ვინ იყო დიდი მოურავი
17-01-2018
ვინ იყო დიდი მოურავი
გიორგი სააკაძის შესახებ ობიექტური კვლევა-ძიება საბჭოთა იდეოლოგიის მეოხებით გამრუდდა. პროფესორი გურამ ყორანაშვილი წიგნში "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა", რომელიც გამომცემლობა "არტანუჯმა" დაბეჭდა, ცდილობს აჩვენოს გიორგი სააკაძის არა იდეალიზებული, არამედ ობიექტური სურათი, როგორც იგი სინამდვილეში იყო.
წიგნის შესახებ გვესაუბრება თავად ავტორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ყორანაშვილი.

გიორგი სააკაძის ღვაწლი ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებასა და ისტორიოგრაფიაში, ტრადიციულად, წინააღმდეგობრივად ფასდებოდა. ცხადია, ამას რეალური საფუძველი ჰქონდა. აკი იოსებ ტფილელის "დიდმოურავიანში" ავტორი პოეტის მთავარ გმირს ათქმევინებდა:
"ეს
სიტყვები რად მივიღე,
გასინჯეთ და ყურად იღეთ,
კარგნო კაცნო, საანდაზოდ
ჩემი საქმე გადაიღეთ!
ჩემგან ქმნილი რაცა სჯობდეს,
ზოგნი დევნით, ხან აიღეთ,
ავი შო
რად განუტევეთ,
კარგნი თქვენკენ წამოიღეთ".
ილია ჭავჭავაძე 1886 წელს "ივერიაში" წერდა: [გიორგი სააკაძის] "მოქმედება და ქცევა დღესაც აუხსნელია ჩვენთა ისტორიკოსთაგან, და რომელიც იყო რა უხვად შემკული ყოვლისა სამამაცო და საგმირო ღირებულებითა, დღესაქამომდე არც ავად არის ჩვენს მიერ დაფასებული და არც კარგადა. მისი ავ-კარგიანობით აღსახსნელნი დიდნი საქმენი, - ჯერ მიგნებულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთვნელს განმკითხველსა".

თითქოს აღნიშნული საკითხის გადაჭრა ქართველ ისტორიკოსებს არ უნდა გასჭირვებოდათ. მაგრამ სამწუხაროდ, ასე როდი მოხდა. ჯერ იყო და, 1891 წელს ანტონ ფურცელაძემ დაბეჭდა ვრცელი ხასიათის სოციალური წიგნი, რომელშიც "ადვოკატურ გამოსარჩლებითი მეთოდით" (როგორც ჩვენი დიდი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი იტყოდა) განიხილა გიორგი სააკაძის საქმიანობა. ჩანს, ეს წიგნი წაიკითხა "ხალხთა მომავალმა დიდმა ბელადმა" იოსებ სტალინმა, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა ამ პიროვნებით. მაგრამ საქმე მარტოოდენ მისეულ სიმპათიებში არ ყოფილა.

"ბელადმა" გაიცნობიერა, რომ მისი რენეგატული ბუნება (სამშობლოს მიმართ), სწრაფვა ხელისუფლებისთვის კარგად ესადაგებოდა მისეულ ხასიათს. ისევე როგორც თავის დროზე გიორგი სააკაძე შაჰ-აბას პირველის ჯარებით საქართველოში (კახეთსა და ქართლში) შემოიჭრა, ასევე მან, იოსებ სტალინმა მისსავე არამზადებთან ერთად მსგავსი რამ გაიმეორა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი. მან შექმნა მითი, რომლის თანახმადაც მისმა წინაპარმა ეს მოიმოქმედა საქართველოს გაერთიანების მოტივით. ასევე სტალინს სჯეროდა, რომ ბოლშევიკური რუსეთის არმიების შემოჭრა საქართველოს დიდად წაადგა, ქვეყანა განთავისუფლდა ადამიანთა მიერ ადამიანების ექსპლუატაციისგან, აშენდა სოციალიზმი და ა.შ.

გასაგებია, რომ იოსებ სტალინის ამგვარმა გაუკუღმართებულმა წარმოდგენებმა დიდი დაღი დაამჩნია ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებას, კერძოდ გიორგი სააკაძის პრობლემის გაგების საკითხშიც. დიდად სამწუხაროდ, "ბელადის" შესაბამისი აზრები უფრო "გააღრმავა" და "მეცნიერულად დაასაბუთა" ნიჭიერმა და ერუდირებულმა ისტორიკოსმა ნიკო ბერძენიშვილმა. ხელოვნებაში, სახელდობრ, მხატვრულ ლიტერატურაში ამ მხრივ თვალსაჩინო როლი ითამაშა რუსი მწერლის, ანა ანტონოვსკაიას ე.წ. რომან-ეპოპეამ "დიდმა მოურავმა" და მის საფუძველზე 1942-1943 წლებში შექმნილმა ორსერიიანმა ფილმმა "გიორგი სააკაძე".

რასაკვირველია, ისტორიკოსთაგან საწინააღმდეგო აზრი არავის გამოუთქვამს, ან თუ ასეთი აზრი ექნებოდა, ცხადია საჯაროდ მას ვერც გამოთქვამდა. მაგრამ მოგეხსენებათ, 1953 წელს გარდაიცვალა ერთ დროს მარად ცოცხალი (ვლადიმირ ლენინთან ერთად) იოსებ სტალინი, რომლის ბევრი ავი საქმე სააშკარაოზე გამოიტანა საბჭოთა კომუნისტების XX ყრილობამ. თითქოს ქართველ ისტორიკოსებს დრო დაუდგათ გიორგი სააკაძეზე სიმართლის თქმისა.

სხვათა შორის, რუსმა ისტორიკოსებმა ისარგებლეს ხელსაყრელი ვითარებით და დაიწყეს დაგმობა ივანე IV-ის კულტისა, რომლის შექმნაშიც "ბელადმა" სათანადო წვლილი შეიტანა. დიდად სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა. ალბათ იმიტომაც, რომ "ბელადის" კრიტიკა (თუნდაც გიორგი სააკაძის საკითხში) მის ლანძღვად და ანტიპატრიოტულად ეჩვენებოდათ.

ცხადია, არც ნიკო ბერძენიშვილს გამოუდვია თავი აღნიშნული მიმართებით. მან არა თუ მოინანია თავისი უწინდელი საქციელი, არამედ, ჩანს, სათანადო დავალება მისცა თავის მოწაფეს ისტორიკოს-მკვლევარ გივი ჯამბურიას. ამ უკანასკნელმა 1964 წელს გამოსცა სპეციალური მონოგრაფია გიორგი სააკაძეზე (სხვათა შორის, წიგნი გამოვიდა ნიკო ბერძენიშვილის რედაქტორობით).

მაგრამ მოხდა ჩვენთვის სასიხარულო ამბავი და გიორგი სააკაძის წინააღმდეგ ხმა ამოიღეს ქართველმა მწერლებმა - ლევან გოთუამ, კონსტანტინე გამსახურდიამ, გრიგოლ აბაშიძემ და გიორგი ლეონიძემ. მაგრამ ქართველი ისტორიკოსების აბსოლუტური უმეტესობა კვლავ ძველებურ პოზიციაზე იდგა (გიორგი სააკაძის გაგება-გააზრების საკითხში). კონსერვატიული პოზიცია კვლავაც ძლიერი დარჩა 1990-იან წლებშიც, როცა როსტომ ჩხეიძე შეეცადა, ხმა ამოეღო გიორგი სააკაძის კულტის საწინააღმდეგოდ.

ცხადია, ახლა დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება თავს არ გამოიდებს "დიდი მოურავის" კულტის დასაცავად. მაგრამ ამჯერად საქმე ჩვენს, უპირველესად ისტორიკოსების ინერტულობაშია. არსებობს აგრეთვე ცრუპატრიოტული რწმენაც, თითქოს ჩვენი გამოჩენილი წინაპრის კრიტიკა არ არის მიზანშეწონილი.
რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევეშვათ გიორგი სააკაძის გაიდეალებულ სახეს, რის დანერგვაშიც თავის დროზე დიდი წვრილი შეიტანა იოსებ სტალინმა. უნდა ვაღიაროთ ქართველი ისტორიკოსების შეცდომებიც აღნიშნულთან დაკავშირებით.

უნდა ვიყოთ ობიექტური და ვაღიაროთ, რომ გიორგი სააკაძე საბოლოო ანგარიშით არ ყოფილა ეროვნული გმირი. ცხადია, არ უნდა გადავიდეთ მეორე უკიდურესობაში და არ დავივიწყოთ მისეული დიდი საქმენი: მარტყოფის ბრძოლა, თავგამოდება, რომელიც მან გამოიჩინა მარაბდის ბრძოლაში და შემდგომ, ტაშისკარის ბრძოლის მოგება. მაგრამ იმავდროულად არ უნდა დავივიწყოთ ის ამბავი, რომ კახეთში შაჰ-აბასის ჯარის შემოჭრისას, ამ ჯარს თან ახლდა და თანაც ოდენ სტატისტის როლს არ თამაშობდა გიორგი სააკაძე. შეგახსენებთ, რომ მეფე-პოეტი არჩილი გიორგი სააკაძეს ასე ათქმევინებს ("გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა") მარტყოფის ბრძოლის წინ:
"კახეთი რომ ამოვსწყვიტეთ, კვლა ქართველნიც (ე.ი. ქართლელები. - გ.ყ.) იქ ჩავგვაროთ, მონასტერნი ავაოხრნეთ, შერცხვენილთა ვგვარის-ვგვაროთ".
ასევე სათანადოდ უნდა გვახსოვდეს ბაზალეთის ბრძოლა და მასში გიორგი სააკაძის ფრიად საძრახისი როლი.
ყოველივე ამის შესახებ დაინტერესებულთ შეუძლიათ წაიკითხონ წიგნში "ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა".

ჟურნალი "ისტორიანი",#84
napoleoni
19 თებერვალი 2018 06:43
დიდი მოურავის სახელის შებღალვა ბაგრატიონთა "დამსახურება". . .მათრახის შემორტყმა ვერ აიტანეს. . .სამასი წელი ტალახში სვრიდნენ.გვარი გაუქმდა ფაქტიურად(დღეს თუ ვინმეა სააკაძე ტუფტაა).ივანე ჯავახიშვილს კრინტი არ დაუძრავს სააკაძეზე და ეს ემიტომ რომ ვერ მოასწრო წყაროთა საფუძვლიანი ანალიზი. . .სამაგიეროდ მისმა მოწაფეებმა შეძლეს.ისე კი შაჰის ისტორიკოსი ისქანდერ მუნშია საკმარისი საიმისოდ რომ სააკაძეს ყველა შეთითხნილი ბრალდება მოეხსნას.განსაკუთრებით ის ამაზრზენი ბრალდება რომ თითქოს წერილის მერე გადაწყვიტა აჯანყება.ამას აწვებოდნენ კოწიაც ზვიადაც აკაკი ბაქრაძეც გრიგოლ აბაშიძეც და სხვანიც. . .მერანის შემოქმედისა არ იყოს ყველაფერს პასუხი მარტყოფმა გასცა.სხვა ყველაფერი ჭორიკანა დედაკაცების მოგონილია
napoleoni
18 თებერვალი 2018 13:41
თუ საიტმა დაბლოკა არ ვიცი ,მაგრამ თუ რეალურად ესე ცოტა კომენტარებია მაშინ 12 ბალიანი მიწისძვრა ალალი და უსაყვედუროა ამ ერისთვის.
napoleoni
14 თებერვალი 2018 22:14
მართალი ხარ თუშო ფარსმანელო.მართლა პირველად გავიგე რომ სააკაძემ სიცოცხლის ბოლო წლები სპარსეთში გაატარა თურმე. . ეს რაღაც ახალია. .