ბერიას გეგმა: სასიკვდილო თაიგული ფიურერისთვის - რატომ თქვა სტალინმა უარი ჰიტლერის ლიკვიდაციაზე?
23-01-2018
ბერიას გეგმა: სასიკვდილო თაიგული ფიურერისთვის  - რატომ თქვა სტალინმა უარი ჰიტლერის ლიკვიდაციაზე?
ფოტოგალერეა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან კარგა ხნის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სტალინი ჰიტლერის ლიკვიდაციას გეგმავდა. გეგმა ჯერ კიდევ 1942 წელს შეიმუშავეს, პირადად ბერიას ხელმძღვანელობით.

თანამედროვე რუსი ისტორიკოსი ალექსანდრ კოლპაკიდი წერს, რომ შემსრულებელიც ბერიამ შეარჩია: იგორ მიკლაშევსკი, აგენტურული ფსევდონიმით "სპარტანელი" - ცნობილი რუსი მსახიობის, ვსევოლოდ ბლუმენტალ-ტამარინის დისშვილი. ის 1941 წელს გერმანელთა მხარეს გადავიდა და აქტიურად მონაწილეობდა როა-ს (რუსეთის განმათავისუფლებელი არმია) შექმნაში, გენერალ ვლასოვთან ერთად ტყვეთა ბანაკებში დადიოდა და მათ როა-ს რიგებში
შესვლისკენ მოუწოდებდა. ბლუმენტალ-ტამარინს სსრკ-ში დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს. კოლპაკიდის ცნობით, თავდაპირველად "სპარტანელის" გამოყენება სწორედ ბლუმენტალ-ტამარინის ლიკვიდაციისთვის იყო ნავარაუდები. თუმცა მოგვიანებით ბერიამ გადაწყვიტა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიტლერის ლიკვიდაცია იყო და ამისთვის ისევ "სპარტანელი" შეიგულა.

* * *
ბერიამ თავისი გეგმის შესახებ სტალინს მოახსენა. გადამწყვეტი სიტყვა დიქტატორს უნდა
ეთქვა. სტალინმა ჰკითხა:
- სად არის გარანტია, რომ "სპარტანელი" არ გაიქცევა?
- საბჭოთა ტერიტორიაზე მას დედა და ცოლ-შვილი დარჩა, - მიუგო ლავრენტიმ.
სტალინი ჩაფიქრდა.
- ოპერაციის შესახებ ვინ იცის?
- ჯერჯერობით ჩვენ გარდა არავინ.
- კეთილი, - თქვა სტალინმა, - სცადეთ.

"გამოცდა" გესტაპოში

ამ საუბრიდან მცირე ხნის შემდეგ ფრონტის ხაზი საბჭოთა ჯარისკაცმა იგორ მიკლაშევსკიმ გადაკვეთა. გერმანელებს განუცხადა, რომ ბლუმენტალ-ტამარინის დისშვილია და მათ მხარეს გადასვლა სურს.

გესტაპომ მიკლაშევსკი გულდასმით შეამოწმა, ეს კი ხუმრობა როდია. მას დიდხანს და გულდასმით დაკითხავდნენ. როცა არაქათგამოცლილი მიკლაშევსკი იატაკზე დავარდებოდა, ცივი წყლით ასულიერებდნენ და დაკითხვაც გრძელდებოდა.

შედეგი არ ჩანდა და მიკლაშევსკიც ე.წ. მუსიკალურ ყუთში მოათავსეს. უფანჯრო ოთახში მოულოდნელად შუქი ჩაქრა, შემდეგ კი მუსიკა გაისმა. ხუთი წუთის შემდეგ მუსიკა შეწყდა და რამდენიმე წამის შემდეგ გაგრძელდა. მთელი ღამის განმავლობაში ერთი და იგივე მუსიკა ისმოდა, - წერს კოლპაკიდი.
დილით ოთახში რამდენიმე გესტაპოელი შევიდა. კუთხეში მიყუჟული მიკლაშევსკი ცახცახებდა. გესტაპოელი მხარში სწვდა და წამოაყენა.
- კომპარტიის წევრი ხართ?
- არა.
- შინსახკომმა როდის მოგისყიდათ?
- არავისაც არ მოვუსყიდივარ.
- სტყუი! - გესტაპოელმა სახეში გაარტყა.
მიკლაშევსკი დაეცა. ცივი წყლით მოასულიერეს. შემდეგ ხმელი პური და ყველი შემოიტანეს. მოშივებული მიკლაშევსკი მწირ საუზმეს ხარბად დააცხრა. გესტაპოელები გავიდნენ. მალე სინათლე ჩაქრა და ისევ მუსიკა დაიწყო.
- აღარ შემიძლია, - ამოიღნავლა მიკლაშევსკიმ, - მეტი აღარ შემიძლია...
მუსიკა შეწყდა. გაისმა ხმა:
- როდის მოგისყიდეს ჩეკისტებმა?
- არავისაც არ მოვუსყიდივარ!
- როდის შეხვედი პარტიაში?
- პარტიულების დედაც! - იყვირა მიკლაშევსკიმ, - მორჩებით თუ არა!
სინათლე აინთო. მიკლაშევსკიმ უნებლიეთ თვალებზე ხელები აიფარა. რამდენიმე წუთის შემდეგ სინათლე ჩაქრა, შემდეგ კვლავ აინთო.
- როდის მოგისყიდეს ჩეკისტებმა?
- ჩეკისტების დედაც და მამაც, კომუნისტების დედაც...
- აქ რა დავალებით შემოგაგზავნეს?
- არავისაც არ შემოვუგზავნივარ!
შუქი ისევ ჩაქრა. შემდეგ კვლავ მუსიკის ხმა გაისმა. მუსიკა შეწყდა. ცარიელ ოთახში კვლავ გაისმა:
- როდის მოგისყიდეს ჩეკისტებმა?
- წადით, თქვენი დედა! - მიკლაშევსკიმ კედელზე მუშტი დასცხო.
დილით გესტაპოელები ოთახში შევიდნენ. მიკლაშევსკი იატაკზე ეგდო და მთელი ტანით ცახცახებდა.

* * *
ჰოსპიტალში მიკლაშევსკიმ რამდენიმე კვირა გაატარა - სტრესი იმდენად ძლიერი იყო, რომ მკურნალობა გახდა საჭირო. კურსის დასრულებისთანავე პალატაში უცნობი ქერათმიანი, სიმპათიური მამაკაცი შევიდა.
- მე ობერშტურმბანფიურერი კლაინერი ვარ.
- მართლა? - გულწრფელად გაიკვირვა მიკლაშევსკიმ, - საოცარია!
- რატომ?
- თქვენ უნივერსიტეტის პროფესორს ჰგავხართ და არა ჯალათს.
- ოჰ-ოჰ, - კლაინერმა თავი გააქნია, - ვხედავ, საბჭოთა პროპაგანდის გავლენის ქვეშ იმყოფებით.
- პროპაგანდა რა შუაშია? თქვენთან სულით-გულით გადმოვედი, თქვენ კი...
- დამიჯერეთ, შინსახკომთან შედარებით ანგელოზები ვართ.
- მართლა?
- ახლა ჰუმანიზმის დრო არ არის. მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი. შინსახკომის ამოცანა საყოველთაო შიშის დანერგვაა. თქვენ რომ მათ ხელში მოხვედრილიყავით, გაწამებდნენ და გათქმევინებდნენ, რომ აგენტი ხართ.
- თქვენ რა გინდათ?
- ჭეშმარიტების დადგენა. შესაძლოა ცოტათი გადავაჭარბეთ, მაგრამ უნდა გაგვიგოთ. ახლა ომია.
- ვეცდები, გაპატიოთ.
- სხვათა შორის, ბიძათქვენმა გვითხრა, შემოგზავნილიაო. ამან დიდად განაპირობა ის, რომ ასეთი დღე დაგადგათ.
კლაინერმა გაიცინა და წამოდგა.
- პირადად მე ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსებისთვის არ მუშაობთ, - კლაინერი წამით გაჩუმდა, - თუმცა არც იმის საფუძველი მაქვს, რომ დაგაკავოთ. ორ დღეში მკურნალობის კურსი დასრულდება და გაგათავისუფლებენ.
- რაო?
- დიახ, შეგიძლიათ ბერლინში გაემგზავროთ. იქ ბიძათქვენი გელით.

მტრის ბანაკში
ვსევოლოდ ბლუმენტალ-ტამარინი (1881-1945) მსახიობის ოჯახში დაიბადა. მამა გერმანელი ჰყავდა, დედა რუსი. სცენაზე ოთხი წლის ასაკიდან თამაშობდა. ოქტომბრის გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის შემდეგ რუსეთში დარჩა. იყო მოსკოვის წამყვანი თეატრების მსახიობი. მისი ტალანტის თაყვანისმცემლები იყვნენ სტალინი, მოლოტოვი, ლუნაჩარსკი, ბერია. ბლუმენტალ-ტამარინს რსფსრ-ის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, თუმცა როგორც იმდრონდელი რუსი ინტელიგენტების უმრავლესობას, მასაც კომპრომისზე წასვლა მოუხდა. ბლუმენტალ-ტამარინმა საკუთარი თვალით იხილა როგორც კოლექტივიზაცია, ასევე 1934-1938 წლების წმენდები. რომ გადარჩენილიყო, თავისი მეგობრების დაბეზღებაც მოუხდა. ამან მის ცნობიერებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ემოციებს გულდასმით მალავდა. იქცა ტიპურ საბჭოთა კონფორმისტად, რომლისთვისაც მლიქვნელობა და მაბეზღარობა ცხოვრების წესი გახდა.

1941 წელს ბლუმენტალ-ტამარინი თავის თეატრთან ერთად დასავლეთ უკრაინაში გასტროლებზე იმყოფებოდა. ომის დაწყებამ მას ჩერნოვციში მოუსწრო. მსახიობმა თავის თეატრთან ერთად ჩერნოვციდან გამოაღწია, ჩამოვიდა პოდმოსკოვიეში, დაბა ნოვიი იერუსალიმში თავის აგარაკზე გაჩერდა. მეორე დღეს დაბაში გერმანლები შემოვიდნენ.

თავდაპირველად ბლუმენტალ-ტამარინი იმალებოდა. ეტყობა, ვიღაცამ გასცა, რადგანაც გერმანელებმა აგარაკზე მიაკითხეს და თავის ცოლთან ერთად დააპატიმრეს. მისი ვინაობაც იცოდნენ. გესტაპოს ოფიცერმა მსახიობს ჰკითხა:
- გინდა იცოცხლო?
- მინდა!
გერმანელმა წინ კალამი და ქაღალდი დაუდო და გადაბირების ხელწერილი უკარნახა. ასე გახდა ცნობილი რუსი მსახიობი ნაცისტების აგენტი.
ბლუმენტალ-ტამარინს შეეძლო ნებისმიერი ადამიანის ხმისათვის მიებაძა. გერმანელთა ბრძანებით, სტალინის ხმის ზუსტი კოპირება მოახდინა. ეს ფირზე ჩაიწერეს და მალე რადიოთი მიმართვა გადაიცა:
- ამხანაგო ჯარისკაცებო! წინააღმდეგობა უაზრობაა! მოგიწოდებთ, დიდი გერმანიის მხარეს გადახვიდეთ!
ამას ბლუმენტალ-ტამარინი სტალინის ხმით ამბობდა, რაც საბჭოთა მეომრებზე დამთრგუნველ ეფექტს ახდენდა.
ნოვიი იერუსალიმი გერმანელებმა მოსკოვ­თან მარცხის შემდეგ დატოვეს და ბლუმენტალ-ტამარინი თან წაიყვანეს. მსახიობი ერთხანს კიევში იმყოფებოდა. უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციამ მასზე თავდასხმა მოახდინა. მსახიობი სასწაულით გადარჩა. გერმანელებმა ის ბერლინში გადაიყვანეს.

ბლუმენტალ-ტამარინი სისტემატურად გამოდიოდა ნაცისტების რადიოთი გენერალ ვლასოვთან ერთად, საბჭოთა ტყვეთა ბანაკებში დადიოდა და არწმუნებდა მათ, რომ როა-ს მუნდირი ჩაეცვათ. ვლასოვთან ერთად ხელი მოაწერა მიმართვას, სადაც საბჭოთა მოქალაქეებს სტალინური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ.
იგორ მიკლაშევსკი სამხედრო ჯილდოებით
ბიძა-დისწული
ბერლინში მიკლაშევსკი ბიძას, ბლუმენტალ-ტამარინს შეხვდა.
- გამარჯობა!
ვსევოლოდი წამოდგა და ნაძალადევად გაიღიმა. დისწულს დაუფარავი ეჭვით შესქცეროდა. მიკლაშევსკიმ მიმართა:
- შენგან ამას არ მოველოდი.
- რაო?
- კლაინერმა მითხრა, რომ გესტაპოში დამასმინე, ასეა?
ბიძამ არაფერი უპასუხა. მიკლაშევსკის თვალები ბოღმით აევსო.
- შენ დამასმინე, - შეჰყვირა მან, - მათ კი იცი, როგორ მაწამეს?!
- გაწამეს?
- აბა, ტკბილეულს მაჭმევდნენ?! - მიკლაშევსკიმ მწარედ გაიცინა, - გესტაპო ეს იგივე შინსახკომია! რომელი უფრო საშინელია, ამას ისტორია იტყვის!
- მითხარი, გერმანელების მხარეს რად გადახვედი? - შეაწყვეტინა ბლუმენტალ-ტამარინმა, - მოხარშულს გიცნობ, მუდამ იდეური კომკავშირელი იყავი.
- კარგად იცი, რომ კომკავშირიდან გამრიცხეს. ისიც იცი, რატომ - ჩემი მეგობრის მამა დაიჭირეს. მთელი კლასი დაგვამწკრივეს და გვაიძულეს გვეყვირა, რომ ბორკას მამა ხალხის მტერია! მე პროტესტი განვაცხადე.
- ეგ ვიცი.
- მაშ, რატომ...
- შენ რუსი პატრიოტი ხარ! - შეჰკივლა ბლუმენტალ-ტამარინმა, - ეს იდიოტი ნაცისტები კი ადამიანებად არ გვთვლიან. შენი ყაიდის ადამიანი მათ მხარეს არ გადავა! არ დამიწყო ახლა ზღაპრები, არ გინდა!
- სხვა გამოსავალი არ მქონდა.
- რაო?
- შენ ხომ გერმანელებთან გადახვედი! ჰოდა "სმერშში" (კონტრდაზვერვის დანაყოფი) დამიბარეს, დამკითხეს, თვალს არ მაშორებდნენ. შემდეგ დამაპატიმრეს. გავიქეცი. ძლივს გადავრჩი. შენ კი...
მილაშევსკის ტირილი წასკდა. ბლუმენტალ-ტამარინი წამოდგა, მასთან მივიდა, გადაეხვია, აკოცა.
- დამშვიდდი, - წაიჩურჩულა მან, - დამშვიდდი და მაპატიე...
დისწული ბიძის სახლში დამკვიდრდა. მიკ­ლაშევსკი მოკრივე გახლდათ, ბერლინის ჩემპიონატზეც გამოვიდა. გესტაპო მას თვალს ფხიზლად ადევნებდა, ბლუმენტალ-ტამარინი თვალს არ აშორებდა დისშვილს, ხან ბავშვივით ეფერებოდა, ხანაც დაუფარავი ეჭვით უმზერდა.
- მითხარი, რად შემოგაგზავნეს? - ერთხელაც მოულოდნელად შეეკითხა ბლუმენტალ-ტამარინი.
- ისევ დაიწყე? - მიკლაშევსკი მოიღუშა.
- გუშინ სიზმარი ვნახე, ჩემი მოკვლა გინდოდა.
- სიზმარი ნახე, თუ იმ გარეწარმა კლაინერმა გითხრა?
- არც კლაინერს, არც სხვა რომელიმე გესტაპოელს ჩემთვის არაფერი უთქვამს, - ბლუმენტალ-ტამარინი გაჩუმდა, - უბრალოდ, უსიამოვნო ფიქრი ამეკვიატა და ვერ მოვიშორე.
- რაო?
- მე, ცნობილი რუსი მსახიობი, გერმანელთა მხარეს გადავედი. სტალინი ასეთ საქციელს არავის აპატიებს.
- ეგ მართალია. ამიტომ ფრთხილად იყა­ვი.
- ჩემი ლიკვიდაციის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შენ ხარ, ჩემი დისშვილი, რომელსაც შვილივით ვზრდიდი!
- ჩემი ნუ გეშინია.
- რაო?
- ჰიტლერმა ომი წააგო. შენ, როგორც სამშობლოს მოღალატეს, მკაცრი სასჯელი გელის. მეც შევეცდები გადაგარჩინო.
- ანუ საბჭოთა დაზვერვაზე მამუშაონ?
- არა, ეგ გამორიცხულია.
- რატომ?
- იმიტომ, რომ გამოგიყენებენ და გაგისწორდებიან.
- აბა, რა გინდა?
- ის, რომ ომის შემდეგ სადმე ლათინურ ამერიკაში თბილად მოკალათდე, გქონდეს საკუთარი ვილა, ბაღი და აუზი, სიბერეც არხეინად გაატარო.
- შენც ჩემთან ერთად იქნები?
- მაგას ვერ დაგპირდები.
- ვინ ხარ შენ? - ბლუმენტალ-ტამარინი დისწულს მხარში სწვდა და შეანჯღრია.
- კაცი, რომელსაც უყვარხარ და გულწრფელად სურს, რომ გადარჩე! ერთადერთი, რასაც გპირდები, ის არის, რომ შენს გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებ.
მიკლაშევსკიმ გაიღიმა. ბლუმენტალ-ტამარინმა ხელი გაუშვა, თავიან-ფეხიანად გამომცდელად აათვალიერ-ჩაათვალიერა. შემდეგ შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
იგორ მიკლაშევსკი
მსახიობი და მოკრივე
ნელ-ნელა მიკლაშევსკიზე კონტროლი შესუსტდა. ის ბლუმენტალ-ტამარინის სახლში გაშინაურდა. სწორედ იქ გაიცნო ცნობილი მსახიობი ოლგა ჩეხოვა. ეს ლამაზი ქალი ნაცისტების ლიდერთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.

წარმოშობით გერმანელი ოლგა ჩეხოვას (1897-1980) ქალიშვილობის გვარი იყო კნიპერი. პირველ ქმარს, მწერალ ანტონ ჩეხოვის ძმისწულ მიხეილს გაეყარა, თუმცა ქალმა პირველი ქმრის გვარი დაიტოვა. ოლგამ, ისევე როგორც მისი თაობის რუსი ინტელიგენტების უმრავლესობამ, გადაიტანა სამოქალაქო ომის მთელი საშინელებები. 1920 წელს გერმანიაში გაემგზავრა. აქ ის მსახიობი გახდა. მისმა კარიერამ პიკს ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ მიაღწია. ავი ენები ჩურჩულებდნენ, რომ ეს გერინგის წყალობით მოხდა, რომლის საყვარელიც გახდა. ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი ჰიუ ტრევორ-როუპერი ამტკიცებს, რომ ჩეხოვა არა გერინგის, არამედ გებელსის საყვარელი იყო. რუსი მწერლის, იულიან სემიონოვის აზრით კი ქალი ორივეს საყვარელი გახლდათ. ასეა თუ ისე, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩეხოვამ თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. მას სახელმწიფო არტისტის წოდება მიანიჭეს, ხშირად იღებდნენ ფილმებში და ნაცისტურ იერარქიაშიც თავისი ადგილი დაიმკვიდრა.

- დიდი ხანია რუსეთში არ ვყოფილვარ, - ოლგა იღიმებოდა, - ძალიან მაინტერესებს, იქ რა ხდება.
- კარგი არაფერი, - ამოიოხრა მიკლაშევსკიმ, - ბოლშევიკებმა ხალხი დააბეჩავეს, ცოლი ქმარს აბეზღებს და პირიქით. არავინ არავის ენდობა, კედლებსაც ყურები აქვთო.
- რა საშინელებაა, - ოლგას თვალები ცრემლებით აევსო, - ვაი, რუსეთო! ვის ხელში ხარ?!

* * *
ერთ მშვენიერ დღეს მიკლაშევსკი და ოლგა ჩვეულებისამებრ მხიარულად საუბრობდნენ. მოულოდნელად ოლგამ გაიღიმა:
- ვერ მეტყვით, სად შეიძლება ჰაინეს ლექსები შევიძინო?
- ჰაინე აკრძალულია, - მიუგო მიკლაშევსკიმ, - ასე რომ, ვერაფრით დაგეხმარებით.
ოლგა იღიმებოდა. მიკლაშევსკი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. ამ წუთს მათ პაროლი და პასუხი წარმოთქვეს. მაშ, ოლგა ჩეხოვა, ცნობილი მსახიობი, ნაცისტების პრიმადონა - რუსების აგენტია? დაუჯერებელია!
- პაუზა გაჭიანურდა, - თქვა ოლგამ. - რაო, გიკვირთ?
- მაპატიეთ, მაგრამ...
- მოღალატის როლი თქვენც შესანიშნავად გაითამაშეთ, - მიუგო ოლგა ჩეხოვამ, - კარგა ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს წინაშე ტიპური გამცემი იდგა.
- და მიუხედავად ამისა...
- ცენტრისგან მითითება მივიღე, თქვენთან კონტაქტი დამემყარებინა, - ჩეხოვა წამით გაჩუმდა, - ამიერიდან თქვენს განკარგულებაში ვარ.
სიკვდილი არავის უნდოდა
მალე მიკლაშევსკის დაქვემდებარებაში კიდევ სამი გამოცდილი ჯაშუში გადასცეს, დივერსიული საქმიანობის დიდი გამოცდილებით. მათი მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო თავდასხმა ჰიტლერზე.

ოპერაციის გეგმა მარტივი იყო: კონცერტზე, რომელსაც ჰიტლერი და გერინგი დაესწრებიან, მიკლაშევსკი ოლგა ჩეხოვას ყვავილების თაიგულს მიართმევს. მასში კი ასაფეთქებელი მასალა იქნება ჩამონტაჟებული. ჩეხოვა ამ თაიგულს ჰიტლერს გადასცემს. როგორც კი ფიურერი ყვავილს შეეხება, თაიგული აფეთქდება და ჰიტლერისგან აღარაფერი დარჩება.

- გეგმა არ იყო კარგად დამუშავებული. თაიგულის ჰიტლერისთვის მირთმევის უფლებას ჩეხოვას არავინ მისცემდა. მას ჰიტლერის მცველი გამოართმევდა. შემდეგ რა მოხდებოდა, არავინ იცის, - წერს სანშ დე გრამონი, "შპიონაჟის ისტორიის" ავტორი.

თავად მიკლაშევსკისა და ჩეხოვას ამ დავალების შესრულება არას დიდებით არ სურდათ. ისინი პროფესიონალები იყვნენ და არა ფანატიკოსები. პროფესიონალი კი აშკარა სიკვდილზე არ წავა. ცხადი იყო, რომ არც მიკლაშევსკის და არც ჩეხოვას გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. მიკლაშევკი სულ უფრო იღუშებოდა. ოლგამ ეს შენიშნა:
- ცუდად ხარ?
- უბრალოდ, სიკვდილი არ მინდა, - მიკლაშევსკიმ ამოიოხრა.
- არც მე.
- მითხარი, ჩვენზე რატომ მუშაობ? - მიკლაშევსკი ქალს მიუბრუნდა, - ცნობილი მსახიობი ხარ, ასეთი რა გაგიჭირდა?
- ეს გრძელი ამბავია.
- შენც მოკლედ მოჭერი.
- კეთილი, - ამოიოხრა ოლგამ, - რუსეთი 1920 წელს დავტოვე. ემიგრანტის ბედი კი გაუხარელია. მართალია, წარმოშობით გერმანელი ვარ, გერმანული ენაც კარგად ვიცი, მაგრამ აქ თავს მაინც უცხოდ ვგრძნობდი. სამუშაოც უცებ ვერ ვიშოვე.
- შენ ხომ მსახიობი იყავი!
- მეორეხარისხოვან როლებს მათამაშებდნენ და გროშებს მიხდიდნენ, - ოლგა წამით გაჩუმდა, - ფულს დამატებითი სამუშაოთი ვშოულობდი. ზოგჯერ რესტორანში ვმღეროდი. მოდელობაც ვცადე. ერთ მშვენიერ დღეს ახალგაზრდა, ლამაზ, მდიდარ მამაკაცს შევხვდი. მისი საყვარელი გავხდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევიტყვე, რომ საბჭოთა აგენტი იყო.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- მან გადმომიბირა. შემდეგ საკონტროლო დავალებები მომცა. როგორც ჩანს, კარგად შევასრულე, რადგანაც სულ უფრო რთულ დავალებებს მაძლევდა. ერთ მშვენიერ დღეს გამომიცხადა, რუსეთში უნდა დავბრუნდე, შენ აქ დარჩებიო. კარიერაზე ნუ იდარდებ, ამაში ჩვენები დაგეხმარებიან, ჯერჯერობით ნურაფერს გააკეთებ, მოვა დრო და დაგიკავშირდებითო. ამის შემდეგ აღარ მინახავს. გადიოდა დრო, ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მე ცნობილი მსახიობი გავხდი. არც ფული მაკლია, არც დაფასება.
- ჩვენები შენთან კონტაქტზე არ გამოსულან?
- რამდენჯერმე გამოვიდნენ. მათი დავალება შევასრულე, შემდეგ კავშირი გაწყდა. ახლა შენ გამოგგზავნეს.
ვსევოლოდ ბლუმენტალ-ტამარინი
* * *
მიკლაშევსკი ოთახში შევიდა. მაგიდასთან ბლუმენტალ-ტამარინი იჯდა კუშტი გამომეტყველებით.
- დაჯექი!
- შენ რა, უკვე დამაპატიმრე?! - მიკლაშევსკიმ თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.
- შეგიძლია ასეც ჩათვალო, - ბლუმენტალ-ტამარინმა იარაღი იძრო, - დაჯექი!
მიკლაშევსკი დაჯდა. ბლუმენტალ-ტამარინმა ფეხი ფეხზე გადაიდო.
- მაშ, შენ მართლა შემოგზავნილი ყოფილხარ?! - ღვარძლიანად წარმოთქვა მან - გთხოვ, ტყუილების ჩმახვას ნუ დაიწყებ! დიდხანს გულდასმით გაკვირდებოდი და ყველაფერი ვიცი.
- მაინც რა იცი? - გამომწვევად შეეკითხა მიკლაშევსკი.
- ის, რომ ფიურერის მოკვლას აპირებ! ამ საქმეში ეს ჩერჩეტი ოლგა და კიდევ რამდენიმე დივერსანტი გეხმარება, - ბლუმენტალ-ტამარინს თვალები რისხვით აენთო, - მითხარი, ასეთი გიჟური განზრახვა თავში შენ მოგივიდა თუ ოლგას?!
- ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, - ამოიოხრა მიკლაშევსკიმ, - ეს მოსკოვში გადაწყვიტეს.
- რაო?! - ბლუმენტალ-ტამარინს თვალები შუბლზე აუცვივდა.
- დიახ, ასეთია ბრძანება.
- ისინი რა, საბოლოოდ გამოყეყეჩდნენ, თუ რაშია საქმე?! - შეჰყვირა მსახიობმა, - განა ცხადი არ არის, რომ ოპერაცია ჩაშლისთვისაა განწირული?!
- მაგაში გეთანხმები.
- მაშ, შენ...
- ალბათობა, რომ ჰიტლერი მოკვდება, ერთი-ორი პროცენტია, - მიკლაშევსკი წამით გაჩუმდა, - ჩვენ კი დავიღუპებით.
- და მეც შენთან ერთად დავიღუპები, ასეა, არა?!
- შენ აბა, რა შუაში ხარ. მე და ოლგა დავიღუპებით, კიდევ ის ბიჭები, ვინც ამ დავალების შესრულებაში უნდა დაგვეხმარონ.
- ნუთუ მოსკოვში ვერ ხვდებიან, რომ ჰიტლერის მოკვლა არაფერს მისცემთ?! - ბლუმენტალ-ტამარინმა თავი გააქნია, - ფიურერს გერმანია კატასტროფისკენ მიჰყავს. თუკი მოკვდება, ხელისუფლებაში უფრო ჭკვიანი კაცი მოვა. შესაძლოა დასავლეთთან სეპარატული ზავიც დადოს, რაც სტალინისთვის კატასტროფაა. მითხარი, აქ გამოგზავნაზე რად დათანხმდი?
- ჩემთვის არაფერი უკითხავთ.
- რაო?
- როგორც კი შენ გერმანელებზე მუშაობა დაიწყე, დამაპატიმრეს, მაწამეს. ამის შემდეგ შინსახკომის აგენტობაზე ხელი მოვაწერე. ახლა აქ გადმომისროლეს. იქ, ჩეკისტების ხელში მძევლებად დიდ მიწაზე ჩემი ცოლი, შვილი და მოხუცი დედა დარჩნენ. ეს ჩემი ერთგულების საუკეთესო გარანტიაა.
- ახლა რას აპირებ? - ბლუმენტალ-ტამარინმა რევოლვერი დაუშვა.
- არჩევანის საშუალება აღარ მაქვს. ცენტრის ბრძანება უნდა შესრულდეს.
- მერე მე?
- შენ საბჭოთა მზვერავს დაეხმარე. ომის შემდეგ ეს ჩაგეთვლება. არც ინგლისელები და არც ამერიკელები რუსებს აღარ გადაგცემენ, - მიკლაშევსკიმ თავი გააქნია, - მე დაღუპული კაცი ვარ, მაგრამ იმას არ დავუშვებ, რომ ბიძაჩემი დაიღუპოს. ოჰ, როგორ არ მინდა სიკვდილი! როგორ არ მინდა!
ბლუმენტალ-ტამარინი წამოდგა, მიკლაშევსკისთან მივიდა, პირჯვარი გადაწერა.
- უფალი გფარავდეს, - წაიჩურჩულა მან და დისწულს გადაეხვია.

მოულოდნელი ხსნა
მიკლაშევსკიმ მოსკოვში გაგზავნა რადიოგრამა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დავალების შესრულება შეუძლებელია და გერინგზე თავდასხმა შესთავაზა. ცენტრში განრისხდნენ და უპასუხეს, რომ ბრძანება შეესრულებინათ, თუმცა შემდეგ ახალი მითითება მოვიდა: ცენტრმა ოპერაციის შეჩერება ბრძანა. უკანასკნელ მომენტში სტალინმა ჰიტლერის ლიკვიდაციაზე უარი განაცხადა.
გახარებული მიკლაშევსკი ოლგა ჩეხოვასთან გაიქცა.
- მაშ, გადავრჩით?
- დიახ.
ჩეხოვა სავარძელში ჩაეშვა, სახეზე ხელები აიფარა. იცინოდა და ტიროდა. მიკლაშევსკი უძრავად იდგა და თვალთაგან ცრემლი სდიოდა...
რატომ თქვა სტალინმა უარი ჰიტლერის ლიკვიდაციაზე? მკვლევრები ამის თაობაზე დღესაც კამათობენ. ერთნი მიიჩნევენ, რომ ოპერაცია ცუდად იყო მომზადებული. მეორენი ამტკიცებენ, რომ ჰიტლერის ლიკვიდაცია სტალინს პრობლემებს შეუქმნიდა. ფიურერთან მოლაპარაკების მაგიდაზე არავინ დაჯდებოდა, მის შემცვლელებთან კი დასავლეთს შესაძლოა საერთო ენა გამოენახა და სეპარატულ ზავზე წასულიყო. თუმცა დასავლეთში პოლიტიკოსები ამგვარ შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ. უდავო ის არის, რომ სტალინმა ჰიტლერის ლიკვიდაციის ოპერაცია დასკვნით სტადიაზე შეაჩერა. იდგა 1943 წელი.

* * *
იგორ მიკლაშევსკი სსრკ-ში 1947 წელს დაბრუნდა. მას სხვა საბჭოთა მზვერავებზე მეტად გაუმართლა. გულაგში არ გაუგზავნიათ. სტალინის ბრძანებით წითელი დროშის ორდენით დააჯილდოეს. წლების განმავლობაში მის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ედო. მიკლაშევსკი მუშაობდა მწვრთნელად, აღზარდა არაერთი ჩემპიონი. გარდაიცვალა 1990 წელს. ფართო საზოგადოებამ მის შესახებ მხოლოდ 1996 წელს შეიტყო. 2015 წელს რუსეთში მიკლაშევსკიზე გადაიღეს ტელესერიალი "აპერკოტი ჰიტლერისთვის".

ოლგა ჩეხოვა მესამე რაიხის განადგურების შემდეგ საბჭოთა უშიშროებამ დააპატიმრა და მოსკოვში ჩამოიყვანა. ლავრენტი ბერია მას პირადად ესაუბრა, შემდეგ გაათავისუფლეს და დასავლეთში დააბრუნეს. ჩეხოვა მიუნხენში დამკვიდრდა. კინოფილმებში იღებდნენ, გამოსცა მემუარები. გარდაიცვალა კიბოთი 1965 წელს. რუსეთში ჩეხოვას შესახებ გადაღებულია ტელესერიალი "ლეგენდა ოლგასთვის".

ვსევოლოდ ბლუმენტალ-ტამარინი 1945 წელს მოკლეს საიდუმლო ვითარებაში. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბლუმენტალ-ტამარინს მისმა დისშვილმა მოუსწრაფა სიცოცხლე. დოკუმენტებიდან კი ჩანს, რომ მიკლაშევსკიმ ბლუმენტალ-ტამარინის ლიკვიდაციის ბრძანება მართლაც მიიღო, მაგრამ მისი აღსრულება ვერ შესძლო, ან არ მოინდომა. ცენტრისათვის გაგზავნილ შეტყობინებაში მიკლაშევსკი წერს, რომ ბლუმენტალ-ტამარინის ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა. მსახიობის სიკვდილის შემდეგ კი მიკლაშევსკიმ შეატყობინა, რომ ბლუმენტალ-ტამარინი უცნობმა პირებმა მოკლეს.
ვინ მოკლა ბლუმენტალ-ტამარინი, ამის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა და ალბათ ვერც ვეღარასოდეს მოხერხდება.


ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი
ჟურნალი "ისტორიანი",#84
ss
25 იანვარი 2018 10:27
ჰიტლერს მთელი მსოფლიო ქმნიდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ხოლო სტალინმა მისი შემქნელების დახმარებით დაამარცხა.
კახი
24 იანვარი 2018 15:51
სტალინზე ჭკვიანი და ცბიერი ბერია იყო, მან სტალინის სიკვდილის შემდეგ ერთი შეცდომა დაუშვა რომელიც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ss
23 იანვარი 2018 19:11
არაფერი სიახლე აქ არ არის, სცენარი კი .....