გალილეველი ქალები ადრექრისტიანულ ეკლესიაში - კვირის პალიტრა

გალილეველი ქალები ადრექრისტიანულ ეკლესიაში

გალილეაში ებრაელმა მეცნიერებმა მოზაიკა იპოვეს. მასზე არსებული წარწერა ადასტურებს, რომ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში ქალებს ეკლესიაში საკმაოდ მაღალი სტატუსი ჰქონდათ.

წარწერა V საუკუნით თარიღდება და ბერძნულადაა შესრულებული. მასში მოხსენიებულია საუსანი ან შოშანი, რომელიც ეკლესიის ქტიტორი ყოფილა. ეს წარწერა ერთ-ერთია იმ ტექსტებიდან, რომლებიც გალილეაში, სამ ბიზანტიურ ტაძარში იპოვეს.

მკვლევრები გააოცა იმან, რომ პატრიარქალურ ეპოქაში საუსანი მეუღლის ან მეურვის გარეშეა მოხსენიებული. არადა, იმ პერიოდში ქალებს წარწერებში მეუღლეებთან ერთად იხსენიებდნენ, როგორც რომისა და ბიზანტიის იმპერიებში იყო მიღებული.

მეცნიერთა აზრით, ეს ამტკიცებს, რომ ქალებს ადრექრისტიანულ პერიოდში საზოგადოებაში მაღალი სტატუსი ჰქონდათ. მათივე თქმით, საუსანა დამოუკიდებელი ქალი იყო და სოფლის ეკლესიის ასაშენებლად ფული საკუთარი ბიუჯეტიდან გაუღია.

ფარშევანგის გამოსახულება გალილეაში ნაპოვნ ყველაზე დიდ მოზაიკურ წარწერასთან ერთად

რომის იმპერიაში მაღალ საზოგადოებაში ქალები ხშირად ინათლებოდნენ, ხოლო მამაკაცები წარმართებად რჩებოდნენ, რათა დიდმოხელის ან სენატორის სტატუსი არ დაეკარგათ. ეს ხელს უწყობდა ეკლესიაში ქალების რიცხვის ზრდას, განსაკუთრებით, მაღალი ფენის წარმომადგენლების. თუმცა მოულოდნელი აღმოჩნდა ქალის ფინანსური დამოუკიდებლობა დასავლეთი გალილეის ერთ-ერთ სოფელში.

მორდეხაი ავიამი, არქეოლოგი: "ირკვევა, რომ ის დამოუკიდებელი ქალი გახლდათ, რომელმაც ეკლესიას თანხა შესწირა. ეს კი გალილეაში იმ პერიოდში არსებული ცხოვრების წესზე მიუთითებს".

ეს აღმოჩენა ამყარებს თეორიას, რომელიც მანამდე გადმოცემებითა და მოწამე ქალების ისტორიებით იყო ცნობილი, რომ ქალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობაში.

მომზადებულია timesofisrael.com-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#84