"აი, ხომ ხე­დავთ, ჩვე­ნი ცო­ლე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ" - ქართველების უჩ­ვე­უ­ლო შეხ­ვედ­რა ოკე­ა­ნის გაღ­მა... - კვირის პალიტრა

"აი, ხომ ხე­დავთ, ჩვე­ნი ცო­ლე­ბი გა­ვა­ქარ­თვე­ლეთ" - ქართველების უჩ­ვე­უ­ლო შეხ­ვედ­რა ოკე­ა­ნის გაღ­მა...

რეკლამა გარკვეულწილად ყველაფერს სჭირდება... რასაკვირველია, კარგ წიგნსაც. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. ეს ერთი "დეტალია" წიგნის წარმოებისა - საგამომცემლო საქმიანობის დიდ სივრცეში. ცხადია, არც "გადაჭარბებაა" უცხო; ესეც რეკლამის თვისებაა, მაგრამ კონკრეტული წიგნის (ან ნებისმიერი პროდუქციის) წარდგინება მის ძირითად არსს ან ვთქვათ ასე, ღირსებას უნდა უსვამდეს ხაზს.

ერთი სარეკლამო წარდგინება: მოხერხებული ფორმატით შემოთავაზებული წიგნი - მისი სათაურით უნდა დაიმახსოვროს მნახველმა; ქვემოთ, ცნობილი ავტორები და შეფასებები... და მთავარი - წარწერა დიდი ასოებითა და მუქი შრიფტით:

FIRST COLUMBUS - THEN GEORGE - "პირველად კოლუმბმა, შემდეგ ჯორჯმა"... აზრი მექანიკურად გრძელდება - აღმოაჩინეს ამერიკა!

ეს უჩვეულო წარდგინება პაატა ნაცვლიშვილმა მაჩვენა.

ორი მწერალი, ორივე ქართველი! ერთი ქართულად წერს, მეორე - ინგლისურად, თანაც მუდმივი თანაავტორი ჰყავს. სხვადასხვა სახელმწიფოს წარმოადგენენ. პირველი "მოსალოდნელ" ფათერაკს არ დაერიდება, მეორე - მანძილს და ერთმანეთს უეჭველად გაიცნობენ. სწორედ ამ შეხვედრაზე ვისაუბროთ.

ამერიკაში ჩასული ქართველი მწერალი აკაკი ბელიაშვილი სასტუმრო "სკოტლენდში" მცხოვრებ მასპინძელს, ცნობილ ფალავან ნიკოლოზ ქვარიანს გიორგი პაპაშვილის შესახებ დაეკითხება, არც იმას დაუმალავს, რომ მასზე "საქართველოში ლეგენდები დადის"... მწერალია თავადაც და რა გასაკვირია, ეს უფრო აინტერესებს. საქართველოში დაბრუნებული თავის მოგონებებში შეეცდება, დიალოგი ზუსტად აღადგინოს; ეს არა მხოლოდ სიზუსტისთვის სჭირდება, არამედ იმიტომაც, რომ ქართველ მკითხველს უამბოს. უსათუოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მოგონებების სრული ვერსია მხოლოდ ხელნაწერის სახით დევს აკაკი ბელიაშვილის არქივში, სათაურით: "ამერიკაში პარიზზე გავლით". დაბეჭდვით - 1964 წელს დაიბეჭდა მისი თხზულებების მეორე ტომში, ძალიან შემოკლებული და თან სათაურით: "მოგზაურობა ამერიკაში" (პარიზი მთლიანად გამოტოვებულია, თხრობა პირდაპირ გადადის ამერიკაზე. როგორც ჩანს, გამოცემისას "გავლა" აღარ "მოხერხდა").

ერთი ფრაგმენტი:

"- კოლია ჩემო, პაპაშვილის წიგნი ხომ არა გაქვს, მინდოდა მეშოვა. ამ მწერლის შესახებ საქართველოში მთელი ლეგენდები დადის...

- პაპაშვილის? მოიცა - ტელეფონს ხელი დაავლო, ნომერი აკრიფა და ჩასძახა:

- ალო, გიორგი, გამარჯობა შენი... ჰო, კოლია ვარ... როგორ ხარ, კაცო, სად დაიკარგე. აგერ, ჩემთან საქართველოდან არიან ჩამოსული, მწერალია ბელიაშვილი და რეჟისორი პიპინაშვილი, მეკითხებიან, ერთი დაგვანახვეთ ეს პაპაშვილიო... რაო, გეწვიოთ... არა, ესენი ვერ წამოვლენ, ხვალ დილით მიფრინავენ... მოდიხარ? ახლავე წამოხვალ?"

გიორგი პაპაშვილი ჩამოსულ სტუმრებს ტელეფონით მაინც დაელაპარაკა... კიდევ ერთხელ შეეპატიჟა, სხვაგვარად როგორ მიეწვია, ასე უთხრა:

"- ძალიან გთხოვთ, თქვენი ამხანაგებით მესტუმროთ, კოლიამ იცის, სადაც ვცხოვრობ. სამი საათი არც დაგჭირდებათ მანქანით.

- არ შეგვიძლიან პატივცემულო გიორგი. ჩვენ ხვალ დილით მივფრინავთ. ძალიან მინდოდა თქვენი წიგნი მქონოდა, ჩვენში კიდევაც დაიბეჭდა თქვენი წიგნის თარგმანები ქართულად...

- ვიცი, ჟურნალი "დროშა" მივიღე, ვნახე, იქ არის. ჩემს წიგნს მოგართმევთ. მაშ, მე წამოვალ თუ დამელოდებით, კოლიასთან მოვალ.

- გელოდებით. ნახვამდის.

მილი დავდე და ქვარიანს ვეკითხები:

- განა ის ნიუ-იორკში არ ცხოვრობს?

- არა, პენსილვანიაში ცხოვრობს. აქედან ასი მილია. მოვა, მალე მოვა, სულ ერთია, არსად გაგიშვებთ. მისი წიგნი ძალიან პოპულარულია ამერიკაში. სურათიც დაიდგა მისი მოთხრობის მიხედვით".

აკაკი ბელიაშვილი

მკითხველი, ვიცი, დაინტერესდება, როგორ მოხვდნენ "მანამდე" კოლია ქვარიანთან?

60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ტენდენციები შეიცვალა. შესაძლებელი ხდებოდა უცხოეთთან ერთგვარი კავშირების დამყარება, აღდგენაც. ეს ძირეულად განსხვავდებოდა 30-40-იანი წლების სახელმწიფო იდეოლოგიური სტრატეგიისგან. დრომ, ახალმა ვითარებამ სხვა შესაძლებლობები მოიტანა. ოფიციალური დელეგაციების გაგზავნა, საოჯახო კავშირების აღდგენა, საზღვარგარეთ მყოფი ნათესავების მოძებნა თანდათან შესაძლებელი ხდებოდა...

სწორედ 60-იან წლებში ამერიკაში მოგზაურობის თაობაზე განსხვავებული მოგონებები არსებობს: სხვადასხვა შთაბეჭდილებით, ინტერესით, შეხვედრით და "გაბედულებით" სავსე. იმ დროს, თანაც "პირველი საბჭოთა დელეგაციის" პირობებში ეს საკმაოდ რთული იქნებოდა, თამამიც...

ირაკლი აბაშიძე წიგნში "ამერიკა თვალის ერთი გადავლებით" ერთ იდილიურ შესაძლებლობას აღწერს, როგორ შეგიძლიათ მშვენიერ გზებზე გააქროლოთ მანქანა; გზისპირას ერთსართულიან პატარა "ოტელთან" გააჩეროთ, იქვე დატოვოთ და ნომერში მშვიდად წამოწოლილმა ტელევიზორს უყუროთ; თან რამხელა არჩევანია?! "ტელევიზიას რვა პროგრამა აქვს". როგორმე ერთს მაინც გამოარჩევს: "ძილის წინ ტელევიზორში რომელიღაც კამეჩივით ზორბა, ბრგე ამერიკელ მოჭიდავეთა მატჩს უცქირეთ, აბა, ვინ ვის წააქცევს. ეს პროგრამა არ მოგეწონათ, სხვა ჩართეთ".

აკაკი ბალიაშვილიც ამერიკაშია... ის და მისი ახლობელი, ნიუ-იორკში სანახაობით დაღლილი, ქუჩაში ხეტიალზეც უარს იტყვიან და სასტუმროს ნომერში დაბრუნდებიან. "ახლობელი" - ცნობილი ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ პიპინაშვილია. სასტუმროში დაბრუნდნენ... ტელევიზორის წინ წამოწვნენ და "ამერიკული ჭიდაობის" ყურებას შეუდგნენ.

"- ვისაც ეს ჭიდაობა არ უნახავს, იმას ამერიკა არ უნახავს", - გადაუწურავს წყალს აკაკი ბელიაშვილი რომელიმე ტურისტს და თავად შეეცდება მკითხველს თავისი ნაამბობით, ამერიკა "ანახვოს". მით უფრო, რომ დარწმუნებულია, "ამ ჭიდაობაშია მთელი სისავსით აღბეჭდილი ამერიკის ნამდვილი სახე".

- რას წარმოადგენს ეს ჭიდაობა? - დასვამს კითხვას და დეტალურ აღწერასაც შეუდგება, როგორ გამოდის რინგზე ერთდროულად ოთხი მოჭიდავე, "ორ-ორი თითოეული მხრიდან". ჯერ პირველი წყვილი იწყებს, შემდეგ ერთვება მეორე. და არის ერთი ჩხუბი, გაუთავებელი ცემა-ტყეპა, დაუზოგავი წიხლები... "ტანდაბალი მოჭიდავე ამოიჭრა და ეცა გოლიათს. ეცა და თქვენს მტერს, რაც იმას დღე დააყენა. ლეკური ნაბადივით მოთელა, აჭანჭყარა, თავი ფეხებში გაუძვრინა და ასე დახვეულ-დაგორგალებული გადააგდო პარტერში. ერთი სიტყვით, მთელი ეს "ჭიდაობა" წარმოადგენდა ერთმანეთის ცემა-ტყეპის, მსხვრევა-ლეწვის, თმების დაგლეჯის, პირში თითების ჩაჩრის და ლოყების ხევის არაადამიანურ სანახაობას".

ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე ნიკოლოზ (კოლია) ქვარიანი (1900-1980)

სანახაობამ (თანაც უცხომ) გატაცება იცის, ალბათ ამიტომ, "ორი თუ სამი ოთხეულის ჭიდაობა ვიყურეთ".

...ემოცია სხვადასხვა მოგონებას ამოატივტივებს; არადა, მეხსიერება ბევრ ამბავს იტევს, ადამიანებსაც... უცნაურია, მაგრამ იქ, ამერიკაში, სატელევიზიო გადაცემა ორივე ქართველს ერთსა და იმავე ადამიანს გაახსენებს. თითქმის მათივე თანატოლს, ქუთაისელ მეზობელს, საქართველოში თავის დროზე სახელმოხვეჭილ და ამერიკაშიც საკმაოდ ცნობილ ფალავან ნიკოლოზ ქვარიანს. ნიუ-იორკის სატელეფონო წიგნში გვარ-სახელს მოძებნიან და...

"- ალო, - მესმის ტელეფონში, თუმცა მილაკი პიპინაშვილს აქვს ყურზე.

- ქვარიანი ბრძანდებით? - ეკითხება აქედან.

და უცბად ისმის გაურკვეველი ქუხილი მილში. პიპინაშვილი ძლივს ასწრებს პასუხების გაცემას და ასე მგონია, მიკროფონში ატომური რეაქცია ხდება და სადაც არის აფეთქდებაო, ისეთი გრიალ-ჭახჭახი მოდის იქიდან".

ქვარიანს მეორე დღეს ესტუმრნენ.

გახარებული მასპინძელი მოსულებს სიხარულით შეხვდა და მეუღლეც - სიდონია გააცნო. წარმოშობით გერმანელი ქალბატონი, რომელსაც ოცნებად გადაქცევია, ქმრის სამშობლო ნახოს - საქართველო...

ოთახის კედლები მხატვართა ნამუშევრებით იყო დაფარული, ირგვლივ - კარადაში, თაროებზე, მაგიდაზეც კი უამრავი წიგნი ეწყო... მათ შორის ქართულიც. იგონებენ წარსულს - ასე ახლობელსა და ასე შორეულს. ის დროით არ გამანძილებულა, მიწით დასცილდნენ... არადა, "მიწა თავისას მოითხოვს. და რა მიწისგანაც ხარ ადამიანი შექმნილი - ის მიწა ბღავის შენს სხეულში, სადაც უნდა გადავარდე კაცი" (ნიკოლო მიწიშვილი). იხსენებენ მოწაფეობისდროინდელ ქუთაისს, რიონის საბანაოებს, ბაღისკიდეს, გამყრელიძის ცირკს (თეთრი ხიდის გადაღმა), ალელოვის საცეკვაო სკოლას, კინო "რადიუმს", ბოსლევურ "პირაჟკებს," მწვანე ბაზარზე გამოტანილ "საშემოდგომო ცრემლიან ლეღვებს და ატმებს"; ახლობლებსაც: ტერენტი პიპინაშვილს, სანდრო მხეიძეს, პოეტ კოლაუ ნადირაძეს, ლელიკო ხოტივარსა და ნიკოლოზ სანიშვილს, მედელაურს, მაჩაბელს, ჟან დე კოლონს, კოსტა მაისურაძეს, სანდრო კანდელაკს...

"კვლავ დაქროდა თავისი ოცნებით ქუთაისში ახალგაზრდა გოლიათი, ქუჩაში ბავშვები გუნდ-გუნდად რომ დასდევდნენ და თვალებში შეციცინებდნენ..." ნიჭიერი მწერალია აკაკი ბელიაშვილი და კარგადაც ჰყვება. მერე ამერიკელ ქართველებსაც ახსენებენ: დავით და სერგო მდივნებს, მათ საყოველთაოდ, მაგრამ სხვადასხვა ვერსიით გავრცელებულ თავგადასავლებსაც; იცინებენ. "ორი საერთაშორისო ალფონსიო", - კი იხალისებენ, მაგრამ მაინც ეტყობათ, მოსწონთ... საინტერესო ამბებსაც გააგებინებენ ერთმანეთს, მაგალითად ამგვარს: "დავითის დაი რუსუდანი ცოლად ჰყავდა ისპანელ მხატვარს - სერტს; მეორე დაი, ნინო, ცოლი იყო ცნობილი ინგლისელი მწერლის კონან დოილის შვილისა".

ამასობაში ცოლ-ქმარი პაპაშვილებიც მოვლენ. საინტერესოა, მწერალი აკაკი ბელიაშვილი როგორ აღწერს თავის პირველ შთაბეჭდილებას: "გიორგი პაპაშვილი საშუალო ტანის, ხმელი აგებულობის შავგვრემანი კაცია, ტიპური მთიული. მისი მეუღლე ელენე კი მაღალი, ჩასუქებული ამერიკელი ქალია, საოცრად ჭკვიანი თვალებით". დასხდნენ, საუბარი თავისთავად გაგრძელდა. სამშობლოდან ჩამოსული თანამოკალმის მოტანილი "ამბავი", "ჩვენში, საქართველოში იციან თქვენი მწერლობის შესახებო", პაპაშვილისთვის უცნობი არ აღმოჩნდა!

სამაგიეროდ, თანამემამულეებმა შეიტყვეს, გიორგი პაპაშვილი მოქანდაკე რომ იყო, გამოფენებსაც აწყობდა, მისი ბევრი ნამუშევარი იყიდებოდა კიდეც, ხოლო ზოგიერთი მათგანი მუზეუმებსაც ჰქონიათ შეძენილი...

აკაკი ბელიაშვილმა მოქანდაკის ნამუშევრების ფოტორეპროდუქციების ნახვის სურვილი გამოთქვა, მაგრამ კოლია ქვარიანთან ქართველების სანახავად ხელდახელ ნაჩქარევად წამოსულ გიორგი პაპაშვილს ეს არც უფიქრია და ამდენი აღარ გაუთვალისწინებია... როგორც კი გაარკვია, ჩემთან მოსვლას ვერ ახერხებენო, ჩაჯდა საკუთარ "შევროლეს" მარკის ლიმუზინში და პენსილვანიის შტატიდან თვითონვე გამოეშურა მეუღლესთან ერთად. ასი მილი გაიარა...

უჩვეულოა ეს ყოველივე და იმავდროულად, ძალიან საინტერესო: ამ უზარმაზარ სახელმწიფოში ცხოვრების გაგრძელებაც, პერსონალური გამოფენის გამართვა სახვითი ხელოვნების აკადემიაში ან რომელიმე სახელმწიფო მუზეუმში, მაგრამ საუბარში მწერლობას მაინც გამორჩეული (ვიტყოდი, საპატიო) ადგილი უჭირავს. შეკითხვებიც გაგრძელდება:

"მე მაინტერესებდა, - გაიხსენებს მოგვიანებით აკაკი ბელიაშვილი, თუ როგორი პოპულარობით სარგებლობს სახელდობრ ის წიგნი, რომელშიაც მისი ბიოგრაფიაა მოთხრობილი.

გიორგი (ჯორჯ) და ელენე პაპაშვილების ლექციის ანონსი

აღმოჩნდა, რომ იგი დაახლოებით ოცდათხუთმეტჯერ გამოუციათ ორი მილიონის საერთო ტირაჟით". როცა ამაზე თავად ავტორი გიყვება, მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, სასიამოვნოც. იმასაც აღვნიშნავ, რომ აქ ლაპარაკია მხოლოდ ბესტსელერის ("ყველაფერი შეიძლება მოხდეს") ტირაჟზე; თორემ ამ პერიოდში გიორგი პაპაშვილს არაერთი წიგნი უკვე გამოცემული ჰქონდა, რომლებიც წარმატებით იყიდებოდა და პოპულარობითაც სარგებლობდა მკითხველთა შორის. შეუძლებელია, არ გაგახაროს თანამემამულის წარმატებამ. თავად საქართველოში არაერთი პოპულარული წიგნის ავტორი ამერიკული ჰონორარითაც დაინტერესდება. ისე, რატომაა უხერხული, გაინტერესებდეს, როგორ უხდიან მწერალს სხვა სახელმწიფოში. "საბჭოთა" კია, მაგრამ თვითონაც ქართველია, ჭკვიანი და თავადაც მწერალი...

თუკი ღიმილიანი მოგონებების დროა, აქვე გავიხსენებდი ამერიკიდან დაბრუნებული აკაკი ბელიაშვილის დოკუმენტური პროზიდან კიდევ ერთ ფრაგმენტს:

ქალაქი - ნიუ-იორკი;

მასპინძელი - ნიკოლოზ ქვარიანი, მეუღლით;

სტუმრები - აკაკი ბელიაშვილი, ნიკოლოზ პიპინაშვილი, ფელიქს ვისოცკი, გიორგი პაპაშვილი, მეუღლით;

სუფრა - ბერძნულ რესტორანში;

პირველი სადღეგრძელო - სამშობლოს ეკუთვნის,

მეორე - დიასახლისებს და თამადის მიერ ამაყად თქმული:

"- აი, ხომ ხედავთ, ჩვენი ცოლები გავაქართველეთ, - გვითხრა ქვარიანმა.

მაშინ პაპაშვილის მეუღლემ ღიმილით მოუჭრა:

- თქვენი გაამერიკელება შეუძლებელი აღმოჩნდა და ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, რომ არ გავქართველებულიყავით".

წიგნებში, ნამუშევრებში დასტურ, ქართველი ინდივიდუალისტის სამყაროა.

...და თუკი ჯორჯ პაპაშვილმა ამერიკა "აღმოაჩინა", მასთან შეხვედრა "აქაური" ქართველის - აკაკი ბელიაშვილის მოგონებამ შემოინახა.

რუსუდან ნიშნიანიძე

ჟურნალი "ისტორიანი",#8