გიორგი ლეონიძის შემოქმედების "სასწაულმოქმედი ძალა"
17-01-2018
გიორგი ლეონიძის შემოქმედების "სასწაულმოქმედი ძალა"
გიორგი ლეონიძის შემოქმედებას ჭეშმარიტად გამორჩეული ძალა აქვს. მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი მკვლევრის (მათ შორის, იუზა ლორთქიფანიძის) მოსაზრებით, დიდი მწერალი და მეცნიერი დაბადებული იყო არა 1899 წელს, როგორც ეს მითითებულია მთელ რიგ გამოცემებში, არამედ - 1897 წლის 27 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, წლეულს, ქრისტეშობისთვის მიწურულს სრულდება 120 წლისთავი გიორგი ლეონიძის დაბადებიდან.

ამ დიდებული პიროვნების ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. მისი შემოქმედების "სასწაულმოქმედი ძალის" შესახებ საყურადღებო მოგონება დაუწერია ლიტერატურათმცოდნესა და მწერალს,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, აწ განსვენებულ გიორგი ჯავახიშვილს (1941-2015), რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

* * *
1984 წლის ზაფხულის დამდეგს, საქართველოში ჩამოვიდა იტალიური წარმომავლობის ამერიკელი მეცნიერი პოლ ჯონ მაგნარელა, რომელიც იმჟამად ფლორიდის (აშშ) უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი იყო. მანამდე იგი არაერთხელ ეწვია სამეცნიერო მივლინებით თურქეთის რესპუბლიკას,
სადაც იკვლევდა საქართველოს ძირძველი ისტორიული მხარის - ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლებსა და დასახლებებს.

პროფესორმა მაგნარელამ მოინახულა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და მათ შორის კახეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლებიც. ამერიკელ მეცნიერს მასპინძლობას უწევდა მისი ქართველი კოლეგა, თურქოლოგი, პროფესორი ოთარ გიგინეიშვილი.

თელავში ამერიკელი მეცნიერი ეწვია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც პედაგოგიურმა კოლექტივმა მას საგანგებო მიღება მოუწყო. შეხვედრისას საპატიო სტუმარმა განაცხადა, რომ დაინტერესებული იყო ქართული სანადიმო ტრადიციების ისტორიის შესწავლით. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნე, რომ ხსენებულ საკითხს კარგა ხანია ვიკვლევდი, რასაც სტუმრის განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა.
გიორგი ლეონიძე და გიორგი ჯავახიშვილი (თელავი, 1964)
შეხვედრა გაგრძელდა წინანდალში, ჩემი სიმამრის - გიორგი გოგბაიძის ოჯახში, სადაც გაშლილ ქართულ სუფრას ტრადიციული თამადობა გავუწიე. იქვე აღვნიშნე, რომ გამოსაცემად ვამზადებ წიგნს ქართული სანადიმო ტრადიციების შესახებ. პროფესორმა მაგნარელამ, რომელიც ყურადღებით მისმენდა, შემდეგი წინადადებით მომმართა:
"ბატონო გიორგი, როდესაც დაასრულებთ თქვენს სამეცნიერო ნაშრომს, გთხოვთ, ინგლისურად ათარგმნინოთ იგი და ფოსტით გადმომიგზავნოთ. თარგმნის ხარჯებს მე გავიღებ. ამასთანავე, გპირდებით, რომ ფლორიდის უნივერსიტეტის გამომცემლობას გამოვაცემინებ თქვენს წიგნს, ხოლო სათანადო ჰონორარს ბანკის მეშვეობით გადმოგირიცხავთ. გარდა ამისა, ჩვენივე ხარჯით მოგიწვევთ ფლორიდის უნივერსიტეტში, სადაც გავმართავთ თქვენი წიგნის პრეზენტაციას".
ამერიკელი მეცნიერის ამ შემოთავაზებას არანაკლები ყურადღებით უსმენდა მისი თანმხლები რამდენიმე პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ქალი პოლ მაგნარელასთან ერთად, მოსკოვიდან იყო ჩამოსული.

მაგნარელამ სამშობლოში დაბრუნებისთანავე გამომიგზავნა წერილი, დათარიღებული 28 ივნისით, სადაც თავის მოგზაურობას კახეთში გულთბილად იხსენებდა.
როგორც გამოირკვა, მოსკოვიდან მოვლინებული ქალბატონი ტყუილად როდი აკვირდებოდა ამერიკელი მეცნიერის ქცევასა და თითოეულ სიტყვას...
ცოტა ხანში ახსნა-განმარტებისთვის დამიბარეს საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, სადაც უნდა შევხვედროდი მის იმდროინდელ თავმჯდომარეს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსი ინაურს (1908-1993). სსრ კავშირში იმხანად არსებული ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში, ამ სტრუქტურის ხსენებაც კი უკავშირდებოდა არასასიამოვნო შეგრძნებას. მით უმეტეს, საქმე ეხებოდა აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელს.

საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მისული მიმიღო მკაცრი გამომეტყველების ოფიცერმა. მცირე გასაუბრების შემდეგ, მან სუკ-ის თავმჯდომარის კაბინეტთან მიმაცილა. ალექსი ინაური დაბღვერილი სახით შემეგება. მცირეოდენი პაუზის შემდეგ, დაჯდომაც კი არ შემომთავაზა, ისე მკითხა გამოკვეთილად ცივი ხმით: "იცით თუ არა, ვის კაბინეტში იმყოფებით?"
ვუპასუხე: "მე ვიმყოფები იმ ადამიანთან, რომელსაც ჩემმა აღმზრდელმა გიორგი ლეონიძემ მიუძღვნა ლექსი "მაიორ ალექსი ინაურს", სადაც ხაზი გაუსვა მის მხედრულ მამაცობას მეორე მსოფლიო ომის დროს!"
ავტოგრაფი წიგნზე "ნატვრის ხე" (1965)
მოულოდნელად, გენერლის ფიზიონომიამ გასაოცარი მეტამორფოზა განიცადა. თითქოსდა გველეშაპად ქცეული ადამიანი, რომელიც ეს-ესაა შთანთქმას მიპირებდა, ერთი ხელის დაკვრით გადაიქცა კეთილშობილ პიროვნებად, თბილი გამომეტყველებით. ადგა, მოვიდა ჩემთან, როგორც თავაზიან მასპინძელს შეეფერება, სკამი გამოსწია და შემომთავაზა - დავმჯდარიყავი. შემდეგ თანაშემწეს ჩაისა და ტკბილეულის მოტანა დაავალა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. "ნუთუ გახსოვთ ეს ლექსი, რომელიც გოგლამ მომიძღვნა?" - გამომცდელად შემეკითხა.

ეს ლექსი, ისევე როგორც გიორგი ლეონიძის სხვა არაერთი პოეტური ქმნილება, მე ზეპირად ვიცოდი. ამის დასადასტურებლად იქვე წავიკითხე ლექსის პირველი სტროფი, რომელშიც მისმა ავტორმა იმხანად საკავალერიო პოლკის უფროსს, ჯერ კიდევ მაიორის ჩინით მებრძოლ ალექსი ინაურს მიმართა:

"ომგადახდილო მხედარო,
ქებად არ გინდა ქადება,
ტყვიის წინ მკერდი გიჭირავს,
გული არ შეგიქანდება..."

მასპინძელს თვალები აუწყლიანდა... მან მაშინვე გამოაღო საწერი მაგიდის უჯრა და მაჩვენა 1941 წელს გამოცემული, უკვე გაცრეცილ-გაყვითლებული გაზეთი, სადაც ეს ლექსი იყო გამოქვეყნებული. თანაც დასძინა: "ამ გაზეთს ფრონტზე გულის ჯიბით ვატარებდი".
სხვათა შორის, ლექსს წამძღვარებული ჰქონდა შემდეგი სიტყვები: "დასავლეთის ფრონტზე დიდი სახელი გაითქვა მამაცი მაიორის, ინაურის პოლკმა. ინაური დღეს ოცდამეერთედ გადავიდა შეტევაზე (გაზეთიდან)".
გენერალმა ალექსი ინაურმა თვითონვე წაიკითხა ამ ლექსის დანარჩენი სტროფები:

"ავთანდილივით იქა ხარ,
სად ცხარე ბრძოლა შენივთდა, -
შენ გაახარე ბელადი,
პირს ღიმი უკრთის შენითა.
ეგ ხმალი მაღლა შებმული
მტრის თავზე მქროლი არწივად, -
ბელადის ფოლადისაა,
მისთვის მიიბრძვის ხანგრძლივად.
სამშობლოს სახელს ღაღადებს,
მისთვის აქვს ბასრი კვეთება,
მამულის დამრბევ ურდოებს
თვალებში დაეფეთება!
ბრძოლაში, თითქოს ქორწილში,
შეხვალ და ტყვიის მღერასა
ყურს არ მიუგდებ... მტრის რაზმებს
ზედ გადააფრენ მერანსა!
დამძგერებელო, გამტეხო,
მსგავსო ღვარის და ქარისა,
გორელ ქალის რძით ნაწოვო,
გაზრდილო ლიახვ-მტკვარისა!
დედა პირკოცნას გიგზავნის,
მოკითხვას შენი ქვეყანა.
ლექსს ვატან ქართლის ნიავსა,
თუ სადმე შემოგეყარა".
ამის შემდეგ, კარგა ხანს ვისაუბრეთ გიორგი ლეონიძისა და მისი შემოქმედების შესახებ. ბოლოს მასპინძელმა მეორე მსოფლიო ომზეც ჩამოაგდო სიტყვა. შემეკითხა, ჩემი ოჯახის წევრები თუ იბრძოდნენ.
ვუ­პა­სუ­ხე, რომ კავ­კა­სი­ის და­სა­ცა­ვად იბ­რ­ძო­და მა­მა­ჩე­მი - ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 392-ე ქარ­თუ­ლი დი­ვი­ზი­ის 802-ე მსრო­ლე­ლი პოლ­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ირიცხე­ბო­და. რო­გორც პრო­ფე­სი­ით ვე­ტე­რი­ნა­რი, იგი გაწ­ვე­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, თუმ­ცა ომ­ში მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და. და­ი­ღუ­პა ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში, 1942 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, რო­ცა მე ერ­თი წლი­საც არ ვი­ყა­ვი...

ინაურმა თანაგრძნობის ნიშნად ხელი მხარზე დამადო და მითხრა: "ეჰ, ადრე დაობლებულხარ. მაგ დივიზიას სარდლობდა გენერალი ისიდორე სილაგაძე, რომელიც შემდეგ მაჰაჩყალის სამხედრო-ქვეით სასწავლებელს მეთაურობდა. ვაჟკაცი კაცი იყო, ღირსეული მხედარი, ვმეგობრობდით. აფსუს, რომ აღარ არის ცოცხალი.
პროფესორ მაგნარელას მიერ 1984 წელს 28 ივნისს გიორგი ჯავახიშვილისთვის გამოგზავნილი წერილი
კავკასიისთვის ბრძოლას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჰიტლერი. მან 1942 წლის სექტემბერში არმიათა ჯგუფის სარდლობიდან გადააყენა ფელდმარშალი ვილჰელმ ლისტი და კავკასიის ფრონტს ერთხანს უშუალოდ ხელმძღვანელობდა...

მიხარია, რომ გიორგი ლეონიძემ ამაგი დაგდო. ის ხომ თანადგომას არავისთვის იშურებდა. ლიტერატურის ინსტიტუტსა და თავის დაარსებულ ლიტერატურის მუზეუმში თანამშრომლებად იღებდა რეპრესირებული მწერლების ოჯახის წევრებს, რომელთაც სხვა სტრუქტურებში არავინ იკარებდა. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ბელადის მიერ დაფასებულ შემოქმედს საყვედურს ვერ ვუბედავდით".

ასეთ უჩვეულო ვითარებაში თითქმის დამავიწყდა, სად, ვისთან და რატომ ვიმყოფებოდი.
მოულოდნელად ალექსი ინაურმა მამაშვილური ტონით მომმართა: "შვილო, მე ვიცი, რაც შემოგთავაზა ამერიკელმა პროფესორმა, მაგრამ შენი წიგნის გამოცემა ამერიკაში არ ივარგებს. ისე, შეგიძლია, რომ გააგრძელო მაგ თემაზე მუშაობა. ვინ იცის, როდის გახდება საჭირო მაგ ნაშრომის გამოქვეყნება. დღეს კი საამისო ვითარება ჯერ არ დამდგარა".
პროფესორ მაგნარელას   მინაწერი
შეხვედრის დასასრულს გენერალმა წარმატებები მისურვა და გამომემშვიდობა.
აი, ასე დამეხმარა სრულყოფილი ცოდნა გიორგი ლეონიძის შემოქმედებისა, რომლის სასწაულმოქმედ ძალაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

გიორგი ჯავახიშვილი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ჟურნალი "ისტორიანი",#84
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!