რატომ სწირავდნენ კახთა მეფენი ზარებს სვანეთის ეკლესიებს? - კახეთის ხელმწიფეების სვანეთთან კავშირის დადგენისთვის - კვირის პალიტრა

რატომ სწირავდნენ კახთა მეფენი ზარებს სვანეთის ეკლესიებს? - კახეთის ხელმწიფეების სვანეთთან კავშირის დადგენისთვის

საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში - სვანეთში დაცულია თორმეტი წარწერიანი ზარი, რომელთაგან ცხრა შეწირულია XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე კახეთის იმდროინდელი გვირგვინოსანი მამა-შვილის - ალექსანდრე II-ისა (მეფობდა 1574-1601 და 1602-1605 წლებში) და დავით I-ის (მეფობდა 1601-1602 წლებში) მიერ.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა: რატომ სწირავდნენ კახთა მეფენი ზარებს სვანეთის ეკლესიებს, რა ინტერესი ჰქონდათ? მით უმეტეს, რომ იმხანად უკვე საუკუნეზე მეტი დრო იყო გასული საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლიდან.

აღნიშნული საკითხის გარკვევას მივუძღვენით სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა (ნ. ჯავახიშვილი, ახალი მასალა კახეთის მეფეების ალექსანდრე II-ისა და დავით I-ის სვანეთთან კავშირის ისტორიისთვის, "ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები", XII-XIII, თბ., 2013).

კახეთის გვირგვინოსანს, 74 წელს მიღწეულ და ჯანმრთელობაშერყეულ ალექსანდრე II-ს (1527-1605) ხელმწიფობა წაართვა მისმა უფროსმა ძემ და სამეფო ტახტის მემკვიდრემ - დავით I-მა (1569-1602). იგი იყო მეუღლე კახეთის დედოფალ ქეთევან აშოთანის ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისა (რომელიც შემდგომში შაჰ-აბას I-მა წამებით მოაკვლევინა) და მამა მომავალი მეფე თეიმურაზ I-ისა (1589-1663).

კახეთის მეფეთა რეზიდენცია გრემში

1601 წელს გახელმწიფებული დავით I კახეთის სამეფოს მცირე ხანს განაგებდა. მომდევნო წელს, მისი გარდაცვალებისთანავე, მეფობა დაიბრუნა მამამისმა - ალექსანდრე II-მ და მოკვდინებამდე (1605 წ.) იმეფა.

კახეთის გვირგვინოსანი მამა-შვილის მიერ სვანეთის ეკლესიებისთვის შეწირულ ზარებზე ამოტვიფრულ წარწერებში აღნიშნულია, რომ ეს ძღვენი სალოცავებს გაუგზავნეს (წარწერები მოგვყავს სათითაოდ):

1) "მეფემან, პატრონმან ალექსანდრე";

2) "მეფეთ-მეფემან, Ãელმწიფემან, პატრონმან ალექსანდრე";

3) "მეფეთ-მეფემან ალექსანდრე, ძემან ლეონისამან";

4) "მეფეთ-მეფე ალექსანდრე";

5) "ღვთივ გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან, პატრონმან ალექსანდრე";

6) "კახეთის ხელმწიფემან, პატრონმან ალექსანდრემ";

7) "ღმრთივგუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან, პატრონმან ალექსანდრე";

8) "კახთა მეფემან, პატრონმან დავით".

აქ უცვლელი სახით მოვიყვანეთ ზარებზე დატანილი კახეთის მეფეთა ტიტულატურის ყველა ვარიანტი, რომლებიც ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავდება. ისინი შეტანილია მკვლევარ ვალერი სილოგავას რედაქციით 1988 წელს გამოცემული "სვანეთის წერილობითი ძეგლების" მეორე ტომში.

წარწერებიდან ირკვევა, რომ ზარები თავიდანვე ყოფილა განკუთვნილი კონკრეტულად ამ თუ იმ ეკლესიისთვის. კახთმეფენი აცხადებენ, რომ ზარები შესწირეს შემდეგ ეკლესიებს (ჩამოვთვლით სათითაოდ):

1) "შევწირეთ სვანეთს, ადიშს, წმიდას გიორგის";

2) "თქუენ - სუანეთს, ღობრის, ზარდლაშის მთავარანგელოზსა";

3) "წარმოვეც კახეთით ზარი ესე სამსახურებელად წმიდისა ტაძრისა შენისაÁ წინასწარმეტყუელ იონაÁ ლატალისაო";

4) "შემოგწირეთ თქუენ სუანეთს, სეტის მთავარანგელოზს";

5) "ესე ზარი შემოგწირეთ... წმინდა მაცხოვარს";

6) "შემოგწირეთ... თქუენ - მოწამეთა მთავარსა, წმიდას გიორგის სეტისასა";

7) "შევსწირე მაცხოვარსა მუჟალისსა";

8) "შემოგწირე ზარი ესე ჩუენ... ლაშთხუერის წმიდათა მთავარანგელოზთა".

მხოლოდ ერთადერთ, მეცხრე ზარზე არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ ეკლესიას შესწირეს. აღნიშნულია, რომ ეწირება "ზარი ესე სუანეთს, მთავარანგელოზთ".

ცხრავე ზარი შეწირულია კახთმეფეთა "გასამარჯუებლად, სადღეგრძელებლად, მეფობისა წარსამართებლად, ცოდვათა შესანდობელად და დღესა განკითხვისასა მფარველობისათვის".

ალექსანდრე II-ის მიერ ჟაბეშის (მუჟალი) მაცხოვრის ("მაცხვარ") ეკლესიისთვის შეწირული ზარი, რომელზეც ამოკვეთილია მხედრული წარწერა:"ქ. ესე ზარი შემოგწირეთ ჩუენ - კახეთის ხელმწიფემან პატრონმან ალექსანდრემ, წმინდა მაცხოვარს ჩუენად გასამარჯვებლად და სადღეგრძელოდ, ამინ"

აღნიშნული ზარებიდან მხოლოდ ერთზეა მითითებული მისი კახეთიდან სვანეთში გაგზავნის თარიღი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრებით, 1600 წელს შეადგენდა.

დანარჩენი ზარების სვანეთში გაგზავნის პერიოდად მიჩნეულია ათწლიანი მონაკვეთი - 1592-1602 წლები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზარებზე წარწერები ამოკვეთილია მათი გაგზავნის წინ, მაშინ ნათელი ხდება ისიც, რომ კახეთის იმდროინდელ სამეფო კარზე ზუსტად სცოდნიათ სვანეთის იმ სოფლების დასახელებებიც, სადაც ეს ეკლესიები მდებარეობდა.

საგულისხმოა, რომ ყველა ეკლესია, რომელსაც კახეთის მეფეებმა ზარები შესწირეს, მდებარეობს თავისუფალ ანუ ბალსზემო სვანეთში, დაწყებული ამ რეგიონის ერთ ბოლოში მდებარე სოფლიდან - ლატალიდან, და დასრულებული იმავე მხარის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფლით - ჟაბეშით.

ლატალის მაცხოვრის ეკლესიაში დაცულია აგრეთვე ვერცხლის ჯამი წარწერით: "მაცხოვარო ლატალისაო, ჩუენ... თქვენთა მონდობილმან მეფეთ-მეფე ალექსანდრემ შემოგწირე ჯამი ესე ჩვენათ სადღეგრძელოთ და გასამარჯუებლად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელათ, ამინ!"

ექვთიმე თაყაიშვილი ვარაუდობდა, რომ ამ ჯამის წარწერაში მოხსენიებული მეფე უნდა ყოფილიყო სწორედ კახეთის ხსენებული გვირგვინოსანი ალექსანდრე II, რომელმაც სვანეთის ეკლესიებს არაერთი ზარი შესწირა (ე. თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937, გვ. 359).

ლაშთხვერის წმ.მთავარანგელოზთა ეკლესია

ზემოხსენებულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება, რომ კახეთის მეფეებს, რომლებიც იმხანად უკვე დამოყვრებული იყვნენ სამეგრელოს მთავარ მანუჩარ დადიანთან (რომელმაც 1590 წელს ცოლად შეირთო ალექსანდრე II-ის ასული ნესტან-დარეჯანი), სურდათ "დასავლეთ საქართველოში კიდევ ერთი მოკავშირის გაჩენა სვანეთის სახით, ამიტომ ცდილობდნენ ურთიერთობის დამყარებას სვანეთთან" (ხათუნა იოსელიანი, კახეთის მეფე ალექსანდრე II და სვანეთი, "ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი", თბ., 2005, გვ.: 192-204).

ეს მოსაზრება საყურადღებოდ გვეჩვენება. იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ ხსენებული ისტორიული მოვლენის სრულყოფილად გასააზრებლად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზედაც ყურადღება აქამდე არავის გაუმახვილებია. ეს გარემოება დაკავშირებულია გენეალოგიასთან და წარმოადგენს დამატებით წყაროს კახეთსა და სვანეთს შორის იმ პერიოდში არსებული ასეთი სიახლოვის მიზეზის დასადგენად.

კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მიერ 1600 წელს იონა წინასწარმეტყველის ეკლესიისთვის (ლატალი) შეწირული ზარი

კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მამას - ლევან I-ს პირველ ცოლად ჰყავდა თინათინ გურიელი, ასული გურიის მთავარ მამია I გურიელისა (მთავრობდა 1512-1534 წლებში). კახთა მეფე-დედოფალს შეეძინა სამი ვაჟი, მათ შორის, ხსენებული ალექსანდრე II.

ცნობილია, რომ გურიელთა გვარს სათავე დაედო სვანთა ყოფილი ერისთავების - ვარდანისძეთა საგვარეულოდან, რომლის წარმომადგენლებიც სვანეთს XIV საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისამდე განაგებდნენ.

1361 წელს ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ V-მ ერისთავ ვარდანისძეს ჩამოართვა სვანეთი და სანაცვლოდ გურია უბოძა. ამის შემდეგ გურიის მფლობელი ვარდანისძენი გურიელებად იწოდებოდნენ.

უფლისწული ვახუშტი ბაგრატიონი თავის თხზულებაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" მიუთითებდა, რომ "გურიელი... იტყვის ვარდანის ძეობასა". იქვე აღნიშნულია, რომ მეფე ბაგრატ V-მ დაამარცხა განდგომილი "ერისთავი სუანთა ვარდანისძე, შეიპყრა... და პატიმარ ჰყო. შემდგომად რაოდენთამე ჟამთა შეიწყალა და მისცა გურია საერისთოდ და სუანთა ერისთავად დასუა სხუა, რომელსა იტყვიან გელოვანსა".

ზარდლაშის (მულახი) მთავარანგელოზთა ("თარინგზელ") ეკლესიისთვის ალექსანდრე II-ის მიერ შეწირული ზარი, მხედრული წარწერით

ვახუშტი ბატონიშვილის ამ ცნობიდან ყველაფერი ნათელი ხდება. კახთა მეფე ალექსანდრე II, რომელიც დედით გურიელი (ანუ წარმომავლობით ვარდანისძე) იყო, როგორც ჩანს, სვანეთს სავსებით სამართლიანად მიიჩნევდა საკუთარ დედულეთად. შესაბამისად, ამ მხარის ეკლესიებს ძვირფას ძღვენსაც (მათ შორის, ზარებსაც) სწირავდა. მოგვიანებით, იგივე წყალობა მოიღო ამ მეფის ვაჟმა დავით I-მაც, რომელსაც თინათინ გურიელი ბებიად ერგებოდა.

მოგვიანებით გურიელთა საგვარეულოს კიდევ ერთი წარმომადგენელი გახდა კახეთის დედოფალი. მეფე დავით I-ისა და ქეთევან დედოფლის (შემდგომში წამებულის) ვაჟის, თეიმურაზ I-ის პირველი მეუღლე ანა დედოფალი გახლდათ ასული გურიის მთავარ მამია II გურიელისა (მთავრობდა 1600-1625 წლებში). თეიმურაზ I-ისა და ანა გურიელის ვაჟები ლევანი და ალექსანდრე შემზარავი სისასტიკის მსხვერპლნი გახდნენ - სპარსეთში მძევლებად მყოფი უფლისწულები შაჰ-აბას I-ის ბრძანებით დაასაჭურისეს.

სამწუხაროდ, XVII საუკუნის დასაწყისიდან კახეთს თავს დაატყდა სპარსელთა გამანადგურებელი ლაშქრობები, რამაც ამ სამეფოსა და სვანეთის ურთიერთობები დააბრკოლა. თუმცა ცხადია, რომ XVI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან, კახეთის სამეფო ტახტზე ასული ყველა კახი ბაგრატოვანი ხელმწიფე, დაწყებული ალექსანდრე II-იდან, იმავდროულად იყო მთავარ გურიელთა შთამომავალიც - დედის ხაზით.

კახეთის მეფეებს გურიელთა სისხლი მომდევნო პერიოდშიც შეერიათ. მეფე ერეკლე II-ის (1720-1798) დიდი ბებია ასევე გურიელის ქალი იყო. კერძოდ, "პატარა კახის" პაპის (დედის მამის) - ვახტანგ VI-ის (1675-1737) დედა იყო თუთა ქაიხოსროს ასული გურიელი.

იონა წინასწარმეტყველის ეკლესია ლატალში

ამდენად, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს წარმომადგენელ გვირგვინოსანთა ძარღვებში, დაწყებული ალექსანდრე II-იდან, გურიელთა სისხლიც ჩქეფდა და ეს მეფეც და მისი მემკვიდრენიც, იმავდროულად იყვნენ სვანეთის ერისთავ ვარდანისძეთა გენეტიკური შთამომავლებიც.

ჩვენი ვარაუდით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც კახთმეფენი განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ თავიანთ წინაპართა მშობლიურ მხარეს - სვანეთსა და მის ეკლესიებს ზარებს სწირავდნენ.

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ჟურნალი "ისტორიანი", #84