სწორფრობა და "შენახვა" - კვირის პალიტრა

სწორფრობა და "შენახვა"

"სწორფრობა თავისი შემზღუდველი წესებით ინახავს სიყვარულს, იფარავს მას სქესის ძალადობისგან" (ზურაბ კიკნაძე)

ტრადიციებს, როგორც განსაზღვრული წესების ერთობლიობას, საზოგადოება ქმნის, რაც მის ნორმალურ ფუნქციონირებას, მისი წევრების თვითდამკვიდრებას ეხმარება. "ჩვეულება ყოველთვის ცხოვრების ჭეშმარიტის საჭიროების დანაბადია და ყოველთვის უტყუარი წამალიც არის ამ საჭიროებისა" (ილია).

კულტუროლოგიური განმარტებით, ტრადიციის წყალობით ადამიანი ბიოლოგიური არსებიდან სოციალურ არსებად გადაიქცევა, თითქოსდა მეორედ იბადება, ხდება საზოგადოების წევრი, ეზიარება მის ღირებულებებს. გამონაკლისს არც წაწლობის წესი წარმოდგენდა, რომელიც, ეთნოგრაფიული მასალების მოწმობით, მისი შემქმნელი საზოგადოების სოციალურ-კულტურული, ცხოვრებისეული საჭიროებებიდან გამომდინარეობდა.

წაწლობა, ანუ როგორც უწოდებდნენ, ქალ-ვაჟის "ხელისუხლებლობა", "დობილ-ძმობილობა" მოწიფულობის ასაკისთანავე იწყებოდა, 14-16 წლიდან და დაოჯახებამდე გრძელდებოდა. კაცს დაოჯახების შემდეგაც შეეძლო სწორფრის ყოლა 3-4 წელიწადს, მაგრამ მეტი არა, რადგან სირცხვილად ითვლებოდა. ქალისთვის კი სწორფრის ყოლა გათხოვების შემდეგ დაუშვებელი იყო. ამ ჩვეულებას სხვაგვარად კიდევ "წოლა-დგომას" ეძახდნენ, რომელსაც თავისი სქესის უფროსი, გამოცდილი ადამიანებისგან სწავლობდნენ. ტრადიციული საზოგადოება ხომ მკაცრ სქესობრივ-ასაკობრივ პრინციპზეა აგებული. იყოფოდა რა უფროსებად-მოთავეებად და უმცროსებად, გამოუცდელებად, "ქუდოსნებად" და "მანდილოსნებად", გამოცდილი კაცები ბიჭებს აზიარებდნენ "წოლა-დგომის" წესებს, გათხოვილი ქალები - გოგონებს.

ყველაფერი მკაცრად იყო განსაზღვრული, "ხელი სად უნდა გდებოდა, მარჯვენა, მარცხენა, როგორ დაგეწვინა ქალი მკლავზე, რომელი ხელი სად დაედო ქალს" (ხალხ.). იკრძალებოდა ქალის სხეულზე შეხება წელს ქვემოთ, ასევე გულისპირებზე ხელის ხლება, მუხლის მუხლთან მიტანა, ფეხების შეხება. წაწლები წვებოდნენ ტანსაცმლით, ბოსელში ან გომურში, სახლისგან მოშორებით, თითქოსდა მალულად. მიღებული იყო ერთმანეთისთვის საყელოს ღილის შეხსნა, ლოყის ლოყაზე დადება, ამასთან მარჯვენა ლოყას მარცხენათი ეხებოდნენ და პირიქით. მიღებული იყო ლოყაზე კოცნა, მაგრამ გადაჭარბებული ხვევნა-კოცნა დაუშვებელი იყო. ქალი ვაჟს მარჯვენა მკლავზე ეწვინა, მარცხენათი კი იხუტებდა. ქალს მკერდზე ჰქონდა ხელები გადაჯვარედინებული, რომ გულისპირებით არ შეხებოდა ვაჟს.

ფშაურ ტრადიციაში, ვაჟი მიდიოდა ქალთან, ხევსურულში - ქალი. ეს ხდებოდა შუაკაცის - "ელჩის" მეშვეობით. "16 წლის ვიყავ, პირველად რო დამაწვინეს ქალთან, მიელჩეს. დავწევით იმ წესით, რაც მე მასწავლეს ჩემზე დიდებმა" (ხალხ.). სწორფრები სხვადასხვა გვარისანი იყვნენ და ასაკითაც ერთმანეთის "სწორფერნი" - შესაფერნი. მთავარი მიზანი იყო "უცდენლობა", ანუ ამ წესების შეუცდენლად დაცვა, რაც ყველაზე "სასახელოდ" ითვლებოდა. ეს იყო თავისებური ინიციაცია-გამოცდა, მოწიფულობა-ჭაბუკობის ახალ სოციალურ სტატუსში გადასვლა. ახლად მომწიფებულ ქალ-ვაჟს მთიელები ასეც უწოდებდნენ - "ახალუხალი".

"წოლა-დგომის" წეს-ჩვეულების შესრულების მერე ვაჟი მამაკაცობაში "იდებდა წილს", გოგონა - ქალობაში, ანუ საზოგადოების სრულყოფილი წევრები ხდებოდნენ, "ხალხში ედოთ წილი" (ხალხ.). ამ წესების გამოუცდელად კი ასეთებად ვერ ჩაითვლებოდნენ. "ეგ რა ქალია, კაცის გვერდნი არ იცის მაგანო, სწორფერი არა ყავსო" (ხალხ.). ასეთს ცოლადაც წუნობდნენ, ხოლო ვისაც "ტოლ-ამხანაგი" ჰყავდა, ის გასათხოვრადაც უკეთესი იყო, მთხოვნელი ბევრი ჰყავდა, რადგან სწორფრის ყოლა მეტად საამაყო იყო ქალისთვის.

იგივე ითქმოდა ვაჟზეც, "სწორფერნი მაგას არა ხყვანანო და სწორამხანაგი მაგას არა ჰყავსო და რაღა კაციაო" (ხალხ.), რადგან კაცის ხასიათი სწორედ ქალთან დამოკიდებულებით გამოიცდებოდა, ისე როგორც ბრძოლისას თუ შრომაში. ამიტომ იყო წარმატებული ინიციაცია გმირობასთან გაიგივებული. ქალისთვისაც წაწალი უერთგულესი ადამიანი, მისი ღირსება-უბიწოების დამცველი, მისი "ძმობილი" ხდებოდა. მათ შორის ქორწინება ინცესტთან იყო გაიგივებული, "უხვედრელი" იყო დაძმობასავითო. თუ მოხდებოდა დაუშვებელი, "დობილის" დაორსულება და ნაბუშარის გაჩენა, ასეთებს თემი ხიდის თავში ჩაქოლავდა ან მოიკვეთდა. მათი დატირებაც კი სირცხვილად ითვლებოდა, როგორც სწორფრის შემრთველის.

ეთნოგრაფიულად დამოწმებული და-ძმად გაფიცვის ინსტიტუტიც (წეს-ჩვეულება) სწორედ ნდობასა და უმანკოება-პატიოსნებაზე იყო დამყარებული; "ჩემ ნაქნარ სახელს ნუ იტყვი, ვიყნოდეთ და-ძმობაზედა" (ხალხ.). "როგორც მტერზე ხმალშემართული ვერ გადააბიჯებდა ქალის ნასროლ თავშალს, ისე გმირი ვერ გაექცეოდა შეთავაზებულ დაძმობას, თუ იგი თავის თავს სცემდა პატივს" (ალექსანდრე ყაზბეგი). შდრ. "ყველა გმირი ქალის ძმაა და ყველა ქალი გმირის დაა" (ვაჟა). წაწლობის წესით ხდებოდა სწორედ იმ ქცევების (ღირებულებების) მიღება, რაც საზოგადოდ "სახელად" - ღირსებად აღიქმებოდა; "უცდენლობა"-უბიწოება, სურვილების დათმენა, საცთურისაგან თავის "შენახვა"-მოთმინება, აი, კაი ყმის (გმირის) იდეალი. გავიხსენოთ: "კარგ კაცობაა შენახვა ყოვლისა ხვაშიადისა" (არჩილი).

ბუნებრივი ლტოლვა მორალური ნორმებით იზღუდებოდა. "სიყვარულს ვნება, ტრფობა უძევს საფუძვლად, მაგრამ თუ ეს ტრფობა შეაჩერა თავშეკავებამ, მაშინ სიყვარული უფრო ძლიერდება, ის იდეალურ სახეს იღებს, ტანი ია-ვარდით ეფინება. წაწლობაც აქეთ ესწრაფვის" (ვაჟა). ამ გაგებით იყო, რომ საქართველოში და საერთოდ, კავკასიაში, სქესთა შორის ურთიერთობები ერთმანეთის პიროვნების პატივისცემაზე, ზღვარდადებულ ურთიერთობებზე იყო დამყარებული. გავიხსენოთ თუნდაც მთისა და ბარის ყოფაში შემონახული განრიდება-უმძრახობის თუ "თავის დამალვის" წესი.

"ხევსური ცოლთან ურთიერთობაში ღრმა სიბერემდე ინახავს მორიდების გრძნობას; სხვების თანდასწრებით არ დაელაპარაკება, არ ეტყვის საალერსო სიტყვებს, ცოლქმრულ შეხვედრებზე კი მიდის შუაღამისას, მალულად, დიდის სიფრთხილით, როგორც რაღაც აკრძალულ, სახიფათო საქმეზე" (ა. ზისერმანი).გვახსენდება ხალხური თქმაც - "სიყვარულსა მალვა უნდა". ქორწილშიც, ნეფე-დედოფალს ერთმანეთის ხათრსა და რიდს უსურვებდნენ. ზღვარის დარღვევა ორივე მხარისთვის ასოციალურ ქცევად, სირცხვილად (სისუსტედ) აღიქმებოდა. შდრ. "სირცხვილს უჭირავს ქვეყანა" (ხალხ.). ქალის შეცდენა კი სისხლის საზღაურთან, მკვლელობასთან იყო გაიგივებული. ამგვარი, საინიციაციო - "გადასასვლელი" წესებით ხდებოდა ამ სოციალური ქცევების შენახვა-გადაცემა, ანუ საკრალიზება.

წაწლობის, "დობილ-ძმობილობის" წესების მფარველად მთაში თავიანთი ჯვარ-ხატები მიაჩნდათ. მაგალითად, ხახმატის წმინდა გიორგი, რომელიც ითვლებოდა ბედნიერი ცოლქმრობის, შვილიერების მფარველადაც. ღვთის შვილებსაც (ჯვარ-ხატები) ერთმანეთის "ნადობ-ნაძმობს" უწოდებდნენ. ამ მენტალობით იყო, რომ ისტორიულად საქართველოში ოჯახის უფროსს არასდროს მიუღია დესპოტისა და მოძალადის როლი; მის გვერდით მუდამ არსებობდა დიდი უფლებებით აღჭურვილი ოჯახის უფროსი ქალისა და მანდილის კულტი. წაწლობა-სწორფრობის ტრადიციით, სიმწიფის ასაკიდანვე სწავლობდნენ ბუნებრივი სურვილების შეზღუდვა-დათმენას, მათ დაქვემდებარებას სოციალური (მორალური) ნორმებისადმი, უბიწოების დაცვას, ანუ უცდენლობას", რაც საზოგადოებაში გაწევრების პირობა იყო.

გიორგი ჩინჩალაძე

ჟურნალი "ისტორიანი",#84