4000 წლის წინანდელი შეთანხმება უშვილობის შესახებ - კვირის პალიტრა

4000 წლის წინანდელი შეთანხმება უშვილობის შესახებ

თურქეთის კაისერის პროვინციაში, ქიულთეფეს რაიონში აღმოჩენილი ასურული ფირფიტის შესწავლის შემდეგ თურქმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იგი 4000 წლის წინ დაწერილი ქორწინებამდელი შეთანხმებაა.

კონტრაქტის ტექსტში, რომელიც თიხის ფირფიტაზე ლურსმული დამწერლობით არის შესრულებული, ცოლი გამოთქვამს თანხმობას, ქმარმა იყოლიოს მონა ქალი სუროგაციის მიზნით, თუკი ცოლ-ქმარს ორი წლის განმავლობაში არ შეეძინებათ შვილები. იქვე აღნიშნულია, რომ პირველი ვაჟიშვილის შეძენის შემდეგ, სუროგატი ქალი მონობიდან უნდა გათავისუფლდეს.

ჰარანის უნივერსიტეტის პროფესორი აჰმეთ ბერკიზ ტურპი დარწმუნებულია, რომ აღმოჩენილი არტეფაქტი არის პირველი დოკუმენტი, სადაც უშვილობის პრობლემაზეა საუბარი. არტეფაქტი სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმს გადაეცა.

თანამედროვე ქიულთეფეს ადგილას ასურული უძველესი ქალაქი ქანესი მდებარეობდა, რომელსაც 1925 წელს მიაკვლიეს. აქვე იპოვეს ათასობით ლურსმული, ე.წ. კაპადოკიური ფირფიტა. გამოკვლევებით დადასტურდა, ქანესი იყო ასურელთა დიდი სავაჭრო კოლონია ანატოლიაში, რომელიც ადგილობრივ ქალაქ-სახელმწიფოს მმართველს ემორჩილებოდა.

ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები 1948 წლიდან განახლდა და დღესაც მიმდინარეობს.

მომზადებულია dailysabah.com-ის მიხედვით

ჟურნალი "ისტორიანი",#84