი დაჭერით ძიება იმედოვნებდა შემკვეთებზე გასვლას.

1908 წლის 19 დეკემბრის დუშეთის მაზრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კალინინი საიდუმლოდ მიმართავს ძიებას: "ხელისუფლების მიერ იძებნება უცნობი იმერელი, რომელიც წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის მკვლელთა ბანდის მეთაურს". და ეს ხდება მკვლელობიდან წელიწადისა და თითქმის ოთხი თვის შემდეგ. მანამდე ძიება იმის გამო ვერ დაინტერესდებოდა, რომ მხოლოდ მეეტლე თედო ლაბაური იყო დასახელებული. ის კი ვერც დაასახელებდა ვიღაც იმერელს, რადგანაც მხოლოდ საგურამოს თემის მცხოვრებთ - ფშავლიშვილს, ინაშვილსა და ბერბიჭაშვილს იცნობდა.

პავლე ფშავლიშვილი (აფციაური)

მოგვიანებით, სხვა მკვლელთა დაჭერის შემდეგ, სოფელში ხმა გავარდა, ბერბიჭაშვილიც დაიჭირესო. ბიძამისს უთქვამს, - ის რომ დაიჭირეს, რატომ სანდრო ოზიევს (ოძიშვილს) არ იჭერენ, იმერელი სწორედ ის არისო. არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 1908 წლის დეკემბერში დუშეთის მაზრის უფროსს რომელიღაც მემამულემ, რომლის დასახელებაც მან ვერ შეძლო, რადგან პატიოსანი სიტყვა ბორკავდა, აჩვენა, რომ ის "იმერელი" არის სანდრო ოზიევი. ძიებამ ეს ვერსია არ გაიზიარა და ოძიშვილი გაუშვეს, მაგრამ მთავარი ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა გახლავთ. ოძიშვილი ამოსაცნობად წაუყენეს მეეტლეს, რომელსაც უთქვამს, - ვერ ვიცნობ და რომც ყოფილიყო, სახეზე არ მინახავსო.

ვის შეიძლებოდა ან გვარით, ან მეტსახელით, ან სახით სცნობოდა "იმერელი"? ცხადია, იმათ, ვისთანაც წინა ღამე გაატარა იმერელმა ტერაქტის მოლოდინში. ესენი იყვნენ ბერბიჭაშვილი, ინაშვილი, ფშავლიშვილი და ხიზანიშვილი. მათგან პირველად იჭერენ ფშავლიშვილს 1908 წლის 10 თებერვალს.

პოლიციამ ნადიროვის მამულში, ალექსი მძელურის სახლში დააპატიმრა პავლე ფშავლიშვილი და ლადო ფეიქრიშვილი, რომელთაც ილიას მკვლელობას აბრალებდნენ.

...გზაზე ლადო ფეიქრიშვილი გამოსტეხია ბოქაულს და უთქვამს: პავლე ფშავლიშვილმა მიამბო, რომ ილიას მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საგურამოში მამასახლისად ნამყოფი ვანო ინაშვილის მეთაურობით პავლე ფშავლიშვილმა (აფციაური), გიგლა ბერბიჭაშვილმა და ერთმა იმერელმა, რომლის გვარი არც პავლემ იცოდა.

მაზრის უფროსის შეკითხვაზე პავლე ფშავლიშვილი გამოტეხილა და უთქვამს ის, რაც ფეიქრიშვილს გზაში ბოქაულისთვის უამბნია. ფშავლიშვილს ისიც გამოუცხადებია, რომ მე და ჩემი ამხანაგები ჩავუსაფრდით ილიას 30 აგვისტოს სოფელ წიწამურის მახლობლად. მე მაღლობზე ვიდექ და ვდარაჯობდი, როდის გამოივლიდა ილიას ეტლი. მოგვიახლოვდა, მე დავუსტვინე, ინაშვილი და სხვები დაემზადნენ. ეტლი შეაჩერებინეს და პირველად ჭავჭავაძეს ინაშვილმა დაახალა. მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო გიგლა ბერბიჭაშვილმა და ერთმა იმერელმა, რომლის გვარი არ ვიცი. ვიცი კი, რომ ის იმერელი ამ რამდენიმე ხნის წინათ ტფილისში რევოლვერის ტარებისთვის დააპატიმრეს და გადაასახლეს რუსეთში. მკვლელობის შემდეგ ავედით ტყეში, გადავიარეთ ტყეზე ზედაზნის მონასტრის გვერდით და შემდეგ სოფელ ავჭალაში ჩავედით. იქიდან კი ტფილისს მივაშურეთ და ნაძალადევში ვცხოვრობდითო ("ისარი", 13 თებერვალი, 1908 წ.).

ეს არის პირველი ჩვენება, სადაც "ერთი იმერელი" იხსენიება. ფშავლიშვილის სიტყვებიდან გამომდინარე, დიდი შერლოკ ჰოლმსობა არ სჭირდებოდა იმის ამოცნობას, რომ ეს უბირი ფშავლიშვილი, მისდა უნებურად, თავს ყიდდა. მან მშვენივრად იცოდა, ვინ იყო "იმერელი", გვარ-სახელით თუ არა, სხვა ნიშნით, ვთქვათ, მეტსახელით მაინც, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორ შეეძლო ეთქვა - ვიცი, რომ ეს ის კაცია, რომელიც ამას წინათ იარაღის ტარებაზე დაიჭირეს და რუსეთს გადაასახლესო.

თედო ლაბაური

ფაქტი ერთია, ან ძიებას არ სურდა "იმერელის" დაჭერა, ან ფშავლიშვილიცა და ფეიქრიშვილიც "იმერელთან" დაკავშირებით შეგნებულად მამაძაღლობდნენ.

არსებობს მკვლევართა სხვადასხვა ვერსია, ვინ უნდა ყოფილიყო "ერთი იმერელი". მათ შორის სხვადასხვა დროს ამგვარი ვერსიები არსებობდა: მაზრის უფროსი ფაღავა თავიდან ფიქრობდა, რომ იგი მოძღვრიშვილი იყო. ბერბიჭაშვილის ბიძა და ერთი თავადი ყაჩაღ სანდრო ოზიევს ასახელებდნენ. საბჭოთა სასამართლო პროცესზე გიგლა ბერბიჭაშვილმა "ვიღაც იმერლად" ლადო ფეიქრიშვილი დაასახელა. მკვლევარ ალექსანდრე შუშანაშვილის მოსაზრებით, ეს იმერლობა ბანდის მეთაურის გასასაიდუმლოებლად მოიფიქრეს მკვლელებმა და ასევე გასაიდუმლოებული დარჩა. მკვლევართა ერთი ნაწილი "იმერელად" ანუ ილიას მკვლელთა ბანდის მეთაურად სერგო ორჯონიკიძეს მიიჩნევს.

მაგრამ მაინც ვინ უნდა ყოფილიყო "იმერელი"?

წრე, რომელშიც "იმერელი" უნდა ვეძებოთ, შემოსაზღვრულია იმ ბანდებით, რომლებიც ილიას მკვლელობამდე დათარეშობდნენ დუშეთის მაზრაში. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე საშიში იყო მცხეთის წითელრაზმელთა ბანდა ანუ "ტყის ძმები", რომელსაც დუშეთის მაზრის კომიტეტის დავალებათა შემსრულებელი ილიკო იმერლიშვილი ხელმძღვანელობდა.

ის, რომ კომიტეტიდან გამოგზავნილი "იმერელი" ილიას მკვლელთა ბანდის მეთაური იყო, დაადგინა გამოძიებამ.

ის, რომ ილიას მკვლელთა ხელმძღვანელი "ტყის ძმების" მეთაური იყო, დაგვიწერა ბოლშევიკმა რაჟდენ კალაძემ. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ: - კომიტეტის ბეჭედდარტყმული ყალბი დოკუმენტით "ტყის ძმების" მეთაური შეცდომაში შეიყვანეს და მოაკვლევინეს ილია ჭავჭავაძეო.

გიგოლა მოძღვრიშვილი

ჩვენი ამოცანა მხოლოდ ტოლობის ნიშნის დასმაა!

"იმერელი" არის "ტყის ძმების" მეთაური.

დუშეთის მაზრაში მოქმედ "ტყის ძმების" მეთაურთაგან ერთი - ფეიქრიშვილი, როგორც "იმერელი", თავად ძიებამ გამორიცხა.

მეორის, ვასო კუდულაშვილის არანაირი ურთიერთობა ამ საქმესთან არ დასტურდება.

ლოგიკა გვკარნახობს ვერსიას, რომ "იმერელი" იმერლიშვილი უნდა იყოს.

ეს ლოგიკა ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ წანამძღვარს ეფუძნება.

1. დადგენილება მიღებულია დუშეთის მაზრის კომიტეტის მიერ.

2. დადგენილებას ახორციელებდა კომიტეტის ტერორისტული ჯგუფი ან ჯგუფები.

3. დუშეთის მაზრაში მოქმედებდა ბოლშევიკ იმერლიშვილის ტერორისტული ჯგუფი (დანარჩენი ორი ბანდის მეთაური მხოლოდ ყაჩაღები იყვნენ, ეს იმერლიშვილი კი იმავდროულად პარტიული მუშაკია).

4. "იმერელი" ილიას მკვლელთა ბანდის მეთაური იმავდროულად არის "ბეჭედდარტყმული ქაღალდით" "შეცდომაში შეყვანილი" ტერორისტული ჯგუფის ანუ "ტყის ძმების" მეთაური.

ამ დასკვნას მრავალი დოკუმენტი უდევს საფუძვლად, რომელიც ჩვენ სრულად აღვნუსხეთ ორტომეულში "თანამდევი სული". საბოლოო ვერდიქტისთვის ამ წანამძღვრებთან ერთად დავიხმარეთ იმერლიშვილის ბიოგრაფიული ცნობებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ იმერლიშვილი იმდენად დაუნდობელი ტერორისტი ყოფილა, რომ მისი შიშით დუშეთის მაზრიდან ხალხი იყრებოდა და საცხოვრებლად სხვაგან მიდიოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ბოლშევიკებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის რევოლუციის რაინდად მოენათლათ.

გიორგი ხიზანიშვილი

და კიდევ ერთი ფაქტიც: არ არსებობს არგუმენტი, რის გამოც ეჭვი უნდა შევიტანოთ ბოლშევიკთა იდეოლოგ რაჟდენ კალაძის მიერ საბჭოთა დროში გამოქვეყნებულ სიტყვებში, ილია "ტყის ძმების" მეთაურს მოაკვლევინესო. იმ დროს "ტყის ძმების" ბოლშევიკი მეთაური დუშეთის მაზრაში მხოლოდ ილიკო იმერლიშვილი იყო.

ქართველმა ბოლშევიკებმა ილია მოკლეს, ერთი თვის შემდეგ რუსებმა ტოლსტოი ვერ გაიმეტეს, მაგრამ მის სახლს თოფები დაუშინეს.

ვინ იყო ყველაზე დიდი ნაციონალისტი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით საქართველოში? - ილია ჭავჭავაძე.

ქართველმა ბოლშევიკებმა ვალი მოიხადეს ახალი დროის ჩინგიზ ხანის, სიბირსკელი ულიანოვის წინაშე და დიდი ალბათობით სწორედ მასთან შეთანხმებით თავიდან მოიცილეს ქართული ნაციონალიზმის მედროშე.

...ერთი ემიგრანტი პოეტისა არ იყოს, მთის ჯვაროსნებივით მუდმივ უნდა ვიაროთ ილიას გარშემო, აწ უკვე დედაეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი მგოსნის ირგვლივ.

ვიღაც მადლიანს ერთ ფოტოსურათზე ილია ასე აღუბეჭდავს: მოძღვარი ერისა განმარტოებით დგას, ხელი შეუმართავს და საჩვენებელი თითით ვიღაცას უხმობს.

ილია გვიხმობს ჩვენ უკეთესი საქართველოსთვის!..

მოამზადა ნოდარ შოშიტაშვილმა

ჟურნალი "ისტორიანი",#8